კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ძნელია, იყო... კაცი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38-49(884)




თათიამ უსიამოვნოდ „წაიზმუვლა“ და ქმარს მხარზე მიარტყა ხელი.
– არ გესმის? ტელეფონი გირეკავს. ვინ არის ამ დილაუთენია, თან, აქაც რომ არ გასვენებენ?!
– შეიძლება, ოფისში მოხდა რაღაც, – ვახომ მობილურს ხელი დაავლო და სააბაზანოში ისე შეიკეტა, შიშველ ტანზე ხალათის მოცმაც დაავიწყდა. თათიამ საბანი თავზე წაიფარა, თან ბუზღუნებდა. ვახომ თვალებს არ დაუჯერა.
– თამუნა, მართლა შენ ხარ? რა მოხდა, მარინკას შეემთხვა რამე? არა... არა... რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლია, დამირეკო. უბრალოდ, იმდენი ხანია, არ დაგირეკავს. თამუნა, მე ახლა საქართველოში არ ვარ. ჩამოვალ და მაშინვე მოვალ, გპირდები. ოღონდ არ ინერვიულო. მარიკუნას? რა თქმა უნდა, მასაც ვნახავ და დაველაპარაკები. ესე იგი, მაინც მის გამო დამირეკე. რამდენიმე დღეში დავბრუნდები. აუცილებლად-მეთქი, გპირდები.
ვახომ ტელეფონი პირსაბანზე დადო და სარკეში საკუთარ გამოსახულებას მიაშტერდა. არ მოეწონა კაცი, რომელმაც თვალი თვალში გაუყარა. უცხოსავით უყურებდა და ფიქრობდა, რომ ცხოვრებაში რაღაც შეეშალა. რაღაც ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი. ამოიოხრა, წარსულის დაბრუნება რომ შეძლებოდა, ჰო, რომ შეძლებოდა... შეცვლიდა კი რამეს?
ოთახში მოგვიანებით დაბრუნდა. სააბაზანოში საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი აზრებისთვის თავის მოყრას ცდილობდა. საწოლზე რომ ჩამოჯდა, თათიამ გვერდი იცვალა. კაცმა ცოლს დახედა, ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა.
– რა გჭირს? – თათიამ საბანი გადაიძრო, წამოჯდა და კაცს უკმაყოფილოდ მიაჩერდა.
– არ გძინავს?
– მეძინა, მაგრამ ვინ დაგაცადა? ვინ რეკავდა, რა ხდება?
– არაფერი, – ვახო ლოგინზე წამოწვა. ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს მიაშტერდა.
– არაფერი? ახლა არ მითხრა, რომ ტელეფონიც არ რეკავდა და მომეჩვენა. რას მიმალავ?
– რას უნდა გიმალავდე, თათია, დასამალი არაფერი მაქვს.
– მაშინ, მითხარი, ვინ რეკავდა და ეგრე გაღიზიანებული ტონითაც ნუ მელაპარაკები.
– თბილისში უნდა დავბრუნდეთ, – გადაჭრით თქვა ვახომ, თითქოს ცოლის სიტყვები არც გაეგონოს.
– მე ჯერ არ მინდა დაბრუნება. კარგად ვარ აქ, – თან ახლა ფასდაკლებები დაიწყება, – ტუჩები გაბუსხა თათიამ, – გარდერობს განვაახლებ. ჩემი მეგობრები ისეთი ჩაცმულები დადიან... არ მესმის, რატომ ჩქარობ?
ვახომ ცოლს დაუფარავი ირონიით შეხედა და გაიფიქრა, – ნეტავი, ეს სულ ასეთი იყო და მე აღმოვაჩინე მხოლოდ ახლა, თუ ჩემს ხელში შეიცვალაო.
– ვახო, შენ რა, არ მისმენ? არ მინდა, თბილისში დაბრუნება.
