კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ გადარჩა ქართველი შეთქმულების ხელიდან სიკვდილს მეფე საურმაგი და ვისი დახმარებით დაამარცხა აჯანყებულები

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართლის პირველი მეფე იყო ფარნავაზი. „მოქცევაè ქართლისაèს“ მიხედვით, ფარნავაზი გახლდათ ქართლის მეორე მეფე, პირველი მეფე იყო აზო („ქართლის ცხოვრების“ მიხედვით – აზონი).
ფარნავაზმა ცოლად მოიყვანა დურძუკი (ძურძუკი) ქალი. ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ძმის – კავკასიელების წინაპრის, კავკასოსის შთამომავალი. ძურძუკები იყვნენ თანამედროვე ვაინახების, ჩეჩნებისა და ინგუშების წინაპრები. ფარნავაზმა თავის ერთი და მიათხოვა ეგრისის ერისთავს, ქუჯის, მეორე – ოვსთა მეფეს.
ფარნავაზს ჰყავდა ვაჟი, საურმაგი, რომელიც ტახტზე მამის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. საურმაგი (სავ-არმაგი) ძველ სპარსულ ენაზე, თურმე, შავმკლავას ნიშნავს. „მოქცევაè ქართლისაèს“, „მეფეთა ცხოვრებისა“, ვახუშტი ბატონიშვილისა და თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, საურმაგ მეფის თავგადასავალი დაახლოებით ასეთია.
საურმაგი თვითმპყრობელი მეფე იყო, როგორც მამამისი და ცენტრალიზებული მმართველობის მიმდევარი გახლდათ. ეს არ მოსწონდათ იბერიელ დიდებულებს და ეოცნებებოდათ ის დრო, ფარნავაზამდელი ხანა, როდესაც მცხეთის მამასახლისი იყო სხვა, ადგილობრივი მამასახლისების მხოლოდ სიმბოლური თავკაცი. ადგილობრივ მმართველებს კი თავისუფალი მოქმედების საშუალება ჰქონდათ და საკუთარ სამამასახლისოს მართავდნენ, როგორც მოესურვებოდათ. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ თავისი ნათესავისა და თვისტომის მმართველობა არ მოსწონდათ და მათთვის მისაღები შეიძლება, ყოფილიყო მხოლოდ უცხოს ბატონობა, ვიდრე საკუთარი სისხლისა და ხორცის, თვისტომის მეფობა. ამიტომ, შეითქვნენ ქართველი დიდებულები  და გადაწყვიტეს საურმაგის მოკვლა:
„ცუდია ჩვენთვის, რომ ვმსახურებდეთ ჩვენს ნათესავს. მოდი, შევითქვათ, მოვკლათ საურმაგი და გავხდეთ ჩვენ ჩვენი თავის პატრონები, როგორც ადრე. მივცეთ ხარკი, ვინც დაგვიპყრობს. ასეთი მდგომარეობით უფრო მოსვენებული ვიქნებით“.
აზოს ყოფილი მეომრები, აზონაურები (სხვადასხვა ვერსიით: რომაელები, ბერძნები, იტალიელები თუ სხვა), რომლებიც აზოსა და ფარნავაზის დაპირისპირების დროს ფარნავაზის მხარეს გადავიდნენ, ახლაც დარჩნენ ფარნავაზის ოჯახის ერთგულნი. არ განუდგნენ საურმაგს, რადგან ახსოვდათ ფარნავაზის მიერ მათი მამებისა და ოჯახებისთვის გაკეთებული სიკეთე.
შეთქმულების გეგმით, ქართველი დიდებულები მოულოდნელად უნდა დასხმოდნენ თავს ქართლის სახელმწიფოს მესაძირკვლის, ფარნავაზის მემკვიდრეს. საურმაგმა შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ მზადდებოდა შეთქმულება. ის არ იყო მზად, ბრძოლა გაემართა, არც ჯარი ჰყავდა შეკრებილი და არც მოელოდა ასეთ რამეს. მოასწრო და განერიდა შეთქმულებს, თან წაიყვანა დედა და გაიქცა დურძუკეთში, თავის დედულეთში, ბიძებთან, დედის ძმებთან.
