კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რატომ განიცდის სიღარიბეში გაზრდილი ადამიანების ნახევარი მოზრდილობაში მძიმე ფინანსურ სირთულეებს და რატომ არის ფული ფსიქოლოგიური კატეგორია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


აშშ-ის სარეზერვო ფონდის მონაცემებით, როდესაც ზრდასრულ ადამიანებს ეკითხებოდნენ, ჰქონდათ თუ არა მათ ბავშვობაში ფინანსური პრობლემები, მათგან, რომლებმაც კითხვას დადებითი პასუხი გასცეს, 50 პროცენტს დღემდე მძიმე ფინანსური პრობლემების წინააღმდეგ უწევს ბრძოლა. საინტერესოა, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკის მონაცემები ჰარვარდის პროფესორების –  რაჯ ჩეტისა და ნათალილ ჰენდრენის, კვლევის შედეგებს იმეორებს. 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანის ბავშვობა მის სამომავლო ეკონომიკურ წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს. მეორე მხრივ, საქართველო განვითარებადი, ანუ ღარიბი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება და ჩვენი მომავალი თაობის არცთუ მცირე ნაწილი სიღატაკესა და სიღარიბეში ცხოვრობს. თუ ზემონახსენები კვლევის შედეგებს ვერწმუნებით და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ ვერწმუნოთ, გამოდის, რომ არც თუ სახარბიელო პერსპექტივა გვაქვს: რამდენიმე თაობაში დღევანდელმა ბავშვებმა უნდა ჩაიბარონ ქვეყანა და მართონ. ხოლო, თუ სიღარიბე დაღია, საბედისწერო წრეში ვყოფილვართ (ღარიბები მდიდარსა და ძლიერ სახელწიფოს ვერაფრით შექმნიან). ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ, არის თუ არა სიღარიბე დაუძლეველი დაღი და თუ ასეა, არის თუ არა შესაძლებელი მასთან გამკლავება.

–  სიღარიბე რა დაღს ასვამს ბავშვის ფსიქიკას? გარემო, რომელშიც იზრდება ბავშვი, როგორ გავლენას ახდენს მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე?
– გავლენას ყველაფერი ახდენს და, მით უმეტეს, გაჭირვებული ცხოვრება და ფინანსური სიდუხჭირე, უდავოდ, ახდენს ზეგავლენას მოზარდ თაობაზე. მთავარი ისაა, რომ სიღარიბე არის არა მხოლოდ ფინანსების დანაკლისი, არამედ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ გაკლია ყველაზე მთავარი: პერსპექტივის გრძნობა. როდესაც ხედავს ბავშვი, რომ მისი მშობლები, მისი გარემოცვა გაჭირვებას ვერ ძლევენ, ის ფაქტი, რომ უპერსპექტივობაა მათ წრეში, გაცილებით მეტი დანაკლისია, ვიდრე ფულის დანაკლისი.
– მაგრამ ამას იწვევს ფულის დანაკლისი?
– არა მხოლოდ. მეტწილად ის წარმოდგენები, რაც ადამიანებს აქვთ ცხოვრებაზე, რომ თუ ღარიბი ხარ, ღარიბად დარჩები, არაფერიც არ გვეშველება, არ არის გამოსავალი, ცუდი მთავრობა გვყავს, თორემ ჩვენ კარგად ვიცხოვრებდით. აი, ასეთი პარაზიტული მსჯელობებია სიღარიბის თანმხლები, თუმცა ეს შეიძლება, ახასიათებდეს ფინანსურად შედარებით ძლიერ ოჯახსაც. იმიტომ რომ, პარაზიტული აზროვნება, რომ სხვის კმაყოფაზე იცხოვრო და მთავრობის მომლოდინე იყო, არა მხოლოდ ღარიბებს, ინტელიგენციის წრეებსაც სჩვევიათ, რომლებიც ელოდებიან მთავრობისგან დივიდენდებს. ანუ სხვისი შემყურეები არიან – პატრონების თუ ზემდგომების. მეორე, მთავარი ფაქტორი ისაა, რომ სიღარიბემ შეჩვევა იცის. ადამიანი ეგუება სიღარიბეს და ის მისთვის ცხოვრების ჩვეული წესი ხდება. ამ წესის თანახმად, მას უნდა ჰქონდეს ცხოვრების დაბალი სტანდარტები. ის სამყროსგან მინიმუმს მოითხოვს, ოღონდ ლუკმაპური ჰქონდეს და მეტი რა უნდა ადამიანს?! სინამდვილეში, ლუკმაპური არ არის ყველაფერი. ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო სიღარიბე ძალიან საშიში სენია, იმ თვალისაზრისით, რომ მან იცის შეგუება. ადამიანს ჰგონია, რომ ასე უნდა იცხოვროს სამუდამოდ.
– შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველ ლხინსო?
–  ეგუება ადამიანი და მისთვის სიღარიბე ჩვეული რამ ხდება. ეჩვევა არა მარტო ფინანსების უქონლობას, არამედ სიღარიბის გარდაუვლობას. გარდაუვლობის სინდრომი უყალიბდება. ამიტომ ისინი ატარებენ იმ ბაცილას, რასაც ჰქვია ტრანსგენერაციული ზემოქმედება, ანუ თაობათა შორის ურთიერობებში გადატანა შენი საკუთარი ცხოვრების: თუ ღარიბი ხარ, სიღარიბისკენ უნდა წარიმართოს მომავალი თაობის ცხოვრებაც, რადგან ისინიც ეგუებიან იმ მდგომარეობას, როგორშიც შენ ცხოვრობ, არა მიბაძვის გამო, არამედ, რადგან ეს ცხოვრების წესი გახდა. ამდენად, ისეთ ქვეყანაში, სადაც სიღარიბეა, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ადამიანები არასდროს აკეთებენ დანაზოგს. ფიქრობენ, რა უნდა დავზოგო, როცა არაფერი მაქვს?! სინამდვილეში, დაზოგვა შეუძლია უკიდურეს მაწანწალასაც კი. მაგალითად, თუ მათხოვარი დღეში ხუთ ლარს აკეთებს, მეათედი რომ გადაინახოს, ანუ 50 თეთრი, ათ დღეში ისევ ხუთი ლარი ექნება. ესე იგი, დაუბრუნდება ერთი დღის სარჩენი ფული, თუ მისი სტანდარტი დღეში ხუთი ლარი. ანუ დაზოგვა აუცილებელი უნარ-ჩვევაა, რაც ფინანსურ სტაბილურობას ქმნის, მაგრამ იქ, სადაც სიღარიბეა, ადამიანები მიიჩნევენ, რომ მათ არ შეუძლიათ დაზოგვა. სინამდვილეში განა არ შეუძლიათ, შეუძლიათ, მაგრამ არ აკეთებენ და იმიტომ, რომ არ უნდათ: დაზოგონ ფული უპერსპექტივო მომავლისთვის. მართლაც, თუ, მათი აზრით, მათ მომავალს პერსპექტივა არ აქვს, რისთვის შეინახონ ფული?!
არადა დაზოგვის სქემა ჯერ კიდევ მოსეს დროინდელია. როდესაც ის სინას მთაზე ავიდა, არა მხოლოდ ღმერთის ცნებები ჩამოუტანა ადამიანებს, არამედ წესებიც, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ და მათ შორის, იყო ეგრე წოდებული მეათედის კანონიც, რომელსაც ყველა ებრაელი იყენებს.
– ჩვენთანაც იყო ეს მეათედის კანონი, ეკლესიისთვის უნდა შეგეწერა.
