კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ შეუსია იბერიის მეფემ რომსა და პართიას ალანები და რატომ დადგეს რომაელებმა მისი ქანდაკება

თათია ფარესაშვილი გიორგი მახობეშვილი

იბერიის მეფე ფარსმან მეორე ქველი არავის ეპუებოდა, არც პართელებს და არც რომაელებს. ორივე იმპერია იმ დროს ძალიან ძლიერი იყო და ორივეს უნდოდა, დაემორჩილებინა იბერია. მაგრამ, ფარსმან მეფე მათზე ნაკლებად არ მიიჩნევდა თავს და არც თავის სამეფოს თვლიდა ხელწამოსაკრავად. მას შემდეგ, რაც ქართლი გააერთანა, განსაკუთრებით გაძლიერდა ფარსმანი. მან თავისი გავლენა გაავრცელა მეზობლებზე, სომხეთსა და ალბანეთზე.
ორიოდე საუკუნე იყო, იბერიის მეფეები რომის იმპერიის მეგობრებად ითვლებოდნენ. რომს პოლიტიკური ინტერესები ჰქონდა ჩვენს რეგიონში და ჩვენს სამხრეთით, სადაც მას პართიის სახელმწიფო ეწინააღმდეგებოდა. რომი დაინტერესებული გახლდათ, ჩვენი ხელმწიფეები არ მიმხრობოდნენ პართელებს, ან არ გაეხსნათ კავკასიის ერთ-ერთი კარი – დარიალი და არ გადმოეშვათ იქიდან ბარბაროსი ტომები, რათა ისინი  რომის აღმოსავლეთ პროვინციებს არ შესეოდნენ.
ფარსმან მეფე ხელიდან ვერ გაუშვებდა თავისზე დიდი იმპერიების რეგიონში დასუსტების შესაძლებლობას. ეს იმპერიები საფრთხეს უქმნიდა მისი პატარა სამეფოს მომავალს, რომლის გაძლიერებაც უნდოდა. ამიტომ, ხსნიდა ხოლმე კავკასიის კარს და ველურ ალანურ ტომებს საშუალებას აძლევდა, გამოევლოთ დარიალი, გაევლოთ ჩვენი ტერიტორიები და მერე შესეოდნენ პართიისა და რომის ინტერესთა ობიექტს და ეძარცვათ. ამით, დიდ დარტყმას აყენებდა მათ ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. შემდეგ, ნაძარცვით დატვირთული და ქართველთა მეფის მადლიერი ჩრდილოკავკასიელები და სხვა მომთაბარეები უკან, ჩრდილოეთ კავკასიის ველებისაკენ მიდიოდნენ. ამ მეთოდებით, ქართველთა მეფეს გაუფართოებია იბერიის საზღვრები და დაუმორჩილებია ალბანელები და სომხები. მას ასევე, აინტერესებდა, სამხრეთ-დასავლეთ ქართული ტომების საცხოვრისი, რომელიც რომის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მათ შორის იყო ძიდრიტთა (ზიდრიტთა) ტომიც, რომელიც დაუმორჩილებია ფარსმანს ანუ ზღვაზე გასასვლელი მოუპოვებია. რომაელი ისტორიკოსი და სარდალი, რომელმაც იმპერატორ ადრიანეს დავალებით, იმოგზაურა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე და აღწერა იქაური ვითარება – ფლავიუს არიანე იქ მცხოვრებ ქართველთა ტომებზე წერდა: „შემდეგი ტომები გავიარეთ: ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები. ამ ტომს, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი, ქსენოფონტი დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, ისინი სანები არიან. ესენი მეტად კარგი მეომრები არიან… ამათ გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები, მათი მეფე ანქიალეა. მაკრონებისა და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან. ესენი ფარსმანის ქვეშევრდომები არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან“...
ძიდრიტები ცხოვრობდნენ დღევანდელი ჭოროხის აუზში, ლაზების მეზობლად, დაახლოებით აჭარის, კლარჯეთისა და ზღვისპირა კლარჯეთის ტერიტორიაზე.  ქართლის სამეფოს ასეთი გაძლიერება არ მოსწონდა იმპერატორ ადრიანეს.
ადრიანე აღმოსავლეთის საკითხის მოსაგვარებლად კაპადოკიაში გაემგზავრა. მან თავისთან დაიბარა აღმოსავლეთის მეფე-მთავრები, რათა მათ დაემტკიცებინათ რომის მეგობრობა და მორჩილება. რომის იმპერია, თავისი მოკაშირეების უფროს ძმად და მამად მიჩნევდა თავს.
ადრიანემ საჩუქრები გამოუგზავა იბერიის ხელმწიფეს. როგორც თვითონ რომაული წყაროები ამბობენ, ყველაზე მეტად იმპერატორი ფარსმან ქველის გულის მოგებას ცდილობდა და ყველაზე უხვ საჩუქრებს მას უგზავნიდა. იმპერატორს იბერიის მეფისთვის გამოუგზავნია ძვირფასი საჩუქრები, მათ შორის, სპილო და მეომართა ორმოცდაათკაციანი რაზმი, კოჰორტა და სთხოვა, მისულიყო მის სანახავად.
ჩვენმა ხელმწიფემ მიიღო ადრიანეს საჩუქარი, თვითონაც გაუგზავნა ძვირფასი ძღვენი, მათ შორის, სამასი ძვირფასი მოსასხამი, თუმცა, ხლება არ მოისურვა. ფარსმანი აპირებდა კავკასიის რეგიონში იბერიის გაბატონებას და რომის სახელმწიფოს კი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო დაკავებული ჰქონდა, დასავლეთ საქართველოზე კი გავლენა ჰქონდა. იმდროინდელ ქართველებს კარგად ახსოვდათ, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ქართველური ტომებით დასახლებული ტერიტორიები იყო და მათ ქართლის საკუთრებად მიიჩნევდნენ. არასდროს უყვარდათ ჩვენს წინაპრებს ოკუპანტები.
