კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 სახიფათო თამაში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სახიფათო თამაში


სამსახურში მისულმა გურამმა თავის ძველ მეგობარს, ვეტერან მეომარს, ოთარ გოგლიძეს დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა. ოთარი რომ მივიდა, უთხრა:
– ოთარ, შენ ხომ კარგად იცნობდი გივი ხავთასს?
– იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს სხვებს ჰგონიათ, – ირონიით თქვა გოგლიძემ.
გურამმა გაოცებით შეხედა ოთარს და უთხრა:
– უცნაურად მპასუხობ. მწყრალად ხომ არ ხარ მასზე?
გოგლიძემ მხრები აიჩეჩა. ხელი ჩაიქნია და მიუგო:
– გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ, ან – არაფერს. მე არაფერს ვიტყვი.
– მოიცა, მოიცა, იმის თქმა გინდა, რომ ის კარგი კაცი არ იყო? – თქვა გურამმა.
– ჩემი გაგებით, ძალიან ცუდი ვინმე იყო. არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
– ოთარ, ძმა ხომ ხარ? –  ჩემი უფროსი ძმა. მე მჭირდება ეს და ჩემი ხათრით მომიყევი.
– მაინც, რაში გჭირდება?
– ზურიკოს ამბისთვის.
– შენი ძმის?
– კი.
– ზურიკო რა შუაშია ხავთასთან? რაღაცას არ ამბობ.
– მოკლედ, ზურიკოს მკვლელობას ვიძიებ და დამჭირდა.
– ზურიკოს მკვლელობას? – კიდევ უფრო განცვიფრდა ოთარი.
– ჰო, ოთარ, მკვლელობას. ზურიკო ნარკომანი არ ყოფილა და ის მოკლეს. თავიდან მოიშორეს. ხმები დაუყარეს, რომ თითქოს კაიფში გაიპარა, მაგრამ ეს ასე არაა.
– საიდან იცი, ეს?
– ვიცი.
ოთარ გოგლიძემ ყურადღებით შეათვალიერა უმცროსი მეგობარი და კოლეგა. გააბოლა და უთხრა:
– კარგი. გასაგებია, მაგრამ ამ ყველაფერთან ხავთასთან რა კავშირი აქვს?
– აქვს და უფრო ღრმად მინდა, გავერკვე.
– გურამ, ჩემი ძმა ხარ და კარგად მიცნობ. ოდესმე შენთან ჩავჭრილვარ?
– ამას რატომ მეუბნები?
– იმიტომ, რომ აშკარაა, რაღაცას მიმალავ. კი ბატონო, თუ არ გინდა, ნუ მიპასუხებ. მაგრამ თუ ასე სერიოზულადაა საქმე, იქნებ საქმის კურსში შემიყვანო და დაგეხმარო?
– კეთილი. ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ეს საუბარი ჩვენ ორს შორის უნდა დარჩეს. გავიდეთ და გარეთ ვილაპარაკოთ.
გურამი და მისი სტუმარი თავდაცვის სამინისტროს შენობიდან გავიდნენ. ერთ პატარა რესტორანში დასხდნენ და გურამმა ოთარ გოგლიძეს გოჩა ძნელაძის მონათხრობი სრულად გადასცა. შემდეგ გააბოლა და გოგლიძეს მიაჩერდა.
– გამორიცხულია, – ირონიით თქვა გოგლიძემ და თავი გააქნია, – თავს დავდებ, რომ მოგატყუეს. ხავთასი და უშიშროების მინისტრი ძაღლი-კატასავით იყვნენ ერთმანეთთან. ის მას არავითარ საიდუმლო საქმეს არ ჩააბარებდა. სხვა რაღაცაშია აქ საქმე.
გურამისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ასეთი პასუხი, რომ დაბნეულმა მიუგო:
– დარწმუნებული ხარ?
– მილიონი პროცენტით, – თავდაჯერებულად თქვა გოგლიძემ, – ჩვენ სამივე ერთად ვიბრძოდით აფხაზეთში და მე რომ არა, ჩვენი ახლანდელი მინისტრი ჯერ კიდევ მაშინ მოკლავდა ხავთასს.
– რატომ?
– იმიტომ რომ, უკანასკნელი ნაძირალა იყო და აფხაზეთში სამშობლოს კი არ იცავდა, არამედ მოროდიორობდა.
– როგორ?