– ჰოდა, დარჩი, – თქვა უცებ კაცმა და თითქოს გულზეც მოეშვა. თათიამ განცვიფრებულმა შეხედა.
– რა თქვი? აქ დავრჩე? მარტო?
– ჰო, რადგან ფასდაკლებებზე შოპინგი შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, დარჩი. ფულს დაგიტოვებ. მე კი უნდა დავბრუნდე, საქმე მაქვს. ისედაც დიდი ხნით მივატოვე ყველაფერი. უჩემოდ რამე რომ აირიოს, ეს აწყობილი ბიზნესი თავზე დამემხობა.
ქალი დაიღრიჯა და საჩხუბრად შემართულმა ქმარს ავად შეხედა.
– ესე იგი, მარტო მტოვებ. ცოლზე შეყვარებული კაცები ასე არ იქცევიან, მაგრამ იქნებ აღარც გიყვარვარ?
ვახომ ამოიოხრა.
– არ გინდა, თათია. სისულელეზე ნუ ავარდები და სიტყვებზე ნუ გამომეკიდები. გინდა? დარჩი! გაინტერესებს, მომენატრები თუ არა? მომენატრები და იმედია, დიდხანს არ გაიგრძელებ ევროპულ არდადეგებს.
– როდის მიდიხარ?
– ვეცდები, ხვალისთვის ავიღო ბილეთი, –  ვახომ ცოლს ხელი მოხვია და გაბუსხულ ტუჩებში აკოცა, – ნუ გამებუტები, რა. მართლა საქმეზე მივდივარ, გეფიცები.
– კარგი, რა გაეწყობა. ერთ კვირაში მეც ჩამოვალ. შეიძლება, უფრო ადრეც. მაგრამ ზუსტ დროს მაინც არ გეტყვი, წესიერად რომ მოიქცე და „გაძვრომის“ სურვილი არ გაგიჩნდეს.
– კარგი რა, სად უნდა „გავძვრე“, როცა შენ მყავხარ. დღეს საღამოს რესტორანში ვივახშმოთ. მე ვიცი აქ, ერთი ძალიან მაგარი რესტორანი, მოგეწონება...
– იცოდე, ხშირად უნდა დამირეკო და როცა მე დაგირეკავ, მაშინვე უნდა მიპასუხო.
– შე ეჭვიანო, შენა, – ვახომ ცოლს ალერსით მოუჩეჩა თმა და მკერდზე მიიკრა. მერე კოცნა დაუწყო და ნელ-ნელა ჩაეშვა, რბილ, სასიამოვნო ბურანში.
***
ქალი იმპულსურად, შეუცნობლად მოქმედებდა და როცა ტელეფონი გათიშა, მიხვდა, რომ ნანობდა თავის საქციელს. ყოფილ ქმართან არასდროს დაურეკავს მას მერე, რაც ვახომ ოჯახს სხვა ქალთან ცხოვრება არჩია. ყოველთვის ყოფილი ქმარი ურეკავდა და ცდილობდა, მასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა – თბილი და მეგობრულიც კი, მაგრამ თამრიკო მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა ამას. ვახოს – იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ერთ დროს ლამის საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, ჯერ საშინელი აგრესია გაუჩნდა, მერე – სიძულვილის განცდა, რომელიც აუტანელი ტკივილის ფონზე ხან ძლიერდებოდა, ხან სუსტდებოდა. როცა თამრიკოს ეგონა, რომ ამ „სიმძიმეს“ ვერ გაუძლებდა, სასწაული მოხდა – ერთ დღეს ყველა გრძნობისა და ემოციისგან გათავისუფლდა. თითქოს მთლიანად დაიცალა და შვება იგრძნო. არანაირი დისკომფორტი