კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ მოკლა ხაზართა ხაკანმა თავისი სარდალი – ბლუჩანი საქართველოში ლაშქრობის შემდეგ

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

არაბების მიერ წამებით მოკლულ წმიდა არჩილ მეფეს დარჩა ორი ვაჟი – იოვანე და ჯუანშერი, „მეორმოცდახუთე მთავარნი ქართლისა“. წმიდა არჩილს კიდევ ოთხი ასული ჰყოლია. იოვანე ლიხთიმერეთში გადავიდა და განაგებდა დასავლეთ საქართველოს. მან ეგრისში თან წაიყვანა დედა და ორი და. ჯუანშერი სხვა, ორ დასთან ერთად, აღმოსავლეთ საქართველოში დარჩა და ერისმთავრობდა ქართლსა და კახეთს. ურთულეს დროს მოუწიათ მთავრობა იოვანეს და ჯუანშერს. სამი დიდი იმპერია ეცილებოდა ერთმანეთს ჩვენს რეგიონს და მათ შორის, საქართველოს.
იოვანესა და ჯუანშერის უმცროს დას ერქვა - შუშანი. უმშვენიერესი ყოფილა ქართველი პრინცესა. მისი სილამაზის შესახებ ჩვენი სამშობლოს საზღვრების გარეთაც გახდა ცნობილი. ხაზართა ხაკანსაც ესმა შუშანის სილამაზის შესახებ. უნახავად შეჰყვარებია შუშანი ხაკანს, მის ძმებს მოციქული გამოუგზავნა და ითხოვა შუშანის ხელი. სამაგიეროდ, სთავაზობდა არაბების წინააღმდეგ მოკავშირეობას. იმ დროს სამხრეთ კავკასიის დიდ ნაწილზე არაბები ბატონობდნენ.
თვითონ ხაკანსაც ძალიან აწყობდა ქართველების ძალის გამოყენება არაბებთან ბრძოლაში. ხაზარები თურქულენოვანი ხალხი იყო, რომლებიც მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში ცენტრალური აზიიდან მივიდნენ ჩრდილოეთ კავკასიის მიმდებარე ველებზე და შექმნეს ძლიერი სახელმწიფო - სახაკანო.
ხაკანის ელჩი ჯუანშერს ეწვია. ჯუანშერმა მარტომ არ გადაწყვიტა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი და შეატყობინა თავის ძმას, იოვანეს, დედას და დებს. ოჯახის წევრებმა შემოუთვალეს ჯუანშერს: „თუ უღონო იქნება ჩვენი ყოფა, სჯობს ბიზანტიაში წავიდეთ და ქრისტიანებს ვთხოვოთ შველა, ვიდრე შეიგინოს ჩვენი შვილი წარმართთან ცხოვრებით“. ბიზანტიელები არ უყვარდათ საქართველოში, მაგრამ, ქრისტიანებთან კავშირი მაინც უფრო მისაღებად მიაჩნდათ, ვიდრე ველურ ხაზარებთან. შუშანმაც კატეგორიული უარი თქვა ხაკანის ცოლობაზე.
იმ დროს ხაზართა ხაკანი იყო ბაღათური. სამხრეთ კავკასია ხაზართა და არაბთა ბრძოლის ველად იყო ქცეული – ორი დამყრობლის ომებში იტანჯებოდა და წყდებოდა კავკასიის მოსახლეობა. 759 წელს ხაკანმა ბაღათურმა თავისი და ცოლად მიათხოვა ერევნის ამირას - იაზიდ იბნ უსაიდ ას-სულამის. ეს ქორწინება შედგა არაბთა ხალიფა ალ-მანსურის ბრძანებით, რომელსაც უნდოდა, კავკასიაში დროებით მაინც მიეღწია მშვიდობისთვის, რათა სხვა მიმართულებით გაეაქტიურებინა საქმიანობა. აბუ ჯაფარ აბდულაჰ აბდ ალ-ლაჰ იბნ-მუჰამედ ალ-მანსური (ალ-მანსური - მძლეველი, გამარჯვებული) ითვლება აბასიდი ხალიფების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წარმომადგენლად. მან გააძლიერა სახალიფო. მისი დროიდან ისლამში ყველა ეროვნების მაჰმადიანმა თანაბარი უფლებები მოიპოვა. მანამდე, ომაიდი ხალიფების დროს არაბებს პრივილეგირებული მდგომარეობა ეკავათ სახალიფოში. ალ-მანსურმა დააარსა სახალიფოს ახალი დედაქალაქი, ბაღდადი, ჯერ პართიისა და მერე სასანიდების სპარსეთის  ძველი დედაქალაქის, ქტეზიფონის მახლობლად, ერაყში. გაატარა არაერთი სამხედრო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეფორმა.