– ჩვენ ხომ სადაზვერვო ქვედანაყოფი ვიყავით, ჰოდა, ჩვენ გვევალებოდა სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება. ხავთასი მაშინ ღლაპი იყო, მაგრამ ძალიან შუსტრი და შებერტყილი. ხშირად მარტო მიდიოდა ხოლმე ინფორმაციებზე. წავიდოდა, დაიკარგებოდა სამი-ოთხი საათი. შემდეგ კი მტრის გადაღებული პოზიციები მოჰქონდა და ზეპირ ინფორმაციასაც გვაწვდიდა. ერთი სიტყვით, კარგი ბიჭი გვეგონა, მაგრამ, თურმე, ვცდებოდით. პირველად მაშინ დავეჭვდი, როცა ჯიბიდან ექვსი ცალი მოჭრილი თითი გადმოუცვივდა. თურმე, ტრუპებს კვეთდა ბეჭდიან თითებს, რადგან გასიებული თითიდან ვერ აძრობდა.
– მერე რა, მტრებისგან აღებული ალაფია, – ასე გაიმართლა მაშინ თავი ხავთასმა, – ობშჩიაკში შემოვდივარ და ყველამ გავინაწილოთო.
კოტემ ანუ ჩვენმა დღევანდელმა უშიშროების მინისტრმა ეს მოკვეთილი თითები ზღვაში გადაუყარა და დაემუქრა:
– კიდევ რომ გაიმეორო ასეთი რამ, ბოზიშვილი ვიყო, თუ ხელი არ მოგაჭრაო.
კოტე გამკეთებელი იყო და ხავთასი შეშინდა. მას მერე ხავთასს მსგავსი რამ აღარ გაუკეთებია, ან ჩვენ ვერ ვიგებდით. ერთი სიტყვით, მდგომარეობა კი თითქოს გამოსწორდა, მაგრამ აღარ ვენდობოდით. კოტე ხშირად მიმეორებდა: ეგ ისეთი „კრისაა“, ნაძირლობას არ მოეშვება და შეიძლება, უარესიც ჩაიდინოს. სანდო არააო. მართლაც, სოხუმის დაცემამდე ერთი თვით ადრე, ხავთასი მორიგ ნაძირლობაში გამოვიჭირეთ. მე და კოტე დაზვერვაზე ვიყავით და ერთ სახლში შევედით, რომ მტრის პოზიციები დაგვენახა. ფრთხილად შევიარეთ და ხავთასს არ წამოვადექით თავზე? მას ცამეტიოდე წლის აფხაზი გოგონა ჰყავდა გათიშული. ტანისამოსს ახევდა და გაკოჭილი და პირში ჩვარჩატენილი ბებია-ბაბუის წინ გაუპატიურებას უპირებდა. იქვე, მაგიდაზე კი წართმეული ოქროს ნივთები ელაგა. კოტემ რომ ეს დაინახა, პისტოლეტით მისი მოკვლა უნდოდა. მე გადავეფარე და არ დავანებე. ამით ისარგებლა ხავთასმა და ისე გაიქცა, ავტომატიც არ წაუღია. სანამ გოგონას ვასულიერებდით და გაკოჭილებს ვათავისუფლებდით, ხავთასმა მიმალვა მოასწრო და აღარ გამოჩენილა. ორი დღის მერე კოტემ დაიჭირა და თბილისში ჩამოვიყვანეთ. შემდეგ სოხუმი დაეცა. ქვეყანა უფრო აირია. ხავთასისთვის აღარ გვეცალა. მერე მე და კოტე შტატებში გაგვგზავნეს ხუთი წლით სასწავლებლად და აქ რომ დავბრუნდით, კოტე უშიშროებაში მოეწყო, მე – აქ. ორივეს ჩვენ ჩვენი საქმე გვქონდა. მე და კოტე რომ ერთმანეთს ვხვდებოდით, ხავთასს არც კი ვახსენებდით. ერთხელ შემთხვევით გავიგე, თურმე, ხავთასი ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა სკოლაში და სულ ეს იყო.
– ჰო, ჯერ მე, შემდეგ კი ზურიკოს ასწავლიდა, – თქვა გურამმა.
– მოკლედ, ასეთი ისტორიაა და ახლა დაფიქრდი, კოტე ხავთასს სერიოზულ საქმეს ანდობდა? თანაც, ზესაიდუმლოს. მაინც, ვისგან შეიტყვე ეს ამბავი?
– ვინმე გოჩა ძნელაძისგან. ასე მითხრა, ზურიკოს მეწყვილე ვიყავიო.
– ეგ ძნელაძე ნორმალური თუა?
– მე, მგონი, კი, – მხრები აიჩეჩა გურმმა.
– პროვოკატორი ხომ არაა? ან, რამე მიზეზის გამო ხომ არ ცრუობს?
– არ ვიცი. არა მგონია, – თქვა გურამმა, – თავისი ტელეფონის ნომერი დამიტოვა და მითხრა, თუ თანახმა იქნები, დამირეკე და შევხვდეთო.
– რაზე უნდა იყო თანახმა? – იკითხა ოთარ გოგლიძემ.
