კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 როგორ იღებს ცხოვრებისეულ გამოწვევებს ნანიკო ხაზარაძე და რა პერიოდებს არ იხსენებს ის

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის ცხოვრებაში ბევრჯერ იდგა რთული პერიოდები, თუმცა გადალახა და უფრო გაძლიერდა. ის მიიჩნევს, რომ გამოცდები, რაც ცხოვრებამ მოუწყო, საკმაოდ კარგად ჩააბარა. თუ რატომ არ ხვდება ის ახალ წელს გრანდიოზულად, რის გამო არ დგამს დიდ ნაძვის ხეს სახლში და ვინ არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც საჩუქრებით ანებივრებს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნანიკო ხაზარაძე:
ახალი წლისთვის მზადება, რაღაცნაირად მეზარება ხოლმე. უბრალოდ, ამ ერთი დღისთვის, მთელი წლის ენერგიის ხარჯვა, არ მიყვარს. მიმაჩნია, რომ ყოველი დღე ახალი წელია და არ ღირს, მხოლოდ 31 დეკემბერს, ამ ერთ, კონკრეტულ დღეს, მთელი შენი ერთი წლის ბიუჯეტი დახარჯო საჭმელებში, ორსართულიან სუფრებში და საჩუქრებში.
– ესე იგი, ახალი წლის დღესასწაული არ გიყვარს?
– მიხარია, მაგრამ აღნიშვნა დიდად არ მიყვარს. იმისი მჯერა, რომ ძაღლის წელიწადი მოდის და მას თავისი მახასიათებელები აქვს. ზოგადად, მოქმედებს და ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე მისი ტენდენციები. რა ვქნა, ზოგს სჯერა ასტროლოგიის, ზოგს – არა, მაგრამ მე ყურადღებას ვაქცევ. წლით ვირთხა ვარ, თვით – მორიელი და მეტ-ნაკლებად მაინტერესებს, როგორი წელი იქნება ჩემთვის. როგორც ასტროლოგები წინასწარმეტყველებენ, მორიელებისთვის ანუ ჩემთვის, გადასარევი წელიწადი მოდის და ვნახოთ (იცინის). მე ყოველთვის საკუთარი თავის იმედი მაქვს. ვარსკვლავების იმედად ვერ ვიქნები, მაგრამ მსიამოვნებს, კარგ პროგნოზს რომ ვიგებ ჩემზე. თუ ხელი, თავი და ფეხი არ გაანძრიე, თილისმისა და ასტოლოგების პროგნოზების იმედად, კი იჯდები ფეხი-ფეხგადადებული სახლში.
– მორიელივით კბენაც გეხერხება?
– მორიელები თავის თავს კბენენ და არა სხვას. თუ რამეს ვაშავებ, ჩემს თავს ვუშავებ. თვითკრიტიკულიც ვარ, როგორც მორიელების უმრავლესობა.
– ახლა არ მითხრა, ნაძვის ხესაც არ ვდგამ სახლშიო.
– ძალიან მოკრძალებული, პატარა ნაძვის ხე მაქვს და იმას ვაწყობ. უბრალოდ, ერთი დღის გამო, არ უნდა ამოწურო მთელი შენი შემოსავალი, თორემ დღესასწაულზე გართობა, როგორ არ მიყვარს და მიხარია კიდეც. ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი მაშინ იყო, როცა 6 წლის ასაკში, გადამიწყვიტეს, რომ უნდა ვიმღერო  და ტელევიზიაში, მაშინ პირველად მოვხვდი საახალწლო ჩაწერაზე. ჩაწერის წინ აღმოჩდა, თუ ახალი სიმღერა არ აქვს ბავშვს, ვერ ჩავწერთო. მე კი, არ მქონდა, ძველი სიმღერის შესრულებას ვაპირებდი. ცუდ ხასიათზე დავდექი. ქალბატონმა გიული დარახველიძემ, იქვე, ექსპრომტად დამიწეა სიმღერა: „ფიფქებო, ფიფქებო... ქათქათა ფიფქებო...“, რომელიც შევასრულე. საკმაოდ კარგი ჰიტია და ყოველ  ახალ წელს ყველა მღერის. თუმცა, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ეს სიმღერა, პერსონალურად ჩემთვის დაიწერა 6 წლის ასაკში.
– წელს როგორ ხვდები ახალ წელს და ვისთან ერთად?