სხვათა შორის, რამდენიმე წლით ადრე, სწორედ აბასიდებმა გაჟუჟეს უკანასკნელი ომაიდი ხალიფა მარვან იბნ მუჰამედ იბნ მარვანის ანუ ჩვენებურად - მურვან ყრუს ოჯახი. დაამხეს ხალიფა მურვან ჯორი (ასე ეძახდნენ არაბები). მერე გაქცეულს გამოეკიდნენ, დაიჭირეს მდინარე ნილოსთან და ჩააძაღლეს.
აბასიდების სახალიფო ახალი დაარსებული იყო. უფრო თუ დავაზუსტებთ, აბასიდები ახალი გაბატონებული იყვნენ უზარმაზარ ისლამურ სამყაროში, მაჰმადიანთა ძალა მაინც ძალიან დიდი იყო. უზარმაზარ დემოგრაფიულ და საომარ რესურსს ფლობდნენ აბასიანები.
სახაკანოც საკმაოდ დიდი სახელმწიფო იყო. მართალია, რამდენიმე ათეული წლით ადრე გარკვეული მარცხი განიცადა არაბებისგან, მაგრამ, ხაკანიც დიდ სამხედრო რესურსს ფლობდა და არაერთი მომთაბარე ტომი თუ ხალხი ემორჩილებოდა მის ბრძანებას.
ბაღათურ ხაკანი, როგორც ვთქვით, დაუნათესავდა არმენიის არაბ ამირას. მასთან დანათესავებაში, რაც ზავის ჩამოგდებას გამოიწვევდა, არაბები იყვნენ დაინტერესებული, რათა დაელაგებინათ ახლად დაპყრობილი სახალიფოს იმპერია. ბაღათურმა ერევნის არაბი ამირასგან ყალიმის სახით მიიღო 100 000 ვერცხლის დიჰრემი. აღმოსავლეთის ქვეყნებში ყალიმს უწოდებენ სასიძოს მიერ საცოლეს გამოსასყიდს, რომელსაც სასიძო უხდის ქალის ოჯახს. თავის მხრიდან ბაღათურ ხაკანმა საკუთარ დას 10 000-კაციანი მაყარი გაატანა ერევანში, რა თქმა უნდა, მზითებიც ზღაპრულად მდიდარი წამოიღო სახაკანოდან ერევნის ამირას საცოლემ, მათ შორის, ცხენების რემა, აქლემები, საქონელთა ჯოგები და ათი ურემი ოქროსა და ვერცხლის ნივთები. ქორწინების წინ ხაკანის დამ მიიღო მაჰმადიანობა. ცოტა ხნით მშვიდობა ჩამოვარდა. ერევნის ამირასა და ხაზართა პრინცესას ორი ვაჟი შეეძინათ. მაგრამ 762 წელს, ხაკანის და და მისი ჩვილი ვაჟები მოულოდნელად გარდაიცვალნენ. ბაღათურ ხაკანმა ეს არაბთა ვერაგობას დააბრალა და 200 000 მეომარი გამოაგზავნა არაბთა გასანადგურებლად. ხაზარები დარუბანდის გზით შემოიჭრნენ სამხრეთ კავკასიაში. მათ ჯარს მეთაურობდა სარდალი რას-თარხანი (ას-თარხანი, რაშ-თარხანი). რას-თარხანმა სასტიკად დაამარცხა არაბთა ჯარი, გაძარცვა სომხეთი და ალბანეთი. კახეთსა და ქართლში შემოჭრილ ხაზართა ჯარის ნაწილებს სარდლობდა სარდალი სახელად ბლუჩანი. ბლუჩანმა დაამარცხა ქართველები და დაიწყო ქვეყნის აოხრება. მიადგა ციხეს, სადაც გამაგრებულიყო ჯუანშერი თავის ოჯახთან ერთად, აიღო ციხე და დაატყვევა ერისმთავარი ჯუანშერი და მისი და, შუშანი. შემდეგ მოაოხრა კახეთი, ქართლი და უამრავი ადამიანი ტყვედ ჩაიგდო. აიღო ქალაქი ტფილისი. ამ დროს, 736 წლიდან, როცა მურვან ყრუ შემოიჭრა საქართველოში, ტფილისში არაბთა ამირა იჯდა.
