კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ გრძნობდა თავს გაცილებით უფროს ქალბატონთან ერთად გიგი ადამაშვილი და ვისი უარის გამო უტირია მას

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 19 წლის ასაკში უამრავი კონცერტის ჩატარება მოასწრო. უკვე დიდი ხანია, ფინანსურად სრულიად დამოუკიდებელია და წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს. ამ ეტაპზე აცნობიერებს, რომ უკვე სერიოზული გრძნობისა და ურთიერთობისთვისაა მზად. ძალიან ბრაზდება, როცა მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით ესმის ჭორები.
გიგი ადამაშვილი
: ბევრი კონცერტის მერე პატარა პაუზა მქონდა. ძალიან მალე ქართული სიმღერის პრემიერა მექნება. დეკემბრიდან კი უკვე კონცერტების ახალი ტალღა იგეგმება. ამის უკვე დიდი გამოცდილება დამიგროვდა, 24 კონცერტი ჩავატარეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
– რამდენადაც ვიცი, შენს კონცერტებზე გოგოები საოცარ დღეში არიან.
– ერთ ქალაქში სასწრაფო გამოვიძახეთ (იცინის). არ ვარ იმ ტიპის მომღერალი, რომელიც სცენაზე იხდის ან რამე მსგავსს სჩადის, არც განსაკუთრებული ვიზუალი მაქვს. მაგრამ, შემიძლია, მთელი გულით გიმღერო და ეს ემოცია შენამდე მოვიტანო. ყველა კონცერტზე ბუმია, დარბაზი მაყურებლითაა გადაჭედილი.
– გოგოებს რატომ სჭირდებათ მობრუნება?
– ჩემს კონცერტებზე კარგი ამბებია ხოლმე (იცინის). ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. წარმოიდგინე, დილიდან რეპეტიციები, შემდეგ კონცერტი. მით უმეტეს, ეს თუ მინუს ხუთ გრადუსში ხდება. ერთხელ რაჭაში, მართლა ასეთი ტემპერატურის პირობებში, ყოველგვარი გათბობის გარეშე ვიმღერე.  მაგრამ, ამის მიუხედავად, არასდროს წამოვსულვარ კონცერტიდან ისე, რომ ყველა მსურველთან ფოტო არ გადამეღო და ავტოგრაფი არ დამეტოვებინა. როცა ჩემ გამო ხალხი იყინება, უბრალო მადლობით, ვერც მე შემოვიფარგლები. რაჭაში მართლა სასწაული მოხდა. კონცერტს მამა დიონისე დაესწრო. ყინვაში დაკვრისგან ხელები სულ წითელი მქონდა და ჩაიზე დამპატიჟა. აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მამაოები იშვიათად დადიან კონცერტებზე და ძალიან გამიხარდა მისი დარბაზში დანახვა.
– კონცერტზე შენს ნივთებზეც დიდი მოთხოვნაა, არა?
– ამას სერიოზულად არასდროს გავაკეთებდი, თავი „ვიღაც“ არ მგონია (იცინის). უბრალოდ, ჩვეულებრივად, წყალს ვსვამდი სცენაზე და დარბაზიდან ძალიან დიდი შეძახილები წამოვიდა, ბოთლი გადმოაგდეო. რატომაც არა, „კაი პონტია“. არაერთ ქალაქში გადამიგდია ბოთლი და სანთებელა მიჩუქებია ჩემი გულშემატკივრებისთვის. მთელი ამბებია, კივილი და შეჯიბრება, ვინ დაიჭერს (იცინის). მე „აეროსმიტის“ კონცერტზე ვიდექი ბათუმში და მის ნასროლ ჯოხებს ველოდი, იმიტომ რომ, ჩემთვის ის არის საოცრება. ვიღაცისთვის გიგია ასეთი, რაც ძალიან დასაფასებელია. ნება უნდა იბოძო და ასეთი ადამიანებისთვის, უფრო მეტადაც უნდა გაიყინო, ფოტოც გადაიღო და სამახსოვროდაც დაუტოვო რამე. თუმცა, არ მგონია, რომ ვინმეზე რამით მეტი ვარ.
