კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 როგორ გაიტაცეს მილიონ 150 ათასი მანეთი თბილისის შემნახველი სალაროდან

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

უპრეცედენტო ძარცვა
1970 წლის 3 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე, თეატრის გვერდით მდებარე შემნახველი სალაროს მმართველი, ვახტანგ ჯიქია პირველი მივიდა სამსახურში და ახალი სამუშაო კვირა რომ წარმატებით დაეწყო, რადგან ორშაბათი იყო, ზღურბლზე მარჯვენა ფეხით გადააბიჯა. თუმცა, კვირა კოშმარულად დაიწყო... როგორც კი მთავარ, ცეცხლგამძლე სეიფთან მივიდა და გააღო, გაშეშდა. სეიფი ცარიელი იყო და იქიდან მილიონ ას ორმოცდაათი ათასი მანეთი იყო გამქრალი. 51 წლის ჯიქიამ მილიციის ნომერი აკრიფა და მხოლოდ ამის თქმა მოახერხა:
– გაგვძარცვეს. სეიფიდან მილიონ... – შემდეგ ჯიქიას ინფარქტმა დაარტყა და გაშავებული, იქვე ჩაიკეცა.
მილიცია მაინც დროულად მივიდა, რადგან დამრეკის ადგილმდებარეობა „ატეესიდან“ (ავტომატური სატელეფონო სადგური) დაადგინეს. გათიშული, მაგრამ ცოცხალი ჯიქია კარდიოლოგიურ კლინიკაში წაიყვანეს და გადაარჩინეს. თუმცა, მაინც ძალიან მძიმედ იყო და მისი დაკითხვა არ შეიძლებოდა. მოკვლევის შედეგად მილიციამ ოცმეტრიანი გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც რუსთაველის თეატრის სარდაფიდან გაეთხარათ და გაძარცვული სალაროს ტუალეტში ამოდიოდა. უფრო სწორად, გათხრილი იყო მხოლოდ სამ-ნახევარი მეტრი ვერტიკალურად, ტუალეტის ქვეშ. გვირაბი კი ძველი საკანალიზაციო კოლექტორი გახლდათ და რადგან გაუქმებული იყო, ათეული წლების განმავლობაში ჩაიხერგა. ექსპერტ-კრიმინალისტები განსაკუთრებით იმან გააოცა, რომ სიგნალიზაცია უბრალო თმის სამაგრისგან („შპილკა“) გაკეთებული წინაღობით იყო დაბლოკილი, რომელიც მავთულებში გაერჭოთ. ჩახლართულსაკეტებიანი „ზვნ-ს“ უახლესი სეიფი კი – სუფთად, ყოველგვარი მექანიკური ზემოქმედების გარეშე იყო გახსნილი და ასევე, ჩაკეტილი.
– ეს მერაბ კაშიას ხელწერას ჰგავს და წყალი არ გაუვა, – დაასკვნა პოლკოვნიკმა გედევან თევდორაძემ, – „კაშო“ უნდა „დააკაჩავოთ“ და გამოტეხოთ.
შემნახველი სალაროს ეს ძარცვა უპრეცედენტო იყო და მილიცია ცნობილი „მედვეჟატნიკის“ ასაყვანად გაემართა ავლაბარში.

