კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ძნელია, იყო... კაცი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38-48(883)



***
კოკა რომ ოფისში შევიდა, ვრცელ ფოიეში სიგარეტით ხელში, ჭორაობაში გართულმა გოგოებმა ერთბაშად შეწყვიტეს ლაპარაკი და მისკენ მიტრიალდნენ. კოკა შეცბა.
– რა მოხდა, დავაგვიანე?
– არა, ბატონო კოკა. სამუშაო დღე ათ წუთში დაიწყება. მოსაწევად ჩამოვედით და იმას ვამბობდით, რომ თქვენ არასდროს აგვიანებთ.
კოკას გაეღიმა და გოგოები შეათვალიერა. ერთი საკმაოდ მაღალი იყო. გრძელი, ყანჩასავით ფეხები ჰქონდა და კვერცხის გულის ფერად შეღებილი თმა, საგულდაგულოდ მოვლილი თითებით წამდაუწუმ რომ ისწორებდა. საერთოდ, ცუდად არ გამოიყურებოდა. ყოველთვის გემოვნებით ეცვა და ზოგჯერ მიამიტი ბავშვივით ახამხამებდა შეღებილ წამწამებს. სახელიც ძალიან გამაღიზიანებლად ორიგინალური და პრეტენზიული ჰქონდა, – დოდოშკა, რეალურად, ალბათ, დოდო ერქვა, მაგრამ კოკას ამაზე ფიქრით თავი არ შეუწუხებია. იმას კი ამჩნევვდა, როგორ აქტიურად ცდილობდა დოდოშკა მისი ყურადღების მიპყრობას და ჩუმად ეღიმებოდა. მეორე დღესვე საწერ მაგიდაზე ჩამოუსკუპდა და შინაურულად გაუბა ბაასი. რაღაც მომენტში, თითქოს შეაწუხა საკუთარმა სითამამემ, წამწამები ააფახურა და მიამიტურად ჰკითხა:
– ვაიმე, ხომ არ გაწუხებ? მინდა, აქაურობის გაცნობაში დაგეხმარო. მხოლოდ კეთილი სურვილები მამოძრავებს.
– ეჭვიც არ მეპარება, – გაიცინა კოკამ, – მოხარული ვარ, რომ ასე ზრუნავთ ჩემზე.
– სხვათა შორის, ყველას ასე ვანებივრებ, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა დოდოშკამ, – მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მე ვიცი, რომ... უფრო სწორად, აქ ბევრმა იცის, რომ თქვენ ვახოს მეგობარი ხართ, თანაც, ძალიან ახლო მეგობარი.
 – ვახო? – ვითომ ვერ მიხვდა კოკა, – ა, ბატონ ვახტანგს გულისხმობთ? საიდან მოიტანეთ?
– აქ ხომ მან მოგიყვანათ?
– ასეა, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალურობიდან გამომდინარე. მეც პირველად ვნახე იმ დღეს ბატონი ვახტანგი. ჩემი თავი ურჩიეს, ეტყობა, ჭკუაში დაუჯდა და დათანხმდა. ასე რომ, საყვარელო, თუ დაწინაურება გინდათ, ტყუილად ნუ გაირჯებით. ისეთი გავლენა ნამდვილად არ მაქვს, როგორიც გგონიათ. ისე, აქაურობის გაცნობაში თუ დამეხმარებით – თანამშრომლებს ვგულისხმობ, – მადლობელი ვიქნები.
დოდოშკამ თავი გვერდზე გადახარა, ცოტა ხანს იფიქრა და მერე ხელი ხელს შემოჰკრა.
– ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ახლა ქვემოთ ჩავალ და ყველას ვეტყვი, რომ კოლექტივის გაცნობა გინდათ. ბუფეტში შევიკრიბებით... შესვენება ორიდან სამ საათამდე გვაქვს. გელოდებით.