– ეს მოსედან მოდის, მაგრამ ადამიანიც ერთგვარი ეკლესიაა თავისი თავისთვის. ერთხელ მოდიხარ ამქვეყნად და ამიტომ ღირსეულად უნდა იცხოვრო და თუ დაზოგავ,  შექმნი სიმდიდრეს. ერთ-ერთი ჩინური ანდაზა ამბობს, თქვენ გგონიათ, შემოსავლები ქმნის სიმდიდრეს? არა –  სიმდიდრეს ქმნის დანაზოგი. იმიტომ რომ, როდესაც ბევრი შემოსავალი გაქვს, გასავალიც ბევრი გაქვს; თუ ბევრი შემოსავალი გაქვს, ბევრი თავისტკივილიც გაქვს და ასე შემდეგ. მე იმას კი არ ვამბობ, ცოტა შემოსავალი ჯობია ბევრ შემოსავალს-მეთქი, არამედ იმის თქმა მინდა, რომ დანაზოგები ქმნის შემოსავალს. თუ ჯიბეში ფული გაქვს და მიდიხარ მაღაზიაში, როგორც კი რაღაცას იყიდი, ის ფული გადადის სხვაგან. ფული გაცვლის საშუალებაა და ერთი ჯიბიდან მეორეში გადადის, მაგრამ, თუ შენ გაქვს დანაზოგი და შენს ამ დანაზოგს ბანკში პროცენტები ემატება, მაშინ შენ გაქვს საკუთრება, რომელსაც დივიდენდები მოაქვს. მაგრამ იმ საზოგადოებაში, რომელშიც სიღარიბე ჭარბობს, ადამიანებმა არ იციან კერძო საკუთრების ფასი და კერძო საკუთრება მხოლოდ ქონება ჰგონიათ. ამ დროს კერძო საკუთრება გაცილებით ფართო ცნებაა და კერძო საკუთრების პრინციპით ცხოვრების წესი, როგორც წესი, ფინანსური სტაბილურობისკენ ისწრაფის. ფული სულაც არაა სამარცხვინო რამ, თუმცა, მაგალითად, ჩემს დროს მიიჩნეოდა, რომ ფულის კეთება სამარცხვინოა და სწორედ აქედან მოდის ეს ტოტალური სიღარიბე. როდესაც საშუალო კლასის წარმომადგენლები სულს ღაფავენ სიღარიბისგან, იმიტომ რომ, ღარიბ ადამიანს ფულისადმი აქვს შინაგანი ზიზღი –  ფული ხელის ჭუჭყია, ფული სატანისაა, ფული ბოროტების სათავეა და მისთანანი. რომ შევაჯამო: თავისი გაჭირვებული ცხოვრების შემხედვარე ადამიანებს უპესპექტივობის გრძნობა აქვთ: როდესაც სიღარიბეს ეგუება, ეჩვევა ადამიანი და ეს ცხოვრების სტანდარტი ხდება, არც ზოგავს, იმიტომ რომ, რაკი უპერსპექტივობის განცდა აქვს, არ აფინანსებს თავის უპერსპექტივობას. თან, თუ ფული ხელის ჭუჭყია, ესე იგი, ქვეცნობიერად სძულს ფული, ხოლო ის, რაც გძულს, არასდროს მოვა შენთან. შენ თუ გძულს მამაკაცი, ხომ ვერ გათხოვდები მასზე და ისიც არ მოვა შენთან?! ასევეა, ფულიც, არ დაქორწინდება ფული შენზე, თუ გძულს. ადამიანებს აქვთ ბლოკები ფულისადმი და ამას განამტკიცებდა კომუნისტური რეჟიმიც. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რა არის ფინანსები, ამიტომ ამ სიძულვილის გამო და იმიტომაც, რომ არც ფინანსური განათლება აქვთ, უნდათ, რომ უპრაგონოდ აიღონ ვალები.
– დაზოგვის კულტურა არ გვაქვს, მაგრამ მოდად იქცა სესხების აღება, რომელთა გასტუმრების პერსპექტივა ბუნდოვანია. ესეც იმიტომ, რომ უპერსპექტივოდ მიიჩნევს თავის მომავალს და ამიტომ არ აინტერესებს, უფრო დაზარალდება თუ არა?
