კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ გაიხსნა იდეალური დანაშაული, ეჭვიანობის ნიადაგზე

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ოდესის „ლომბარდის საქმე,“ გასული საუკუნის საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო და ისევე, მარტ©ივად და მოულოდნელად გაიხსნა, როგორც არაერთი მსგავსი დიდი დანაშაული.
განგაშის სიგნალი
1970 წლის 14 მაისს ქალაქ ოდესის მილიციის მორიგეს ანონიმმა დაურეკა და აუწყა, რომ ქალაქის ცენტრალურ ბანკზე ბოროტმოქმედთა კბილებამდე შეიარაღებული ბანდა აპირებდა თავდასხმას. მისი თქმით, მძარცველებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი ოდესის ქალაქკომის პირველი მდივნის ტყუპი ვაჟი – ეგორ და ვიქტორ ნაუმენკოები. „ბიჭებს მძარცველები შენობაში შეიყვანენ და იქ მყოფ მოქალაქეებთან ერთად დაატყვევებენ. შემდეგ მილიონს მოითხოვენ, ვერტმფრენსა და ხელშეუხებლობის გარანტიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას დახოცავენ. იჩქარეთ. მძარცველები შენობაში არ უნდა შეუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ არეულობას ვერ გადაურჩებით“, – ასე დააბოლოვა ანონიმმა თავისი საუბარი და ტელეფონი გათიშა. ის ის იყო, მორიგეს ეს ინფორმაცია უფროსობისთვის უნდა გადაეცა, რომ ცენტრალურ პულტზე განგაშის სიგნალი აციმციმდა. შეტყობინება ცენტრალური ბანკიდან მოვიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შენობაში მძარცველები შეიჭრნენ.
თორმეტსაათიანი მოლაპარაკება
ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა შუა „ზასტოის“ დროს, საბჭოთა კავშირში ნონსენსი იყო. საბჭოეთში ხომ „მძიმე დანაშაული არ ხდებოდა“. ამ დროს კი, ოდესის შუაგულში ასეთი ამბავი იყო. ამიტომ, ამ მშვენიერი ზღვისპირა ქალაქის ძალოვანთა მთელი რესურსი ბანკთან გახლდათ კონცენტრირებული. აქვე იმყოფებოდა ქალაქკომის პირველი მდივანი, პეტრე ნაუმენკოც. ის სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და მიტკალივით გაფითრებულიყო. მისი ორი ვაჟი მძარცველებს ჰყავდათ ბანკში გამომწყვდეული და ღმერთმა უწყოდა, როგორ დასრულდებოდა ეს ყოველივე. ყველაფერთან ერთად, ფუნქციონერმა ნაუმენკომ მშვენივრად იცოდა, რომ მძევლების ამყვანებს დიდ ლოლიავს არ დაუწყებდნენ. ბანკზე შეიარაღებულ იერიშს მოიტანდნენ და შეიძლებოდა, მისი ტყუპი ვაჟი დაღუპულიყო. საქმეში პირდაპირ „კაგებე“ ჩაერთო. გენერალმა „სივკომბანკში” დარეკა, მძარცველებს კი, დანებება მოსთხოვა და სიცოცხლის გარანტია მისცა. მამაკაცის ბოხმა ხმამ მას მიუგო:
– რვანი ვართ, კბილებამდე შეიარაღებულები. პერიმეტრი დავნაღმეთ და ოცდაათივე მძევალს გავიყოლებთ. მოვითხოვთ ვერტმფრენს, მილიონ მანეთს და ცოცხლად გაშვების გარანტიასო.
მოლაპარაკებები თორმეტ საათს გაგრძელდა. ამასობაში მოსკოვიდან „ალფას“ სპეცჯგუფი ჩამოფრინდა. მათ ალყა შემოარტყეს ბანკს. შემდეგ კი შენობაში შეცვივდნენ. თუმცა, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იქ მხოლოდ თორმეტი პირაკრული და გაკოჭილი თანამშრომელი აღმოაჩინეს. იქ არც მძარცველები ჩანდნენ, არც მძევლები და არც პეტრე ნაუმენკოს ტყუპი 22-22 წლის ვაჟიშვილი.
ფანტასტიკური ძარცვა
ბანკში შესული ძალოვნები, თავდაპირველად ძლიერ დაიბნენ და ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა. შემდეგ გონს მოეგნენ და გამოძიებას შეუდგნენ. მათ ბანკის დირექტორის კაბინეტში სულ რაღაც ოთხმეტრიანი ხვრელი აღმოაჩინეს კანალიზაციაში, რომელიც მომიჯნავე სახლში გადიოდა და მიხვდნენ, რომ მძარცველები იქიდან გაიპარნენ. თუმცა უფულოდ და ვერაფრით გაეგოთ, ვის და რაში სჭირდებოდა ასეთი სპექტაკლი. ყველაფერი მხოლოდ მაშინ გახდა ნათელი, როცა გაირკვა, რომ გაიძარცვა ოდესის ცნობილი ლომბარდი და იქიდან 3 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს. ლომბარდი ბანკიდან 7 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. აშკარა იყო, რომ ბანკის გაძარცვის იმიტაცია ყურადღების გადასატანად მოაწყვეს და მძარცველთა ნამდვილ სამიზნეს სწორედ ლომბარდი წარმოადგენდა. ლომბარდის ძარცვა საკმაოდ არასტანდარტულად განხორციელდა. ააფეთქეს იატაკი და მძარცველები სწორედ იქიდან შევიდნენ შენობაში. როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, გამოყნებული იყო მცირემუხტიანი საინჟინრო ნაღმები. ეს კი მიუთითებდა, რომ მოქმედებდა ამ საქმის უზადო მცოდნე. მძარცველთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ მოქმედებდა 5-8 ბოროტმოქმედი. საქმის გამოძიება „კაგებემ“ ითავა და უპირველესად, ასაფეთქებლის წარმომავლობას იკვლევდნენ და ეძებდნენ სამთო ინჟინერს, ვისაც ასეთი საიუველირო სამუშაოების შესრულება შეეძლო. ძებნის პროცესი იმდენად შრომატევადი გახლდათ, რომ თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავდა, მაგრამ სხვა გზა არ ჩანდა.