დერეფანში ხტუნვა-ხტუნვით მიმავალი დოდოშკა ზურამ დაინახა თავისი შემინული კაბინეტიდან და მაშინვე გარეთ გამოვიდა.
– რა ხდება? ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ. თვალები ძალიან გიბრჭყვიალებს. ასეთი მაშინ ხარ, როცა რაღაც გაქვს ჩაფიქრებული.
დოდოშკამ გადაიკისკისა. „შეფს“ ხელმკლავი გამოსდო და ხმადაბლა ჩაულაპარაკა.
– ვცდილობ, მასზე ყველაფერი გავიგო.
– ჭკვიანი გოგო ხარ.
– რა თქმა უნდა. არავინ იცის, ვინ არის და საიდან მოვიდა. ჩვენ კი ერთმანეთზე ყველამ ყველაფერი ვიცით.
– დარწმუნებული ვარ, მანაც იცის ჩვენზე ყველაფერი, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ზურამ და დოდოშკას ეჭვით შეხედა, – გაფრთხილდი, მეტისმეტი არ მოგივიდეს. ხომ იცი, კურდღელი რომ დაღუპა ზედმეტმა ცნობისმოყვარეობამ. ეგ ლამაზი ცხვირი იქ არ ჩაყო, სადაც შეიძლება, მოიტეხო.
– თქვენ ამაზე ნუ იდარდებთ. ღვინოს მოვატანინებ. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვთ?
ზურამ თავი გააქნია და ამოიოხრა.
– ერთი სული მაქვს, გავიგო, რისთვის მოიყვანა და დამისვა ვახომ ეს ტიპი. პროფესიონალიზმით რომ ვერ ბრწყინავს, ცხადია. თუმცა, შესაძლოა, ვცდებოდე.
რატომ უთმობენ ქალები თავისი დროის და შემოსავლის უდიდეს ნაწილს გარეგნობაზე ზრუნვას. იმიტომ, რომ ლამაზი ქალისთვის ცხოვრება გაცილებით ადვილია. ზუსტად ასე ფიქრობენ ქალები და სხვათა შორის, მამაკაცებიც. ქალის ინტელექტი ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელი რჩება, მაშინ, როცა ლამაზ, სექსუალურ, მიმზიდველ, თუნდაც სულელ ქალს ყველა ამჩნევს. ნებისმიერ საზოგადოებაში მყისიერად ექცევა ყურადღების ცენტრში. მისკენ მამაკაცები ისე მიილტვიან, როგორც პეპლები სინათლისკენ. ანუ, მოსაზრებას, რომ კარგი გარეგნობის ადამიანებისთვის ცხოვრება ლოიალურია – მყარი საფუძველი აქვს და არცთუ უსაფუძვლოდ, შურთ ხოლმე ლამაზი ქალების. მართალია, შური საკმაოდ ნეგატიური თვისებაა, მაგრამ ადამიანებს ვერ დაუშლი იფიქრონ ისე, როგორც თავად სურთ. მით უმეტეს, როცა ფიქრი რეალობას ემთხვევა...
ლამაზი – უკვე პოზიტივია. ის უკვე საჩუქარია ვიღაცისთვის და უპირველესად საკუთარი თავისთვის ადვილად ექცევა ყურადღების ცენტრში. მასთან სიახლოვე, მეგობრობა უნდა ყველას. თანაც, მიუტევებენ ბევრს, რასაც სხვას – უშნოს, არ აპატიებდნენ. არ მოითხოვენ მისგან ჭკუას, განათლებას და სერიოზულ პრობლემებზე მსჯელობას. ის ნებისმიერ საზოგადოებაში სასურველი სტუმარია, ნებისმიერი კამპანიის სამშვენისი. ლამაზს უღიმიან, ლამაზს უცნობიც რომ იყოს, დიდი ხალისით და ენთუზიაზმით ესალმებიან.
***
დოდოშკამ პატარა სარკეში კმაყოფილმა შეათვალიერა საკუთარი პროფილი, ვნებიანი, ხორციანი ტუჩები გამომწვევად გამობზიკა და მარიტას მიუბრუნდა.
