კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რატომ აიჩემა რუსეთმა აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა, რატომ გვემუქრება სომხეთი და რა უნდა მოითხოვოს სანაცვლოდ საქართველომ

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, შვეიცარიაში საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართოს, რომელზეც საქართველოსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ამას გარდა, ისიც ვიცით, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა ჰაერივით სჭირდება სომხეთს, არანაკლებ კი –  რუსეთსა და ირანს. მეორე მხრივ კი, საქართველო არა მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი ადგილია, თუმცა ობიექტურ მიზეზთა გამო (რუსეთი, ჯერ ერთი, ოკუპანტია და, რაც მთავარია, მასთან პირისპირ მარტო დარჩენა კიდევ უფრო ზრდის რისკებს). მაგრამ აკაკი ასათიანთან ერთად შევეცდებით, რაციონალურად მიმოვიხილოთ აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო დერეფნის გახსნის პლუსები და მინუსები.
აკაკი ასათიანი
: ეკონომიკური მინუსები არ აქვს ამ პროექტს, განსაკუთრებით, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. აფხაზეთსა და სამეგრელოზე გამავალი რკინიგზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკონომიკურ ვითარებას. ეს მომგებიანი იქნება მთლიანად ქვეყნისთვის, აფხაზეთისთვისაც და დამაკავშირებელი რგოლი გახდება აფხაზეთსა და ჩვენ შორის.
– მაგრამ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის ამოქმედება ნიშნავს, რომ ამ მიმართულებაში ჩაერთვება რუსეთიც?
– რუსეთი-ჩვენ-სომხეთი-ირანი. ეს იქნება ჩრდილოეთი-სამხრეთის ცოტა ალმაცერი ხაზი და ის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, სომხეთისა და ირანისთვის.
– ეს მიმართულება რუსეთს სომხეთში თავისი ბაზის უკეთ მომარაგებისა და მასთან პირდაპირი კავშირის შესაძლებლობას მისცემს.
– მაინც ეხმარება სომხეთს რუსეთი და ირანთანაც აქვს ურთიერთობა, თუმცა ისევე, როგორც ვერც რუსეთი და თურქეთი, ირანი და რუსეთიც ვერ იქნებიან სტრატეგიული მოკავშირეები. ირანი დაინტერესებულია ამ სარკინიგზო ხაზით და ჩვენი პორტებით.
– ოღონდ ანაკლიაში არ მგონია, ირანის ინტერესი შეუშვან.
– არა, ანაკლია ჩინელებისა და ამერიკელებისაა. ანაკლიას სულ სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ შეხედეთ, რამდენი ვარიანტია. ისინი მაინც მოძებნიან ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება, ბოლოს და ბოლოს, კასპიის ზღვა აქვთ რუსეთსა და ირანს.
– თუმცა კასპიის ზღვა განაწილებული არ აქვთ მის სანაპიროებზე მდებარე სახელმწიფოებს?
– მე ტრანსპორტირებაზე ვამბობ, ტბები, საერთაშორისო სამართლით, პირდაპირ იყოფა მონაპირე ქვეყნებზე. ზღვებშია განსხვავებული ვითარება. ამდენად, რუსეთს თუ ირანთან პირდაპირ დაკავშირება დასჭირდება, ამისთვის არის კასპიის ზღვა. ამიტომ ჩვენი რკინიგზის გახსნა პრინციპულად არაფერს შეცვლის. სომხეთისთვის კი ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
– ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, რომ სომხეთში რუსეთის ბაზა ჩვენზე გავლით არ გაძლიერდეს და მომარაგდეს?
– ის ბაზა მაინც მარაგდება და მომავალზეც ხომ უნდა ვიფიქროთ?! სომხეთი დღეს ძალიანაა დამოკიდებული რუსეთზე და მისი სახით, ჩვენ გვყავს მეზობელი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ვერ ვითარდება. ამას ჩვენებური რუსეთუმეების გასაგონად ვამბობ. ერთადერთი პოლიტიკური მინუსი ისაა, რომ დასავლეთი არ მიესალმება ამ პროექტს.
– რბილად რომ ვთქვათ.
