კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ვის უანდერძა დიმიტრი შევარდნაძემ ფიროსმანის 11 ნახატი, როდის გადაიღეს მისი მოთხოვნით ნიკალას ერთადერთი ცნობილი ფოტო და როგორ გადაიყოლა მეტეხის ტაძარმა და შოთა რუსთაველის ძეგლმა მისი სიცოცხლე

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

დიმიტრი შევარდნაძე – 30-იანი წლების თანამედროვეობით გამორჩეული ფერმწერი, კინოსა  და თეატრის მხატვარი. ის გურიის სოფელ ბახვში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ჭიათურის მარგანეცის გადამამუშავებელი შავი ქვის საბჭოს მეურვეობითა და ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში, უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა. მცირე ხანს ძმასთან ცხოვრობდა ციურიხში. 1907-1912 წლებში სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. საქართველოში დანიშნული სტიპენდიის გარდა, მას სჭირდებოდა  დამატებითი შემოსავალიც, ამიტომ ერთ-ერთ ფოტოატელიეში რეტუშორად მუშაობდა და მალე თავადაც მიჰყო ხელი ფოტოსაქმიანობას. პარალელურად, თანამშრომლობდა რამდენიმე ბეჭდვით გამოცემასთან, სადაც სხვადასხვა სახის ნახატებს ქმნიდა.  იყო  ეროვნული გალერეის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი მმართველი, რომლის დებულებასაც ხელს ექვთიმე თაყაიშვილი და ნოე ჟორდანია აწერდნენ. შევარდნაძემ მალევე გახსნა გალერეის პირველი დიდი ექსპოზიცია, რომელშიც შედიოდა, აგრეთვე მისივე ძალისხმევით შეგროვილი დასავლურ-ევროპული, აღმოსავლური და ქართული ხელოვნების განყოფილებები. ამასთანავე, შექმნა ბიბლიოთეკა, სადაც სხვებთან ერთად, მცირე ხნით, მისი მეგობარი მხატვარი ქეთევან მაღალაშვილიც მუშაობდა. შევარდნაძის ურთიერთობა გალერეასთან ამით არ შემოიფარგლებოდა. გალერეის ფონდების მუდმივი მეთვალყურეობის მიზნით, დიმიტრი შევარდნაძემ
სამხატვრო გალერეის სარდაფში დაიდო ბინა და ეხმარებოდა მეეზოვეს, დურგალს, რაც სრულიად ჩვეულებრივ საქმედ მიაჩნდა. აი, რას იხსენებს მხატვარი გიორგი ერისთავი: „საქმით გატაცებულს საკუთარი თავი არ ახსოვდა. უბრალო და შავი საქმის კეთებასაც არ თაკილობდა. ჩაცმას ყურადღებას არ აქცევდა. ერთხელ, სრულიად უბრალოდ ჩაცმული, გალერეის დარბაზს ჰგვიდა. შემოვიდა ვიღაც რუსი მხატვარი და დირექტორი იკითხა. დიტო თავის პატარა კაბინეტისკენ გაუძღვა (შესასვლელში მარჯვნივ), დაჯდა მაგიდასთან და თავი გააცნო, როგორც დირექტორმა...“  დღევანდელი დღიურები დიმიტრი შევარდანაძეს ეკუთვნის. მის შესახებ დღეს ბევრს გაიგებთ, რაც  ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების კულტურული ცნობიერების ასამაღლებლად.  
„საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა, ამხანაგმა ლავრენტი ბერიამ გადაწყვიტა, მეტეხის ტაძარი დაენგრიათ და მის ადგილას შოთა რუსთაველის ძეგლი აღემართათ. დანგრეული ტაძრის მაკეტი კი „საპატიო ადგილას“, იქვე აშენებულ მუზეუმში უნდა მოეთავსებინათ. ამ უგუნურ გადაწყვეტილებას წინ აღუდგა ქართველ მოღვაწეთა ერთი ნაწილი, მათ შორის, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და გიორგი ჩუბინაშვილი. დელეგაცია, რომელსაც ერთი მოკრძალებული მხატვარი, დიმიტრი შევარდნაძე მეთაურობდა, ბერიას ეახლა და კატეგორიულად მოითხოვდა ამ გადაწყვეტილების გაუქმებას – ქვეყანა დიდი პოეტის იუბილესთვის ემზადება, თქვენ კი იმ ტაძრის დანგრევას აპირებთ, სადაც, ალბათ, რუსთაველი ლოცულობდაო... ბერიამ ყურადღებით მოუსმინა მათ, ყველა გაისტუმრა, ხოლო თავკაცს კაბინეტში დარჩენა სთხოვა: თქვენ რა, საზოგადოებრივი აზრი გინდათ, შემიქმნათ? მეტეხი მაინც დაინგრევა, ოღონდ ამჯერად თქვენი პირადი მოთხოვნით და ამ საკითხს თქვენ თვითონვე წამოჭრითო. ტაძარი გადარჩა, მაგრამ მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე სულ მალე დააპატიმრეს. (წყარო: ჟურ. „ისტორიანი”).  
მიუნხენის სამხატვრო აკადემია დიმიტრი შევარდნაძემ 1912 წელს დაამთავრა, ხოლო ორი წლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და თბილისში
დასახლდა. მას შემდეგ ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში არ მომხდარა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის მონაწილე ან მოთავე დიმიტრი შევარდნაძე არ ყოფილიყო. ის მოწოდებით ნამდვილი ლიდერი იყო, ნებისმიერი კეთილი საქმის სულის ჩამდგმელი და თავკაცი.
1916 წელს შევარდნაძემ ჩამოაყალიბა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება – მხატვართა პირველი პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო „მხატვართა, მოქანდაკეთა და ხუროთმოძღვართა ურთიერთშორის დაახლოება-შეკავშირებისთვის და ყველა თაობის ხელოვანთა საქმიანობის გეგმიანი წარმართვისთვის“. საგულისხმოა, რომ შევარდნაძემ თავისთვის თავმჯდომარის ამხანაგის (რუსეთის იმპერიაში ეს მოადგილის ტოლფასი იყო) მოკრძალებული თანამდებობა აირჩია. ხასიათის ეს გამორჩეული თვისება მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. დიტო შევარდნაძის თავმდაბლობა მაგნიტივით იზიდავდა ადამიანებს. ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები მასში ერთგულ მეგობარსა და ქომაგს ხედავდნენ... ნიკო ფიროსმანის სურათების აღმოჩენის, გადარჩენისა და ერთად თავმოყრის საქმეს შევარდნაძემ უდიდესი ამაგი დასდო. აკადემიური ტრადიციების მიმდევარი გახლდათ, მაგრამ ერთ-ერთმა პირველმა ამოიცნო ფიროსმანში ნამდვილი ტალანტი. დიტო შევარდნაძეს ის ეროვნულ მხატვრად მიაჩნდა, რომელსაც თანამედროვეთა შორის, ყველაზე მეტად ჰქონდა კავშირი ძველ, ქართულ კედლის მხატვრობასთან. მხატვარი იხსენებდა: „საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიქცია სურათებმა სადგურის წინ მდებარე დუქნებში. დაინტერესებულმა გამოვიძიე ავტორის ვინაობა და მითხრეს, რომ ეს ნახატები ეკუთვნის ნიკო ფიროსმანაშვილს. ჩემი აზრით, ის იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც ნამდვილი ხალხური გადმოცემის სიცხოვლით მოგვცა მთელი მეცხრამეტე საუკუნის ქართული ყოფა-ცხოვრება“. 1916 წელს მან მოაწყო ფიროსმანის ერთდღიანი გამოფენა საკუთარ ბინაში, მოგვიანებით კი, საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში. სამწუხაროდ, მისი დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, გამოფენის გატანა უცხოეთში ვერ მოხერხდა.
