კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№46 ბესიკ დუღაშვილი: მონასტერში წასვლა როგორ შეიძლება პიარად ჩათვალო. თვითმკვლელობაზე მართლა ვფიქრობდი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

რამდენიმე თვის წინ, მხატვარი ბესიკ დუღაშვილი გაუჩინარდა. მისი ბოლო წერილიდან გამომდინარე, ბევრმა იფიქრა, რომ მხატვარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, ცოტა ხანში, ცნობილი გახდა, რომ ის მონასტერში წავიდა. თვეების შემდეგ, უკან დაბრუნებულმა მხატვარმა პირველი გამოფენა სასულიერო თემატიკაზე გამართა.
ბესიკ დუღაშვილი:
დაახლოებით სამი თვის წინ, ქარელის რაიონში, საბერიოს მამათა მონასტერში, ძამის ხეობაში ჩავედი და გარკვეული პერიოდი იქ ვცხოვრობდი. ერთი ქვა ვნახე და მასზე თავისუფალ დროს ორნამენტის კეთება დავიწყე. მამაომ დაინახა და კანკელის მოჩუქურთმება შემომთავაზა. იმ პერიოდში სხვადასხვა მამაოსთან მიწევდა ურთიერთობა და მათი დახატვა მომინდა. საბერიოს მამათა მონასტრის წინამძოღლმა ეს ნახატები მეუფე იობს აჩვენა. მეუფე იობმა კურთხევა მომცა მღვდელ-მონაზვნების დასახატად. მაშინვე გაჩნდა გამოფენის მოწყობის იდეაც. თვე-ნახევარი ვხატავდი ორმოცდაათ ნახატს. მე საზოგადოება კარიკატურისტად მიცნობს. ამ გამოფენით ამ კლიშეს უნდა გავქცეოდი და მგონი, მოვახერხე კიდეც. გამოფენა შედგა, მაგრამ სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან შესაბამისი დაინტერესება არ იყო. არც სახელმწიფოს გამოუჩენია ყურადღება. მხოლოდ ჩემი მეგობრები დამეხმარნენ. ძალიან დიდი მადლობა ალოიზ მიზანდარის მუსიკალური სკოლის დირექტორს – ბატონ გელა ფარჩუკიძეს, რომელმაც შემომთავაზა, რომ ეს გამოფენა მის სკოლაში გამართულიყო. მადლობა მეგი ჯაკობიას, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ბიზნესი აქვს, მაინც დამიდგა გვერდში. ახლა მეუფის კურთხევით, კედლის მხატვრობის ტექნოლოგია უნდა შევისწავლო. გაზაფხულიდან, ალბათ, დავუბრუნდები ძამის ხეობას, სადაც ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი არის მოსახატი. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებასაც დავუბრუნდე. მე ძალიან სტრესული პერიოდი გადავიტანე.
– თქვენც, თქვენმა ახლობლებმაც და მთელმა საქართველომ ძალიან განიცადა თქვენი ამბავი. თქვენი „ფეისბუქ-პოსტიდან” გამომდინარე, ყველამ ჩათვალა, რომ თავი მოიკალით.
– გასაგებია, მაგრამ თუ იმ წერილს გულდასმით გადაიკითხავთ და თქვენ ეკლესიურად ცხოვრობთ, მიხვდებით, რომ მე იქ მსგავსი არაფერი მიწერია. „ერიდან გასვლა” თავის მოკვლას არ ნიშნავს. უბრალოდ, არ მინდოდა, ვინმეს სცოდნოდა სად ვიყავი. მერე დაიწყებოდა „შებმა” უკან დასაბრუნებლად. გადავწყვიტე, მონასტერში წავსულიყავი და ბერად აღვკვეცილიყავი. თუმცა, როგორც მე მინდა, ისე არ ხდება. ყველაფერი უფლის ნებაა. როგორც მითხრეს, მე ჯერ ერში არ ამომიწურია ჩემი თავი.
– რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება ბერად აღკვეცის შესახებ?