– არ მგონია, კატეგორიულები იყვნენ. ეს აქვს ამოჩემებული „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამით აფრთხობს გაჭირვებულ „ოცნებას“. ამ სარკინიგზო ხაზის ამოქმედებით რუსეთისთვის არ იცვლება არსებული სტრატეგიული ვითარება: როგორც გითხარით, კასპიის ზღვაც აქვთ თუ რამის შეტანა-გამოტანა უნდათ. აი, სომხეთს კი უბრალოდ, არჩევანი არ აქვს, მაგრამ ის მაინც ქრისტიანული ცივილიზაციის ფარგლებში მოიაზრება. სხვა თუ არაფერი, მათი დიასპორა მაინც დაეხმარება. დღეს დიდად არ ეხმარებიან ეკონომიკურად, თუმცა მოლოდინი დიდი იყო. ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ, სომხეთს რა უჭირს, დიასპორა ააშენებსო. ისინი გავლენიანი ხალხია, მნიშვნელოვანი ფინანსური შესაძლებლობებით და ოდესმე თუ დალაგდა სამხრეთ კავკასია, მათთვის შეიძლება, საინტერესო გახდეს ინვესტირება. ახლა რუსეთის ხელშია ყველაფერი –  სომხეთის სახელმწიფოც.
– მიღებულია მოსაზრება, რომ ჩვენ ერთმანეთის გატანა არ ვიცით, სომხებმა კი იციან, მაგრამ მათი უცხოური დიასპორით თუ ვიმსჯელებთ, გატანის დიდად არ ემჩნევათ რამე.
– ისინი ვაჭარი ხალხია, ფინანსისტი. სად ჩადონ ფული?! რუსეთის ხახაში ჩადონ ინვესტიციები?! რუსეთისკენაა ქვეყანა, რკინიგზა პირდაპირ რუსეთისაა, მათი ენერგეტიკაც რუსულია და კონიაკიც კი. რატომ უნდა ჩადონ ახლა იქ ფული?! ისინი ამას გააკეთებენ, თუ სომხეთი გამოვა რუსული გავლენისგან და გახდება დასავლეთის ნაწილი. ეს კი ჩვენი მეშვეობით უნდა გააკეთონ –  სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც. ჩვენ რეგიონის ლიდერები დემოკრატიისა და დასავლეთთან თანამშრომლობის ხარისხით ამის გამოც ვართ. ამასთან, ჩვენი ფსევდოლიბერალების გასაგონად ვამბობ, იმიტომაა ეს ქვეყანა პროდასავლური, რომ ქრისტიანულია, თორემ სხვა არჩევანს გააკეთებდნენ. ერთი სიტყვით, ერთმანეთის გატანაზე არ არის, ის არის ხალხი, რომლებიც ბიზნესის გადასახედიდან აფასებენ მოვლენებს და ახლა ინვესტირებას აზრი არ აქვს. ჩვენ ვიცით ხოლმე საკუთარი თავის დაკნინება და გვიყვარს უკიდურესობები. ვინც ვიბრიქებით, გავბუქავთ ხოლმე ან თავს ვიკნინებთ. თუმცა საამაყოც ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენი ზომის ქვეყნის კვალობაზე; სამარცხვინოც გვაქვს, სხვა რომ არაფერი, ტყვეთა სყიდვა ყველაზე უარესი ამბავი მგონია. მაგრამ ინგლისშიც კი, მეთვრამეტე საუკუნეში იჭერდნენ და ჰყიდდნენ ხალხს. გერმანელები, მაგალითად, თავიანთ ჯარისკაცებს ჰყიდიდნენ ომში.
– მაგრამ ეს ჩვენს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს. ოჯახებიც კი საკუთარი ნებით ჰყიდიდნენ ბავშვებს.
– ძალიან მძიმე ამბავი იყო, ამიტომ თავი დავანებოთ იმაზე ლაპარაკს, ვინ იცის და არ იცის ერთმანეთის გატანა. არც არავისზე უარესები ვართ და არც უკეთესები, თუმცა ბევრზე უკეთესები მგონია, რომ ვართ. სომეხმა დიასპორამ ფული იმით იშოვა, რომ სწორად თვლიან. დღეს კი სომხეთში რა აზრი აქვს თვლას?! სხვა რომ არაფერი იყოს, კუნძულივითაა. თუმცა, თუ შორეული პერსპექტივის თვალსაზრისით შევხედავთ, ეს სხვა პირობებს შექმნიდა სომხეთისთვის, რუსეთის კლანჭებიდან თავის დასახსნელად, მაგრამ ამას დიდხანს ვერ შეძლებენ. სენდვიჩივითაა მოქცეული ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის. ირანი რომ ყველაზე კარგი მეზობელი ეყოლებათ, ხომ წარმოგიდგენიათ, მათი მდგომარეობა?!