ეს რომ შეიტყვეს რომაელმა (ბერძენმა, იტალიელმა, თუ სხვა) აზონაურებმა, ეახლნენ მას დურძუკეთში და უთხრეს: „დიდი სიკეთე გაგვიკეთა მამაშენმა, ამისთვის მტკიცედ გიერთგულებთ შენ“!
საურმაგი დაუკავშირდა ოსთა მეფეს, მამამისის დისწულს და სთხოვა დახმარება. ოსთა მეფე დიდი პატივისცემით დაეხმარა ჯარით საურმაგს. საურმაგმა, ასევე, იხმო დურძუკები, დედამისის ნათესავები და გამოემართა ქართველების წინააღმდეგ. საურმაგის ჯარს შეუერთდა მამამისის მეორე დის ვაჟიც, ეგრისის ერისთავ ქუჯის ძე, ქართამიც. შეუკრიბა ქართამმაც მრავალრიცხოვანი მხედრობა საურმაგს დასავლეთ საქართველოში.
დაამარცხა მეფემ მტრები. კვლავ დაიპყრო საურმაგმა იბერია. დასაჯა დამნაშავეები. ზოგს, ვისი დანაშაულიც ნაკლებად მძიმე იყო, შეუნდო. ერთგულები უხვად დაასაჩუქრა და განიმტკიცა მეფობა კვლავ. „დაამდაბლნა ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი“ (აზონაურები, აზოს ყოფილი მეომრები). ამბობენ, რომ სიტყვა აზნაური, აზონაურებიდან მოდისო. თავის დროზე ფარნავაზმა, აზოს ყოფილი მეომრები, მის მხარეს გადასვლისა და ბრძოლებში დამსახურებისთვის დაასაჩუქრა და დააწინაურა. ათასი მხედარი მას გაუყვია და მიუცია მათთვის მამულები, მათზე დასახლებული მოსახლეობით „და უწოდა მათ სახელად აზნაურნი.“ თუმცა, სხვა ვერსიით, აზნაური სპარსული სიტყვიდან - „აზნა“ არის ნაწარმოები და წარჩინებულს, თავისუფალს ნიშნავს. თავისუფალი, აზნაური ანუ მიწაზე მუშაობისგან თავისუფლის, მეომრისა და არისტოკრატის შესატყვისია. ხშირ შემთხვევაში, აზნაურები ჯარის ოფიცერთა შემადგენლობა იყო ან მუდმივმოქმედი რაზმების წევრები.
იმ დროისთვის დურძუკები ძალიან გამრავლებულიყვნენ „და ვერ-ღა-რა იტევდა დურძუკეთი“ მათ.  საურმაგმა თავისი ერთგული დურძუკების დიდი რაოდენობა, მთელი დურძუკეთის ნახევარი, წამოიყვანა და იბერიის ტერიტორიაზე დაასახლა, მთებში, დიდოეთიდან ვიდრე ეგრისამდე, სვანეთამდე. მათი წარჩინებულები კი დიდებულებად, აზნაურებად, შერაცხა.
კვლავ მცხეთაში, თავის სატახტოში დაჯდა საურმაგი, თავის კუთვნილ ტახტზე. გაამაგრა მცხეთის გალავანი და სხვა ციხესიმაგრეეები იბერიაში.
მის დროს უმთავრეს ღმერთად მიიჩნეოდა არმაზი, რომლის კერპიც მამამისმა აღმართა არმაზის, ყოფილ ქართლის მთაზე, სადაც დასაფლავებული ყოფილა ჩვენი „თაურმდგენი“, ქართველთა ლეგენდარული წინაპარი – ქართლოსი (ქართუ, კარდუ). საურმაგმა „შექმნა ორნი კერპნი, აინინა და დანანა, და ამართნა გზასა ზედა მცხეთისასა“.
