კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

№45 როგორ აპირებდა ქართველი „ცეხავიკი“ დიდძალი ქონებით უცხოეთში გაქცევას

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


მილიონი სესხად
45 წლის რომან ჯაველიძე, ეგრეთ წოდებული, „ცეხავიკი“ იყო და იაფფასიანი სამკაულების არალეგალური დამზადებით შოულობდა ფულს, რაც სარფიანად იყიდებოდა საბჭოეთის შავიზღვისპირეთსა და სხვა კურორტებზე.
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, საქართველოში განსაკუთრებით მომძლავრდა, ეგრეთ წოდებული, „ბიჟუტერიის მაფია“. იაფფასიანი სამკაულების დამამზადებელი იატაკქვეშა ცეხები მრავლად იყო თბილისში და მათ მფლობელებს, გილდიის მსგავსი, არალეგალური გაერთიანება ჰქონდათ ჩამოყალიბებული. თითოეულ „ცეხავიკს“ პროდუქციის გარკვეული სახეობა უნდა ეწარმოებინა და მხოლოდ მისთვის გამოყოფილ  ადგილას გაეყიდა, რათა სხვებისთვის კონკურენცია არ გაეწია. „ცეხავიკები“ მხოლოდ სახელმწიფოს უწევდნენ კონკურენციას, რადგან უკეთეს პროდუქციას ქმნიდნენ. ისინი წილს უხდიდნენ როგორც „ობეხეესს“ (ფინანსური სამსახური), ასევე კანონიერ ქურდებს. ამიტომ, მათ ვერავინ ეხებოდა და ორივე მხრიდან დაცულები იყვნენ. „ცეხავიკები“ ყოველი თვის ბოლოს იკრიბებოდნენ. ქურდებთან და მილიციაში მისატან წილს აგროვებდნენ, თან მიმდინარე საქმეებზე საუბრობდნენ, მომავლის გეგმებს ადგენდნენ. თუკი რაიმე ექსტრემალური ხდებოდა, „ცეხავიკები“ სასწრაფოდ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და რიგგარეშე „სხოდკას“ იწვევდნენ. ასეთი რიგგარეშე „სხოდკა“ შეკრიბა რომან ჯაველიძემ 1972 წლის 9 მარტს. ყველა რომ მოვიდა, დამწუხრებულმა „ცეხავიკმა“ კოლეგებს აუწყა:
– ძმებო, გუშინ 8 მარტს ვქეიფობდით ჩემთან. სტუმრები რომ წავიდ-წამოვიდნენ, ჩემმა ვაჟმა თავისი საცოლე მიიყვანა სახლში, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. ღამის 3 საათზე კი უცნობმა მამაკაცმა დამირეკა და მითხრა, რომ რამაზი გაიტაცა და გამოსასყიდად მილიონს ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიჭს მომიკლავენ. ფული ორ კვირაში უნდა გადავიხადო. არ ვიცი, რა ვქნა. ყველაფერი რომ გავყიდო, ამდენს მაინც ვერ შევაგროვებ. დამეხმარეთ, მასესხეთ და იცით, რომ ჩემთან არ დაგეკარგებათო.
„ცეხავიკთა“ არალეგალურმა გილდიამ მთელი თავისი კავშირები აამუშავა „შავ სამყაროში“, მაგრამ 21 წლის რამაზ ჯაველიძეს ვერსად მიაგნეს. ამიტომ ფული შეაგროვეს და რომანს ერთი მილიონი მანეთი მისცეს სესხად, რომელიც მას ერთი წლის განმავლობაში უნდა დაებრუნებინა კოლეგებისთვის.

