კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ვისი ცხოვრების ისტორია გახდა საბაბი თენგიზ აბულაძისთვის, „მონანიება“ გადაეღო და რა უბედურება შეემთხვა მას „ნატვრის ხის“ გადაღების შემდეგ

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

მარგალიტებივით გამორჩეული ფილმების  რეჟისორის, თენგიზ აბულაძის დღევანდელი დღიურებიდან,  ბევრ ისეთ რამეს გაიგებთ, რაც აქამდე არ, ან ნაკლებად იცოდით. მაგალითად, ის, რომ „მონანიების“ ვიდეომასალა ფიზიკურად,  მართვის მეურნეობის ინსტიტუტში შეიქმნა, სრულიად საიდუმლოდ, რისთვისაც ბევრი ადამიანი სამაგალითოდ დაისაჯა. მათ შორის, ცნობილი მეცნიერი, პოლიტოლოგი, სოსო ცისკარიშვილი. შეიტყობთ იმასაც, რომ „მონანიების“ შემდეგ, აბულაძემ ახალ ფილმზე დაიწყო ფიქრი, რომელიც ილიას მკვლელობით უნდა დაწყებულიყო და გალაკტიონის თვითმკვლელობით დასრულებულიყო...
ნანა ჯანელიძე: „მე ოცი წელი გავატარე თენგიზ აბულაძის გვერდით – ჯერ  მისი სტუდენტი ვიყავი, შემდეგ ოჯახის წევრი გავხდი.  „მონანიების” გადაღებისას კი, თანამოაზრე და კოლეგა. ამის მიუხედავად, მიჭირს, რამე გამორჩეული ვთქვა მასზე, რადგან სიცოცხლე მთლიანად კინოს მიუძღვნა. აბულაძის შემოქმედება უფრო საინტერესოა, ვიდრე ყოფითი ცხოვრება. მან მხოლოდ შვიდი ფილმი გადაიღო და მათში არცერთი არ ყოფილა შემთხვევითი. ყოველი ფილმი, ყოველი კადრი, ყოველი ნაბიჯი მისი ცხოვრებისა, ღრმად იყო გააზრებული. „ნატვრის ხის” შემდეგ, აბულაძე მძიმე ავტოავარიაში მოხვდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ბატონი თენგიზი სასწაულებრივად გადარჩა. მას გაუჩნდა რწმენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა შექმნას. ერთხელ თენგიზ აბულაძეს ქუჩაში აკაკი ბაქრაძე შეხვდა. თენგიზმა უთხრა, რომ სცენარს ეძებს ახალი ფილმისთვის. აკაკი ბაქრაძემ გაიხსენა ამბავი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდა: ვიღაცამ წარსული ცოდვებისთვის მიცვალებული საფლავიდან ამოთხარა და ჭირისუფალს მიუყუდა ჭიშკართან. ისიც დაუმატა, რომ ამ თემაზე მწერალი ნოდარ წულეისკირი მუშაობდა. 1937 წელს, მაღალჩინოსან ჩეკისტს ბუღალტრის ლამაზი ცოლი მოეწონა. ჩეკისტმა ბუღალტერი გულაგში
გაუშვა, ცოლი კი საყვარლად გაიხადა. ქალმა თავი ჩამოიხრჩო. გავიდა წლები, ჩეკისტი გარდაიცვალა და შურისძიება შეუძლებელი გახდა. მაშინ მსხვერპლის ვაჟმა საზარელი სასჯელი მოიფიქრა – მიცვალებული ამოთხარა და პატრონს სახლთან მიუგდო. ეს ზუსტად ის იყო, რასაც აბულაძე ეძებდა. ეს ფაბულა იქცა მომავალი ფილმის კვანძად, სცენარს „აფთარი” დაერქვა.  ამ სიუჟეტში წარსული აწმყოს დრამატურგიულად უკავშირდებოდა”. (წყარო: marketer.ge)
საქართველოში ანტისაბჭოთა ფილმის გადაღების გამბედაობა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს ჰქონდა. „მონანიების“ პირველი სცენარი  „ცეკას” მაშინდელ პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს წააკითხეს. როგორც წესი,  ის ქართველ რეჟისორებს პასუხს 2-3 დღეში ატყობინებდა, მაგრამ ამჯერად მან ორი თვით დაიგვიანა. ბოლოს შევარდნაძემ თენგიზ აბულაძე დაიბარა და უთხრა: „წავიკითხე ეს გენიალური სცენარი, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მოსკოვი ამას არ მიიღებს, არც – კინოკომიტეტი, არც – ტელევიზია. ამიტომ, ასეთი რამ მოვიფიქრე: აქაურ ტელევიზიას გადავაღებინოთ, მაგრამ სცენარი არავის წააკითხოთ...”
