კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ვინ არის TWX, რომლის გრანდიოზულმა ქორწილმაც საქართველო აალაპარაკა

თათია ფარესაშვილი ნინი კანდელაკი

 სავარდო და სამაისო ქალაქში,  ვარდის ფურცლებზე დაწერილი სიყვარულის ისტორია, თეოს & TWX-ის საოცრად ლამაზი ქორწილის ამბავი, რომელმაც ყველა აალაპარაკა და ინტერნეტსივრცეც დაიპყრო, 2016 წლის საუკეთესო ქორწილად დასახელდა. იმ დღეს ქუთაისში სასწაული  ხდებოდა,  ცა და დედამიწა ერთნაირად ხარობდა. ვერტმფრენიდან  თეოსთვის ვარდის ფურცლები ცვიოდა. გრანდიოზული ფოიერვერკები ზეცაში  სიყვარულის ქალღმერთს, ლამაზი წყვილის შეუღლებას ამცნობდა. ზღაპრულ ქორწილში  რაღას არ ნახავდით. იქ იყო ყველაფერი: ჟონგლიორები, მიმები – გაცოცხლებული მითები, იყო თეატრალური სანახაობა,  უთვალავი სიურპრიზი,  მარგალიტის თვლებით მოჭედილი დედოფლის შთამბეჭდავი საქორწინო კაბა და უნიკალური დეტალები, რაც ქორწილის კარგად ორგანიზებულობას უსვამდა ხაზს. ამ ულამაზეს სანახაობას,  რესტორანი „გრანდ პალასი” მასპინძლობდა.  
რა თქმა უნდა, ამ ქორწილმა ცნობისმოყვარე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. კეთილის მსურველებთან ერთად,  წყვილს მოშურნეებიც გამოუჩნდნენ და ჭორების შეთხზვაც დაიწყეს. ყველას კი, ერთი კითხვა აწუხებდა: რამდენი  მილიონი დაჯდა ეს ზღაპრული ქორწილი?  უამრავი ჟურნალისტი ნადირობდა წყვილზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ გაგვიმართლა. ცნობილი ბიზნესმენი გაგა თუთისანი, რომელიც ტყუპისცალია და მეტსახელად  TWX შეარქვეს, ინტერვიუზე  დავითანხმეთ და ქუთაისში, ოჯახში ვესტუმრეთ. კარი მისმა მეუღლემ,  თეო ჭეიშვილმა  გაგვიღო. ის უკვე დედაა და  დიდი სიყვარულის პატარა ნაყოფი – დემეტრე ჰყავს ხელში აყვანილი. დემე ისეთი მომღიმარი და საყვარელი ბავშვია,  კინაღამ დაგვავიწყდა, რისთვის მივედით.  საქორწინო კლიპიდან მათი

მდიდრული სახლი ამოვიცანით. უზარმაზარ  სახლში მხოლოდ გაგა, თეო და ოჯახის მთავარი დიასახლისი, გაგას დედა – ქალბატონი თამილა დაგვხვდნენ, ველოდებით, როდის შეიქმნება ოფიციალური გარემო და როდის გამოვა უნიფორმაში გამოწყობილი მოსამსახურე ქალბატონი. ანდა, ბავშვის ძიძა როდის შემოვა. აღმოჩნდა, რომ ოჯახს არცერთი მოსამსახურე არ ჰყავს და არც აპირებენ, რომ ბავშვს ძიძა აუყვანონ. თეო გვიყვება, რომ ბავშვს დედამთილთან ერთად ზრდის, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თეო ყოფილი მოდელია, „მის გრაციას” ტიტულიც მოიპოვა. ის ძალიან უშუალო, თავმდაბალი, ჭკვიანი, სასიამოვნო, ლამაზი და კომფორტული ადამიანია. შეყვარებული ქალის თვალებით იყურება და გვიმხელს, რომ ძალიან უყვარს გაგა და ქრონიკულად ენატრება.  გაგა თუთისანმა, თავის ტყუპისცალთან ერთად, საქმიანობა 15 წლისამ დაიწყო. ჯერ იყო  სიგარეტის ბიზნესში, შემდეგ სუპერმარკეტების ქსელი გახსნა და ასე, დაუღალავი შრომით, იქმნებოდა მისი ბიზნესკაპიტალი. თუმცა, ქუთაისში  ყველას უკვირდა ტყუპების თავდაუზოგავი შრომის ამბავი, რადგან  გაგა და გიგა  ცნობილი ბიზნესმენის, ქველმოქმედისა და ქუთაისელი კოლორიტის შვილები არიან. მათი მამა, ვლადიმერ-ვოვა თუთისანია. ამ კაცზე ამბობენ,  მკაცრია, ცოტა ბრაზიანიც, მაგრამ დიდი და გულჩვილი გული აქვსო. ერთხელ ვოვა თუთისანმა უნარშეზღუდული ბავშვის გერმანიაში ოპერაცია დააფინანსა. ორი წლის შემდეგ, მშობლებმა თუთისანს სიურპრიზი მოუწყვეს,  პატარა ბიჭი ფეხბურთის ბურთით ფოიეში დაახვედრეს. თუთისანმა ბავშვი ვერ იცნო და შენიშვნა მისცა: შვილო, ფეხებში ნუ მედებიო... მაშინ კი, სიურპრიზის ავტორებმა თუთისანს  უთხრეს:  ეს ის ბავშვია, 2 წლის წინ რომ ვერ დადიოდა და დღეს, თქვენი წყალობით, დარბისო.  ვოვა თუთისანის  დაუვიწყარ ემოციასა და სიხარულის ცრემლებზე, დღემდე  ყვებიან. თავად კი არ უყვარს ამ თემებზე საუბარი.
