კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ ამოწმებდნენ რუსულ მეგა-შოუში თეონა წიწაკიშვილის მორალურ ჯანმრთელობას, სადაც ბევრი კონკურსანტი „ჭკუიდან შეიშალა“ და რატომ „იჩხუბეს“ მის გამო ჟიურის წევრებმა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი მაყურებელმა გაიცნო პროექტიდან „შენ შეგიძლია ცეკვა“. დღეს თეონა მონაწილეობს რუსულ მეგა-შოუში – „ცეკვები“. მან უკვე არაერთი ძლიერი კონკურენტი ჩამოიტოვა უკან და ჟიურის წევრების დაპირისპირების მიზეზიც კი გახდა. თეონამ ერთ-ერთ ტურში ქართულადაც იმღერა, კონკურსანტებს ქართული ცეკვის მოძრაობები ასწავლა და მეგა-შოუში ქართული ქორწილიც დადგა, რამაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
– თეონა, ძალიან მიხარია შენი წარმატებები. მომიყევი, როგორ დაიწყო ყველაფერი, როდის გადაწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა?
თეონა წიწაკიშვილი: სანამ ქართულ პროექტში – „შენ შეგიძლია ცეკვა“, გადავწყვეტდი მონაწილეობას, მანამდე ვფიქრობდი, ამ კონკურსში მონაწილეობაზე, მაგრამ არ მოხერხდა, თან, ტექნიკურად არ ვიყავი ბოლომდე გამართული. შემდეგ უკვე იყო ქართული პროექტი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შემძინა. ბოლოს მოვახერხე, რომ ამ პროექტშიც მიმეღო მონაწილეობა. პირველ ქასთინგზე მოხვედრა ადვილია, მერეა ძალიან რთული.
– პირველივე ქასთინგზე ჟიურის წევრების სიმპათია დაიმსახურე.
– კი და ნამდვილად არ ველოდი, მათი გაოცება ძალიან რთულია. ჩემ თვალწინ ისეთ მოცეკვავეებს უთხრეს უარი, რომ ვგიჟდებოდი. თავიდან ვერ მივხვდი, რა კრიტერიუმით არჩევდნენ. თან, ტექნიკა უნდა გამოაჩინო, თან ხასიათი. რაღაც შემთხვევაში ერთი ჯობია, რაღაც შემთხვევაში – მეორე, მოკლედ, ვერ გაიგებ. ალბათ, ბედიცაა.
– საკმაოდ რთული ეტაპების გავლა მოგიწია. კონკურენციაც ძალიან დიდი იყო და ჟიურიც – მკაცრი.
–  საკმაოდ რთულია და ყველა ეტაპზე ემატება წესები, სირთულეები. მორალურად გამოწმებენ, რამდენად ჯანმრთელი ხარ. თბილისში რომ გავიარე სხვადასხვა ეტაპი, ის რაღაც დონეზე უფრო რთული იყო, რადგან მაშინ არ ვიცოდი, რისი მოლოდინი, რა ემოცია უნდა მქონოდა, როგორ უნდა გადამენაწილებინა ჩემი ძალები. აქ ეს ყველაფერი უკვე ვიცოდი, მაგრამ ფიზიკურად და მორალურად, ძალიან რთული იყო. ზოგი ისე შეიშალა ჭკუიდან, რომ უბრალოდ, დანებდა: აღარ შემიძლიაო. ფიზიკურად დანებდნენ თუ მორალურად, ეგ აღარ ვიცი. ბოლო წამები წყვეტს ყველაფერს.
– შენც გქონდა ეს მომენტი?
– მე მქონდა მაშინ, როცა ორივე ფეხი გამენასკვა და შეუძლებელი იყო ცეკვა. თან, ვუყურებ, როგორ სწავლობენ სხვები ქორეოგრაფიას – მეც უნდა ვისწავლო, ჩავაბარო, მაგრამ არ შემიძლია. ასეთი ტკივილი არასდროს მქონია, თან, ორივე ფეხზე – გავგიჟდი. ბოლოს მოვიკრიბე ძალა და ეს ტური უფრო კარგად ჩავაბარე, ვიდრე „ჰიპ-ჰოპი”.
– ჟიურის წევრები ძალიან კარგ შეფასებებს გაძლევენ.
– კი. ტატიანა ყველა ეტაპზე მეუბნებოდა: შენ „ცეკვებში“ ხარ, შენ ჩვენი აღმოჩენა ხარო. მიგელმა ერთ-ერთ ეტაპზე მითხრა: შენთვის ვიბრძოლებო. ბოლოს, როდესაც ტატიანამ მკითხა, ვისთან გინდა მოხვიდე ჯგუფშიო, მე ვუთხარი, რომ – მიგელთან. არ მომერიდა, რადგან რა აზრითაც მივედი, იგივეზე დავრჩი. ბოლოს რომ ვიცეკვეთ, მიგელმა თქვა: ახლა ვიღაცის გამო ჩხუბი დაიწყებაო. მივხვდი, ჩემზე იყო საუბარი. მიგელმა თქვა: პირველივე „ბიტებიდან“ ცნობილი იყო ყველაფერი. შენ „ცეკვებში“ ხარ და დამთავრდაო.
– განსაკუთრებულად საინტერესო და ემოციური იყო ჯგუფური დადგმა, სადაც იმღერე „თუ ასე ტურფა იყავი“ და ქართულ სიმღერაზე აცეკვე ყველა. ეს ნომერი ყველაზე საუკეთესოდ აღიარეს, არა მხოლოდ მეოთხე სეზონში, არამედ სხვა სეზონებშიც.