…ვრცელდებოდა ხმები, რომ აბულაძეს დაიჭერდნენ,  ფილმი კი, ისე განადგურდებოდა, რომ  ვერავინ ნახავდა. ერთ-ერთ საოჯახო სუფრასთან თენგიზ აბულაძემ თქვა: რა ბედნიერია მწერალი… ნაწარმოები რომც არ დაბეჭდოს, დედანს მაინც შეინახავს საკუთარ თაროზეო.  ეს უკვე ტექნოლოგიურად სხვა დრო იყო, ამიტომ სოსო ცისკარიშვილმა, რომელიც  იმ დროს რეჟისორის გვერდით იჯდა და თან, მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტში მუშაობდა, თენგიზ აბულაძეს, „მონანიების“ კასეტაზე გადაწერა შესთავაზა.  ფიზიკურად ვიდეომასალა მართვის მეურნეობის ინსტიტუტში შეიქმნა, რომლის რექტორიც სწორედ ESM-ის დამაარსებელი სულიკო ქადაგიძე იყო. მალე ვიდეოფირი ჯერ საქართველოში, შემდეგ კი,   მთელ საბჭოთა კავშირში ვირუსულად გავრცელდა და გამოძიებაც დაიწყო. შესაბამის უწყებებს ვიდეოფირის შემქმნელების მოძიება არ გასჭირვებიათ: „ცეკას“ ბიურომ სოსო ცისკარიშვილისა და სულიკო ქადაგიძის პასუხისმგებლობის განხილვა დაიწყო. საბოლოოდ,  ისინი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს  და საყვედურით გაუშვეს.

„ხელოვანი – წინასწარმეტყველი უნდა იყოს, იგი უნდა გრძნობდეს, როგორ განვითარდება ისტორია, რა მოხდება ამ სამყაროში,” -ამბობდა სერგეი ეიზენშტეინი... სწორედ ის ეიზენშტეინი, რომელსაც 1946 წელს, თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულებმა, რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ, წერილი გაუგზავნეს... ახალგაზრდა რეჟისორები ეიზენშტეინს ასისტენტობას სთხოვდნენ. წერდნენ, რომ აღფრთოვანებულნი არიან „ივანე მრისხანეთი” და თავადაც უნდათ კინოს გადაღება. პასუხმა არ დააყოვნა – ეიზენშტეინმა აბულაძეს და ჩხეიძეს მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩაბარება ურჩია. ახალგაზრდები მაშინვე მოსკოვს გაემგზავრნენ. წარმატებით ჩააბარეს გამოცდები „ვგიკში”. თუმცა, ეიზენშტეინის მოწაფეები ვერ გახდნენ: კრემლის მიერ დევნილ და „მოღალატედ” შერაცხილ „ივანე მრისხანეს” ავტორს გულმა უმტყუნა. 1953 წელს, თენგიზ აბულაძემ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში, სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო დაამთავრა. იუტკევიჩი არ იყო ეიზენშტეინის დონის რეჟისორი, მაგრამ „ივანე მრისხანეს” ავტორის პოზიციას ისიც იზიარებდა... თენგიზ აბულაძეს თავისი მასწავლებლების ანდერძისთვის არასდროს უღალატია. სწორედ იუტკევიჩი დაესწრო 1955 წელს, კანის ფესტივალზე „მაგდანას ლურჯას” მსოფლიო პრემიერას. სწორედ მას გადასცეს „ოქროს პალმის რტო” საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის – პრიზი, რომელიც ყველასთვის უცნობ ქართველებს, აბულაძესა და ჩხეიძეს, ეკუთვნოდა. კანის ფესტივალიდან დაბრუნების შემდეგ, იუტკევიჩი წერდა, რომ „მაგდანას ლურჯამ” მსოფლიოს არა მარტო ქართულიკინო, არამედ, საერთოდ, საქართველო გააცნო – ის ქვეყანა, რომელიც აქამდე მსოფლიო კინოფესტივალებზე მხოლოდ ჭიაურელის „სტალინური ფილმებით” იყო წარმოდგენილი.