– წელსაც, ჩვეულებრივად, სახლში შევხვდები ახალ წელს. თუ არ ვმუშაობ, ვარ სახლში. სხვათა შორის, ეს წელიწადი, საკმაოდ ხმაურიანი იყო ჩემთვის. დაიხურა ძველი პროექტი ტელევიზიაში და დაიწყო ახლის დაგეგმარება, ახალი წამყვანების შერჩევა. როგორ განვითარდებოდა მოვლენები, არავინ იცოდა. ეს ერთგვარი სტრესი იყო. მე კი დავრჩი, მაგრამ გული მწყდება ყველა ჩემს კოლეგაზე, ვინც „იმედის“ ტელევიზია დატოვა და ჩემთან ერთად აღარ მუშაობს.
– შენი ლილუ, უკვე 14 წლისაა, ანუ იმ პერიოდშია, როცა გოგონები იპრანჭებიან, თავისებურ ხასიათს ავლენენ. მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– დიდად პრანჭია არ არის, ამაში მე მგავს (იცინის). ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მან ყველაფერი იცის ჩემზე და მეც – მასზე. ვფიქრობ, ადამიანი მაშინ ავლენს თავისებურ  ხასიათს, როცა გარემოში დისკომფორტი აქვს. თუ სულში არ შეუძვრები და არ შეაწუხებ ზედმეტი კითხვებით, არ მგონია, ურთიერთობაში დისკომფოტი შეიქმნას. მე ჩემს შვილს სულში არ ვუძვრები, ზღვარს ვიცავ, რის იქითაც, არ წავალ. ზუსტად ვხვდები, როდის რისი თქმა უნდა. თუ რჩევა უნდა, თავად მეკითხება და მეც ვპასუხობ.  ნდობა, ნებისმიერ ურთიერთობაში მთავარია – მე ლილუს ვენდობი და ის მე. სულ ვამბობ, მე არ მგავს. მარტო თვალის ფერი აქვს ჩემი, მეტი არაფერი.
– მართლია, შენ დიდად არ ემზადები ახალი წლის დასახვედრად, მაგრამ ლილუ ხომ ემზადება?
– კი, რაღაცებს გეგმავს. შარშან, პირველად წავიდა ახალ წელს სხვაგან. წელს არ ვიცი, რას იზამს. გამომიცხადა, საახალწლო საჩუქარი არ მინდაო. თვითონ, სულ მზად აქვს საჩუქარი და თან, კონკრეტული, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ. ამ მხრივ, ძალიან მანებივრებს. ის მთავარი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, მთავარი კია, მაგრამ ამის გამო არ ვზღუდავ, არც ვბოჭავ და არც მის სულში ვფათურობ.
– გასაგებია, შვილი, სამსახური, მეგობრები... მაგრამ, პირადი ცხოვრებაც ხომ მნიშვნელოვანია? ამ მხრივ, რა ხდება შენს პირადში?
– პირად ურთიერთობებზე არ მიყვარს ლაპარაკი. პირადს იმიტომ ჰქვია პირადი, რომ მასზე საჯაროდ არ უნდა ილაპარაკო. არ მიყვარს, როცა ჩემს ცხოვრებას განიხილავენ და მირჩევნია, მხოლოდ ჩემი იყოს. სხვათა შორის, ჭორები ნაკლებად გამიგია ჩემს თავზე, ალბათ, ჩემამდე არ მოდის. არც მე მიყვარს სხვისი ცხოვრების განხილვა. მეგობრები მეჩხუბებიან, ამოიღე ხმაო. ძალიან ჩუმი ვარ.
– თუმცა, ერთი შეხედვით, ასეთი არ ჩანხარ...
– სატელევიზიო ეთერში არ მემჩნევა, ლაპარაკში ხელფასს მიხდიან (იცინის). თუ ლაპარაკში ფულს გიხდიან, ხომ უნდა ილაპარაკო? (იცინის) თუმცა, ვაღიარებ, ნაკლებად მოლაპარაკე ვარ. თუ რამის თქმა მინდა, ვიტყვი, თუ არადა, ვზივარ და ვისმენ. ასე რომ, კარგი, კულტურული მსმენელი ვარ, ვიდრე – მოლაპარაკე.
– საკმაოდ კარგად გამოიყურები და ამას ყველა აღნიშნავს. რამე კოსმეტიკურ-სამედიცინო პროცედურა ჩაიტარე?
– არანაირი  კოსმეტიკურ-სამედიცინო პროცედურა არ ჩამიტარებია. სტუდიაში კარგი განათებაა და ალბათ, ამიტომ ვჩანვარ სხვანაირად კარგი (იცინის). ვფიქრობ, ჩემი გარეგნობა, კარგი გენეტიკის ბრალია. ბიორევიტალიზაცია არ გამიკეთებია და არც სხვა ამდაგვარი პროცედურები. ერთადერთი, ბოტოქსი გავიკეთე და მივხვდი, არ ჩერდება ჩემს კანზე, ძალიან მალე გადის. თორემ, სიამოვნებით, კიდევ გავიკეთებდი და არც დავმალავდი. თან, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ერთი კვირისთვის, ამაში ფულის გადაყრა არ გამოდის.