– ესეც საინტერესო თემაა: ვისაც დაზოგვა შეუძლია, მას შეუძლია, სესხი აიღოს და ძალიან ოპერატიულად გაისტუმროს კიდეც, იმიტომ რომ, აქვს წინმსწრებად გადახდის საშუალება. დაზოგვა იმის საშუალებაცაა, რაციონალურად აიღო სესხი და გამოიყენო ფინანსური წინსვლისთვის. ეს მთელი თეორიაა, შემიძლია, საათობით ვილაპარაკო. 10 პროცენტის თეორია მუშაობს და დაზოგვით ადამიანს უჩნდება დამოუკიდებლობის გრძნობა. მას აქვს თავისი სახსრები, მას აქვს მყარი ერთეული, რომელსაც მოაქვს ფული. როცა დანაზოგია ზრდად ანაბარზე, ფულს მოაქვს ფული, ეს ცოტა პროცენტია, მაგრამ ამ შემთხვევაში, პერსპექტივაა მნიშვნელოვანი. როდესაც შენ დგამ ასეთ ნაბიჯს, სამყაროც შენკენ დგამს ნაბიჯს და ჩნდება სხვა შემოსავლებიც. კონკრეტულ ადამიანებს ეს რომ დავუსაბუთო, კონკრეტულად მათი ცხოვრება უნდა განვიხილო და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ასეა. თავიდან არ გიჯერებენ, ისე აქვთ გამჯდარი ფულისადმი სიძულვილი და ეზარებათ დაზოგვა.
– ბავშვები რას შვრებიან ასეთ გარემოცვაში?
– ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ, მაგრამ აქ სხვა ნიუანსებიცაა. არიან ღარიბი ოჯახებიდან გამოსული ადამიანები, რომლებიც გამდიდრდნენ. მაგალითად, ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი.
– ეს უნდა მეკითხა, ასეთი შემთხვევები გამონაკლისია თუ კანონზომიერებაც?
– გამონაკლისიც არ არის, პირიქით, ძალიან ბევრი ცდილობს, მშობლების ცხოვრება არ გაიმეოროს. მშობელი და მისი ოჯახი ბევრისთვის ანტიმაგალითია და ისინი სხვა გზას ადგებიან.
– რა ვუსაშველოთ ისეთ ბავშვებს, რომლებიც ასეთ დუხჭირ გარემოში ცხოვრობენ და გადაედებათ ის ბლოკები, რომლებიც აქვთ მშობლებს?
– ფინანსური განათლების გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს. არსებობს ფინანსური განათლების საერთაშორისო პროგრამა და ჩემს შვილიშვილს სკოლაში ვუტარებ. მესამე კლასელია. დირექციას ვთხოვე და გახანგრძლივებულში ვუტარებ ბავშვებს. მაგრამ ეს უნდა იყოს საგნად. ბავშვებს უნდა ასწავლონ დაზოგვაც და სწორი ხარჯვაც, რაც, ასევე, აუცილებელია. ანუ სწორი ხარჯვის ძირითადი მოდელი ისაა, რომ ერთმანეთისგან განასხვავო საჭიროება და სურვილი. საჭიროებაა რაღაც აუცილებელი და გარდაუვალი, რისთვისაც ფული აუცილებლად უნდა დახარჯო. სურვილის დაკმაყოფილებაა, როდესაც შოკოლადს მიირთმევ, მაგრამ მედიკამენტი აუცილებლად უნდა იყიდო, როდესაც გჭირდება. წყლის დალევა და საჭმელი აუცილებლობაა, ტანსაცმელიც არ უნდა გეცვას გამოხეული. მაგრამ, სულაც, არ არის აუცილებელი, გეცვას დახეული ჯინსი, რაც ძალადობის სიმბოლოა. იმის სიმბოლოა, რომ ჩამოახიეს ტანზე, ძალა იხმარეს, როდესაც გოგონებს აცვიათ. ბიჭები კი ისეთ ჩხუბში იყვნენ, რომ დაგლიჯეს ერთმანეთი აგრესიისგან. ანუ გოგონა, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია, მსხვერპლის როლს თამაშობს და, რაკი ძალადობრივ გარემოში ვცხოვრობთ, ამით განამტკიცებენ მსხვერპლობის განცდას. ესე იგი, მოდის იდეოლოგები ამკვიდრებენ ადამიანებში მსხვერპლობის განცდას, რითაც ადვილი სამართავები არიან. ზოგმა ისიც კი თქვა, დახეული ჯინსი დეფლორაციის სიმბოლოაო. მოკლედ, უამრავი ახსნა აქვს, მოდა ხომ სიმბოლიკაზე იგება, როგორც წესი?!
