კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (102)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

№47 რატომ მიაკითხეს ელენე თევდორაძეს პარლამენტში მეძავებმა და რას არ აკლებდნენ მას მიშა სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

ცოტა დრო არაა, რაც ბოლო წლების ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი კოლორიტული  სახე, ელენე თევდორაძე პენსიაზე გავიდა –  სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ადამიანის უფლებებისა და შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი, მშვიდად, წყნარად ცხოვრობს. თუმცა, დროდადრო წარსულის ისტორიებისა  და კადრს მიღმა დარჩენილი ამბების გახსენებაზე უარს არ ამბობს და იმ წლებს იგონებს, როცა თავადაც მოვლენების ეპიცენტრში იყო.  
ელენე თევდორაძე:
მას შემდეგ, რაც საჯარო სამსახურში აღარ ვარ და უმუშევარ პენსიონერთა რიგებს შევუერთდი, ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. მთელ დროს ვატარებ შვილთაშვილებთან, სახლში. გარეთ  დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით. ვერ ვიტყვი, რომ პენსიაზე ყოფნა კომფორტულია, მე კიდევ რა მიჭირს, დეპუტატების პენსია 500 ლარია. იმ ხალხის ფონზე, ვისაც 180 ლარით უწევს თავის გატანა მე საწუწუნო არაფერი მაქვს.  პირიქით, მიკვირს კიდეც,  როგორ ახერხებენ ისინი არსებობას.  ყველაზე მეტად  ცხოვრების პასიურ რეჟიმთან შეჩვევა გამიჭირდა.  ბოლო 19 წელი ისეთ რეჟიმში ვიცხოვრე,  ბევრ ახალგაზრდას რომ  შეშურდება.  25 წლის სამუშაო სტაჟი მქონდა, როცა დეპუტატი გავხდი და მას შემდეგ, თითქმის ორი ათეული წელი სხვადასხვა მაღალ პოზიციაზე გავატარე. კომიტეტი, რომელსაც ვხელმძღვანელობდი, ძალიან ცნობილი და ავტორიტეტული იყო. მე თვითონ  არასდროს მქონია იმის ამბიცია, რომ პოპულარული და გავლენიანი ვყოფილიყავი. მუდმივი  მივლინებები, შეხვედრები, მძიმე დღეები –  ახლა რომ ვიხსენებ, თვითონვე მიკვირს, საიდან  მქონდა ამდენი ენერგია.  ეს დაძაბულობა ორგანიზმზეც აისახება.  როცა აქტიურ ცხოვრებას ჩამოვშორდი, იოლი არ იყო ჩემთვის.   ერთხელ ედუარდ შევარდნაძემ  მითხრა,  როცა აქტიური და დაძაბული  ცხოვრება აღარ მექნება და აღარ ვიმუშავებ,  ან მაშინვე მოვკვდები ან ავად  გავხდებიო.   მეც ასე დამემართა.  ბოლო პერიოდში ბევრჯერ მქონდა  ჯანმრთელობასთან  დაკავშირებული პრობლემა. თუმცა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე,  ეს გასაკვირი არც არის.  სექტემბერში 79 წლის გავხდი. ჩემი ასაკი არასდროს დამიმალავს და არც ახლა ვმალავ.
– ძველი პოლიტიკური მეგობრები მოგინახულებენ ხოლმე?
