კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როცა გული გიმტყუნებს

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

არტურ კონან დოილი


ჰოლმსი გულგრილი არ იყო ახალგაზრდა და ლამაზი ქალების მიმართ. მით უმეტეს, თუ ისინი საინტერესო საქმით მოდიოდნენ მასთან. ლედი ჰადსონი პირველივე შეხვედრაზე მოეწონა. მშვენიერი ქალბატონი საკმაოდ შეშფოთებული ჩანდა მამის, პატივსაცემი ბატონის, ედმონდ ჰადსონის გამო, რომელმაც ბოლო დროს უცნაურად დაიწყო მოქცევა.
– მისტერ ჰოლმს, ყველაფერი მაშინ დაიწყო, რაც მამულში ის საზიზღარი ტიპი გამოჩნდა?
– რომელი ტიპი, მილედი? მოდი, თავიდან მიჰყევით მოვლენებს.
– მე და მამა ჩვენს მამულში ვცხოვრობთ. დედის გარდაცვალების შემდეგ, მამა საკუთარ თავში ჩაიკეტა. ბევრჯერ მინახავს ჩაფიქრებული. სათევზაოდ და სანადიროდაც დადიოდა.
– მარტო?
– დიახ. უფრო ხშირად მარტო. მაგრამ, მის გამო არ ვნერვიულობდი – მშვიდი და უწყინარი ყველას უყვარდა. ერთადერთი მეგობარი აკითხავდა ხოლმე, რომელთანაც წარსული აკავშირებდა. მისტერ ბედოზი მეც მანებივრებდა საჩუქრებით. მომწონდა ეს კაცი – კეთილი ღიმილით, თავმდაბალი და სიტყვაძვირი. ერთ საღამოს მე და მამა ჩვენს ბაღში შეზლონგებზე ვთბებოდით და ჩაის ვსვამდით. ჩამავალ მზის სხივებში ვიღაცის ჩრდილი გამოჩნდა. ყურადღება იმიტომ მივაქციე, რომ მამაჩემი შესამჩნევად გაფითრდა.
– როგორი იყო ის კაცი და მანამდე თუ გინახავთ?
– არა, სერ ჰოლმს, არ მინახავს. უხეში ნაკვთები ჰქონდა, მზისგან გარუჯული სახე და უტიფარი გამოხედვა. ისე იქცეოდა, თითქოს საკუთარ სახლში იყო. მამა კი წინააღმდეგობას ვერ უწევდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ის უკვე იღებდა მამას საუკეთესო თოფს, ჯდებოდა მის საყვარელ ცხენზე და სანადიროდ მიდიოდა. მოახლე გოგონებს უხამსადაც ეხუმრებოდა. მამამ კი მათ ხელფასი მოუმატა, რომ არ გაქცეულიყვნენ და იმ უზრდელის გამოხდომები აეტანათ. რამდენჯერმე გამოვთქვი აღშფოთება  და მამამ მთხოვა, თავი შემეკავებინა.
– აგიხსნათ, რატომ?
– გაუგებრად. ვერ მივხვდი, რატომ უნდა შეშინებოდა ამ კაცის მამაჩემს – ღირსეულ ადამიანს.
– თავად გითხრათ, რომ ეშინოდა?
– თითქმის. რაღაცის ღირსებაზე, წესიერებასა და სახელზე ლაპარაკობდა. მე მეუბნებოდა, რომ ძალიან ვუყვარვარ და ვერ აიტანს, თუკი მის გამო, ჩვენს გვარსა და რეპუტაციას ჩრდილი მიადგება.
– საინტერესოა. რა იცით მამათქვენის წარსულზე.
ქალი ჩაფიქრდა. ლამაზი თვალები დაუსევდიანდა.
– ბევრი არაფერი. ბანკში კლერკად მუშაობდა, როცა ოქროს საძებნელად წავიდა და გაუმართლა. მერე დონიფორბპში მამული შეიძინა, დედაჩემზე დაქორწინდა, რომელიც ძალიან უყვარდა. სულ ეს არის.