ეძიეთ ქალი
პეტრე ნაუმენკოს ტყუპი ვაჟი ოდესის ერთ-ერთ გაქირავებულ ბინაში აღმოაჩინეს, მძინარეები. ბიჭები ყვებოდნენ, რომ ახალგაზრდა გოგონები გაიცნეს და მათთან დროის გატარება გადაწყვიტეს. გოგონებმა ისინი ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს და სუფრა გაუშალეს. ამის მერე ტყუპებს აღარაფერი ახსოვდათ, რადგან სასმელში ბანგი ჩაუყარეს და დააძინეს. ბიჭების ჩვენებით, გოგონები 27-28 წლისა იქნებოდნენ – შავგვრემნები, შეკრეჭილი თმით და მოდურად ჩაცმულები. ამგვარადვე აღწერდნენ ბოროტმოქმედებს ბანკის თანამშრომლები და ამბობდნენ, რომ ისინი რევოლვერებით იყვნენ შეიარაღებულები. ქალების გამოჩენამ გამოძიებას უფრო მეტი ნათელი მოჰფინა. მეორე მხრივ კი, გამომძიებლებს უკვირდათ ასეთ საქმეში ქალების მონაწილეობა და ვარაუდობდნენ, რომ ისინი მხოლოდ დამხმარეების როლს თამაშობდნენ. თუმცა,  ესეც რაღაცას ნიშნავდა. ამიტომ შეადგინეს ფოტორობოტები და ალქაჯ გოგონებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპასპორტო მაგიდების მეშვეობით ეძებდნენ.
სასიყვარულო კვადრატი
1970 წლის 24 მაისს, კვირა დღეს, ანუ ოდესის ლომბარდის ძარცვიდან ათი დღის შემდეგ, თბილისის მილიციის სამმართველოში, 27 წლის ნონა ქავჟარაძე და 25 წლის ლიანა ხმიადაძე მივიდნენ. მათ გამომძიებელთან შეხვედრა მოითხოვეს და კაპიტან ანზორ ჭიპაშვილს განუცხადეს, რომ ოდესის ლომბარდის ძარცვაში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა. ნამტირალევი გოგონების თქმით, მათთან ერთად, ეს დანაშაული ჩაიდინეს 30 წლის მერაბ შარიამ და 22 წლის ოლღა ქურციკიძემ. მერაბ შარია სამთო ინჟინერი იყო, დანარჩენი გოგონები კი, სახალხო თეატრის მსახიობები. როგორც გაირკვა, გოგონები შარიამ შეკრიბა, დაუახლოვდა, მათი ნდობა მოიპოვა და ლომბარდის გაძარცვის განზრახვა გაანდო. შემდეგ კი, დეტალური გეგმა შეადგინა და ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულეს. თავდაპირველად, გამომძიებლებს არ სჯეროდათ გოგონების მონაყოლი. ბოლოს კი დაინტერესდნენ, თუ რატომ გადაწყვიტეს დანაშაულის აღიარება.
– ამ გომბიო ოლიკოს გამო, – ერთხმად უპასუხეს გოგონებმა და გაირკვა, რომ მერაბ შარია ორივე გოგონასთან ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა და ორივეს ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა. თუმცა, ბოლოს ოლღა ქურციკიძე აირჩია და გოგონებიც ამან გააცოფა.
გოგონების თქმით, შარია და ქურციკიძე ზემო ვერაზე, მერაბის კერძო სახლში იმყოფებოდნენ. ოპერატიული ჯგუფი სასწრაფოდ გაემართა აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ წყვილი იქ არ დაუხვდა. როგორც ჩანდა, შარიამ იგრძნო ღალატი და შეყვარებულთან ერთად გაიქცა. მათზე ძებნა გამოცხადდა და უკვე დაქორწინებული წყვილი 10 თვის შემდეგ კრასნოიარსკში აღმოაჩინეს. ოლღა 8 თვის ფეხმძიმე იყო და არ დაუჭერიათ. მერაბი კი 10 წლით ჩასვეს. 2-2-წლიანი პირობითი სასჯელი მიიღეს დამბეზღებელმა გოგონებმა და ნაძარცვი 3 მილიონი კვლავ ოდესაში დააბრუნეს.
P.S. ცოლ-ქმარი შარიები დღესაც ცოცხლები არიან და კანადაში ცხოვრობენ.
скачать dle 11.3