ცნობისთვის, თუთისანი ლეჩხუმური გვარია. ფუძედ გამოყენებულია წმიდა ქალის საკუთარი სახელი – თუთა.  ახლა ვოვა თუთისანი ლეჩხუმშია, ტაძარს აშენებს, ფაქტობრივად, მშენებლობა დასრულებულია. გაგა ფოტოებს გვაჩვენებს, ეს უნიკალურია, რაც კი ოდესმე მინახავს. და მაინც, ამ ოჯახის გვირგვინი, ვოვა თუთისანის მეუღლე – თამილა ბაზაძეა. მან მოახერხა ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოეხდინა, მარტივად გეტყვით – დედობისა და ადამიანობის ჩემპიონია. ტყუპების გარდა, ქალიშვილი ჰყავს,  6 შვილიშვილის ბებიაა. „რძლებს და შვილებს არ ვარჩევ ერთმანეთისგან. ახლა უკვე ყველა ჩემი შვილია  და ამათთვის ვიხარჯები,” – გვიყვება ქალბატონი თამილა. მაშ ასე,   ჟურნალი „თბილისელები” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს თეოსთან და გაგასთან. მათი სიყვარულის ისტორია კი, ასე დაიწყო.   

გაგა თუთისანი: მე და თეომ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით და ძალიან მომეწონა, მაგრამ დაახლოებით, 4-5 თვე არ დავკონტაქტებივარ. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში მის „ფეისბუქ-გვერდს” აქტიურად ვადევნებდი თვალს და დიდხანს ვფიქრობდი, მიმეწერა, თუ არა. ბოლოს გადავწყვიტე, მიწერა და ასე, მიმოწერით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ჩვენი  პირველი შეხვედრა შედგა.
– თეოსთან, თქვენი პირველი პაემანი გახსოვთ?
– რა თქმა უნდა, პირველ პაემანზე 1992 წლის „ე” კლასის „მერსედესით” მივედი და ამ მანქანით ვაკითხავდი პირველი 2 კვირა. ყველამ იცის, ჩემი
განსაკუთრებული დამოკიდებულება მანქანების მიმართ. მაგრამ, არ მინდოდა, რომ  კარგი მანქანით მომეხდინა თეოზე შთაბეჭდილება. რაც შეხვედრები დავიწყეთ, უფრო დავახლოვდით. მოწონება მალე დიდ სიყვარულში გადაიზარდა და დღეს გვყავს პატარა დემეტრე, რომელიც მეცხრე თვეშია. ვფიქრობ, სამ შვილზე ნაკლები არ უნდა ჰყავდეს ადამიანს. თუმცა, ყველაფერი ღმერთის ნებაა.
– თეო, თქვენ როდის იგრძენით პირველად გაგას მიმართ სიმპათია?
თეო ჭეიშვილი: ერთ დღეს ძალიან სერიოზულად ვიჩხუბეთ, თუმცა, ჩხუბის მიზეზიც  აღარ მახსოვს.  დაახლოებით, ერთი თვე ვიყავი გულმოსული მაგრამ, ამ ხნის განმავლობაში, სულ გაგაზე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ გულგრილი არ ვიყავი მის მიმართ.
– გაგა,  სიურპრიზების გაკეთება თუ გიყვარს და თეოსთვის რა განსაკუთრებული სიგიჟე ჩაგიდენია?
გაგა: (იცინის) მახსოვს, თბილისში ვიყავი, ქუთაისში რომ ჩამოვედი, ღამის 12 საათი იყო. ვფიქრობდი, რა მექნა, რით გამეხარებინა. ამ დროს ყველაფერი დაკეტილი იყო, ერთადერთი ყვავილების მაღაზია აღმოჩნდა ღია. დიდი თაიგული გავაკეთებინე, ველოსიპედს უკან მოვაბი  თაიგული და ასე, თაიგულმიბმული ველოსიპედით წავედი თეოს სახლამდე. ამის მერეც  ბევრი სიურპრიზი იყო. თეოს ძალიან უყვარს ვარდები და ჩვენი ქორწინებიდან  მის პირველ დაბადების დღეზე, ვაჩუქე 100 ვარდი, რომელსაც გულის ფორმა ჰქონდა და შუაში თეო ეწერა.