„კაშო“
46 წლის „კაშო“ უნიკალური ბიოგრაფიის ადამიანი გახლდათ. მას უმაღლესი ტექნიკური განათლება ჰქონდა მიღებული – მოსკოვის „ფიზიკა-ტექნიკური“ ინსტიტუტი დაამთავრა. დიდი სამამულო ომის დროს, ჯერ კიდევ სტუდენტი, 20 წლის კაშია საბჭოთა მზვერავებს დაეხმარა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოპერაციაში. მერაბმა გამოცდილ მზვერავებთან ერთად, ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ვარშავის „გესტაპოს“ შენობაში შეაღწია, მთავარი სეიფის სიგნალიზაცია დაბლოკა და  ამის მერე, მზვერავებმა სეიფი ავტოგენით გაჭრეს. იქიდან საიდუმლო საბუთები გაიტაცეს და მოსკოვში დაბრუნდნენ. ამ ოპერაციაში წარმატებული მონაწილეობისთვის მერაბს „წითელი ვარსკვლავის“ ორდენი გადასცეს. კაშია კი იმიტომ ჩართეს ამ ოპერაციაში, რომ ნიჭიერი სტუდენტი ელექტრონული სისტემების დახვეწაზე წარმატებით მუშაობდა პროფესორ მიხეილ კესარევთან და სწორედ პროფესორმა შესთავაზა „ენკავედეს“ მისი კანდიდატურა. 1948 წელს, 24 წლის მერაბმა საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა და მექანიკური ქარხნის წამყვანი ინჟინერი გახდა. თუმცა, 1955 წელს, 31 წლის მერაბი მილიციამ დააპატიმრა. ყველა, მათ შორის, პროფესორი კესარევი, შოკში იყო. საქმე კი ის გახლდათ, რომ მერაბ კაშია ოთხი შემნახველი სალაროს ძარცვაში ამხილეს, საიდანაც, საბოლოო ჯამში, მან 110 ათასი მანეთი გაიტაცა.  მერაბზე მხოლოდ იმიტომ აიღეს ეჭვი, რომ ოთხივე ძარცვის დროს, სიგნალიზაცია საიმედოდ იყო დაბლოკილი. მისი მაშინვე დაპატიმრება ვერ გაბედეს, რადგან უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობდა, თანაც თანამდებობის პირი გახლდათ. ამიტომ, ფარულად დაასხდნენ კუდზე და „მურმა“ ის მაშინ დააპატიმრა, როცა მეხუთე სეიფის გაძარცვას აპირებდა. რადგან კაშია ორდენოსანი და თანამდებობის პირი იყო, თანაც მასზე პროფესორი კესარევი ხლაფორთობდა და ნაძარცვი ფულიდანაც კაპიკი არ ჰქონდა დახარჯული, პირობით, ათწლიანი სასჯელი მისცეს და გაათავისუფლეს. მართალია, სამსახურში აღარ აღუდგენიათ, მაგრამ კესარევის ლაბორატორიაში განაგრძობდა ექსპერიმენტებს. გამომძიებლები იმანაც გააოგნა, თუ როგორ მოახერხა კაშიამ სეიფების გახსნა მათი გაჭრის გარეშე, რაზეც თავად მერაბმა ასეთი განმარტება გააკეთა:
– უნივერსალური, მექანიკური მოწყობილობით, რომელიც მე მოვიგონე და „მურმა“ ჩამომართვაო. და, მართლაც, ჩამორთმეული მოწყობილობა ერთგვარი მექანიკური „ატმიჩკა“ იყო, რომელიც თითქმის ყველა სეიფის საკეტს ერგებოდა.
1956 წელს, პროფესორი კესარევი გარდაიცვალა. ლაბორატორიის ახალმა ხელმძღვანელმა კი, მერაბი სამსახურიდან „არაკეთილსაიმედოობის“ გამო გაათავისუფლა (ათწლიანი პირობითი სასჯელის გამო) და 32 წლის ცოლ-შვილიანი  (მერაბს 3 წლის გოგონა ჰყავდა) კაცი ულუკმაპუროდ დატოვა. მერაბმა სამსახურში მოწყობა სცადა, მაგრამ არსად იღებდნენ. ამიტომ, მან კვლავ ძარცვას მოჰკიდა ხელი და კიევსა და ლვოვში ორი სეიფი გაძარცვა და საერთო ჯამში, 50 ათასი მანეთი გაიტაცა. მოსკოვში რომ ჩამოვიდა, მას უკვე ეძებდნენ და მერაბი სწორედ გედევან თევდორაძემ დააპატიმრა, რომელიც მაშინ „მურში“ მუშაობდა. მერაბი ხელახლა გაასამართლეს, მის პირობით სასჯელს ერთიც მიუმატეს და 11 წლით საპყრობილეში ჩასვეს. მან სრულად მოიხადა პატიმრობის ვადა და 1968 წელს, ცოლ-შვილთან ერთად, თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. თბილისშივე დაბრუნდა გედევან თევდორაძეც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში, განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მერაბი კი, რომელსაც უკვე ციხეში შერქმეული მეტსახელი „კაშო“ ერქვა, თბილისის უნივერმაღში მდებარე, პატარა საამქროში მუშაობდა და გრავიურებს აკეთებდა საჩუქრებზე.