– მგონი, არ გჭირდება და რატომ უნდა გაიკეთო?
მეც არ ვუჩივი სახის კანს. ბოტოქსი, პირდაპირ ეთერში გავიკეთე, ორი კვირის განმავლობაში მქონდა წარბები „ატკლარცული“ და შემდეგ ჩამოიწია. ისევ მივედი, კიდევ გამიკეთეთ- მეთქი და... ისევ მალევე გაიწოვა. მას მერე, აღარც მივსულვარ. თუ ბევრი ფული მექნება, კი ბატონო, გავიკეთებ, მაგრამ დღეს ჩემი ფინანსები, არ მაძლევს საშუალებას, კვირაში ერთხელ გავკეთო ბოტოქსი. არასდროს გამიწმენდია სახე და ჩვეულებრივ, ბავშვის კრემს ვხმარობ ყოველდღიურად. არ მიყვარს ტონალური კრემი, თხელი კონსისტენციის მუსს ვხმარობ. მოკლედ, არ მიყვარს მაკიაჟი.
– თუმცა, როცა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ზიხარ, ამ დროს, აუცილებელია. ეკრანი მოითხოვს.
– გეთანხმებით, მაგრამ ვცდილობ, ძალიან არ ვიყო გადაპრანჭული და ბევრი მაკიაჟი არ მესვას. მიყვარს ბუნებრიობა და სისადავე, როგორც მაკიაჟში, ისე ჩაცმულობაში. გადაპრანჭვა არც არასდროს მიყვარდა. შეიძლება, სხვას უხდება, მაგრამ ჩემი არ არის. ეთერშიც, მინიმალური მაკიაჟი მაქვს.
– კარგ ფორმაში ხარ. ეს დიეტების დამსახურებაა თუ ესეც გენეტიკის?
– არანაირ დიეტას არ ვიცავ, არ ვწვალობ კილოგრამების დაკლებაზე. დიეტა და ვარჯიში არ მჭირდება წონის შესანარჩუნებლად. სპორტული კი ვარ, მაგრამ მეზარება ვარჯიში (იცინის). მირჩევნია, თუ დრო მაქვს, სახლში მივიდე, დავისვენო, ვიდრე განტელები ვწელო, არ შემიძლია. რომ ვიმშობიარე, 30 კილო მქონდა მომატებული. იმ პერიოდში, ქასთინგი გავიარე და დამამტკიცეს შოუ „ფორდ ბოიარდის“ წამყვანად.  ზაფხული იყო, მოკლე კაბა და საცურაო კოსტიუმი უნდა ჩამეცვა. მაშინ, დუკანი არ იყო და ცილების დიეტაზე დავჯექი. საკმაოდ მალე დავიკელი. კიდევ კარგი, არ მჭირდება ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, თორემ, რომ ვუყურებ, რამდენი იტანჯება, მე ამას ვერ გავუძლებდი (იცინის). რაღაც პერიოდში, კილო-ნახევარს ვიმატებ და რომ ვიტყვი, მსუქანი ვარ და უნდა დავიკლო-მეთქი, დამციანიან. უბრალოდ, არ მიყვარს, როცა ჩემს სტანდარტებს ვცდები.
– ნანიკო, შენს ცხოვრებაში როდის იდგა ყველაზე რთული პერიოდი და როგორ ახერხებ ამ დროს, სიტუაციიდან თავის დაძვრენას?
– ჩემს ცხოვრებაში ბევრი სირთულე ყოფილა. ის რთული ეტაპები აღარ მახსენდება, რადგან გავიარე, გავძლიერდი და გავაგრძელე გზა. ბევრ ხალხში ყოფნა არ მიყვარს. მირჩევნია, მარტომ ვიფიქრო – რთული პერიოდის ანალიზი გავაკეთო და მშვიდად გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. არ ვიკეტები, როცა პრობლემა მაქვს, უბრალოდ, არ ვლაპარაკობ მასზე. მადლობა ღმერთს, ოჯახის წევრები კარგად მყავს. თუმცა, ბევრი მეგობარი წავიდა და გული მატკინა. ცუდ პერიოდებს არ ვიხსენებ და ვფიქრობ, ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ დღეს ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. ყველა წინააღმდეგობა მივიღე. გამოწვევაც და გავუძელი. ასეთი გამოწვევები ,ერთგვარი ცხოვრებისეული გამოცდებია. ის ბევრი იყო, მაგრამ ჩავაბარე.
скачать dle 11.3