ნანა ჯანელიძე:  „მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ფილმი გადაეღო კარგ ფირზე, „კოდაკზე” და ეს დარჩა ოცნებად... გული გაუსკდა, როცა კანში ნახა საბჭოთა ფირზე გადაღებული ფილმი. მაგრამ, აბულაძის ფილმებს არასდროს ეტყობოდა, რომ რეჟისორი უხარისხო, საბჭოთა ფირზე იღებდა. 1967 წელს, როცა ეკრანებზე მისი ახალი ფილმი „ვედრება” გამოვიდა, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების ამ ეკრანიზაციით უკმაყოფილო კრიტიკოსებიც კი აღნიშნავდნენ,
რომ თენგიზ აბულაძემ შექმნა რაღაც მაგიური გამოსახულება, სურათი, რომელმაც ვაჟას ენა – კინოს ენად აქცია. მაგრამ, უკმაყოფილო მაინც ბევრი დარჩა, განსაკუთრებით საბჭოთა კინოს იდეოლოგებს შორის: „ვაჟას გენიალურობა – მისი განსაკუთრებულობაა”, – უთქვამს თენგიზ აბულაძისთვის ერთხელ ვაჟა-ფშაველას სპეციალისტს, გრიგოლ კიკნაძეს, რომელსაც აბულაძე თავის მასწავლებლად მიიჩნევდა. პირველად „ვედრება” სწორედ ამ ადამიანს უჩვენეს...  თენგიზი სახლში გაბრწყინებული მოვიდა, ბატონ გრიშას უთქვამს, ისეთ რაღაცებს შეეხე შენ ვაჟას შემოქმედებაში, რაც ჩვენც კი, ლიტერატორებს, ჯერ არა გვაქვს დამუშავებულიო... ვაჟას რაღაც შტამპებით უყურებდნენ და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს იყო დიდი ფილოსოფოსი.”
„ვედრება” თენგიზ აბულაძის ტრილოგიის პირველი ფილმია. მეორე, „ნატვრის ხე”, 1976 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ტრილოგია „მონანიებამ” დააგვირგვინა. რა აერთიანებს ამ ფილმებს, რა არის ის ქვეტექსტი, რომელიც საზოგადოებამ ამოიკითხა მხოლოდ 80-იანი წლების მიწურულს, როცა „მონანიების” პრემიერის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ნგრევა დაიწყო? (წყარო: „რადიო თავისუფლება“).
ნანა ჯანელიძე: „საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ეს იყო თენგიზის ზე ამოცანა – ფილმი, თავისუფალი ნების ადამიანის შესახებ და ძალადობის წინააღმდეგ... მისი ფიქრი, რომ თავისუფლება არის პასუხისმგებლობა – როგორ უყურებ შენ სამყაროს...“ თენგიზ აბულაძე არ იყო „ტიპური ქართველი” – მოკლებული იყო იმ თვისებებს, რომელსაც, როგორც წესი, უცხოელები გვაწერენ ხოლმე – მხიარულებით არასდროს გამოირჩეოდა, არ ხმაურობდა, არ ბრწყინავდა, ცოტას ლაპარაკობდა. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით, მისი ფილმებიც „ამოვარდნილია” 60-იანი, 70-იანი წლების ქართული კინოს სტილისტიკიდან. მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით... ქართულმა კინომ ეგრეთ წოდებული „ზასტოის” ეპოქაში ხომ სწორედ იმიტომ გაითქვა სახელი მსოფლიოში, რომ საუკეთესო ფილმებში ავტორები მარადიულ თემებს ეჭიდებოდნენ და იოლად უპირისპირდებოდნენ სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკას... თენგიზ აბულაძემ, მართლაც, იგრძნო „კაცობრიობის სატკივარი”... ამიტომაცაა, ალბათ, რომ მისმა „მონანიებამ” ხელახლა გაუთქვა სახელი ქართულ კინოხელოვნებას. 80-იანი წლების მიწურულს ხშირად სწორედ ასე წერდნენ: „ქვეყანა, სადაც „მონანიება” გადაიღეს”... თუმცა ამ ქვეყანას „მონანიების” გადაღება ძვირად დაუჯდებოდა, ალბათ, საბჭოთა სისტემას ნგრევა რომ არ დაეწყო...“
скачать dle 11.3