აღარ უჩნდებოდა ქმარზე – ყოფილ ქმარზე ფიქრისას. თითქოს სრულიად უცხო მამაკაცმა გაიელვა მის ცხოვრებაში. ვახო მარინკას მამად იქცა და მეტი არაფერი. მხოლოდ ტვინს კი არა, სხეულსაც დაავიწყდა ვახოს ხელების სითბო და ალერსი. ზოგჯერ იმასაც ფიქრობდა, ყველაფერი შემთხვევითი იყოო და რომ არა მარინკა, ვახოსთან სიახლოვის არავითარი მტკიცებულება არ იარსებებდა. ვერ ეტყოდა საკუთარ თავს, რომ ეს მამაკაცი ნამდვილად იყო მის ცხოვრებაში და უცებ... მობილურს სტაცა ხელი და დაურეკა. რა იყო ეს? სასოწარკვეთის ტალღა თუ სურვილი, ვიღაცისთვის თავისი დარდი გაეზიარებინა. განსაკუთრებული და ტრაგიკული თითქოს არაფერი მომხდარა. მარიკუნამ სახლში შეყვარებული მოიყვანა. ხომ შეგუებული იყო იმ აზრს, რომ მისი შვილი გაიზარდა, მაგრამ... ერთბაშად ის მოხდა, რასაც შინაგანად ელოდა კიდეც. სიმარტოვის საშინელი, აუტანელი განცდა დაეუფლა, სიცარიელემ ლამის გააგიჟა და დააფრთხო. ისე დააფრთხო, რომ ყოფილ ქმარს დაურეკა. ახლა შეძრწუნებული იჯდა და გათიშულ მობილურს დასცქეროდა. რა მოხდა ამის შემდეგ?
***
კოკა ნელა და დაგემოვნებით წრუპავდა კონიაკს, თან ცდილობდა, არაფერზე ეფიქრა. გვერდით დოდოშკა ეჯდა, ზედმეტად მოკლე კაბით და გაშიშვლებული, ვნებიანი მუხლისთავებით. თან, ისე კისკისებდა, რომ კოკას თავბრუ ეხვეოდა. თუმცა, ეს შეიძლება, კონიაკის ბრალიც იყო.
– რას მეუბნებოდი? ანუ, ჯერ ისეთ ქალს არ შეხვედრიხარ, რომლის ცოლად მოყვანაც მოგინდებოდა? ვგიჟდები კაცებზე, ამას რომ ამბობენ.
– ჰო? ახლა ჩემზეც გაგიჟდები? – ზანტად  ჩაილაპარაკა კოკამ და სურვილი გაუჩნდა, მუხლებზე მოფერებოდა. კონიაკს თავი ანება, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ქალს ამღვრეული მზერა მიაპყრო.
– მომისმინე, ძალიან საყვარელი ვინმე ხარ...
– ამას მანამდე ვერ მიხვდი, სანამ არ დათვერი? – აკისკისდა დოდოშკა და მკერდზე გამომწვევად მოისვა ხელები.
– მე წავედი, – წამოდგა მარიტა, – უკვე გვიანია. თქვენ იყავით, აშკარად კარგად გაუგეთ ერთმანეთს.
– მოიცადე, სად წახვალ ამ შუაღამისას. მე წაგიყვან სახლში მანქანით ან კოკა მოგხედავს, თუმცა, კოკა უკვე მთვრალია და მგონი, მეც მომეკიდა სასმელი.
– ჰოდა, ტაქსის გამოვიძახებ. ასე უფრო უსაფრთხოა. თქვენ კი დარჩით, თორემ პატრულს ვერ გადაურჩებით.
– შენ ნუ ნერვიულობ, საყვარელო. ჯარიმის გადახდა არ დამაქცევს, მაგრამ ოფისში დარჩენის პერსპექტივამ მომხიბლა. რა თქმა უნდა, თუ კოკაც დარჩება.
– მე? – კოკამ მხრები აიჩეჩა, – პრინციპში, რატომაც არა. მთავარია, გამოძინება შევძლო რომელიმე დივანზე.