– არ ჩავიდეთ? მგონი, დროა. გაიშლებოდა უკვე ფურშეტი.
მარიტამ, გარეგნობით დიდად რომ ვერ ბრწყინავდა, მით უფრო დოდოშკას ფონზე, შემწყნარებლურად გაიღიმა და ამით შემოიფარგლა. დოდოშკა ვერ მიხვდა, რა იგულისხმა ქალმა, ამიტომ გადაწყვიტა, დაეზუსტებინა.
– შენ ფიქრობ, რომ ეს ცუდი აზრი იყო?
– რა? ახალი თანამშრომლისთვის ფურშეტის მოწყობა? როგორ გითხრა, მე უფრო ის მაინტერესებს, ზურა როგორ დაითანხმე ამაზე.
დოდოშკამ გაოცებით დაახამხამა წამწამები და მოვლილი, თლილი თითები მკერდზე მიიდო.
– მე დავითანხმე? რა სისულელეა, საიდან მოიტანე?! თვითონ დამიძახა და მითხრა, ამ ყველაფერს ორგანიზება გაუკეთეო. გამიკვირდა კიდეც. ზურას არ ახასიათებს ასეთი რაღაცები.
– მეც სწორედ ეგ ვიგულისხმე. რაში სჭირდება?
დოდოშკამ მხრები აიჩეჩა.
– რა განაღვლებს? ჩავიდეთ და გავერთოთ. ისე, კარგი ტიპია, ხო?
– ვინ? ის კოკა?! ვიცოდი რა, მივხვდი, ეგრევე შეგატყვე. ისე ეკეკლუცებოდი... ახალი გასართობი იპოვე, ხო?
– რანაირად იტყვი ხოლმე. თითქოს შენ არ გაქვს კაცებთან კეკლუცობის სურვილი. ჰა, მარიტა, შენც ხომ მოგწონს ჩვენი ახალი თანამშრომელი. თან, უცოლოც ყოფილა.
– ყოჩაღ, შეგიგროვებია უკვე ინფორმაცია, – გაიცინა მარიტამ და დოდოშკას ირონიულად შეხედა.
დოდოშკამ მხრები აიჩეჩა.
– ბევრი ვერც ვერაფერი გავიგე. არადა, ინტერესით ვკვდები.
– შენი ამბავი რომ ვიცი, მალე მოაგვარებ ამ პრობლემას. თავს არ დაიჩაგრავ.
– გოგო, აბა, არაფერი უნდა ვიცოდე იმ კაცის შესახებ, რომელიც უცებ გამოგვეცხადა და ცხვირწინ დაგვიდის? თან, საკმაოდ სიმპათიურია.
– ჰო, სიმპათიური ნამდვილად არის. მაგრამ, უცოლო რატომაა ამდენი ხანი, ეგ არ გაკვირვებს? ეტყობა, პასუხისმგებლობას გაურბის – არცერთ კაცს არ უნდა პასუხისმგებლობებით დაიგრუზოს და წელში გაწყდეს. ცოტა შენ უნდა დააძალო, სხვანაირად არ გამოდის. ასე რომ, თუ რამე გინდა, მოინდომე.
– ძალიანაც რომ მოვინდომო, შენ ვის დააცდი. უკვე დაადგი თვალი.
– პრობლემა არ მაქვს, არ მინდა, დაგითმობ.
–  ჰმ, შენ გვერდით მე შემომხედავს? პირველი შემთხვევა ხომ არ არის? კაცები შენ რომ გიყურებენ, ვეღარავის ამჩნევენ. ერთს გაუღიმებ და დამთავრდება ყველაფერი, ყურებით გეყოლება დაჭერილი.
დოდოშკამ გადაიკისკისა.
– ძალიან დიდი წარმოდგენის ხარ ჩემზე. ყოვლისშემძლეც არ ვარ.