– გამოფენა, რომელიც მე გავაკეთე, ბესიკ დუღაშვილის ნიჭის გამოსამზეურებლად არ გაკეთებულა. მინდოდა, ხალხს მონასტრისკენ გაეხედა. მე ვარ საქართველოდან ერთადერთი მხატვარი, რომელიც კარიკატურისტთა ათეულში შედის. ეს ხომ საქართველოს სახელია?! მინდოდა, კარიკატურის ფესტივალიც მომეწყო, მაგრამ არც მერიიდან, არც კულტურის სამინისტროდან და არც კერძო პირებისგან დაინტერესება არ წამოვიდა. ამას დაემატა ისიც, რომ ოჯახი დამენგრა. ყველაფერი ძალიან ცუდად მიეწყო ერთმანეთს და ჩავთვალე, ალბათ, უფალს არ უნდა ჩემი ერში ყოფნა-მეთქი.
– თუმცა, ოჯახის წევრებს გაუგზავნეთ შეტყობინებები, რომელშიც ემშვიდობებოდით. წერდით: ჩემი ხსოვნა არ დაუკარგოთ ჩემს შვილებსო.
– როცა ერიდან გადიხარ, ოჯახთან ყოველდღიური ურთიერთობა ხომ არ გაქვს. მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან სწორად დამიწერია. ჩვენთან იყო მამაო, რომელსაც შვილებიც ჰყავდა და შვილიშვილებიც. შვილს ფიზიკურად არ ახსოვდა მამა, იმდენად პატარა იყო, ბერად რომ აღიკვეცა. მეც ამიტომ დავწერე ეს, რომ მამა ხსომებოდათ. მე, უბრალოდ, მხატვრულად გადმოვეცი ჩემი სათქმელი. საზოგადოებას ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი, იმისთვის, რომ დავაბრკოლე და უარყოფითი აჟიოტაჟი გამოვიწვიე. ტიპმა რა პიარი გაიკეთაო, – წერდნენ. მონასტერში წასვლა როგორ შეიძლება, პიარად ჩათვალო? საერთოდ, ადამიანი როგორიცაა ისე ფიქრობს. „ზოგი ჭირი მარგებელია” – ამბობენ და ამ ფაქტის შემდეგ დავინახე რამდენ ადამიანს ვყვარებივარ. თვითმკვლელობაზე მართლა ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი სახლის წინ ეკლესიაა. ყოველდღე ამ ეკლესიას ვუყურებდი და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ეკლესიაში წავსულიყავი.
– წაკითხული მაქვს თქვენი ძველი ინტერვიუ. ძალიან რთული პერიოდი გაქვთ მეუღლესთან ერთად გამოვლილი. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვგულისხმობ. ამ დროს თქვენც ძალიან ცუდად იყავით როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად.
– მე რომ გულმა თავი შემახსენა, ეს რა მოსატანია იმასთან, რაც ჩემს მეუღლეს სჭირდა. პრაქტიკულად, სიკვდილს გამოვდღლიზე ხელიდან. ამაში ძალიან დამეხმარნენ ჩემი მეგობრები, კარიკატურისტები და სრულიად უცხო ადამიანები. მათ შემაძლებინეს, რომ მაკა გადამერჩინა. გარდა ამისა, იყო პატარ-პატარა პრობლემები, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდი, ეს მაკას არ ეგრძნო. ამას მოჰყვა მაკას ოჯახის ტრაგედიები: ჯერ დედა გარდაეცვალა, შემდეგ ძმას შეექმნა პრობლემები, მალე მამა დაეღუპა. მაქსიმალურად ვცდილობდი, მისთვის ტკივილი შემემსუბუქებინა. თუმცა, ისე მოხდა, რომ ჩვენი ოჯახი მაინც დაინგრა. 16 წელიწად-ნახევარი ვიყავი ბედნიერი, რომ მიყვარდა. მეგონა, ჰარმონიული ოჯახი მქონდა. მაკას ვაღმერთებდი. გაიდეალებული მყავდა. ჩემი იდეალი რომ დაიმსხვრა, სადაც არ ველოდი, იქ რომ გაწყდა, ამან ყველაზე მეტად იმოქმედა. დაშორებამდე ორი თვით ადრე შეგვექმნა პრობლემები. შედეგიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩანს, რომ პრობლემები მანამდეც გვქონია, მაგრამ მე არ მინდოდა ამის დანახვა. პირდაპირ ვიტყვი, ადამიანს ასეთი მძიმე ავადმყოფობა დიდ დაღს ასვამს. მეგონა, მაკას ასეთი ცვლილება მისი ოპერაციის შემდგომი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო. ამიტომ, სულ ვფიქრობდი: რა მოხდა მერე, თუ ხასიათზე ვერ არის. განერვიულებული და გაღიზიანებულია, მოდი მე ამას გავაკეთებ და გადაუვლის-მეთქი. სულ ტყუილად ვცდილობდი. რაც არ არსებობს, იმას როგორ გადაარჩენ?! აღმოჩნდა, რომ არ ვუყვარდი.