– ეგ პრობლემა არ იქნება. კომფორტული დივნების მეტი რა არის ამ ოფისში, შენც კი მოგათავსებთ, მარიტა.
– გმადლობ, – მირჩევნია, სახლში წავიდე.
დოდოშკამ ირონიულად მობრიცა ტუჩები და მარიტა დამცინავი მზერით „გააცილა“.
– რა ეწყინა ახლა ამას? რა ჩემი ბრალია, რომ მამაკაცები მე უფრო მაქცევენ ყურადღებას. საწყალი, გათხოვება უნდა და მთელ სამყაროზეა დაბოღმილი.
– შენ როგორ ფიქრობ, მართლა ყველა ქალს უნდა გათხოვება? – ანგარიშმიუცემლად ჰკითხა კოკამ ქალს და თავი კალთაში ჩაუდო.
– ოჰო? შენ, გეტყობა, კომფორტი გიყვარს. მალე შეუქმენი საკუთარ თავს სასათბურე პირობები. ჩემს მუხლებზე რბილი ბალიშის პოვნაც შეიძლება ამ ოფისში. მოგიტანო?
– არა. ასე მირჩევნია, თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს. მომწონს, როცა „ბალიში“ ლამაზი და ვნებიანია.
– ჰა, ჰა... ანუ, ოფისში ვრჩებით ღამის გასათევად? არ ხუმრობ?
– მე ვრჩები და შენც ამას გთავაზობ. ხომ არავინ დაგვსჯის ამისთვის.
დოდოშკამ თვალები მოჭუტა.
– გეშინია, რომ სამსახურს დაკარგავ?
– არა. კარიერაზე ნაკლებად ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების მიზანი არასდროს ყოფილა, – ქვემოდან შეჰღიმა კოკამ მის სახესთან დახრილ დოდოშკას.
– კარიერა შენი ცხოვრების მიზანი არ არის. ცოლიც რომ არ გინდა, ესეც გავიგე. საინტერესო კაცი ხარ, რთული – გამოცანასავით.
– პირიქით, ჩემზე მარტივი ადამიანი დედამიწაზე არ დადის. იმდენად მარტივი ვარ, რომ სახელიც უმარტივესი დამარქვეს „კო-კა“. ქრისტეფორე ან ფარნავაზი რომ მრქმეოდა, შეიძლება, გაცილებით სერიოზული და მიზანდასახული ვყოფილიყავი, გაცილებით მეტისთვისაც მიმეღწია. დღეს ხომ განსაკუთრებულს არაფერს წარმოვადგენ.
– ნუ წუწუნებ. მშვენიერი სამსახური გაქვს. ზურაც კეთილგანწყობილია შენ მიმართ. როგორ გგონია, ყველა ახალმოსულს უწყობენ ოფისში ასეთ მიღებებს?
– ჰო, ამაზე მეც ვიფიქრე. ოღონდ ახლა არა. აქამდე, სანამ ამდენს დავლევდი. კარგი გოგო ხარ, რომ ჩემთან დარჩი.
 – მართლა? ისე, რომ იცოდე, შენც კარგი ბიჭი ხარ, თორემ მე ყველასთან არ ვრჩები. დოდოშკამ სულ უფრო მიუახლოვა სახე კოკას სახეს და ტუჩებზე ტუჩებით შეეხო. კოკამ ნეტარებით ამოიხვნეშა და სიამოვნებისგან გაინაბა, რაღაც უფრო სერიოზულის მოლოდინში. მაგრამ, დოდოშკა სწრაფად მოსცილდა და გაიცინა.
– ე... ეს უკვე აღარ მომწონს, – იმედგაცრუებულს აღმოხდა კოკას, – მეთამაშები?
– ჰო, აბა, რა გგონია. მეც მაქვს ცხოვრებაში მიზნები.
– მივხვდი... ჩემისთანა კაცებზე არ ირევი, მართალია?