– რა ვიცი... კაცი არ დატოვე შეუბმელი ამ ოფისში.
– მარიტა, შენ რა, ეჭვიანობ? როგორ არ გრცხვენია. ნებისმიერს დაგითმობ.
– მართლა? ზურას დამითმობ? – მარიტა დოდოშკას წინ ჩამოუდგა და გულზე ხელდაკრეფილი, ირონიული ღიმილით მიაჩერდა. დოდოშკას სახეზე აღშფოთება და წყენა გამოესახა.
– ზურა საიდან მოიტანე. შენ რა, არ იცი, რომ ცოლიან კაცებთან ურთიერთობას თავს ვარიდებ? მით უმეტეს, როცა ეს კაცი ჩემი შეფია. არ მაქვს სურვილი, ისტერიჩკა ქალებთან ხელჩართული ბრძოლის და არც შენ გირჩევ.
– ჰმ, ცოლიანს ვინ ჩივის, უცოლოც ვერ შევაბი. შენთვის ადვილია ასე ლაპარაკი. ლამაზი ხარ და ამით ყველაფერია ნათქვამი. თითის განძრევაც არ გჭირდება კაცის მოსახიბლავად.
დოდოშკამ ისე შეათვალიერა მარიტა, თითქოს პირველად დაინახა.
– იცი, რას გეტყვი? ყველა ქალს აქვს რაღაც, რისთვისაც შეიძლება, უყვარდეს კაცს. მთავარია, ეს „რაღაც“ დაანახვო. გინდა, კოკას შებმაში დაგეხმარები.
 მარიტამ ეჭვით შეხედა.
– სერიოზულად ამბობ?
– ჰო, თუ მოგწონს ეგ ტიპი, დაგეხმარები.
– შენ ფიქრობ, რომ შანსი მაქვს?
– ყოველთვის არის შანსი იქ, სადაც სურვილი და მონდომება ერთმანეთს ემთხვევა, – ბრძნულად დაასკვნა დოდოშკამ, – ოღონდ, რასაც გეტყვი, უნდა დამიჯერო.
– მოიცა, ეგ რას ნიშნავს? დაგიჯერო და რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც ჩემს მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება?
– მარიტა, გეხვეწები, რაც ნაკლებ სისულელეს იტყვი, მით უკეთესი. ისევ და ისევ შენთვის. ახლა ადექი, ცოტა დამაკიაჟდი და ჩავიდეთ ქვემოთ. კაცის შებმის „სტანდარტულ“ გაკვეთილს ჩაგიტარებ. გახსოვდეს, ჩვენი მთავარი იარაღი ღიმილი და მზერაა...
კოკა ღია ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ზურა დერეფანში შეხვდა და უთხრა, დღეს კოლექტივი უნდა გაიცნო. საკონფერენციოში პატარა სუფრა გაიშლება. ცოტას დავლევთ და ერთმანეთს უკეთ გავუგებთო. პირველად გაუხარდა. ზურასთან დაახლოება აუცილებელი იყო. ვახოსაც ხომ ის უნდოდა, კოკას გაეგო, რა ხდებოდა რეალურად კომპანიაში. თუმცა, იმის საშიშროება ნამდვილად არსებობდა, რომ პირიქით – ინფორმაცია ზურას „გამოეცინცლა“ მისთვის. ეს კი ნიშნავდა, რომ ფხიზლად უნდა ყოფილიყო. მით უფრო, რომ დოდოშკას აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენია. გამოცდილებით უკვე იცოდა ლამაზი ქალისგან წამოსული საფრთხის „გემო“ – თათამ კარგი გაკვეთილი  ჩაუტარა. ეს დოდოშკაც რაღაც ძალიან საეჭვოდ ეკეკლუცებოდა. ეფექტური გარეგნობა კი ჰქონდა, განსაკუთრებით ფეხები იქცევდა ყურადღებას. კაბაც მეტისმეტად მოკლე ეცვა და...