– 19 წლის ასაკში უკვე სრულიად დამოუკიდებელი ხარ ფინანსურად და არ წუწუნებ, რომ ჩვენთან არაფერი ხდება...
– ვერ ვიტყვი, რომ აქ დიდ ფულს იშოვი, მაგრამ შემოსავალი არის. მიყვარს ჩემი საქმე და მიხარია, რომ არავისზე არ ვარ დამოკიდებული. მე ჩემი ფული მაქვს. ზოგჯერ კვირაში ორი-სამი კონცერტია. 40-გრადუსიანი სიცხითაც გამოვსულვარ სცენაზე და შუა კონცერტის დროსაც გავსულვარ, საშინელი ხველების გამო.
– თუმცა, პირველი ხელფასი რომ ავიღე, „დავგოიმდიო“.
– ჰო, პირველი ხელფასი რომ ავიღე, „დავგოიმდი“. პატარა ბიჭი რომ ხარ და ფული არ გაქვს, მერე კი 16 წლის ასაკში, კარგ თანხას იშოვი, აღარ იცი, რა ქნა. ყველაფერში დავხარჯე, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავში ინვესტიცია ჩამედო. ცხოვრებაში ფულს არ მივსტირი, ძუნწი ტიპები არ მიყვარს, მაგრამ კარგი იქნებოდა, იმ ფულით ინსტრუმენტები მეყიდა. თუმცა, რაც ახლა მაქვს, ყველა ინსტრუმენტი ნაჩუქარია. შავი გიტარა, რომელიც მოვხატე, შემდგომში ჩემმა ძმაკაცმა მაჩუქა და მერე ჩემმა გულშემატკივრებმა მაჩუქეს საკმაოდ ძვირად ღირებული ელექტროგიტარა. ერთმა ჩემმა კარგმა ნაცნობმა მილანის საგზური მაჩუქა. მეგონა, 65 წლის გიგი ადამაშვილი ატარებდა შემოქმედებით საღამოს და საჩუქრებს იღებდა (იცინის). ასაკთან დაკავშრებით, სულ მგონია, რომ ბევრი დრო არ მაქვს. მგონია, რომ ეს სიმღერა სამი წლის წინ უნდა გამომეშვა, ახლა უკვე ძალიან გვიანია და კარიერა დამთავრდა. მეშინია, რომ იმდენს ვერ მოვასწრებ, რამდენიც შემიძლია. ჩემთვის მთავარია, რა სახელს დავტოვებ და ის, რომ საყვარელი საქმე ვაკეთო. არსად ჩამიბარებია, მუსიკოსი ვარ და მეორე პროფესია არაფერში მჭირდება. დიპლომი არაფერს მიწყვეტს. უბრალოდ, მინდა, მაქსიმალურად ბევრის გაკეთება მოვასწრო.
– საჩუქრებს დავუბრუნდეთ. თაყვანისმცემელი გოგონებისგან რა მიგიღია?
– ძირითადად, სასმელი. ღვინო ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარია. გოგოებს ძალიან ხშირად უჩუქებიათ სამკაული – სამაჯური, ყელსაბამი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სატრაბახოდ არ მიმაჩნია. ძალიან ბევრჯერ მოუტანიათ საჩუქარი უცნობისგანაც. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ერთი ქალბატონის წერილი. მწერდა, რომ თავისი პატარა შვილისთვის ვუნდოდი. იცოდე, ჯერ ცოლი არ მოიყვანოო (იცინის). სხვათა შორის, ახლა მომინდა, რომ სერიოზული ურთიერთობა მქონდეს. მინდა, ვინმე მიყვარდეს. ადრე სულ გართობაზე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა მინდა, რომ ერთი ადამინი მყავდეს, რომელიც მთელი გულით მეყვარება. მინდა, რომ ჩემი გოგო ჩემს კულისებში იყოს. მეც ყოველთვის მასთან ერთად ვიქნები, სადაც დავჭირდები. თუმცა, ჯერ ქორწინებაზე ვერ ვიფიქრებ.
– ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, შეყვარებულს დაშორდაო.
– იყო რაღაც ურთიერთობა, მაგრამ დამთავრდა. შეყვარებული აქამდე არ მყოლია, მაგრამ ახლა მზად ვარ, რომ გამოჩნდეს და მთელი გულით შევუბერო (იცინის).