ადრიანე ყოფილა ძალიან პატივმოყვარე პიროვნება. მისთვის უარი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, რადგან დაამცირეს საიმპერატორო კარისა და ქვეშევრდომების თვალში. იმპერატორი გაცოფდა, ბრძანა და ქართველთა მეფის საჩუქრები 300 დამნაშავეს ჩააცვეს  და გლადიატორებად გამოიყვანეს არენაზე ერთმანეთთან საბრძოლველად. ამგვარად ფიქრობდა ფარსმანის დამცირებას. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა, პოლიტიკურ და სამხედრო ნაბიჯებსაც გადადგამდა.
თუმცა, ფარსმანი დიდი ხანი ემზადებოდა ამისთვის. მისი საპასუხო ქმედება უფრო ქმედითი იყო. გახსნა დარიალის კარები და ალანები შეუსია რომის იმპერიის პროვინციებს. ალბათ, მათთან ერთად იყვნენ ქართული ნაწილებიც. ალანები თავს დაესხნენ არა მარტო რომის პროვინციებს, არამედ პართიასაც. პართიის მეფემ, ვოლოგეზ მესამემ რომში გააგზავნა ელჩები და რომის მეგობრად წოდებული იბერიის მეფის შეკავება მოითხოვა. რომში სენატმა საგანგებოდ იმსჯელა ამ საკითხზე, სხდომას პართელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პართიის მეფეს დიდი ძალისხმევა და საჩუქრების გაცემა მოუწია, რათა ჩრდილოკავკასიელი მომთაბარეები თავისი სამფლობელოებიდან გაეყვანა. რომმაც, აღმოსავლეთის სარდალ ფლავიუს არიანეს სარდლობით, დიდი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რათა ალანები და სხვა მომთაბარეები მოეშორებინა... ალანებიც გაეცალნენ რომის პროვინციებს, მაგრამ რომმა დიდი ზარალი ნახა.
138 წელს ადრიანე იმპერატორი მოკვდა და ტახტზე მისი შვილობილი, ანტონიუს პიუსი ავიდა. ის ყოფილა სამართლიანი და ბრძენი მმართველი. ახალი იმპერატორი გაცილებით გონიერი აღმოჩნდა და იბერიის მეფის დაშოშმინება დიპლომატიური გზებით გადაწყვიტა. მან დაიწყო მოლაპარაკება ჩვენს ხელმწიფესთან და აღიარა მისი გავლენის სფეროების გაზრდა. პირობების უფრო დასაზუსტებლად და მეგობრობის განსამტკიცებლად, პირადად მეფე ფარსმანი და მისი ოჯახი მიიწვია რომში. როგორც რომაელი მემატიანე წერდა, ფარსმანმა ახალი იმპერატორისადმი  მეტი პატივისცემა გამოიჩინა და ამჯერად, ჩვენი ხელმწიფე დასთანხმდა იმპერატორთან სტუმრობას, რადგან თავისას მიაღწია. გარდა ამისა, რომთან, ეტყობა, მშვიდობა სურდა, პართიასთან კი, ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა. ორ მტერთან ბრძოლა ძნელია. ამიტომ, დაახლოებით 144 წელს, ცოლ-შვილთან და მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად, ეწვია ის რომს. ამ დროისთვის ანტონიუს პიუსს, რომის სენატის მიერ, უკვე ჰქონდა მინიჭებული „სამშობლოს მამის“ ტიტული. ასეთ ტუტულს რომის სენატი ანიჭებდა იმპერატორებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის. ახალი იმპერატორი ზრუნავდა რომის იმპერიაში სტაბილურობის დაცვისა და საზღვრების განმტკიცებისთვის. სწორედ ამიტომ სურდა მას იბერიის მეფესთან ურთიერთობის დალაგება.
რომში დიდი პატივით მიიღეს იბერიის ხელმწიფე. მისი სტუმრობის გამო, რომის შესასვლელში მარმარილოს სტელა დაუდგამთ, რომელზეც ამოუკვეთავთ წარწერა. მასზე აღნიშნული იყო იბერიის მეფის სტუმრობის შესახებ, ასევე, მისი მეუღლისა და ვაჟის სახელები. მნიშვნელოვან მოვლენებს ასე აღნიშნავდნენ ხოლმე რომაელები. განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, მეფე ფარსმანს კაპიტოლიუმში მსხვერპლის შეაწირვინეს, რაც უნიკალური პრეცედენტი იყო. სხვა ქვეყნისა და სარწმუნოების მეფეებს ასეთი პატივი არ ერგებოდათ ხოლმე. შემდეგ ფარსმანმა, მისმა ვაჟმა და ამალის წევრებმა, საჩვენებელი ასპარეზობა მოაწყვეს, რომელსაც პირადად იმპერატორიც ესწრებოდა. ალბათ, ისეთივე ასპარეზობა აჩვენეს ქართველებმა რომაელებს, საუკუნეების მერე რომ აოცებდნენ გურული მხედრები ამერიკელებს, ოღონდ მეტი სამხედრო ელემენტებით. ქართველებს ხომ არა მარტო ვარჯიშები, არამედ, ცეკვებიც კი, საომარი სტილისა გვაქვს. რომაელებმა, დიდი პატივისცემის ნიშნად, ჩვენი ხელმწიფის ცხენზე ამხედრებული ქანდაკება დადგეს მარსის მოედანზე.
скачать dle 11.3