– მილედი, ჩემგან რას ითხოვთ?
– მამა რომ გადამირჩინოთ. მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ძლიერს, სინამდვილეში, სუსტი გული აქვს. რაც ის წერილი მიიღო, მას შემდეგ აჩრდილივით დაიარება. ექიმმა თქვა, შეტევა ჰქონდაო.
– რა წერილზეა ლაპარაკი?
– სრულიად გაუგებარი შინაარსის იყო. მეგობარმა ბედოზიმ გამოუგზავნა. ორი დღის შემდეგ, რაც ჩვენი სტუმარი – ტრევორი მასთან გაემგზავრა. ჩემთვის ეს შვება იყო, თუმცა მამამ ინერვიულა.
– გაემგზავრა? – ჰოლმს თვალები აუციმციმდა.
– ერთ დილას გამოაცხადა, აქ ჯეროვან პატივს არ მცემთ. ვნახოთ, ბედოზი როგორ დააფასებს ჩემს სტუმრობასო და ჩვენი ეკიპაჟით გაემგზავრა. მამამ ისე გააცილა, თითქოს მის წინაშე რაღაც დანაშაული მიუძღოდა.
– მის ჰადსონ, თქვენს მამულში უნდა მიმიწვიოთ – ამის აუცილებლობას ვხედავ. მანამდე კი, თუ შეიძლება, იმ წერილის შინაარსი მითხარით.
„ნადირი ხაფანგშია, ვფიქრობ, ამბავი დასრულდა. ქმედება იწვევს უკუქმედებას. ტრევორმა ბუზების საკლავებზე ყველაფერი თქვა. მწერის კვერცხებს უფრთხილდით...“
– ეს რა სისულელეა, – გაიცინა დოქტორმა უოტსონმა. მაგრამ ჰოლმსი ასე არ ფიქრობდა. სახეზე უცნაური შეშფოთება გამოესახა.
– მალე დაბრუნდით მამულში, მის ჰადსონ და ჩვენც საღამოს ჩამოვალთ.
როცა ქალი გავიდა, უოტსონმა მეგობარს ჰკითხა:
– ჩემო მეგობარო, გამოტყდით, რომ ქალმა მოგხიბლათ და იმიტომ გადაწყვიტეთ მამულში ჩასვლა. წერილში არაფერია შემაშფოთებელი.
– ცდებით, უოტსონ, წერილი გაფრთხილებას შეიცავს. მასში ზედმეტი სიტყვებია. თუ მათ ამოვიღებთ, წერილის შინაარსი ასეთი იქნება: „ჩვენ გავებით. ტრევორმა ყველაფერი თქვა. უფრთხილდით.“
უოტსონმა ამოიოხრა.
– ესე იგი, მივდივართ.
– დიახ, თუ შეიძლება, ბილეთები შეუკვეთეთ საღამოს მატარებელზე.
მისტერ ჰადსონს შეტევამ გაუმეორა და ჰოლმსს ლოგინში მწოლიარე დახვდა. თუმცა, თვალებში სიცოცხლის სურვილი კიაფობდა. დეტექტივს ეჭვით შეხედა.
– თქვენ ექიმი ხართ?
– არა, მაგრამ ვეცდები, თქვენს დაავადებას როგორმე ვუმკურნალო.
– ეგ ადვილი არ იქნება. მე მოვკვდები.
– მაგას მოასწრებთ. მაინცდამაინც ნუ იჩქარებთ. მითხარით, ვინ იყო –„დ“ „ა“. ეს ორი ინიციალი ხელზე გაქვთ ამოსვირინგებული. თუმცა, მისი წაშლა გიცდიათ, ესეც აშკარაა.
მოხუცებულს სახეზე განცვიფრება და შიში გამოესახა.
 – კიდევ რა შეგიძლიათ თქვათ ჩემზე?
– გეტყვით, რომ ზღვაზე არაერთი წელი გაგიტარებიათ. სავარაუდოდ, იოლ საქმეს არ აკეთებდით. მიწაზეც გიმუშავიათ. იაპონიასა და ახალ ზელანდიაშიც ყოფილხართ...
