კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ვის „ჩაშვებას“ სთხოვდნენ პოლიციელები ამირან კვირიკაშვილს და როგორ მიიყვანეს შვილის დასატირებლად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დედა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

გასულ კვირას, ხარაგაულის რაიონში, 28 წლის მამაკაცმა – ამირან კვირიკაშვილმა თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ოჯახი თვითმკვლელობის მიზეზად ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ზეწოლას მიიჩნევს.  
თორნიკე გაბარაშვილი (გარდაცვლილის დის ქმარი): ამირანი საკუთარმა ძმამ იპოვა თოკით ხეზე ჩამოკიდებული – ეზოდან, დაახლოებით, სამასი მეტრის მოშორებით, ტყეში. ხუთ ნოემბერს მოხდა ეს უბედურება. ოჯახში საშინელება ტრიალებს. ბიჭის დედა გაუნძრეველი ავადმყოფია. ექიმის კონსულტაციის შემდეგ, ძლივს მოვიყვანე სახლში, რომ შვილი დაეტირებინა. ქალს გულმა დაარტყა და გაუნძრევლად იწვა. გადაადგილება არ შეეძლო დამოუკიდებლად და ასეთ მდგომარეობაში შვილმა თავი მოიკლა. საშინელ მდგომარეობაშია. ძმები და და 28 წლის ძმის ცხედარს ადგანან თავზე.
– რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ეს ამბავი ცნობილი. მანამდე რატომ არ სცადეთ მედიასთან დაკავშირება?
– აქამდე ვცადე კი არა, რაც ჟურნალისტები ჩაერთნენ ამ ამბავში, პოლიციიდან მოდის ხმები, რომ უფრო უარესს დამართებენ მათ, ვინც ცოცხალი დარჩა. ზეწოლის ქვეშ ვართ. პოლიციამ რომ გაიგო, ჟურნალისტებთან ურთიერთობა გვქონდა, ღამის სამ საათზე მიაკითხეს მოწმეებს და ემუქრებოდნენ. ახლა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ვერ ეკარებიან. იმიტომ, რომ აქ ოჯახის წევრების გარდა, უამრავი ხალხია,  ჩვენთან ვერ მოდიან. მაგრამ, სოფელში ხომ არიან მოწმეები, რომლებმაც გარდაცვლილისგან იციან, რომ პოლიციისგან ზეწოლას განიცდიდა. ამის გამო კი, შეიძლებოდა, თავი მოეკლა, რადგან მათთან ურთიერთობას სიკვდილი ერჩივნა. ამიტომ მიდიოდა მოწმეებზე ზეწოლა. ამ ადამიანებს ამ ყველაფერზე საუბარს უკრძალავენ. დაჭერით, შვილის განადგურებითა და რით აღარ ემუქრებიან. ჩვენს ნათესავსაც უთხრეს, შენ ნუ ჩაერევი ჟურნალისტებთან ურთიერთობაში, თორემ უარესს დამართებენ მის ძმებსო.
– რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი?
– გარდაცვლილი უპატიოსნესი ადამიანი იყო. ვერავინ იტყვის მასზე, რომ რამეს აშავებდა. მაგრამ, ამ პოლიციელებმა იცოდნენ, რომ თუ რამეს დაუშავებდნენ, პასუხს არავინ მოსთხოვდა – „დაბალი ღობე“ ნახეს. როგორც მისი ნათქვამიდან გავიგე, მისგან თანამშრომლობას ითხოვდნენ. ამან უარი უთხრა, მე ამას ვერ გავაკეთებო. ვიღაცების „ჩაშვებას“ სთხოვდნენ. ეს ამაზე არ იყო წამსვლელი და პოლიციიდან წამოსვლიდან სამი დღის შემდეგ, თავი მოიკლა. პოლიციაში დაიბარეს, ხუთი საათი ჰყავდათ იქ და რომ გამოუშვეს, უთხრეს, არსად გაამხილო, პოლიციაში რომ იყავიო. ამირანი ამბობდა, მივალ და მოვკლავო. კი თქვა, მაგრამ მაგის გამკეთებელი არ იყო, ამიტომაც მოიკლა თავი.
სამი დღის ნაოპერაციები იყო, პოლიცია გზაზე რომ შეხვდა. მდინარე გადაცურა და მეორე მხარეს გადავიდა, მათ რომ არ შეჩეხოდა, იმდენად ეშინოდა. სამი დღის ნაოპერაციებ, ნაკერებიან ადამიანზე გეუბნებით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციაში ჰყავდათ ხუთი საათის განმავლობაში.
– რა ოპერაციას გულისხმობთ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?