გურამმა კარგად იცოდა გოგლიძისა და მინისტრის ძმაკაცობის შესახებ და მინისტრის მოტაცების ამბავი თავის მონათხრობში გამოტოვა. მაგრამ, დამალვა აღარ გამოდიოდა და ყველაფერი უამბო.
– რას ამბობ,  გურამ, ეგ ვიღაც ძნელაძეა, კოტეს მოტაცებას რომ გთავაზობს?
– კი.
გოგლიძემ თავი გააქნია. გააბოლა და გურამს უთხრა:
– მოკლედ, ძალიან შავ-ბნელი ამბავი ჩანს. ხავთასი რომ ცოცხალი იყოს, ვიფიქრებდი, – მან მოაგზავნა ეს ძნელაძე-მეთქი. ერთი სიტყვით, ძნელაძეს უნდა დაურეკო. უთხრა, რომ თანახმა ხარ და შეხვედრაზე გამოიყვანო. იქ კი ჩვენ გავარკვიოთ სიმართლე.
გურამმა ძნელაძის საიდუმლო ნომერზე დარეკა, მაგრამ ტელეფონი გათიშული იყო. მაშინ გოგლიძემ გურამს უთხრა:
– მე მგონი, ჯობია, კოტე ვნახოთ და დაველაპარაკოთ. რას იტყვი?
– ვნახოთ, თუ მიგვიღებს.
ოთარ გოგლიძემ უშიშროების მინისტრს დაურეკა და ლაპარაკი რომ დაასრულა, გურამს უთხრა:
– ორ საათში გველოდება.
***
უშიშროების მინისტრმა ყურადღებით მოუსმინა გურამს, ოთარს და თქვა:
– მოდი, ასე ვქნათ, მე ახლავე დავავალებ ჩემებს ყველაფრის გარკვევას. თქვენ კი უჩემოდ არაფერი მოიმოქმედოთ. შევთანხმდით? დავუშვათ, ეგ ძნელაძე გამოჩნდა. არაფერი აგრძნობინოთ. ყურადღებით მოუსმინეთ და დრო გაწელეთ. ყველაფერი მე შემატყობინეთ და სათანადო რეაგირება არ დააყოვნებს, – მინისტრმა გურამს თავისი მობილურის ნომერი ჩააწერინა და მისიც ჩაიწერა, – შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს დამირეკოთ.
– კეთილი. ნახვამდის, – გურამი და ოთარი მინისტრს გამოემშვიდობნენ და წავიდნენ. მინისტრმა კი ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი გამოიძახა და უთხრა:
– სასწრაფოდ ვინმე გოჩა ძნელაძე უნდა მომიძებნოთ. აი, მისი ტელეფონის ნომერი. როცა აღმოაჩენთ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე აქ მოიყვანეთ. ეს – ერთი და მეორე, ფარულად უნდა განახორციელოთ გივი ხავთასის ექსგუმაცია. ვიზუალურად და დეენემის დონეზე უნდა დაადასტუროთ ან – უარყოთ მისი პიროვნება. გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო კოტე.
– იმოქმედე. აბა, შენ იცი, – თქვა უშიშროების მინისტრმა და ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი კაბინეტიდან გაისტუმრა.
***
ლანა სავარძელში იჯდა და აბოლებდა, ოთახში რომ ორმოციოდე წლის მამაკაცი შევიდა. გოგონამ სიგარეტი საფერფლეზე დადო. წამოდგა, გამოწვდილ ხელზე, ცალ მუხლზე ჩაჩოქილი ეამბორა და უთხრა:
– როგორ ხარ, მამილო?
– შენ?
– შენი წყალობით, კარგად, – მიუგო ლანამ.
ახალმოსული სავარძელში მოკალათდა და სიგარა გააბოლა. შემდეგ გოგონას უხმოდ ანიშნა – დაჯექიო და უთხრა:
– ცუდია, შენს დოყლაპია პაძელნიკებს ძნელაძე ისე შემოაკვდათ, რომ ვერაფერი ათქმევინეს. ვეღარ ქაჩავენ ბიჭები და შეიძლება, მათი გარასხოდება მოგიწიოს, – მამილომ ხელის მტევნით თავის მოჭრის იმიტაცია გააკეთა, – მოკლედ, ეგ ძნელაძე უეჭველად გურამ ფიფიას შეხვდა და ელაპარაკა. ამიტომ, ეგ ფიფია უნდა მომიყვანო. პირადად დავკითხავ და გავარკვევ, რა იცის. შეძლებ?
– დიახ.
– რა გეგმა გაქვს?
– მანქანიანად გავიტაცებ.
– კარგი. შენი იმედი მაქვს, მაგრამ ძალიან ფრთხილად იმოქმედე. ეგ ბიჭი სპეცია და იაღლიში არ მოგივიდეს.
– ყველაფერს ათიანზე შევასრულებ, – თქვა ლანამ და დააყოლა, – პაძელნიკებს რა ვუყო. გავარასხოდო?