– არ ვიცი, საიდან იცით ეს ყველაფერი... შეიძლება, ჯადოქარი ხართ, მაგრამ მგონია, რომ თქვენი ნდობა შეიძლება. ჩემი სიცოცხლის ამ ბოლო წუთებში მირჩევნია, გული გადაგიშალოთ. სამწუხაროდ, ახალგაზრდობის ცოდვებმა მომძებნა და ყელში წამიჭირა. ჩემი ნამდვილი სახელი ჯეიმს არმიტეჯია. ეს ჩემი დიდი საიდუმლოა, რომელსაც გასაღები თქვენ უპოვეთ. ბანკში ფინანსურ მაქინაციებში მივიღე მონაწილეობა და დამატუსაღეს. ასე აღმოვჩნდი ტუსაღებით სავსე ხომალდზე – „გლორია სკოტი“. ჩემ გარდა, იქ მკვლელებიც იყვნენ, ავაზაკებიც... ყველანი გადასახლებაში მივყავდით. ბუნებრივია, ხომალდზე წესიერი ხალხიც იყო –  კაპიტანი, მისი ორი თანაშემწე და ოცდაოთხკაციანი ეკიპაჟი. გემზე გავიცანი არისტოკრატული გვარის წარმომადგენელი, საქვეყნოდ ცნობილი თაღლითი ჯეკი პრენდერგასტი. სწორედ მან დაგეგმა გემზე პატიმრების სისხლიანი აჯანყება. ვერ ვიტყვი, რომ მასში პასიური მონაწილეობა მივიღე. გვეხმარებოდა მღვდელი, რომელმაც ეკიპაჟის ნაწილი მოისყიდა და სინამდვილეში, მღვდელი სულაც არ იყო. ჯეკის მეგობარმა და თანაშემწემ ამ გზით შემოაღწიეს ხომალდზე. წარმოიდგინეთ, პისტოლეტებიც კი შემოიტანა. მანვე გადახერხა ჩვენი ხელბორკილები. ღმერთო, როგორ ყვიროდნენ მეზღვაურები, როცა მათ, დაჭრილებს, ჯერ კიდევ ცოცხლებს ზღვაში ვყრიდით. რვა ადამიანი საერთოდ უიარაღო იყო – კაპიტანი, თანაშემწეები, სამი მეზღვაური და ექიმი. სხვა საქმეა, როცა შეიარაღებულებს ებრძვი, საშინელებაა უიარაღოების დახოცვა. მაგრამ, შეუძლებელია შეაჩერო ბრბო, რომელმაც თავისუფლებას გემო გაუგო... მას შემდეგ დაიწყო. ჯეკ პრენდერგასტი ნამდვილი ავაზაკი აღმოჩნდა. მან ვერ შეძლო სწორ გზაზე დამდგარიყო. მე და ერთ-ერთი პატიმარი – ბედოზი ინგლისში, როგორც მდიდარი კოლონიზატორები, ისე დავბრუნდით. სასამართლოს ჩვენთვის ჩამოხრჩობა ჰქონდა მოსჯილი, მაგრამ არავინ იცოდა, რეალურად ვინ ვიყავით. თუმცა, როცა მეგონა, ყველაფერი დასრულდა და წარსული საბოლოოდ მოვიცილე, აჩრდილი გამომეცხადა – ჯეკ პრენდერგასტი. არ ვიცი, როგორ გვიპოვა მე და ბედოზი, მაგრამ ის ყველაფერს იტყვის. უმჯობესია, მოვკვდე.
სერ ჰადსონი იმავე საღამოს გარდაიცვალა. სინამდვილეში, ჯეკს არაფერი უთქვამს. მან ბედოზს ძალიან დიდი ფული წაჰგლიჯა და უკვალოდ გაუჩინარდა. ჰოლმსსაც არ უფიქრია მისი მართლმსაჯულებისთვის გადაცემა.
скачать dle 11.3