კარი გაიღო და ზურა შემოვიდა. კოკამ სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დაასრისა, ფანჯარა დახურა და ზურასკენ შებრუნდა.
– არ ჩამოდიხარ? გველოდებიან უკვე. ვნახოთ, დოდოშკამ როგორ გაართვა თავი დავალებას. ერთი კვირაა, ჩვენი თანამშრომელი ხარ და ოფისში სამი ადამიანი თუ გიცნობს. ასე არ შეიძლება. პატარა და შეკრული კოლექტივი გვაქვს. მოგეწონება.
კოკამ გადაწყვიტა, ცოტა თავი დაეფასებინა.
– რა ვიცი, აქ იმდენი საქმეა, ჯერ წესიერად არც გავცნობივარ დოკუმენტაციას.
ზურას გაეღიმა.
– ძალიან მონდომებული ხარ, მაგრამ ცოტა ხანი შემოგვიერთდი. გოგოებს ნუ აწყენინებ, ძალიან მოინდომეს. დავუფასოთ შრომა.
– გოგოები... დოდოშკა გავიცანი, მარიტაც, ოღონდ, რომელი რომელია, არ ვიცი.
– ჰა, ჰა... ლამაზი და გრძელფეხება არის დოდოშკა, შედარებით ჭკვიანი და სიმპათიური – მარიტა. აი, მარიტა რატომ დაარქვეს, ნამდვილად ვერ ვხვდები, თუმცა მასთან დალაპარაკება შეიძლება, სულელი ნამდვილად არ არის.
– ანუ, ყველა ლამაზი ქალი სულელია? თუ მარტო დოდოშკა გამოერია ასეთი?
– ნუ გამალანძღვინებ ქალთა მოდგმას, – ზურამ მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი კოკას, – თანაც, მე ცოლიანი კაცი ვარ და ჩემს შეხედულებებს ქალებზე, კონკრეტული მოტივაცია აქვს. შენ არ გყავს ხო, ცოლი?!
კოკას რატომღაც თამრიკო დაუდგა თვალწინ და გუნება მოეშხამა.
– ჰო, არ მყავს. რაღაც არ აეწყო, არ გამოვიდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახის საწინააღმდეგო მაქვს რამე.
– ვიცი, ხდება ხოლმე. ზოგჯერ კი თავისით გამოდის ყველაფერი. არა უშავს, ყველაფერი წინ გაქვს. ისე, ლამაზი ქალი შარია, რომ იცოდე...
კოკას ახლა თათია გაახსენდა, მისი მომთხოვნი და მაცდური გამოხედვა. შეუძლებელი იყო, ზურას არ დათანხმებოდა. სიმპათიითაც კი განეწყო მის მიმართ.
***
თამრიკომ  კარი თავისი გასაღებით გააღო. იცოდა, მარინკა სახლში იყო, მაგრამ არჩია, შეუმჩნევლად შესულიყო. დარწმუნებული იყო, მარინკას უკვე ეძინა ან, ყოველ შემთხვეაში, იწვა მაინც. გაურკვეველმა ხმებმა მიიპყრო მისი ყურადღება. გაუკვირდა და სმენად იქცა. ხმები მარიკუნას ოთახის გვერდით, პატარა კაბინეტიდან მოდიოდა. თამრიკომ ჩანთა დადო და კაბინეტის კარამდე ფეხაკრეფით მივიდა. ოდნავ შეღებული კარიდან გარკვევით დაინახა ორი ადამიანის სილუეტი. კოცნის ხმაც აშკარად გაიგონა. მღელვარებისგან გული აუჩქარდა და ხელები აუკანკალდა. უნდოდა, შეუმჩნევლად გასცილდა იქაურობას. მაგრამ მოუხერხებლად შებრუნდა და კაბის სახელოთი კარის სახელურს წამოედო.
– დედა, შენ ხარ? მოხვედი? – მოესმა მარინკას შეშფოთებული ხმა და გამოყო კიდეც გაწეწილთმიანი თავი. მის ზურგს უკან ვიღაც ბიჭი გამალებით იკრავდა პერანგის ღილებს.