მოკითხვის ბარათი
„კაშოს“ასაყვანად მისულ მილიციელებს სიურპრიზი ელოდათ. სახლში მათ მერაბის 17 წლის, ატირებული ქალიშვილი, იანა დახვდათ, რომელმაც თქვა: „მამა 29 ივლისს დაიჭირეს ბათუმში და დედა იქაა. მე კი თბილისში გამომიშვეს. ზღვაზე ვისვენებდით. იქ კი, ერთი ადგილობრივი ბიჭი შემომიჩნდა და მოსვენებას არ მაძლევდა. ჩემთან შეხვედრა უნდოდა. მამას მასთან კონფლიქტი მოუვიდა და ბიჭი სცემა, რომელსაც  ტვინის შერყევა აქვს. მამა კი დაიჭირეს“. თბილისელ მილიციელთა ოპერჯგუფი სასწრაფოდ ბათუმში გაემგზავრა და „კაშო“ მათ მილიციის სამმართველოს საკანში დახვდათ. მიუხედავად იმისა, რომ მერაბი ძარცვის ღამეს, 2 აგვისტოს უკვე დაპატიმრებული იყო, გააფთრებულმა გედეონ თევდორაძემ და სამმართველოს უფროსმა ის სასტიკად სცემეს და ძარცვის აღიარებას სთხოვდნენ. „კაშო“ კი იცინოდა და იმეორებდა: „აქ ვიჯექი და ერთდროულად აქაც და იქაც როგორ ვიქნებოდიო?“ მილიციელი მაღალჩინოსნები ვარაუდობდნენ, რომ „კაშომ“ საქმე წინასწარ მოამზადა და თავის უცნობ შეგირდს გააკეთებინა. ალიბის შესაქმნელად კი თავად ხულიგნობაზე ჩაჯდა... ასეთ ძარცვას შეგირდი ვერ ჩაიდენდა, ამას ჩემი კვალიფიკაცია სჭირდება. როგორც ეტყობა, გენიოსი „მედვეჟატნიკი“ გამოჩნდაო, – ამბობდა მერაბ კაშია. „კაშოს“ ალიბით გამწარებულმა გედევან თევდორაძემ მერაბს მარჯვენა ხელი მოსტეხა და მხოლოდ ამის მერე დაანება თავი.
„კაშო“ ხულიგნობისთვის ორი წლით ჩასვეს ციხეში და 1972 წელს გათავისუფლდა. 1973 წელს კი, მერაბი და მისი ცოლ-შვილი თბილისიდან გაუჩინარდნენ.
1974 წლის დასაწყისში პოლკოვნიკმა გედევან თევდორაძემ თავისი სახლის ფოსტის ყუთში ბარათი აღმოაჩინა, რომელშიც ეწერა: „მოტეხილი ხელი უკვე მომირჩა. ჯანმრთელობასაც არ ვუჩივი, რადგან, როცა მილიონზე მეტი გიდევს ჯიბეში, რა მოგკლავს. ამ მოკითხვას ძალიან შორიდან გითვლი და შენი კოლეგები დამიკოცნე. „კაშო“
შემნახველი სალაროს ძარცვა „კაშოს“ ჩადენილი იყო და თევდორაძე არ ცდებოდა. მას (კაშოს) თავისი ქალიშვილი, იანა დაეხმარა. ხულიგნობისთვის საკანში მჯდომი მერაბი კი ძარცვის წინ რიგითმა, მორიგე მილიციელმა, ბათუმელმა კოტე გოგიტიძემ გაიყვანა საკნიდან და შემდეგ უკან დააბრუნა. ობოლი კოტე, კაშიებთან ერთად, არალეგალურად გადავიდა უცხოეთში.
скачать dle 11.3