– გაგა, როგორ მოხდა თქვენი ქორწილის ორგანიზება, რომელიც 2016 წლის საუკეთესო ქორწილებს შორის დასახელდა და  სოციალური ქსელი ააფეთქა...
– ჩემს წარმოსახვაში სულ მქონდა წარმოდგენილი, როგორი ქორწილი უნდა მქონოდა და სულ ვოცნებობდი ამაზე. ქორწილამდე, დაახლოებით  2 თვით ადრე, დავიწყეთ  დეტალების დაგეგმვა. სხვათა შორის, ბევრი რამ არ იცოდა თეომ და სიურპრიზად დახვდა ქორწილში, რამაც ძალიან გაახარა. ასევე, ბევრი სიურპრიზი დახვდა ჩემს ოჯახსაც. მარტო მე და ჩემი  ტყუპი ძმა ვგეგმავდით ყველაფერს. ფაქტობრივად, მე ვიყავი მთავარი ორგანიზატორი.
– გარდა  დადებითი შეფასებისა, თქვენი ქორწილი დიდხანს იყო ჭორების და კრიტიკის საგანიც. ამან იმოქმედა თქვენზე?
თეო: მართალია, არაერთი უარყოფითი ემოცია მოდიოდა, რომელიც არა თუ ამ ქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორდა. რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო ასეთი შეფასებები. თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი და  ჩვენზე ძალიან იმოქმედა ასეთმა კომენტარებმა. მერე კი, მივხვდით, რომ ყველა კეთილი ვერ იქნება და შევეჩვიეთ. მთავარია, ჩვენ ვიყოთ ბედნიერები, ხოლო კარგისა და ცუდის მსურველები ბევრნი არიან და იქნებიან, ამ ქვეყანაზე.
– ქორწილი მართლა ისეთი მრავალბიუჯეტიანი იყო, როგორც ამაზე საუბრობდნენ?
– რასაც ხალხი ამბობს, იმაზე გაცილებით ნაკლები დაჯდა. ძალიან გააბუქეს და არარეალური ჭორები აგორდა. ამბობდნენ, რომ რამდენიმე მილიონი დაჯდა
ეს ყველაფერი, თუმცა სინამდვილეში ასე არ იყო.
– თეო, ქორწინების მერე რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
– თანაცხოვრებას უფრო მეტად მოაქვს შეჩვევა, ურთიერთპატივისცემა.  გაგა მართლა ძალიან მშრომელია და მთელი დღე გარეთაა. ძალიან გადატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვს და შეიძლება ითქვას, ერთმანეთის ნახვის დიდი ფუფუნება არ გვაქვს. ორსულობის პერიოდში გაგას დედა მეკითხებოდა, რა გენატრება ყველაზე მეტად, რა მოგიმზადოო. ის საკვებს გულისხმობდა და მე ვუთხარი, ერთადერთი, რაც მენატრება გაგაა-მეთქი, რომელსაც მაშინაც სულ გარეთ უწევდა ყოფნა.
– საქორწილო მოგზაურობაში თუ იყავით და რომელია თქვენი საოცნებო ქვეყანა?
– ამ ამბების გამო, იმ პერიოდში შეგნებულად არ წავედით საქორწინო მოგზაურობაში. ახლა, როცა ყველაფერმა ჩაიარა, დეკემბერში ვაპირებთ მოსკოვში წასვლას. გვინდა, ახალ წელს იქ შევხვდეთ. აუცილებლად წავიყვანთ პატარა დემეტრესაც, რომელიც ჩემ გარეშე ვერ ძლებს და ჩვენს მომავალ მოგზაურობებს მისი გათვალისწინებით დავგეგმავთ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონების უმრავლესობისთვის საფრანგეთი და უფრო კონკრეტულად, პარიზია საოცნებო ადგილი, მე მაინც ამერიკა მირჩევნია და სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ამერიკაში. ამ საკითხში ჩემი და გაგას გემოვნება ემთხვევა.

– გაგა, ტყუპებს საუკეთესო ძმობა გაქვთ,  მხარში უდგახართ ერთმანეთს. ცნობილია, რომ ორივე გატაცებულები ხართ მანქანებით და შესამჩნევი სანომრე ნიშნებით დადიხართ, TWX 1  TWX 2... მოგვიყევით თქვენს ურთიერთობაზე და როგორ გაჩნდა თქვენი მეტსახელი TWX?