– არ უყვარდით თუ აღარ უყვარდით? ამდენწლიანი ურთიერთობა გაკავშირებთ.
– კი, მაგრამ არ ვუყვარდი. ეგ არის საკვირველი. შეიძლება, თვითონაც ეგონა, ვუყვარდი. შეიძლება, ვცდები, მე ვარ არასწორი, გარეწარი, ნარკომანი, ლოთი და ის – მართალი. ერთ დედაოს მოვუყევი ჩემი ამბავი. გაეცინა და მითხრა: ამ ლეკვს ხომ ხედავ? ერთი წლისაა და ამას რამე რომ მოუვიდეს, მე გავგიჟდები. როგორ შეიძლება, 17 წელი ერთად ყოფილიყავით და სიყვარული არ გაჩენილიყოო? ალბათ, სხვა უყვარდა და მე ვერ გადავწონე ეს სიყვარული.
– შვილები როდის ნახეთ?
– შვილები შემთხვევით ვნახე. ეკლესიიდან გამოსვლას საერთოდ არ ვაპირებდი. უბრალოდ ისე მოხდა, რომ მამაომ ავტომობილის მართვა არ იცის. ამიტომ, მე მომიწია საჭესთან დაჯდომა და თბილისში ჩამოსვლა. ორ თვეზე მეტი იყო გასული ჩემი წასვლიდან. იმ ღამეს სახლში რომ მივედი, მაშინ ვნახე შვილები.
– როგორი იყო შეხვედრა? ცოტა მძიმე იყო, ალბათ, მათთვის ამ ყველაფრის ახსნა.
– ჩემი და შვილების პირველი შეხვედრის შესახებ არ მინდა, მოყოლა. ისეთი რთული მომენტი იყო, ან ტყუილი უნდა გითხრათ, ან ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო ამბავი მოგიყვეთ. ბავშვებმა მძიმედ გადაიტანეს ეს ამბავი. ემოციური შეხვედრა იყო, მაგრამ შემდეგ ჩვენი საუბარი არ იყო ისეთი, როგორიც მინდოდა, ყოფილიყო. ბიჭი 16 წლისაა, გოგო – 13-ის.
– საბოლოოდ, დაალაგეთ მათთან ურთიერთობა?
– ეს ურთიერთობა არასდროს აღარ დალაგდება. შვილებთან ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ის ყოველთვის აწეწილი იქნება. ნურავინ დამიწყებს მტკიცებას, რომ მშობლების დაშორების შემდეგ, ორად გახლეჩილი ურთიერთობა დალაგებულია. აი, როცა თავიანთი ოჯახები ექნებათ, შეიძლება, ურთიერთობების მოგვარება.
– დანაშაულის შეგრძნება გქონდათ?
– მერე გამიჩნდა დანაშაულის გრძნობა. ამდენ ადამიანს ვყვარებივარ და მაპატიოს, თუ ვინმე დავაბრკოლე. მინდა, მათ შენდობა ვთხოვო. მაგრამ იმ პერიოდში, ისეთი სტრესული მდგომარეობა მქონდა, მოსალოდნელი შედეგი ვერ გავაცნობიერე.
скачать dle 11.3