კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

№52 როგორ გამოიყენა გიორგი ბრწყინვალემ მონღოლთა ვეზირის კეთილგანწყობა და როგორ განდევნა მან ოსები ქართლიდან

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

დიმიტრი თავდადებულის უმცროსი ვაჟი –  გიორგი უფლისწული მამის გარდაცვალების შემდეგ, იზრდებოდა დედულეთში, დედამისის მამის, ბექა ჯაყელის კარზე. მას სიმბოლურად, საქართველოს სამეფოს მანდატურთუხუცესის ტიტული კი ჰქონდა, მაგრამ, სინამდვილეში, არ ემორჩილებოდა ტფილისის მეფეებს და მონღოლთა პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო. ყაენ აბაღას დროს, სამცხე გამოეყო საქართველოს და ილხანის ხასინჯუდ იქცა, ილხანის პირად დაქვემდებარებაში გადავიდა. ჟამთააღმწერელი წერს: „წარიყუანა პაპამან მისმან ბექამან და აღზარდა საკვირველი და უმჯობესი ყოველთა კაცთა, ვითარცა ქვემორე სიტყუამან ცხად-ყოს“. 1299 წელს, საილხანოს ყაენმა ყაზანმა გიორგი ტფილისში მეფედ დასვა. იმ დროს გიორგის უფროსი ძმა, დავით მერვე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მთებში გახიზნულიყო. დავით ურჩის განეიტრალების მიზნით, მის ძმებს – უმცროს გიორგის და დავითის მომდევნოს, ვახტანგს, მონღოლები ტახტს აძლევდნენ. მცირეწლოვანი გიორგი დიმიტრის ძე ცოტა ხანს ითვლებოდა მეფედ. შემდეგ ვახტანგ მესამე გაამეფეს თათრებმა.
1304 წელს, მონღოლთა ჰულაგუიდების სახელმწიფოს ილხანთა ტახტზე ავიდა ყაზან ყაენის უმცროსი ძმა, ოლჯაითუ, რომელსაც ქართველები „ხარბანდას” სახელით იცნობდნენ. ახალი ყაენის დედა, ურუქ-ხათუნი, ქრისტეს მიმდევარი ყოფილა. დაახლოებით 9-10 წლის ასაკში, 1289 წელს, დედას ქრისტიანულად მოუნათლავს ოლჯაითუ და, მაშინდელი რომის პაპის, ნიკოლოზ მეოთხის პატივსაცემად, ნიკოლოზი უწოდებია მისთვის. არღუნ ილხანს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან. 1295 წელს ხარბანდამ მიიღო ისლამი და ეწოდა ყიას ედ-დუნია ვა-დ-დინ მუჰამედ ხუდაბანდე ოლჯაითუ სულთანი.  
1207 წელს ულუსის ამირა გახდა ჩობან ნოინი, ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსი საილხანოში. ჩობანი ყოფილა მონღოლთა სულდუსების ტომიდან. სულდუსების ტომი დიდ პატივში იყო, ჯერ კიდევ ჩინგიზ-ყაენის დროიდან, რომლისთვისაც დიდი სამსახური გაუწევიათ. როცა მომავალი ჩინგიზ ყაენი (დიდი ყაენი), ჭაბუკი თემუჩინი გაიქცა ტაიჩიუდების ტომის ტყვეობიდან, მას დაადევნეს მდევრები. ერთ-ერთმა მდევარმა, ჩობანის პაპის პაპის მამამ, სორქან-შირამ მდინარის ლელქაშებში იპოვა თემუჩინი, მაგრამ არ გასცა, არ დაიყვირა და ჩუმად ურჩია, დარჩენილიყო მდინარეში. შეჰპირდა, არ გაგცემო. როცა მდევრებმა გვერდი აუქციეს თემუჩინს, მან თავი შეაფარა სორქან-შირას იურტას (კარავს), რადგან იქ ძებნას არ დაუწყებდნენ. რომ დაბრუნდა სორქან-შირა თავის ვაჟებთან ერთად იურტაში და იქ თემუჩინი დახვდა, ძალიან გაბრაზდა. მართალია, თვალი დახუჭა და არ გასცა გაქცეული, მაგრამ, მისი შეფარება იურტაში გაქცეულის თანამზრახველობას ნიშნავდა, რისთვისაც მკაცრი სასჯელი, ალბათ, სიკვდილი, ელოდა. მაგრამ, სორქან-შირას ვაჟები – ჩიმბაი და ჩილაუნი (ჩობანის პაპის პაპა) გამოექომაგნენ თემუჩინს, სთხოვეს მამას და დატოვეს იურტაში. თემუჩინი მათ იურტაში იმალებოდა, სანამ ტაიჩიუდები არ წავიდნენ. სორქან-შირამ ცხენი მისცა და გაუშვა. როცა აღზევდა თემუჩინი, მის სამსახურში შევიდა ჩილაუნი. ჩილაუნი კლდეს ნიშნავს მონღოლურ ენაზე.