– იშვიათად, ერთი-ორი ადამიანი მომიკითხავს ხოლმე. გული არც მწყდება, ასეთია ცხოვრება. ამის გამო არც ვინმეზე გავნაწყენებულვარ, არც დეპრესია დამმართნია. როგორც კი „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მე უკვე მომზადებული ვიყავი პენსიაზე გასვლისთვის, მაგრამ მაინც მეწყინა, ჩემი გათავისუფლების ამბავი ტელევიზიით რომ გავიგე. ამის ღირსი არ ვიყავი.  იქამდეც, ისე მოხდა, როცა მიშა სააკაშვილი თანამდებობიდან მიდიოდა, იმ დროს სამუშაო კაბინეტი მეც კანცელარიაში მქონდა. ყველას დაემშვიდობა, ჩემ გარდა. მიშამ ყველა კაბინეტი მოიარა, ყველა თანამშრომელს რაღაც აჩუქა, ყველას გამოუწერა პრემია, მარტო მე დავავიწყდი, არც მადლობა უთქვავს, არც ნახვამდის (იცინის). ბოლოს, როცა ოპონირებას ვუწევდი და ჩემით კმაყოფილი აღარ იყო. თორემ ადრე, რაიმე კანონის გამოსატანად, ჩემს სფეროს ეხებოდა თუ არა, მირეკავდა და მთხოვდა, დავსწრებოდი კანონის განხილვას.  სანამ ზურაბ ჟვანია ცოცხალი იყო, ჩვენ არ გვქონია პრობლემები. მაგრამ, ზურას გარდაცვალების შემდეგ მიშასთან ურთიერთობა გამიჭირდა. თორემ, ერთი პერიოდი  ჩვენ ძალიან კარგი, ახლო ურთიერთობაც  გვქონდა. ერთხელ, როცა მიშა ჯერ კიდევ ბარნოვზე ცხოვრობდა, თავის დაბადების დღეზე, სახლში მარტო მე დამპატიჟა. ჩემ გარდა,  მასთან სანდრას მშობლები იყვნენ და ჰოლანდიის ელჩი. ერთხელ, ბაკურიანში ვიყავით სემინარზე, რაღაც კარგი ამბავი გაიგო, სიხარულისგან ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა. ისე მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, თან ჩემი შვილიშვილების თვალწინ, მოულოდნელობისგან  მიშას სახეში ხელი დავარტყი. ზურაბ ჟვანია იუმორით სავსე ადამიანი იყო, მაგრამ მისი ხუმრობა, არასდროს გადადიოდა ზღვარს – უხამსობასა და შეურაცხყოფაში. ისეთ „იზუმინკას” მოძებნიდა ხოლმე, კომპლიმენტს ისე გეტყოდა, ცუდად არ იგრძნობდი თავს.  მიშაც ხშირად  მეუბნებოდა  კომპლიმენტებს, როგორც კი დამინახავდა, რა კარგად გამოიყურებიო, აუცილებლად  უნდა ეთქვა (იცინის).
– ახლა ისე ბევრს ლაპარაკობენ ქალთა სექსუალურ შევიწროებაზე, ეს თემა იმ დროს რომ ყოფილიყო აქტიური, მაშინდელი  პრეზიდენტი   რისხვას ვერ გადაურჩებოდა, თქვენს ხელში ატაცებას ფლირტში ჩაუთვლიდნენ.  
–  ასე ვერ აღვიქვამდი მის საქციელს. მე ფლირტს როგორ დამიწყებდა,  ვერც მის ქათინაურს მივიღებდი ფლირტად.  მიშასთან  დედაშვილური ურთიერთობა მქონდა, სიყვარულით მიშინკასაც ვეძახდი.  ქალთა უფლებები ჩემ დროს უფრო მძიმედ იყო, მაგრამ  თვითონ ქალები ამაზე არ ლაპარაკობდნენ. ალბათ, ვერც ხვდებოდნენ, რომ მათი უფლებები ირღვეოდა.  საქართველოში  თავისუფლების სუნი ტრიალებდა, მაგრამ ამდენი საუბარი უფლებებზე ნამდვილად არ იყო. ქალები იჩაგრებოდნენ, თან ძალიან,  თუმცა სწორედ მიშას პრეზიდენტობის დროს მიიღეს კანონი, რომელიც ქალებს ძალადობისგან იცავდა.   კარგია, რომ ეს კანონი ინტენსიურად ამუშავდა, მაშინ  ბოლომდე არ იყო დახვეწილი.  რომელ მიშტერებაზე და დაჟინებულ მზერაზეა ლაპარაკი, ქალები ძალიან ხშირად იყვნენ  ძალადობის მსხვერპლი.  ერთხელ მახსოვს,   ცირკთან რომ პროსტიტუციით დაკავებული ქალები  იკრიბებოდნენ, პეტიციით მომმართეს, რომ მათი უფლებები დამეცვა. პარლამენტში მოვიდნენ, ასამდე ხელმოწერა ჰქონდა პეტიციას. ისინი ჩიოდნენ, რომ პოლიციელები „მუშაობის” საშუალებას არ აძლევდნენ. მათ შორის 70 წლის ქალებიც იყვნენ, რომლებიც პროსტიტუციით იმიტომ იყვნენ დაკავებული, რომ ოჯახი გამოეკვებათ.  მათგან გავიგე, რომ პოლიციელებს მანქანით მიყავდათ ეს ქალები, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ მათთან და შემდეგ, არაფერს უხდიდნენ, ისე  უშვებდნენ,   შუა ქუჩაში ყრიდნენ.     ამ თემაზე ბრიფინგიც კი მოვაწყვე, რის გამოც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ძალიან გამინაწყენდა.