სამხატვრო გალერეას დიმიტრი შევარდნაძემ სხვადასხვა დროს შეძენილი, ფიროსმანის 11 სურათი უანდერძა, რითაც საფუძველი ჩაუყარა მხატვრის ნაწარმოებების დიდ კოლექციას. ფიროსმანის ჩვენთვის კარგად ცნობილი ფოტოც, ასევე მისი მოთხოვნითაა გადაღებული. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა კრებამ, დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით, 1920 წლის 6 აპრილს, დეკრეტი მიიღო საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ. მხატვარი გიორგი ერისთავი იხსენებდა: „დიტომ ძალიან ენერგიულად მოჰკიდა ხელი ნაწარმოებების, უმთავრესად, ქართული მხატვრობის ნიმუშების შეკრებას. ბევრი ქალაქი და სოფელი მოიარა და მრავალი სურათი შეაგროვა. ზოგ მათგანს საჩუქრად აძლევდნენ, ზოგს ყიდულობდა. ასევე, შეკრიბა წიგნები და ბიბლიოთეკა მოაწყო“. მან თავი მოუყარა მეცხრამეტე საუკუნის თბილისური, სპარსული და დასავლური მხატვრობის ბევრ შესანიშნავ ნიმუშს. თანამშრომელთა შტატში სულ რამდენიმე ადამიანი იყო, არადა გალერეასა და მის ფონდს მეთვალყურეობა და დაცვა სჭირდებოდა. მაშინ დიმიტრი შევარდნაძემ დატოვა თავისი ბინა გუნიბის (ახლანდელი ბარნოვის) ქუჩაზე და გალერეის სარდაფში დასახლდა. ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდა, არავითარ სამუშაოს არ თაკილობდა... სხვათა შორის, კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ ფილმში „გოგი რატიანი“ (1927 წ.) თქვენ ნახავთ
სამხატვრო გალერეის კიბეზე მოსაუბრე ტიციან ტაბიძეს, კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს, ალექსანდრე წუწუნავასა და დიმიტრი შევარდნაძეს. ეს კადრები განადგურებას რაღაც სასწაულით გადაურჩა, რადგან ტიციან ტაბიძე და დიმიტრი შევარდნაძე დახვრიტეს, როგორც ხალხის მტრები... იყო შემთხვევა, როცა მოსკოვიდან მოსული დირექტივის თანახმად, რესპუბლიკის ყველა ცენტრალურ მუზეუმს დაბალი ხარისხის მხატვრული ნაწარმოებები უნდა შეეძინა, რასაც შევარდნაძე კატეგორიულად აღუდგა წინ. შემდგომში ეს მის საწინააღმდეგო ერთ-ერთ სამხილად გამოიყენეს. დატვირთული საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო, შევარდნაძე ნაკლებ დროს უთმობდა საკუთარ შემოქმედებას. 1924 წელს შევსებულ ერთ ანკეტაში მან ჩაწერა: „მე პირადად მხატვრობას თავი დავანებე დროის უქონლობის გამო“. მიუხედავად ამისა, მან მაინც ბევრის გაკეთება შეძლო. შევარდნაძემ შექმნა ქართული შრიფტის ერთ-ერთი ვარიანტი; თბილისის უნივერსიტეტის გერბი, რომელიც პირადად ივანე ჯავახიშვილმა შეუკვეთა. მას ეკუთვნის დამოუკიდებელი საქართველოს ფულის ნიშნებისა და საფოსტო მარკების ესკიზები. იყო წიგნის ილუსტრატორი, აგრეთვე, არაერთი ცნობილი სპექტაკლისა და საოპერო დადგმის მხატვარი... მან საფუძველი მოუმზადა საქართველოს პირველი სამხატვრო სასწავლებლის - სამხატვრო აკადემიის დაარსებას... როცა დიმიტრი შევარდნაძე გალერეაში გადასახლდა, თავისი ბინა-სახელოსნო ცნობილ მხატვარ ქეთევან მაღალაშვილს დაუთმო. მათ ერთმანეთი 1919 წელს გაიცნეს. იმ წლიდან იწყება მათი რომანტიკული და მეგობრული ურთიერთობა.  „თქვენ ეცადეთ, თქვენი ჯანმრთელობისთვის. დანარჩენი კი, ჩემი საქმე იყოს, ისე მოგაწყობთ სამუშაოდ, რომ არაფერი გაგიჭირდეთ. მინდა, მოგაშველოთ ხუთი ათასი მანეთი. თუ ნებას მომცემთ, გამოვაგზავნი ფოსტით“, – წერდა შევარდნაძე ქეთევანს ერთ-ერთ წერილში. ქეთევან მაღალაშვილი იხსენებდა: „თანდათანობით დიტომ ექსპონატების ისეთი რაოდენობა შეკრიბა, რომ უკვე ვეღარ ეტეოდა გალერეაში. აუცილებელი შეიქნა ახალი, დიდი შენობის გამოძებნა. შესაფერის სამუზეუმო ადგილად შეირჩა ყოფილი მეტეხის სიმაგრე, სადაც იმ დროს ციხე იყო“. დიტოს მცდელობისა და ზრუნვის შედეგად, ციხე ორთაჭალაში გადაიტანეს და მეტეხის სიმაგრე მთლიანად მუზეუმს გადაეცა. ამ საზეიმო დღესთან დაკავშირებით, 1933 წლის 18 ნოემბერს, დიდი მიტინგი ჩატარდა. რესპუბლიკის პრესა მხოლოდ ამ ფაქტს აშუქებდა. მიტინგზე მეტეხის ციხის ყოფილმა კომენდანტმა ციხის გასაღები ახალი მეტეხის დირექტორს, დიმიტრი შევარდნაძეს გადასცა. აქედან დაიწყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შექმნის ახალი ეტაპი. „ეს ისტორიული ძეგლი უნდა ვაქციოთ ახალ ლუვრად“, – ამბობდა დიმიტრი შევარდნაძე. მუზეუმის დირექტორად თავად დაინიშნა. მან გაარემონტა ერთ-ერთი კორპუსი, რათა ექსპონატთა ნაწილი დროებით დაებინავებინათ და მუზეუმის მომავალი შენობის პროექტზე ზრუნვას შეუდგა. ერთ დღესაც მუზეუმში გახურებული მუშაობისას, მოულოდნელად გამოეცხადა ბრიგადა ლავრენტი ბერიას სახელით. დიმიტრი შევარდნაძემ დაუპატიჟებელი სტუმრები უკანვე გაისტუმრა. სულ მალე შევარდნაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პრესაში მის წინააღმდეგ მიზანდასახული კამპანია დაიწყო, სადაც სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად, ამხელდნენ ხალხის მტრის, შევარდნაძის ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას. აი, რას წერდნენ იმდროინდელ გაზეთებში: „ყველა ორატორის სიტყვა გამსჭვალულია ღრმა სიყვარულით და ერთგულებით საბჭოთა ქვეყნისადმი და უსაზიზღრესი მძულვარებით ხალხის მტრებისადმი, მათ შორის, მუზეუმის ყოფილი დირექტორის, გარეწარ შევარდნაძისადმი, რომელიც მთელი თავისი საქმიანობისას შენიღბულ შხამიან გესლს ანთხევდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დევნიდა მუზეუმიდან საბჭოთა თემატიკას და მის მაგივრად, არქაული სიძველეების იდეალიზაციას ახდენდა“. „ერთ ღამეს დიტომ ჩემს კარზე დააკაკუნა, მივხვდი, ცუდად იყო საქმე. მან დამიბრუნა ძმის სამკურნალოდ გადადებული ორი ათასი მანეთი, სეიფში შესანახად რომ მივაბარე. გადმომცა ასევე თავისი ჯიბის საათი, – იხსენებდა ქალბატონი ქეთევანი, – ხოლო როცა გაიგო იმ ხალხის დაჭერის ამბავი, ვინც გაზეთში მასთან ერთად „დაამუშავეს“, მან თქვა: მე არაფრის მეშინია, ვინაიდან არავითარი დანაშაული არ მიმიძღვისო“. შევარდნაძე მალე დააპატიმრეს. დაპატიმრებისთანავე, მეტეხის იმჟამინდელი დირექტორის განკარგულებით, დიმიტრი შევარდნაძის არასამუზეუმო ფასეულობად მიჩნეული ნივთები მეტეხის ეზოში საჯაროდ დაწვეს. მუზეუმის იმდროინდელმა ახალგაზრდა სპეციალისტმა, ქეთევან ბაგრატიშვილმა შეძლო, მოეპარა დასაწვავად გამზადებული ნივთების ნაწილი და გადაინახა. დიმიტრი შევარდნაძე 1937 წლის დეკემბერში დახვრიტეს.“  
скачать dle 11.3