1203 წელს თემუჩინმა დააარსა პირადი გვარდია, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგებოდა, ერთ-ერთის მეთაური, ნუკერი, გახდა ჩილაუნი – ჩობანის პაპის პაპა. 1207 წელს, როცა თემუჩინი ჩინგიზ ყაენად აირჩიეს, მან ჩილაუნს დიდი პრივილეგიები მისცა. მათ შორის, დიდი პატივი – ნადირობისა და ბრძოლის დროს პირადად მოპოვებულის თავისთვის დატოვება.
ჩობანის პაპა თუდანი მონაწილეობდა საილხანოს დამაარსებლის, ჩინგიზ ყაენის შვილიშვილის, ჰულაგუს კამპანიაში, ოქროს ურდოს წინააღმდეგ, 1263 წელს, სადაც თავი გამოიჩინეს: ჩვენმა მეფემ დავით ულუმ, ბექა ჯაყელის მამამ, სარგისმა, პაპა სარგისად წოდებულმა, ასევე, სხვა ქართველებმა. შემდეგ თუდანი დაინიშნა დიარბექირის მმართველად. ის დაღუპულა მამლუქებთან ბრძოლაში, 1277 წელს. ჩობანის მამაზე, მელიქზე ნაკლები ცნობებია. მას მონაწილეობა მიუღია 1258 წელს, მონღოლთა მიერ ბაღდადის აღებაში, სადაც თავი ისახელა დავით მეშვიდე ულუმ თავისი ჯარით.
ჩობანი, არღუნ ყაენის გარდაცვალების მერე, სხვა ნოინებთან ერთად, მიემხრო ქეღათუს, არღუნ ყაენის ძმას და დაეხმარა ტახტზე ასვლაში. შემდეგ ყაზან ყაენის მხარე დაიჭირა, როცა ყაზანი ავიდა ტახტზე.
1307 წელს გილანის კამპანიის დროს, ამირა ხუტლუ-შაჰს, რომელიც სკამზე ჩამოჯდა და ქუდმოხდილი ისვენებდა ბრძოლის დროს, ისარი მოხვდა შიშველ თავზე და მკვდარი ჩამოვარდა სკამიდან. ულუსის ამირა გახდა ჩობანი. შემდეგ მან ცოლად მოიყვანა ყაენ ოლჯაითუს ასული, დოვლანდი ხათუნი. გიორგი დიმიტრის ძე ვაზირ ჩობანს ეხმარებოდა სხვადასხვა ლაშქრობაში, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა მეომარმა, სარდალმა და ჩობანის სიმპათია დაიმსახურა.