– როგორი უნდა იყოს გოგო, ვისთანაც მთელი გულით „შეუბერავ“?
– საინტერესო. ერთხელ ვთქვი, თუ გოგო გარეგნულად არ მომეწონება, მისი შინაგანით არ დავინტერესდები-მეთქი. ყველა კაცს თავის გემოვნება აქვს და ყველა ქალი თავისებურად ლამაზია. მინდა, რომ გოგო გარეგნულად მომეწონოს. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, მარტო გარეგნობით ვაფასებ. საკმაოდ რომანტიკული ვარ. აივანთანაც მიმღერია, როცა გოგო მომწონებია. თუმცა, ყველაფერი ორმხრივი მიყვარს. ხანდახან ქალიც უნდა იყოს სიურპრიზისა და საჩუქრის ინიციატორი. ეს მამაკაცს მეტ სტიმულს აძლევს.  
– სიყვარულში წარუმატებელი ისტორია თუ გქონია?
– როგორ არა. არასდროს მითქვამს, მაგრამ გადარევამდე მომწონდა ერთი გოგო. ურთიერთობა ავაწყეთ, მაგრამ მისგან პასუხი – „კი, ერთად ვიყოთ“, ვერ მივიღე. შეიძლება, კონტაქტი გაგვეწყვიტა, მაგრამ მაინც სულ მახსოვდა. კონცერტზეც ძალიან ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე. ძალიან რთული იყო, არც „არას” ამბობდა და არც – „კის”. კარგი თაყვანისმცემლის დაკარგვა არავის უნდა. ამაზე ბევრს ვდარდობდი და ბევრჯერ მიტირია კიდეც. არაერთხელ მიფიქრია, რომ წერტილს დავუსვამდი ამ ურთიერთობას, მაგრამ მერე ყველაფერი თავიდან იწყებოდა. თუმცა, მოგვიანებით, ყველაფერი თავისით დამთავრდა. ძალიან პატარა ასაკშიც მქონდა დიდი იმედგაცრუება. ყოველთვის უფროსი გოგოები მომწონდა და არასდროს არავის მოვწონდი. ძალიან მსუქანი და გრძელთმიანი ვიყავი. რადგან უფროს გოგოს არ მოვწონვარ, მოდი, ჩემ ტოლს შევიყვარებ-მეთქი, გადავწყვიტე და ერთი გოგო ავიჩემე. მართლა შემიყვარდა, მაგრამ, რად გინდა, მანაც უარი მითხრა – ეს მსუქანი და გრძელთმიანი გიგი დარჩა გამობუნძულებული (იცინის). წლების მერე კი, შემოტრიალდა სიტუაცია და მე ვუთხარი არა იმ გოგოს, იმიტომ რომ, აღარ მომწონდა. როგორც მე დავდიოდი მსუქანი და ვიწმენდდი ცრემლებს, მანაც მოიწმინდა ერთი-ორჯერ (იცინის). ახლა კი მეცინება, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ორი დიდი იმედგაცრუება იყო.
– ახლა აღარ მოგწონს უფროსები?
– ახლა ჩემთვის ასაკს აღარ აქვს მნიშვნელობა. ბევრჯერ მომწონებია უფროსი ქალბატონი და ძალიან დიდთანაც მქონია ურთიერთობა – 28 წლისასთან, მაგალითად. ციფრები ჩემთვის არაფერს ნიშნავს.
– ჭორები, რომელიც საკუთარ თავზე გსმენია?
– ძალიან ბევრი ჭორი მსმენია ჩემზე. წნევა მიწევს ხოლმე, ზოგჯერ ისეთ რამეს ვიგებ. ხან ნანა ჩარკვიანთან მაკავშირებენ, ხან – რუსკა ქარქაშაძესთან. ძალიან ბევრი ჭორი გამიგია ჩემზე და სოფო ნიჟარაძეზე. ბევრი ცუდი ჭორიც გამიგია ჩემზე, რასაც პირად შეურაცხყოფად ვიღებ. მინდა, ყველამ ძალიან კარგად დაიმახსოვროს, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონები მაინტერესებს.
скачать dle 11.3