არაბები არ აპირებდნენ კავკასიის დათმობას და ახალ-ახალ ძალებს აგზავნიდნენ ხაზარების წინააღმდეგ საომრად. ამასობაში, ნადავლით დატვირთულმა ბლუჩანმა გაიარა დარიალის კარი და გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში. თან მიჰყავდა ჩვენი ერისმთავარი ჯუანშერი და მისი მშვენიერი და, შუშანი. როცა გაიარეს სამშობლოს საზღვარი, ყველანაირი იმედი გადაეწურა შუშანს და მიხვდა, მისი ბედი გადაწყვეტილი იყო, ურჯულო ხაკანის ცოლი უნდა გამხდარიყო. შუშანმა ძმას უთხრა: „უმჯობესია მოვკვდე, რათა ღირს მყოს უფალმა წმიდა დედებთან ერთად განსვენებისა, ვიდრე შევიგინო წარმართების მიერ“. ხაკანებს არაერთი ცოლი ჰყავდათ, და საერთოდ, ველურ ხალხებს მოწესრიგებული არ ჰქონდათ ცოლქმრული ინსტიტუტი, მიუხედავად იმისა, რომ ხაზართა შორის გავრცელებული იყო იუდაიზმი. ხაკანის ცოლობა სირცხვილად და მიუღებლად ჩათვალა შუშანმა, ქრისტიანული კულტურით აღზრდილმა პრინცესამ. ალბათ, ძმა უშლიდა, მაგრამ, მაინც გააკეთა, რაც ჩაიფიქრა წმიდა არჩილის ასულმა. შუშანს ჰქონია ერთი ძვირფასი ბეჭედი. ამოაძრო მას თვალი, რომლის ქვეშაც საწამლავი იყო შენახული. დალია საწამლავი და უმალ მოკვდა. ქალწული, რომელიც ურჯულოს მხრიდან შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად თავს იკლავს, თვითმკვლელად არ ითვლებოდა.
დაბრუნდა ბლუჩანი ხაკანთან, მიჰგვარა ჯუანშერ ერისთმავარი და აუწყა შუშანის გარდაცვალების შესახებ. გაუწყრა ხაკანი საკუთარ სარდალს, გვამი რატომ მაინც არ მოიტანე, რომ მისი მშვენიერება მენახაო. შეიპყრეს ბლუჩანი, მოაბეს საბელი ყელზე, რომელიც ორ ცხენს ჰქონდა მიმაგრებული, მათრახი ჰკრეს ცხენოსნებმა ცხენებს და მოსწყვიტეს თავი ბლუჩანს ასეთი ბოროტი მეთოდით.
შვიდი წელი დაჰყო ტყვეობაში ერისმთავარმა ჯუანშერმა. მერე ხაკანმა დიდი საჩუქრები მისცა და გამოუშვა თავის სამშობლოში.
скачать dle 11.3