1216 წელს, გარდაიცვალა ოლჯაითუ ყაენი და ტახტზე ავიდა ოლჯაითუს მცირეწლოვანი ვაჟი აბუ საიდ ყაენი. მცირეწლოვანმა ყაენმა, 12 წლის აბუ საიდმა, მამის სიკვდილისწინა რჩევით, ულუსის ამირობა დაუტოვა ჩობანს. შემდეგ გარდაიცვალა ჩობანის კონკურენტი ამირა სევინჯი და ჩობანი გახდა უძლიერესი ვეზირი და პოლიტიკოსი საილხანოში, „ალ-ტამღის“ (წითელი ბეჭდის) მფლობელი. მთელი ძალაუფლება ჩობანს და მის ვაჟებს ჩაუვარდათ ხელში. ჩობანმა თავისი რამდენიმე ვაჟი დანიშნა სხვადასხვა პროვინციის გამგებლად.
როცა გიორგი დიმიტრის ძემ გაიგო ოლჯაითუს გარდაცვალების შესახებ, გაემგზავრა საილხანოში. „შეიწყნარეს, და განიხარა ჩოფან და შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი, შვილნი ბექასანი“.  ტახტზე მეორედ ასულმა გიორგი მეხუთემ შემოიმტკიცა ქვემო ქართლი და თავისი დედულეთი, სამცხე. ჯაყელებმა, ბექას ძეებმა, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს დისწულ მეფეს, რომელსაც ზურგს საილხანო, პირადად, ჩობანი უმაგრებდა. ივანე ჯავახიშვილი წერს: „იმდროინდელი არაბული ცნობით, ჩობანი საქართველოს მეფის გულითადი მეგობარი იყო: იგიც გიორგი ბრწყინვალეს აფასებდა და ყოველთვის, როდესაც კი საჭირო იყო, მას მხარსაც უჭერდა და კიდეც ეხმარებოდა... ჩობანისთვის საქართველოს მეფე, მარტო როგორც პირადი მეგობარი, კი არ იყო ძვირფასი, არამედ როგორც მისი საუკეთესო თანამოაზრე“. ჩობანის კეთილგანწყობა კარგად გამოიყენა ჩვენმა ხელმწიფემ და სამეფოს გაძლიერება დაიწყო. ის უკვე მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს აკონტროლებდა. მემატიანე წერს: „დაიწყო მთიებმან აღმობრწყინებად“.
ჟამთააღმწერელი წერდა, რომ გიორგი დემეტრეს ძე განსაკუთრებული ადამიანი იყო: „განდიდნა უმეტეს შემდგომთა მეფეთა, რამეთუ მარტო იყო ძე დედისა, მარტო შვა დედამან, ვითარცა მარგალიტისთვის თქმულ არს მარტოება უმჯობესისათვის, ეგრეთვე გიორგი იპოვა უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ხელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა“.
გიორგის მეხუთის მეფობის პირველ ხანებში კათალიკოსი იყო ექვთიმე (ეფთვიმე) მესამე, რომელიც ეხმარებოდა ხელმწიფეს ქვეყნის ფეხზე დაყენებაში. ერთად გაწმინდეს ეკლესია უღირსთაგან.
მონღოლთა ბატონობის გამო, ქართლში ოსები იყვნენ შემოჭრილი, ჩვენი სახელმწიფოს ყოფილი ვასალები. მათ რამდენიმე ციხე და დაბა ჰქონდათ დაკავებული და პარპაშობდნენ, როგორც უნდოდათ. გორიც მათ ხელში იყო. წაართვა მეფე გიორგიმ ოსებს გორი, თუმცა, ამისთვის სამი წელი მოუხდა ბრძოლა. შემდეგ ჩვენი ხელმწიფე გადავიდა ჩრდილო კავკასიაში, ოსეთში, დაარბია იქაურობა და დახარკა. დარიალის სტრატეგიული კარი ისევ ხელში ჩაიგდო ჩვენმა ხელმწიფემ, როგორც იყო, ხოლმე, ისტორიულად და ასე მოაშორა ქართლს ოსები.
скачать dle 11.3