გაგა: დაახლოებით 8-9 წლის ასაკში შევედით ფეხბურთზე და ისე ძალიან ვგავდით ერთმანეთს, რომ ვერავინ გვარჩევდა. ბავშვები გიგას მაგივრად გაგას იძახდნენ და – პირიქით. დაახლოებით, 2 კვირის თავზე დაგვიბარა ჩვენმა მწვრთნელმა და გვითხრა – დღეიდან TWX იქნებითო. ბავშვებმაც დაისვენეს, TWX-ების დაძახებაზე ორივე ვიხედებოდით. იმ პერიოდიდან მოყოლებული ყველა ამ სახელით გვიცნობს. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული გარეგნული თუ შინაგანი საოცარი მსგავსებისა,  არასდროს გვიყვარდა ერთნაირად ჩაცმა. გიგა  ჩემი დიდი მეგობარი და მესაიდუმლეა.  თეოს მიმართ ჩემი გრძნობებიც სწორედ ჩემს ძმას გავუმხილე პირველად. აღმოჩნდა, რომ თეოსაც სწორედ თავისი ძმისთვის უთქვამს პირველად ჩვენი ამბავი. რაც შეეხება მანქანების მიმართ გატაცებას, ეს ყველამ იცის. მანქანები ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა. 13 წლის ასაკში უკვე საკუთარი მყავდა. ჩემი პირველი მანქანა - „07” იყო.  
– თქვენ და თქვენი ძმა ადრეული ასაკიდან დამოუკიდებლად მუშაობთ. როდის და როგორ დაიწყეთ თქვენი ბიზნესსაქმიანობა?
– მე და გიგა 15 წლიდან ვმუშაობთ და სწორედ ამ პერიოდში გავხსენით ჩვენი პირველი სიგარეტების მაღაზია. ასე დაიწყო ყველაფერი. შემდეგ, საჭიროებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა გავფართოვდით და დღეს ქუთაისში რამდენიმე მაღაზიაა ჩვენს მფლობელობაში. თავს მსხვილ ბიზნესმენებად არ მივიჩნევთ. ბევრს ვმუშაობთ და გვაქვს გეგმები, რასაც იმედია, წარმატებით განვახორციელებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახი ფინანსურად ყოველთვის მყარად იდგა ფეხზე, როგორც აღვნიშნე, ძალიან ადრეული ასაკიდან ვისწრაფვოდით ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. თუმცა, ჩვენი მშობლები ყველა წამოწყებაში აქტიურად გვედგნენ მხარში.  
– თქვენი ოჯახი გამოირჩევა ქველმოქმედებით. ვიცით, რომ ამჟამად მამათქვენი ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ლეჩხუმში...
– მამაჩემი მეშვიდე კლასში იყო, როცა ლეჩხუმიდან წამოვიდა და ახლა თავის სოფელში – ჩქუმში  აშენებს ლომისის წმიდა გიორგის  სახელობის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება და დემეტრეს მონათვლასაც სწორედ იქ ვაპირებთ. იქვე ჩამოდის ჩანჩქერი და  ტაძარი სასწაულ ბუნებაში დგას.  იქნება სენაკები, სატრაპეზოები და სასტუმროს კომპლექსი მომლოცველებისთვის. ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი სამუშაოები განხორციელდა. გარეთა ფასადი თითქმის დასრულებულია.
– სამაგალითო ოჯახია. როგორ ახერხებთ ურთიერთობების ასეთ დონეზე შენარჩუნებას. თქვენი აზრით, ბედნიერებას სჭირდება მოფრთხილება და ხანდახან დამალვაც კი?
– ურთიერთობას, რა თქმა უნდა, სჭირდება მოფრთხილება და თავიდან, შეყვარებულობის საწყის ეტაპზე, სადამდეც შეგვეძლო, არ ვამხელდით, რომ ერთად ვიყავით – იქამდე, ვიდრე ძალიან არ დასერიოზულდა ყველაფერი. სიყვარულში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთგაგება და პატივისცემაა და სწორედ ამაზე დგას ჩვენი სიყვარული.
თეო: სიყვარული მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რაც, როგორც მე და გაგას, ასევე მთელ ჩვენს ოჯახს გვაერთიანებს. გაგა ჩემი სულის მეორე ნახევარია, რომლის გარეშეც, არ შემიძლია და სულ მასთან ერთად მინდა ყოფნა.
P.S. ვუყურებ ამ ლამაზ წყვილს და ცნობილ ფრაზებში უფრო მეტად ვრწმუნდები: „სიყვარული - ის ერთადერთია, რაც შემოქმედებით ფანტაზიას აღვიძებს, გვწმენდს, გვათავისუფლებს და რაც მთავარია, სიყვარული – ის ერთადერთია, რაც ყველაფერზე იმარჯვებს!“
   
скачать dle 11.3