– ჯერ არა. როცა საჭირო იქნება, გეტყვი. წადი, იმოქმედე.
ლანა წამოდგა და სავარძელში მჯდომ მამილოს კვლავ ხელზე ეამბორა. შემდეგ გამოემშვიდობა და წავიდა. მამილომ კი სიგარა მოქაჩა და ვისკი მოსვა, თან ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და ჩაფიქრდა.
***
უშიშროების მინისტრისგან წამოსული გურამი და ოთარი თავდაცვის სამინისტროში დაბრუნდნენ. გურამმა გოგლიძე შესასვლელთან დატოვა და უფროს მეგობარს უთხრა:
–  წასასვლელი ვარ და მალე დავბრუნდები. საღამოს გნახავ.
– საით?
– მანქანა საცოლეს უნდა მივუყვანო. თვითონ ვერ ახერხებს გამოსვლას.
– კარგი. საღამომდე, – თქვა გოგლიძემ და შენობაში შევიდა.
გურამმა მანქანა მიაბრუნა და სანაპიროსკენ დაეშვა. ოციოდე მეტრი რომ გაიარა, ხელი ახალგაზრდა გოგონამ დაუქნია. გურამმა გაუჩერა და ჰკითხა:
– რით დაგეხმაროთ?
– თუ იქით მიდიხართ, არ შეგიძლიათ, დიდუბემდე გამიყვანოთ? მანქანა  გამიფუჭდა და ხელოსანი უნდა ვნახო, რომ მეუღლის ჩამოსვლამდე გავაკეთებინო.
– დაბრძანდით, – გაეღიმა გურამს და შეშფოთებული გოგონა გვერდით მოისვა.
– დიდი მადლობელი ვარ. მხოლოდ თქვენ გამიჩერეთ. არადა, უკვე ათი წუთია, ყველა მანქანას ვუქნევ ხელს და არავინ გამიჩერა. ჯინაზე ტაქსიც არ ჩანს.
– რა შეემთხვა თქვენს მანქანას? – იკითხა გურამმა.
– არ ვიცი. მოტორი რომ ჩავრთე, ბოლი გამოუშვა, – თქვა გოგონამ. შემდეგ შუბლზე ხელი იტკიცა და დააყოლა, – გამოვშტერდი. მანქანაში ჩანთა დამრჩა. თუ არ გეჩქარებათ, არ შეგიძლიათ, უკან მიმაბრუნოთ?
გურამს გაეცინა და სვლა შეანელა, რომ მოებრუნებინა. ამ დროს გოგონამ სახეში პულვერიზატორიდან სითხე შეასხა და იქვე გათიშა. შემდეგ უკანა სავარძელზე მიაწვინა. საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
***
უშიშროების მინისტრს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ეახლა და მოახსენა:
– გოჩა ძნელაძეს ვერსად მივაგენით. არც თავის სახლშია და არც ნაქირავებ ბინაში. იქ მას საყვარელი ჰყავდა, ვინმე ლანა ბანძელაძე და არც ის გოგონა ჩანს. ტელეფონი გამორთული აქვს.
– ბანძელაძე ლანა ვინაა?
– სტუდენტია. რაიონიდანაა. პარალელურად კი, სუპერმარკეტში მუშაობს. მასაც ეძებენ და როგორც კი იპოვიან, შემატყობინებენ.
– ხავთასის საქმეზე რა ხდება?
– ფარული ექსგუმაცია განხორციელდა. ცხედარი გახრწნილია და მისი იდენტიფიცირება არ ხერხდება. დეენემის ანალიზი კი უკვე კეთდება და როგორც კი ყველაფერი გაირკვევა, მოგახსენებთ.
– კეთილი. გელოდებით, – თქვა მინისტრმა და ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი გაისტუმრა. შემდეგ თავის მოადგილეს დაურეკა და უთხრა:
– მამილოსთან დაკავშირებით რა ხდება?
– ახალი არაფერია, ბატონო კოტე. ბიჭები ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობენ, მაგრამ ჯერჯერობით ახალი არაფერია.
– კარგი. ეცადეთ, მალე გახვიდეთ კვალზე, თორემ გაჭიანურდა ეგ საქმე.
– ყველაფერს ვიღონებთ, ბატონო კოტე.
– კარგი. თუ რამე ამოვარდა, მაშინვე შემატყობინე, – თქვა მინისტრმა. შემდეგ ყურმილი დაკიდა და გააბოლა, თან გურამის მონათხრობზე ფიქრობდა. „მდაა, ხავთასი, ხავთასი... ეგ ნაძირალა, ნუთუ რასაც ვფიქრობ ასეა?..“
მინისტრის კაბინეტში ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი დაბრუნდა და მინისტრს უთხრა:
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3