– სხვა პოლიტიკურ საფრთხეებს ვერ ხედავთ?
– ამერიკა გააკეთებს უკმაყოფილო გრიმასას. მოვლენ და ეტყვიან, იქნებ დაფიქრდეთ და თავი შეიკავოთო.
– აზერბაიჯანისთვის არ იქნება უსიამოვნო, რომ სომხეთი გამოვა იზოლაციიდან და რუსეთს მასთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირი ექნება?
– აზერბაიჯანს ძალიან ბევრ რამეს ვუკეთებთ. თუმცა, ისინიც ძალიან გვეხმარებოდნენ. განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის პირველ წლებში ყველანაირად გვედგნენ მხარში, მაგრამ აზერბაიჯანმაც უნდა გაიგოს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მნიშვნელოვანი ამბავია და თურქეთს პირდაპირ დაუკავშირდნენ. ჩვენებმა კი იმდენიც არ ქნეს, რომ ახალციხემდე მიეყვანათ ეს რკინიგზა. იცით, ეს როგორ შეცვლიდა ვითარებას?!  ჯერ ერთი, მატარებელი უფრო დიდხანს ივლიდა ჩვენს ტერიტორიაზე და საფასურიც გაიზრდებოდა და მეორე, ჩვენი რკინიგზა ერთხაზიანია და ერთადერთ მონაკვეთში მაინც შეიკვრებოდა –  რგოლური გახდებოდა, რაც მანევრირების საშუალებას მოგვცემდა. მეტიც, ის განშტოება ბათუმამდეც უნდა გავიდეს. იმიტომ რომ, თვალსაწიერ მომავალში რკინიგზის გაუქმების საკითხი არ დგას. უცნაური ტრანსპორტია და ბევრი რამით ძალიან მოსახერხებელი, ამდენ რამეს ვერ გადაიტან ვერც თვითმფრინავით, ვერც ზღვით და ვერც ავტომობილით. არადა, ესეც კი არ ქნეს ჩვენებმა, რომ ახალციხემდეც მიეყვანათ, თუმცა აკაკი ჩხაიძე ამ საკითხს აყენებდა კატეგორიულად, მაგრამ იქ სხვა ხალხი ჩაერია და მოკლეზე მოჭრეს. ჩვენ ხომ, თუ ნაკლი გვაქვს, ეს არის ჩვენი პოლიტელიტის ჭკუამოკლეობა.
– ერთ ინტერვიუში ბევრი ნაკლი კი დაგვიგროვდა უკვე.
– ბევრი გვაქვს, მაგრამ სხვა ხალხებსაც გადავხედოთ. სამაგიეროდ, სხვა რამ გვაქვს –  ყველაზე ხანგრძლივი ისტორია უწყვეტი სახელმწიფოებრიობისა და დღეს, თავისუფალი ქვეყანაც.
– არის ის შანსიც, რომ, თუ გზა გაიხსნა, ქართველი დევნილებიც გაჰყვნენ იმ მატარებელს აფხაზეთში?
– აი, ეგ არის: პირობები უნდა წაუყენონ. მათ უფრო აინტერესებთ რკინიგზის გახსნა, ვიდრე ჩვენ. სომხეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის კი მანიაკალური მნიშვნელობა აქვს. რკინიგზის გახსნა არ ქმნის სამხედრო პრობლემას. ისაა, რომ შტატები ირან-რუსეთის ურთიერთობაზე ეჭვიანობს და ტრამპმა ისევ გაამწვავა ურთიერთობა ირანთან. აი, ეს იქნება პრობლემა –  ამერიკელების განაწყენება, მაგრამ შენ უნდა წააყენო მოთხოვნები: მინიმუმ, გალზე კონტროლის აღდგენა.
– სომხეთი დაინტერესებულია, რუსეთი დაინტერესებულია, მაგრამ ორივე გვემუქრება. ვერ ვიჯერებ, რომ სომხეთი ჯავახეთით აშკარად დაგვემუქრა, მაგრამ ფაქტია, რომ დაგვემუქრა. ჯერჯერობით ერთი ირანი არ დაგვმუქრებია.
– ისინიც ვერ არიან ჭკუაზე. არარეალისტურად უყურებენ მოვლენებს, არადა სასიცოცხლო მნიშვნელობა გვაქვს მათთვის. ჩვენთან კონფლიქტი მათი არსებობის დასასრულს ნიშნავს, თუ მეშლება რამე?! ვერ გაბედეს თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაპირისპირება და ჩვენ გვითხრეს.