– როგორ გითხრა, არის შენში რაღაც. თუმცა, თუ უკეთესად გაგიცნობ, შეიძლება, კიდევ უფრო მომეწონო.
– მკითხე, რაც გინდა, საკმაოდ გულახდილი ვარ. მით უმეტეს, შენისთანა ლამაზ ქალთან.
– ანუ, მზად ხარ, გულახდილად მიპასუხო შეკითხვებზე?
– გამოუშვი, – თითები გაატკაცუნა კოკამ.
დოდოშკამ თვალები ცბიერად მოწკურა.
– შენ შესახებ მომიყევი. ყველაფერი მაინტერესებს.
– ჯერ ცოტა კონიაკი რომ დავლიო?
– არა. კიდევ რომ დალიო, დაგეძინება. მე კი ეს არ მინდა, – მომიყევი რა, შენ შესახებ.
– რომელი შეჰრაზადა მე მნახე, ღამის ზღაპრები მოგიყვე, – გაიცინა კოკამ.
– რა თქვი, ვინ არ ხარ? შეჰრაზადა რა არის?
დიდოშკას სახის გამომეტყველებაზე მიხვდა, რომ გოგო არ ხუმრობდა. საკუთარ თავზე გაიცინა, რას ვითხოვ ამ მარტივი არსებისგან, რომლის ინტელექტი ტუჩის საცხის ხარისხის ცოდნით განისაზღვრებაო და დოდოშკას სთხოვა:
– კიდევ მაკოცე...
***
თათიამ ჩაიცვა და სასტუმროდან ისე გავიდა, ქმარს არც კი დამშვიდობებია. კაცს უნდა სცოდნოდა, რომ გაბრაზებული იყო და ასე, ადვილად არ შეურიგდებოდა. ვახოსაც აღარაფერი უთქვამს, გამალებული ყრიდა ჩემოდანში ტანსაცმელს, თან თამრიკოზე ფიქრობდა: „რა უნდა გასჭირვებოდა ისეთი, რომ ჩემთვის დაერეკა...“ მთელი ამ წლების განმავლობაში თამრიკოს ერთხელაც არ შეუწუხებია, ერთხელაც არ მიუმართავს, თუნდაც უმნიშვნელო თხოვნით. ყოველთვის თვითონ ურეკავდა, შვილის ამბავს ეკითხებოდა. პასუხები მშრალი იყო, ყოველგვარი ემოციისგან დაცლილი და ვახო მიხვდა, როგორ მონატრებოდა ცოლი, ქალი, რომელსაც ნახევარ სიტყვაში ესმოდა მისი. გული ისე აუჩქარდა, როგორც დიდი ხნის წინ, როცა ყურებამდე შეყვარებული, თამრიკოსთან პაემანზე გარბოდა.
თათიას ძალიანაც არ უდარდია ვახოს თბილისში დაბრუნება. ქმარს კი დაანახვა, გაბრაზებული ვარო, მაგრამ ეს რეალობისგან საკმაოდ შორს იყო. გულის სიღრმეში, კმაყოფილმა იმით, რომ ევროპაში მარტო დარჩა ქმრის საკრედიტო ბარათითა და ანგარიშზე სოლიდური თანხით. რესტორანში ძვირფასი ვახშამი მიირთვა. ვახოს სიძუნწეს ვერ დასწამებდი, მაგრამ თათია სხვა რამემ გააკვირვა და ცოტათი დააეჭვა კიდეც – ვახო ასეთი უჩვეულოდ აფორიაქებული არასოდეს უნახავს. მიზეზს ვერ ხვდებოდა და საკუთარ თავზე იყო გამწარებული. ნომერში რომ დაბრუნდა, გაუხდელი მიეგდო საწოლზე და ტელეფონს გადასწვდა. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. თათია ჯიუტად აგრძელებდა რეკვას.