– ღარიბები სამართავადაც იოლნი არიან? რაც ღარიბია, ნაკლები ფულით მოხიბლავ?
– სიღარიბე იმავდროულად კონსერვდება ამა თუ იმ საზოგადოებაში, იმიტომ რომ, ხელისუფლებისთვისაც ხელსაყრელია, რადგან ღარიბი ფენების მართვა ადვილია. ასე რომ, არ გეგონოთ, ხელისუფალი ზრუნავს მოსახლეობის მატერიალურ კეთილდღეობაზე. მას აინტერესებს თავისი ძალაუფლების შენარჩუნება: თუ ძალაუფლების შენარჩუნებაში კეთილდღეობა წაეხმარება, მაშინ შეუწყობს ხელს კეთილდღეობას, ანუ კეთილდღეობა და ძალაუფლება ერთმანეთის პირდაპირპროპორციული არ არის.
– დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები ხომ არიან მოტივირებულები მოსახლეობის კეთილდღეობაზე? იმიტომ რომ, ეს მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება?
– ეს კაპიტალიზმისთვისაა დამახასიათებელი, რაც ჩვენთან არ არის. ჩვენთან ბევრი რამ არ არის. მაგალითად, ძალიან საინტერესოა კრიპტოვალუტის თემა. ჩვენთან თითქმის არავინ იცის მის შესახებ. ერთადერთი, ვინც იცის, ივანიშვილია, დანარჩენებმა არ იციან. ამ მოვლენას პატივს ვცემ, პროგრესის მაჩვენებელია. წინ მიდის ტექნოლოგია და ფული მართლაც უნდა იყოს ისეთი ერთეული, რომელიც მოკლებული იქნება სუბიექტურობას. კრიპტოვალუტა იმართება ავტომატით, რობოტებით, რომლებიც მათემატიკურ ალგორითმს ემორჩილებიან და ასეთ ფულად სისტემას ინფლაცია და ამგვარი რამ არ ემართება. კაცობრიობა ახალ ეპოქაში შედის და ხალხი აზრზე არ არის. ეს იმ სიტუაციას ჰგავს, თბილისში რომ ორ ადამიანს ჰქონდა მობილური ტელეფონი. კრიპტოვალუტის შესახებაც ერთეულებმა იციან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ფინანსების მართვის კულტურა არ აქვს მოსახლეობას. ყველას უნდა ფული, მაგრამ ფულის სურვილი არ არის ფინანსების ცოდნა და, სხვათა შორის, ძალიან ფსიქოლოგიური კატეგორიაა ფული. სიხარბე, უიმედობა, სასოწარკვეთა ფულის მტრებია. რაც უფრო ხარბი ხარ, მით ბევრ ფულს მოხაპავ, მაგრამ უცებ გეტირება ყოფა, ან შენს შვილს მაინც, შენი გაუმაძღრობის გამო. ფულს უყვარს დისციპლინა. ჩვენი  ხალხი კი დისციპლინის მოყვარული არ არის. ფულს უყვარს თანმიმდევრულობა ხარჯვაში. ილია ჭავჭავაძე იყო ყველაფერში ნოვატორი. სწორედ მან შექმნა პირველი კოოპერატივები და სახელად დაარქვა „მომჭირნეობა“. ესე იგი, ის მიხვდა, რომ თუ რამ აკლია ქართველ კაცს, ეს არის მომჭირნეობა. არადა მომჭირნეობის კულტურა სადაც არ არის, იქ დაზოგვაზე ლაპარაკი რთულია.
скачать dle 11.3