– ხერხემლის მალები შეუცვალეს. ძვალი ამოუღეს და პლასტმასი ჩაუსვეს. ბიჭი ოპერაციის გაკეთებამდე მდინარის პირას დადიოდა და ჯართს აგროვებდა. ამდენი რკინა საიდან მოიტანეო, ამაზე ედავებოდნენ. უამრავი მოწმე არსებობს, ვინც ყვება, რომ ეს ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა. ზუსტად ამის გამო დასჭირდა მეორე ოპერაცია. ერთი წლის წინ გაიკეთა პირველი ოპერაცია ხერხემალზე. მისთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ოჯახს უჭირდა და მაინც შრომობდა. ამიტომ, გახდა ისევ საოპერაციო. ესენი ემუქრებოდნენ, თუ ჩვენთან არ ითანამშრომლებ, ძმას გაგინადგურებთო. ყველას ერთნაირი ფსიქიკა ხომ არ აქვს, ამან ვერ გაუძლო ზეწოლას და თავი მოიკლა. სახლში მოაკითხეს და მამამისს უთხრეს, ათი წუთი გავესაუბრებით თქვენს შვილსო. მამამისმა გააყოლა და თვითონაც უკან გაჰყვა. შესვენებაზე პოლიციელები რომ გამოვიდნენ საჭმელად, კაცი გადაირია: თქვენ გინდათ ჭამა და ჩემი ნაოპერაციები შვილი ხუთი საათია, შიგნით გყავთ და მას არ სჭირდება საჭმელი, ამდენ ხანს რომ არ უშვებთო?! მასთან ერთად მისი ორი ძმაც ჰყავდათ წაყვანილი. ერთი ბატარეაზე ჰყავდათ მიბმული. ამ ხერხემალნაოპერაციები ბიჭის ხერხემალზე ფეხებით გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ. ეს აქეთ ბღაოდა სიმწრისგან და ის იქით ჰყავდათ დაბმული. მეორე ძმა ფსიქიკურად შეურაცხადია. თუმცა, ისე ავად არაა, რომ  აზრი ვერ გამოიტანოს. მესამე ძმას ფული მისცეს, წადი სიგარეტი იყიდე, შენც გამოგვადგები რაღაცებშიო. ამბობს, ფურცლებზე მომაწერინეს ხელიო, ამ დროს წერა-კითხვა არ იცის. ეს ამბები ხდებოდა თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე. მეორედ დაიბარეს კიდევ და ახლა მიცვალებული გვყავს სახლში. იქ მისვლას სიკვდილი არჩია.
ერთი ძმა დაოჯახებულია, მასთან ერთად ჰყავდათ პოლიციაში და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ის მარიახუანის მოხმარების გამო, ფსიქიატრიულში მოათავსეს, ციხეში რომ არ გაეშვათ და 12 წელი არ მიესაჯათ. ეს დაახლოებით სამი-ოთხი წლის წინ მოხდა. ფსიქიატრიულიდან ერთ თვეში გამოვიდა. ეს იყო ერთადერთ გზა მის გადასარჩენად, თორემ შვიდი გრამი მარიხუანისთვის ჩასვამდნენ ციხეში. ახალი დაქორწინებული იყო და თვეების ბავშვი ჰყავდა. პირდაპირ ემუქრებოდნენ გარდაცვლილს: „შენ თუ ვერაფერს გიზამთ, შენს ძმას დედას მ...”, ან შენ თავზე აიღებ დანაშაულს, ან ვინმეს დააბრალებო. ჩვენთან უნდა ითანამშრომლო და გვითხრა, ვინ მოიხმარს მარიხუანასო. რადგან მისი ძმა მოიხმარდა, ფიქრობდნენ, რომ ამას ეცოდინებოდა, ვინ იყო მომხმარებელი. მეორე ძმას, რომელიც მოიხმარდა, უთხრეს, შენ გიჟი ხარ და პასუხს ვერ მოგთხოვთო. თუმცა, დაბმული ჰყავდათ და სცემდნენ.
ამ ოჯახს და რომელიღაც პოლიციელის ოჯახს წლების განმავლობაში ჰქონდათ ერთმანეთთან რაღაც წყენა. პოლიციელისა და გარდაცვლილის დედებს ჰქონდათ დაპირისპირება. ოთხი წლის წინ მოვიდნენ და მარიხუანა ჩაუდეს ამის ძმას. მას თვითონაც ჰქონდა მარიხუანა, მაგრამ ამათ დაუმატეს. რადგან, რაც თვითონ ჰქონდა, ის არ იყო საკმარისი მისასჯელად.
უშუალოდ ამის შემსრულებელი, პოლიციის უფროსის მოადგილეა, გვარად რიკაძე. მეორე კი, კალატოზია გვარად. სულ რვა პოლიციელზეა ლაპარაკი. ეს ადამიანები ისევ ჩვეულებრივად მუშაობენ.
скачать dle 11.3