კოკას ტელეფონისთვის არ დაუხედავს, თვალიც არ გაუხელია, ისე ჩასძახა მობილურს:
– გისმენ, რომელი ხარ?
– კიდევ კარგი, მოიცალე ჩემთვის. საერთოდ არ გაგხსენებივარ, რაც წასული ვარ. ერთი მესიჯიც არ მოგიწერია.
– თათია, შენ ხარ? ჩამოხვედი? რომელი საათია.
– აქ უკვე საღამოა, თბილისში – არ ვიცი. ნუ გამომათვლევინებ, მეზარება. მაგას აჯობებს, ბილეთი აიღო და ახლავე ჩემთან ჩამოხვიდე.
კოკა საბოლოოდ გამოფხიზლდა. საწოლში წამოჯდა და სახეზე ხელები მოისვა.
– მომისმინე, შენ რა, თბილისში არ ხარ?
– ძლივს. როგორც იქნა, მიხვდი. რა დაგემართა, ვერ გამოიძინე? სასწრაფოდ, დღესვე აიღე ბილეთი და ჩამოდი, მარტო ვარ. ძალიან მოვიწყინე...
– კი, მაგრამ ვახო ხომ იყო შენთან ერთად. საერთოდაც, რა ბილეთი ავიღო, სად ხარ?
– ამსტერდამში. ვახო გუშინ გამოფრინდა. საზიზღარი... გადაუდებელი საქმე მაქვსო და გამოიქცა. თბილისიდან დაურეკა ვიღაცამ. არ ვიცი, ვინ. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ახლა მარტო ვარ. საკმარისზე მეტი ფული დამიტოვა, რომ კარგად გავერთოთ. ჰა, რაღას ფიქრობ, რატომ ახლავე არ გარბიხარ ბილეთის საყიდლად. გინდა, მაწყენინო?! კოკა, არ გესმის? ჩუმად რატომ ხარ? კოკა, მალე ჩამოდი-მეთქი...
– თათია, ნუ ყვირი. შენ რა, სერიოზულად მეუბნები, რომ ამსტერდამში უნდა ჩამოვიდე? და ფიქრობ, ეს შესაძლებელია? ვახო სად არის?
– საერთოდ არ მაინტერესებს, ვახო სად არის. თბილისში წამოვიდა. საქმე მაქვსო და აქ მარტო დამტოვა. რა ხდება, რატომ გაინტერესებს ეს ამბავი? ბილეთის ფული თუ არ გაქვს, ვინმესგან ისესხე და აქ მოგცემ. იცოდე, ლოდინი არ მიყვარს. გელოდები! ძალიან მოინდომე და დღესვე ჩამოდი!
– თათია...
– მორჩა, მე გითხარი და უარს არ მივიღებ, – თათიამ ტელეფონი გათიშა.
კოკამ მობილური საწოლზე მიაგდო და ბალიშში პირვე ჩაემხო. კარგად იცოდა, რასაც ნიშნავდა თათიას პრეტენზიული, მომთხოვნი ტონი. სანამ იმას არ მიიღებდა, რაც სურდა, უფრო სწორად, რასაც აიხირებდა, მანამდე არც თავად მოისვენებდა, არც მას მოასვენებდა. არადა, ამსტერდამში წასვლის პერსპექტივა საერთოდ არ ხიბლავდა. რა დროს ამსტერდამი იყო, როცა ძლივს მიეცა შანსი, იმ ჭაობიდან ამოფორთხებისა, რომელშიც წლების განმავლობაში ყელამდე იყო ჩაფლული. აღარც თათიასთან ურთიერთობა უნდოდა. მაგრამ, მისმა ზარმა რეალობაში დააბრუნა. ბილეთი აიღე და სასწრაფოდ ამსტერდამში ჩამოდიო. რა აზრი ჰქონდა მისთვის რამის ახსნას. მიხვდებოდა რამეს?..  ვახო წავიდა და ჩაენაცვლეო. მაგრამ, თათიას ასეთ საქციელში ხომ თავადაც იყო დამნაშავე?