პოზიციების განსამტკიცებლად ქვეყანაში და რეგიონში, საურმაგმაც თავი გამოაცხადა „ასურასტანის მეფის“, სელევკიდების სამეფოს მბრანებლის, ვასალად. სელევკიდების დინასტიის დამაარსებელი, სელევკე ნიკატორი იყო ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი სარდალი და მეგობარი, დიდებული - დიადოქოსი. ალექსანდრეს გარდაცვალებისა და მისი დიდი იმპერიის დაშლის შემდგომ, სელევკმა ხელში ჩაიგდო დიდი ტერიტორია – სირია, ერაყის ნაწილი, ირანის დიდი ნაწილი და სხვა, და იქცა მბრძანებლად. საურმაგის დროს, ალბათ, მეფობდა ანტიოქოზ (ანტიოქე) მესამე დიდი, რომელმაც მეზობლებთან ბრძოლებში წარმატებებს მიაღწია. თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, ანტიოქოზ დიდს დაუპყრია ატროპატენა, „ადროპატანია (რომელსაცა სპარსნი ძველისამებრ წოდებისა, უწოდებდეს აზარბაეჟანსა, ხოლო აწინდელისაებრ წოდებისა, უწოდენ ადრიბეჟანსა)“. ეს დღევანდელი აზერბაიჯანის სამხრეთს და ირანის აზერბაიჯანს მოიცავს. შემდეგ, ანტიოქოზი მოადგა იბერიის საზღვრებს. მაშინ, ალბანეთში დარუბანდამდე, რომელიც, თეიმურაზ ბატონიშვილის თქმით, არის კახეთის მხარე, ერისთავად იჯდა ფარნავაზის მიერ დადგენილი არტაბაზანი. არტაბაზანი ძალიან მოხუცი ყოფილა. ის, საურმაგის დავალებით, ეახლა ანტიოქოზს. სელევკიდმა ის დიდი პატივით მიიღო და საურმაგს გამოუგზავნა წერილი, სადაც მშვიდობას აღუთქვამდა. მოითხოვდა ჩვენი მეფისგან დამხმარე სამხედრო ძალას და ამისთვის, გასამრჯელოს გადახდაც შეჰპირდა. საურმაგი დათანხმდა და გაუგზავნა სამხედრო ნაწილები. გაემართა ანტოქე რომაელებთან საომრად, მაგრამ რამდენჯერმე დამარცხდა მათგან სირიის ომში.
საურმაგ მეფემ ცოლად მოიყვანა ბარდავის ერისთავის ასული, წარმოშობით სპარსი, რომელთანაც შეეძინა ორი ასული. ძე არ ჰყავდა საურმაგს. ამიტომ, გადაწყვიტა, სამეფო მემკვიდრეობა გადაეცა თავისი ერთ-ერთი ქალიშვილის შთამომავლებისთვის. ვინაიდან ქალის ასვლა ტახტზე გამორიცხული იყო, გადაწყვიტა, სიძე გაემეფებინა. ამ მიზნით, სპარსეთიდან მოიყვანა „ნებროთიანი“ წარმოშობის სიძე. საკუთარი ცოლის დედის დის წული, ანუ ცოლის დეიდაშვილი. იშვილა ის, ესე იგი, მემკვიდრედ გამოაცხადა და მიათხოვა თავისი ასული ცოლად. მისცა მათ სამართავად ქალაქი გაჩიანი და სამშვილდის საერისთავო. მეორე ასული კი მიათხოვა ქუჯის შვილს, თავის ახლო ნათესავს.
როგორც ჩანს, ქრისტიანობამდელ ხანაში ახლო ნათესავებს შორის ქორწინება აკრძალული არ იყო. ან ამ შემთხვევაში პოლიტიკური ვითარება გახდა ასეთი ახლო ნათესავების ქორწინების მიზეზი. საურმაგს ისევ სურდა, დასავლეთ საქართველოს ყველაზე გავლენიანი სამთავრო ოჯახი მისი ახლობელი ყოფილიყო. ადრე მეფეთა და მთავართა ოჯახების დაქორწინება მშვიდობისა და მოკავშირეობისთვის ხდებოდა ხოლმე.
მეფობდა საურმაგ მრავალი წელი და მისი გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი შვილობილი და სიძე, მირვანი.
скачать dle 11.3