მე არ ვარ ფემინისტი, არც არასდროს ვიყავი. მაშინაც იყვნენ ასეთი ქალები, მაგრამ მე ვერ „ჩამითრევდნენ”. თუმცა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქალი დაცული უნდა იყოს. მე  დაჟინებულ მზერას ვინ გამიბედავდა, ისეთი სახით დავდიოდი ქუჩაში თუ სამსახურში. ქმარს ადრე დავშორდი და სულ იმაზე ვფიქრობდი, ვინმეს ცუდი არაფერი ეთქვა ჩემზე.  სამსახურს კი არ ვუფრთხილდებოდი, შვილზე ვფიქრობდი – მისთვის ვინმეს რამე არ ეთქვა. ჩემს რეპუტაციას ძალიან ვუფრთხილდებოდი.  უქმრო ქალი  ვიყავი, ვინმეს რამეს როგორ გავაბედინებდი? ხომ იცით, გამოთქმა: თუ ქალს არ უნდა, ვერავინ ვერაფერს გაუბედავსო. მეც  ვფიქრობ, რომ ეს მართლა ასეა. წლები გავიდა, პოლიტიკამ  ბევრი კარგი მოგონება დამიტოვა. ერთხელ,  პარლამენტთან  მომიყვანეს წითელბანტიანი ბატკანი (იცინის). იმ ადამიანის ძმა პატიმარი იყო, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროებოდა. მე დავეხმარე და რამდენიმე საათში, მისი მადლიერი ძმა დაბრუნდა პარლამენტში, ქვემოდან მირეკავს და მეუბნება: ქალბატონო ელენე, მადლობის სათქმელად მოვედი, თან წითელბანტიანი ბატკანი მოვიყვანე, მაგრამ ბატკანზე „პროპუსკს“ არ მაძლევენო (იცინის). ბევრი საინტერესო ვიზიტი მახსოვს. განსაკუთრებული იყო 2006 წელი ამერიკაში, როცა დამაჯილდოვეს, როგორც ადამიანის უფლებების საუკეთესო დამცველი. მე ვიყავი ამ ტიტულის ერთადერთი ლაურეატი სახელმწიფო მოხელეთა შორის. ერთი თვით დამპატიჟეს ამერიკაში და როგორც კი ვაშინგტონში ჩავფრინდით, იქ დაგვხვდა ადამიანი, რომელმაც მიამბო, რომ ძალიან უყვარდა ბუნება და ხელმძღვანელობდა უსურიის ვეფხვთა დაცვის კომიტეტს. ამბობდა, რომ ეს ვეფხვები გადაშენდნენ და მათ დაცვა სჭირდებათ. მე ვუთხარი: არ ვიცი, რამდენი დარჩა უსურიელი ვეფხვი, მაგრამ ჩვენ საქართველოში გვყავს აჭარის ლომი. ეს არის ერთადერთი ეგზემპლარი და მის დასაცავად კომიტეტი არ შეგვიქმნია-მეთქი. ის ქალბატონი ძალიან დაინტერესდა ამ თემით. უკვე უკან ვბრუნდებოდი, როცა გამომიცხადა, რომ კომიტეტი საქმის კურსში ჩააყენა და მზად არიან, აჭარის ლომი წითელ წიგნში შეიტანონ და მისი დაცვაც დაიწყონო. ბოლომდე არ გავტყდი და არ ვთქვი, რომ აჭარის ლომი ადამიანი – ასლან აბაშიძე იყო (იცინის).
скачать dle 11.3