ადგა და სააბაზანოში გავიდა. შხაპი ამშვიდებდა, მაგრამ ახლა ამანაც ვერ უშველა.
– თინა! თინა, პირსახოცი შემომაწოდე და ყავაც მომიდუღე, – გასძახა დედას. ჰო, შეიძლება, გამგზავრება მომიხდეს და სუფთა პერანგები მაქვს?
თინამ ყავით სავსე ფინჯანი შვილს წინ დაუდგა და ეჭვიანი მზერა მიაპყრო.
– თუ რამე გინდა რომ მკითხო, მკითხე, ოღონდ ასე ნუ მიყურებ, – კოკამ ყავა მოსვა, – უშაქროა? დაგავიწყდა, ტკბილი რომ მიყვარს.
– არა. მახსოვს, მაგრამ როგორმე ხომ უნდა გამომეყვანე შენი ნაჭუჭიდან. რა გჭირს, რა პრობლემა გაქვს. ამჯერად რაღა მოხდა ან პერანგები რად გინდა? საით გაგიწევია?
– შენ რომ გისმენ, თავი ისევ მეორეკლასელი მგონია და საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, ვერაფრით რომ ვერ გავთავისუფლდი ამ მზრუნველობის მარყუჟებისგან.
– მონოლოგი გამოგივიდა, – ჩაიცინა თინამ, – ოღონდ, ძალიან გთხოვ, მე ნუ დამაბრალებ შენს აწეწილ ცხოვრებას. ბოზის მოყვანაც კი არასდროს დამიშლია შენთვის.
– ჰო, მაგრამ ხომ არასდროს მომიყვანია?!
– ვინ იცის? იქნებ პირიქით ჯობდა ყველაფერი. ძალიან ხშირად ვფიქრობ ამაზე. არ მინდა, მაგრამ მეფიქრება, – სინანულით ჩაილაპარაკა ქალმა და საკუთარ ხელებს ჩააშტერდა, – რატომ არსად გამოჩნდა შენი წილი ბედნიერება, რით იყავი სხვაზე უარესი...
კოკას გული აუჩუყდა. ყავას თავი ანება, წამოდგა, დედასთან მივიდა და მოეხვია.
– თინიკო, რა სისულელეებს ლაპარაკობ. ხომ არ დამიბერდი? ან საიდან მოიტანე, რომ უბედური ვარ? ვინ გითხრა?
ქალმა ამოიოხრა.
– რად მინდა თქმა. გიყურებ და სახეზე გაწერია ყველაფერი. როგორც ჩანს, მარტო სამსახურში არ ყოფილა საქმე. თითქოს დაგილაგდა ეგ ამბავი, მაგრამ მაინც დარდიანი და შფოთით სავსე გამოხედვა გაქვს. მე ვერ მომატყუებ.
– თინი, რა გემართება. სამუდამოდ კი არ მივემგზავრები? მაქსიმუმ, სამი-ოთხი დღით. თან, მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ წავალ.
– სად მიემგზავრები, არ მეტყვი?
– ევროპაში. კონკრეტულად ჯერ მეც არ ვიცი.
 თინამ ხელი ჩაიქნია. კოკა მიხვდა, რომ დედას ამჯერედაც ბევრი შეკითხვა დაუტოვა და ადვილად თავს არ დაანებებდა. თუმცა, ახლა სხვა პრობლემის წინაშე იდგა. ვერ გადაეწყვიტა, წასულიყო თათიასთან თუ ტელეფონზეც კი არ ეპასუხა მისთვის. კარი რომ გაიხურა და კიბეზე ჩაირბინა, საკუთარ თავთან აღიარა, რომ მშვიდ ცხოვრებამდე კიდევ ძალიან ბევრი უკლდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3