– ესაა სწორედ გაუგებარი და საწყენი, შემომთავაზე მაინც რამე სანაცვლოდ. ჯერჯერობით ერთი შემოთავაზებაა, თუ რკინიგზას გახსნით, ჯავახეთს არ წაგართმევთო?
– აი, ესაა ჩვენი ხელისუფლების პრობლემა, არაფერზე რეაგირებს და არაფერს იმჩნევს. გაეცი პასუხი და უთხარი სათქმელი?! იმ რეგიონის განვითარებას უწყობს ხელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ახალქალაქი გახდა სატრანსპორტო კვანძი. რუსეთი ათქმევინებდა ამას და ამიტომ ისინიც ვითომ გვაშინებენ ჯავახეთით. კონდოლიზა რაისმა თქვა ის, რასაც ვამბობ ამდენი ხანია: საბჭოთა კავშირი 70 წელს ვითმინეთ, პუტინი 10-15 წელია და მერე დამთავრდებაო. რუსეთს ასე სჩვევია, ავტორიტარი მმართველის მერე მოდის რბილი მმართველი. ამიტომ მგონია, რომ ამ რკინიგზის პროექტზე მუშაობაც ღირს, ფიქრიც და ლაპარაკიც, იმავე ამერიკელებთანაც. ოღონდ ამათ ჩვენი პირობები უნდა წავუყენოთ  და ხელზე დავიხვიოთ, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი ამერიკა აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნას კარგი თვალით არ უყურებს. საკითხების მთელი კომპლექსია, ყველაზე მარტივ მოვლენასაც კი უამრავი რამ ახლავს თან და ამითაა საინტერესო ცხოვრება. ცხოველებს აქვთ ერთი გადაწყვეტილება მხოლოდ: გადახტეს და რაღაც დაიჭიროს, რომ შეჭამოს ან მოძოვოს. ადამიანის თითოეული ნაბიჯი კი უკავშირდება ათი, ასი, ათასი, მილიონი ადამიანის მოქმედებასა და მოვლენებს: ცხელა, ცივა, წყალდიდობაა, ქარია თუ მზეა, უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ კი ყოველთვის ჩვენებურად გვინდა, მაგრამ სხვებსაც უნდათ და შენი ჭკუა იმით უნდა გამოავლინო, რომ შენსას დაამთხვიო მათი  ინტერესები და სურვილები. ძველთაძველი ჭეშმარიტებაა და მიწევს ბანალური რამის ქადაგება, რადგან ამ ქვეყანაში ბანალური ჭეშმარიტებებიც კი არ იციან, სამწუხაროდ. განცვიფრებულები არიან საკუთარი აღმოჩენებით ისეთ საკითხებში, რაც რამდენიმე ათასი წელია, ცნობილია.
– როდესაც ამდენი ინტერესი იკვეთება: ამერიკულ-ჩინური, ავღანეთიდან მოეწერა ხელი ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპისკენ, ბაქო-ყარსი გაიხსნა უკვე, რუსეთიც ცდილობს აფხაზეთზე რკინიგზის გახსნას, გასაგებია, რომ ერთმანეთსაც დააბალანსებენ, მაგრამ იმავდროულად, თუ ეს ინტერესები არ მართე, ხომ შეიძლება, დეზინტეგრაციის საფუძველი გახდეს?
– კარგი ხელისუფლის პირობებში ეს მოიტანდა უდიდეს დივიდენდებს, მაგრამ ყველაზე უარესი ხელისუფლებაც კი ვერ მოახერხებს რამის გაფუჭებას. ეს ისეთი რამაა, დანაწევრება აღარავის ინტერესი აღარ არის. პირიქით, რაც დრო გავა, უფრო გაძლიერდება აფხაზეთისა და ცხინვალის მოერთების აქტუალობა ყველასთვის. ეს რკინიგზაც რომ ავიღოთ, სად უნდა სდიო ცალ-ცალკე სოხუმსა და თბილისს?! ან ცალკე აფხაზეთმა რა უნდა ქნას?! ცალკე ცხინვალზე ხომ არც არის ლაპარაკი?! ყველა დაინტერესებულია ამით, მარტო ჩვენ ვართ პირდაღებულები. უცნაური რამ შეიძლება, მოხდეს. პირველივე ხელისუფლება, რომელიც ჭვვიანურად იმოქმედებს, რამდენიმე თვეში გადაწყვეტს ამ საკითხს.
скачать dle 11.3