თამრიკოს თითქოს ცივი წყალი გადაესხა. ფერდაკარგული, ბარბაცით შევიდა სამზარეულოში და სკამზე ჩამოჯდა. მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა.
– დედა, რატომ ზარი არ დარეკე? – მარინკა ზღურბლზე შეჩერდა და თამრიკოს მიაჩერდა.
– ის სად არის, წავიდა?
– ჰო. აბა, შენ ისეთი რეაქცია გქონდა, ვერ დაგელაპარაკებოდით. მოგვიანებით გაგაცნობ.
– მარინკა... – ხმადაბლა, დამარცვლით წარმოთქვა ქალმა.
– ოღონდ ახლა ჭკუის სწავლება არ დამიწყო, ძალიან გთხოვ. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდით. საჭირო არ არის ისტერიკები.
– ისტერიკის მოწყობას არ ვაპირებ, – თამრიკო ისევ ხმადაბლა ლაპარაკობდა, შვილს არ უყურებდა, – ჰო, ისტერიკები არ მახასიათებს და იცი, შენ ეს. მაგრამ, ასე რატომ მექცევი?
– აუ, ნუ მელაპარაკები ასეთი ტონით, თითქოს უნდა იტირო და ამ ტირილის მიზეზი მე ვარ. ხომ იცოდი, რომ შეყვარებული მყავს. ის გერჩივნა, ქუჩა-ქუჩა გვეწანწალა და გვეკოცნავა?!
– მარიკუნა, აჯობებს, გაჩუმდე. ხომ ხედავ, არ მინდა, ნერვები მოვიშალო. ვცდილობ, არც იმაზე ვიფიქრო, რომ ძალიან, ძალიან ცუდად მოიქეცი.
– არც ისე ცუდად. აპოკალიფსური სურათის დახატვა საჭირო არ არის. ორ-სამჯერ ვაკოცეთ ერთმანეთს.
– ჰო, ხელი შეგიშალეთ და იმიტომ...
– დედა, რა სისულელეა... არ მენდობი? ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ ჩემ გამო გაწითლდე!
– მართლა? უკვე ძნელი დასაჯერებელია, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ვნახე.
– არაფერი გინახავს და არც არაფერი მომხდარა.
– კარგი, – თამრიკომ უხალისოდ დააქნია თავი, – ვეცდები, დავიჯერო, მაგრამ ჩემზე ძალიან იმოქმედა ამან. ცოტა ხანი მარტო დამტოვე, უნდა ვიფიქრო.
– კარგი რა, ნუ მებუტები, ძალიან გთხოვ. დუდუ ცუდი ბიჭი არ არის. მოგეწონება.
– კარგი ბიჭები შეყვარებულების სახლში მომენტით სარგებლობას არ ცდილობენ, – ვეღარ მოითმინა თამრიკომ.
მარინკამ წყენით შეხედა.
– ისევ თავიდან იწყებ? დე, ხომ შევთანხმდით?
– ოჰ, მარიკუნა, როგორ მიჯერებდი, როცა პატარა იყავი. რა ადვილი იყო შენთან ლაპარაკი და ურთიერთობა. ხანდახან მგონია, რომ ამაშიც მამაშენია დამნაშავე.
მარინკამ მხრები აიჩეჩა.
– შეიძლება. თუმცა, თუ ფიქრობ, რომ ჯიბრით გექცევი, ცდები. მართლა არ მეგონა, ასე მალე თუ დაბრუნდებოდი.
– აჰა, ანუ, რომ არ დავბრუნებულიყავი, შენ... თქვენ... – ქალს ენა დაება მღელვარებისგან.
– გეყოფა ნერვიულობა, – მარიკუნა დედას მოეხვია და ჩაეხუტა, – შენ მაინც ყველაზე, ყველაზე ძალიან მეყვარები.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3