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თან, ქართული პროექტიდან უკვე ვიცოდი, რა მელოდებოდა, რა უნდა გამომევლო, როგორ მეკონტროლებინა ჩემი ემოციები. ვიცოდი, რომ ჩხუბიც ატყდებოდა. ყველას გვინდოდა, ჩვენი წილი ჩაგვედო ქორეოგრაფიაში. ხან ვეთანხმებოდით ერთმანეთს, ხან – არა. გვეძინებოდა, გვშიოდა და ამის გამო, მერე ჩხუბიც გვიწევდა. საბოლოოდ, ქართული ქორწილი გავაკეთეთ. არ მქონია ჩაფიქრებული: წავალ რუსეთში და მე იქ ქართულ ქორწილს დავდგამ-მეთქი, უბრალოდ, ასე გამოვიდა. ქართული ქორწილი, ქართული სიმღერა და ქართული მოძრაობები ვასწავლე მოცეკვავებს. ნომერი გვქონდა მუსიკის გარეშე და თავიდან, როცა ვისხედით, ვიღაცამ თქვა: ვინმე ხომ არ მღერისო. მე ვმღერი ცოტას-მეთქი. რომ ვიმღერე, გაგიჟდნენ: რა მაგარია, აუცილებლად ჩავსვათო. საბოლოოდ, ძალიან საინტერესო ნომერი გამოვიდა, რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ფეხზე წამოდგნენ ჟიურის წევრები და ისე გვიკრავდნენ ტაშს. ყველა მწერდა, მეკითხებოდნენ: რა სიმღერაა, როგორ ვიპოვოთ, სად მოვძებნოთო და მე ვასწავლე, როგორ მოეძებნათ. საოცარი ემოციები და მოწონება მოჰყვა.
– ახლა რა ეტაპზე ხარ და რომელი იყო ყველაზე რთული?
– ყველა ეტაპი რთული იყო, ზოგი როგორი დატვირთვით, ზოგი – როგორით. ჟანრობრივიც ძალიან რთული იყო და რომ გადავლახეთ, მთელი ღამე იქ ვიყავით. შემდეგ დავბრუნდით სახლებში და ახლა ისევ ჩამოგვიყვანეს. ახლა აქ ვარ, ათდღიანი მასტერკლასები გვაქვს და ეს იყო საგიჟეთი. ყველა მოცეკვავემ უნდა გამოიაროს ის, რაც მე გამოვიარე. იმდენი რამე ვისწავლე და განვვითარდი – ძალიან მაგარ ქორეოგრაფებთან ვმუშაობდი და კონკურენციაც დიდია. 3 ათასმდე ვიყავით თავიდან და ახლა ვართ 35. აქედან აარჩევენ 24-ს ან 20-ს.
– მიგელი და ტატიანა ისეთი მკაცრები არიან, როგორც ეს ეკრანზე ჩანს?
– ძალიან კომპეტენტურები არიან. ზუსტად ისე აფასებენ, როგორც კონკურსანტი იმსახურებს. ტატიანა თითქოს „სტერვა“ ჩანს, მაგრამ ურთიერთობაში სულ სხვანაირია. მიგელი ძალიან გახსნილია. საოცარი მასტერკლასები ჩაგვიტარა. ეს არ იყო მხოლოდ ცეკვის მასტერკლასი და მისგან ამას ნამდვილად არ ველოდი. მის მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო შემეცვალა, რა თქმა უნდა, კარგისკენ.
– როგორც ვიცი, მეუღლე შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
– რაც ზუსტად მაკლია, იმას საჭირო მომენტში მახსენებს ხოლმე. მეუბნება: თეო, შენ ეს გჭირდება, ახლა ასე უნდა მოიქცე, ეს უნდა გააკეთო – სწორ მიმართულებას მაძლევს. აქ გიჟდებიან. ქორეოგრაფებსაც რომ ვუთხარი, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი ქმარია, იქიდან მეხმარება-მეთქი, უკვირთ: როგორ გამოგიშვაო. თან, ძალიან უხარიათ. ყველაფერი მოსწონს და მაძლევს რჩევებს, რომ მორალურად, სულიერად არ დავეცე. ქართულად რომ ვიმღერე, ძალიან მოეწონა: თეო, რა მაგრად იმღერე, რა კარგად იცეკვეთო. ჩემზე მეტად გაგიჟებული და გახარებულია. მე ჯერ კიდევ  ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, რა ხდება,  უკვე რამდენს მივაღწიე. ჯერ ყველაფერი წინ მაქვს, მაგრამ მაინც. დიდი მადლობელი ვარ, ვინც ჩემს განვითარებაზე იზრუნა და აგრძელებს ჩემს დახმარებას.
– ალბათ, ძალიან რთულია, ბავშვის გარეშე რომ გიწევს ყოფნა.
– მაგას ნუ მახსენებ. რასაც ახლა ვაკეთებ, ყველაფერს ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ. რომ მომავალში უფრო მეტს მივაღწიო, კარგად, კომფორტულად ვიყოთ. მოსკოვში ცნობილი გავხდები, წარმატებული – ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მე სხვა მიზნები მაქვს. ბავშვზე ძალიან არ ვნერვიულობ, რადგან კარგ ხელშია, უვლიან. მამიკოსთან, დეიდასთანაა და მასზე ზრუნავენ. მე კი მისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს. ყველანი ერთად ვდგავართ და ერთად ვშრომობთ ჩვენი კარგი მომავლისთვის.

скачать dle 11.3