მოულოდნელი შეხვედრა
1972 წლის 24 მარტს რომან ჯაველიძემ დიდი წვეულება გადაიხადა თავის ფეშენებელურ ბინაში – ვაკეში, ერთ-ერთ ელიტურ სახლში. რომანი თავისი ერთადერთი ვაჟის გამოსყიდვას ზეიმობდა. ყველა ის კოლეგა დაპატიჟა, ვინც მას ხელი გაუმართა და შვილი გამოახსნევინა გამტაცებელთა კლანჭებიდან.
– დიდი მადლობა, ძმებო! თქვენ იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ. თქვენი წყალობითაა ჩემი რამაზი ახლა ჩემ გვერდით და ამ ამაგს არასდროს დაგივიწყებთ, – ლოცავდა მასპინძელი  სტუმრებს.
ქეიფმა ჩაიარა. ყველა თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. რომან ჯაველიძე კი 29 მარტს, მორიგი „ტავარით“ დატვირთული გაემგზავრა ბაიკალზე, რომ საქონელი ჩაეტანა და ერთი კვირის შემდეგ, ანუ 4 აპრილს, ფულით დაბრუნებულიყო თბილისში.
„ტავარით“ გაემგზავრა მოსკოვში რომანის კოლეგა, 36 წლის ანზორ ხვედელიძეც. მასაც ფული ჰქონდა ასაღები და 31 მარტს უნდა დაბრუნებულიყო თბილისში, მეუღლის დაბადების დღისთვის. ანზორმა საქონელი მშვიდობიანად ჩაიტანა. კუთვნილი 35 ათასი მანეთი აიღო და ცნობილ იუველირთან, მიხეილ მანუილსკისთან მივიდა, რომ ცოლისთვის ძვირფასი სამკაული ეყიდა საჩუქრად.
– ანზორ, ძვირფასო, ამჟამად არაფერი მაქვს. ასე ვთქვათ, ცარიელი ვარ, – უთხრა მანუილსკიმ თავის ძველ კლიენტს, – ერთი კოლექცია მქონდა, მაგრამ ის შენმა „ზემლიაკმა“ შეისყიდა გუშინ. ას ორმოცდაათი ათასი გადაიხადა და ამ საღამოს უნდა წაიღოს. ბოდიში. ერთ კვირაში გამომიარე.
– ვინაა მაინც, მე არ ვიცნობ? იქნებ შემახვედრო და ერთი სამკაული მაინც დამითმოს ცოლისთვის? – უთხრა იუველირს ანზორმა.
მანუილსკის ჩაეცინა და მიუგო:
– შენ ხომ კარგად იცი ჩემი პრინციპი? კონფიდენციალურობას ვიცავ. ისედაც ბევრი გითხარი. ბოდიში, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვი და ნუ გეწყინება.
ხვედელიძე უხმოდ წამოვიდა მანუილსკისგან. თუმცა, ცნობისმოყვარეობამ სძლია. ტაქსისტს ასი მანეთი აჩუქა. იუველირის ეზოში ჩასაფრდა და მანუილსკის კლიენტს დაელოდა. ანზორის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ტაქსის ფანჯრიდან რომან ჯაველიძეს მოჰკრა თვალი, რომელიც სადარბაზოში შევიდა. ოციოდე წუთის შემდეგ კი უკან გამოვიდა და როგორც კი ლიფტიდან გამოდგა ფეხი, ანზორს შეეფეთა. მას უთხრა:
– რაო, ძმაო, მილიონი შვილის გამოხსნაში გადაიხადე და ას ორმოცდაათათასიან კოლექციას ყიდულობ?
ჯაველიძე ძველი მოკრივე იყო. მან ჯერ მარცხენა ჰუკით დააგდო ხვედელიძე და გათიშა, შემდეგ, სამართებელივით ალესილი დანა ამოიღო ჯიბიდან. გათიშულ კოლეგას ყელში ძლიერად გამოუსვა და სისხლმა რომ იფეთქა, სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას.

გამოსასყიდი
რომან ჯაველიძემ შვილის გატაცების იმიტაცია ცოლ-შვილთან ნაძალადევი შეთანხმებით განახორციელა. 45 წლის „ცეხავიკს“ დიდი ამბიციები ჰქონდა და უცხოეთში გაქცევასა და იქ უზრუნველ ცხოვრებას გეგმავდა. მას წინასწარ ჰყავდა შეპირებული ერთი ხულოელი აჭარელი, რომელიც ბილიკით, არალეგალურად გადაიყვანდა თურქეთში, 10 ათასი მანეთის საფასურად. ჯაველიძე უცხოეთში გაქცევას ძვირფასი სამკაულებით აპირებდა და სწორედ ამიტომ ყიდულობდა კოლეგებისგან გამოძალული ფულით ძვირფასეულობას. საზღვარზე გადასვლა 12 აპრილისთვის იყო დაგეგმილი და რომანს ძვირფასეულობის შეძენა უნდა მოესწრო.
4 აპრილს, რომან ჯაველიძე თბილისში დაბრუნდა. მას მხოლოდ 100 ათასი მანეთი ჰქონდა დარჩენილი, რომლითაც ოქროს ნატეხები უნდა ეყიდა ავლაბრელი ოქრომჭედლისგან. როგორც კი სახლში შედგა ფეხი, ცოლმა უთხრა:
– საცოდავი ანზორ ხვედელიძე კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს.
„კინაღამ გამოასალმეს“ – მეხივით მოხვდა რომანს თავში, მაგრამ ნებისყოფა მოიკრიბა და ჰკითხა:
– რა მოხდა?
– მოსკოვში, „პადიეზდში“ დაესხნენ თავს და ყელი გამოჭრეს. ფული ჰქონია, მაგრამ ვერ წაართვეს. ტაქსისტს გადაურჩენია. ახლა კლინიკაში წევს და მკურნალობენ.
რომანმა უცებ „მოტვინა“ ყველაფერი და ცოლს უღრიალა:
– ჩქარა. რამაზი წამოიყვანე და წავედით. დრო არ ითმენს!
– სად? – იკითხა ქალმა.
– ბათუმში. ჩქარა!
ჯაველიძეები ოცი წუთის შემდეგ უკვე ბათუმში მიჰქროდნენ რომანის „ფიატით“, რომ ხულოში ასულიყვნენ და ჰასან სურმანიძესთან დამალულიყვნენ, რომელსაც ისინი 12 აპრილს უნდა გადაეყვანა არალეგალურად. პატარა საკვოიაჟში რომან ჯაველიძეს 900 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა ელაგა და ნაღდი ფული – 140 ათასი მანეთი. თუმცა, მილიცია უკვე ეძებდა მას. რადგან კლინიკის რეანიმაციაში აზრზე მოსულმა ანზორ ხვედელიძემ ყველაფერი უამბო „მურის“ გამომძიებელს და რომან ჯაველიძე ძებნილად გამოაცხადეს.
რომანის მანქანა მახინჯაურთან გააჩერა „გაის“ ინსპექტორმა, რადგან ძებნილი ნომრები იცნო. რომან ჯაველიძე გადმოხტა და ძვირფას საკვოიაჟთან ერთად გაიქცა. თუმცა, ერთი საათის მერე, გაქცეული „ცეხავიკი“ ჩაის ფაბრიკასთან მიიმწყვდიეს მილიციის ოპერებმა და რადგან ფიქრობდნენ, რომ შეიარაღებული იყო, დანებება შესთავაზეს. რომანმა კი თავისივე ალესილი დანით საძილე არტერია გადაიჭრა და თავი მოიკლა. მანამდე კი ჯიბის ბლოკნოტის ფურცელზე ასეთი წინასასიკვდილო ბარათი დატოვა: „ცოცხალი არ ჩაგბარდებით. ამ ჩემოდანში მილიონზე მეტია და გიბრუნებთ. ჩემს ცოლ-შვილს ნუ შეეხებით, მე ვაიძულე ისინი ამ დანაშაულზე წამოსულიყვნენ. ჩემი სიკვდილი კი, ჩემი ცოდვების გამოსასყიდია“.
скачать dle 11.3