კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 მოკლული ბანკირის საკუთრება

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ჟორჟ სიმენონი



მატარებელს, რომელიც უთენია გამოვიდა ბერლინიდან, უნდა მოევლო ვარშავა, თითქმის მთელი საფრანგეთი და ისე უნდა ჩასულიყო ბელგიაში. ყოველთვის რამდენიმე ქვეყნის პოლიცია აცილებდა. მას ხომ რამდენიმე ქვეყნის საზღვარი უნდა გადაეკვეთა. ამიტომაც ხშირად იყო ინციდენტები.  თუმცა, ამ შემთხვევას ინციდენტს ვერ დაარქმევდი – გვამი პირველი კლასის ვაგონის „ვიპ-კუპეში“ აღმოაჩინეს. პარიზში დანტისტების კონგრესი ტარდებოდა და მატარებელში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. როცა პასპორტების შესამოწმებლად ჩამოიარეს, ის კაცი ზურგით, გადაბრუნებული იწვა, თბილ პლედში გახვეული. მესაზღვრემ რამდენჯერმე დაუძახა, თქვენი პასპორტიო. როცა პასუხი ვერ მიიღო, მივიდა, მხარზე მოჰკიდა ხელი და გადმოატრიალა.
– ღმერთო, ეს კაცი მკვდარია!
კუპეში მსხდომი ხუთი მგზავრი აფორიაქდა.
– მკვდარი? კი მაგრამ, როგორ, როდის, რატომ მოკვდა? – პოლიციელს ყველამ შეკითხვები დააყარა და მანაც გვამის დათვალიერება გადაწყვიტა. რატომღაც დაეჭვდა, რომ კაცი თავისი სიკვდილით მოკვდა. ორი პოლიციელის დახმარებით, მიცვალებულს ტანსაცმელი გახადა და გულდასმით დაათვალიერა. მხოლოდ ძალიან ფხიზელი თვალი თუ შენიშნავდა იმ პაწაწინა ჭრილობას, რომელიც გარდაცვლილს მკერდზე ჰქონდა. ჭრილობა ძალიან ჰგავდა წვრილი, ბასრი და გრძელი საგნით მიყენებულს. სისხლი, სავარაუდოდ, შიგნით ჩაიღვარა. მგზავრებს შორის ჩოჩქოლი ატყდა. მაშინვე დაუკავშირდნენ მთავარ სასაზღვრო დეპარტამენტს, საგამომძიებლო სამსახურს. მეგრე გამოიძახეს და მიიღეს გადაწყვეტილება, ვაგონი საერთოდ ჩაეხსნათ. მოკლულთან ერთად კუპეში მყოფი ხუთივე მგზავრი ეჭვქვეშ იყო. ამიტომ ვაგონთან ერთად დატოვეს, მათი მძაფრი პროტესტის ფონზე. დანარჩენი მგზავრები სხვა ვაგონებში გადაანაწილეს და მატარებელი წავიდა.
საზიზღარი ამინდი იყო. მეგრეს ყოველთვის სძულდა ასეთი ცივი, სველი და ჭუჭყიანი ამინდი. ვერ თბებოდა ხოლმე და საძაგელ გუნებაზე დგებოდა. პარიზის სასაზღვრო პოლიციაში მისი ძმისშვილი მუშაობდა, ამ დღეს მორიგე იყო და სახელგანთქმულ ბიძას გახარებული მიეგება.
– ამ ხუთი მგზავრის ვინაობა მჭირდება, – თქვა მეგრემ, როცა დანაშაულის ადგილი დაათვალიერა. იმედი მაქვს, ხელი  არაფრისთვის გიხლიათ და ჭკუა გეყოთ, მგზავრების ლოკაციებიც ზუსტად დაგემახსოვრებიათ. პატიენ, პასპორტები შენ შეამოწმე.
– დიახ, ბიძია. გვამიც მე აღმოვაჩინე. მახსოვს, ვინ სად იჯდა. თენდებოდა, როცა საპასპორტო შემოწმება დავიწყეთ. ამ კუპეში მხოლოდ ის კაცი იწვა, დანარჩენები მჯდომარენი თვლემდნენ. მათი პირადი მონაცემები გამოთხოვილია.
– კარგია. ერთი კუპე გამითავისუფლეთ. ცალ-ცალკე დავკითხავ. მგზავრები, როგორც უკვე გითხარით, ხუთნი იყვნენ. ანუ, კუპეში სადაც მკვლელობა მოხდა, სულ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მოკლულის ჩათვლით. ის გერმანელი ბანკირი აღმოჩნდა, უმდიდრესი ადამიანი – ოტო ბრაუნი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში პრობლემები ჰქონდა. მეგრეს გამოუგზავნეს ერთი კვირის ანგარიშის ჩეკი სასტუმრო „კაიზერჰოფიდან“, სადაც საფრანგეთში გამგზავრებამდე ოტო ცხოვრობდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში მან გერმანიაში ყველაფერი გაყიდა. თუმცა საბანკო ანგარიშებზე ფული არ აღმოჩნდა. ოტოს პირადი ბარგის ჩხრეკისას აღმოჩნდა, რომ უმდიდრეს ადამიანს თან მხოლოდ ორმოცი ფრანკი და სამასი მარკა ჰქონდა.
მეგრემ კონიაკიანი ჩაი დალია და დანარჩენი მგზავრების შესწავლას შეუდგა. ხუთი ადამიანიდან ორი ქალბატონი იყო, სამი კი – მამაკაცი. ფრანგი კომერსანტი ალან ბონვუაზენი, მარსელიდან; მადამ ირვიჩი, ვილნიდან – დარბაისელი ქალბატონი, რომელიც პარიზში თავის ექიმთან მიდიოდა და ძალიან იყო აღშფოთებული. მოგვიანებით, როცა მეგრემ საგამომძიებლო ექსპერიმენტი ჩაატარა და სცადა, მკვლელობის სცენა აღედგინა, მღელვარებისგან გულიც კი წაუვიდა. აღმოჩნდა, რომ მოკლულთან ყველაზე ახლოს ის იჯდა.
მაგრამ, მეგრე სხვა ქალმა დააინტერესა, ავტრიელმა ლამაზმანმა ლუსიანა ლეინბახმა. ძვირფას ქურქში გამოწყობილი, არისტოკრატიული მანერების ქალბატონი, რომელსაც ყელზე და თითებზე უძვირფასესი სამკაული ეკეთა. მასვე ეკუთვნოდა რამდენიმე ნიანგის ტყავისგან შეკერილი ჩემოდანი. ლუსიანა საკმაოდ შორ მანძილზე იჯდა მოკლულისგან – მის მოპირდაპირედ, ყველაზე შორეულ კუთხეში. როცა მეგრემ ფრანგი კომერსანტი დაჰკითხა, მან შეკითხვაზე, რაიმე უცნაურობა ხომ არ შეგინიშნავთ მგზავრობისასო, დაფიქრებულმა ჩაილაპარაკა: დიახ, მგონი ის ორი ერთმანეთს იცნობდაო.
– მოკლულს და მადამ ლეინბახს გულისხმობთ?
– დიახ. ძალიან ლამაზი ქალია. მისი განცობა ვცადე და უცებ იმ კაცმა ისე შემომხედა...
– ოტომ?
– დიახ. თუ გარდაცვლილს ოტო ერქვა. შემდეგ ერთ-ერთ გაჩერებაზე მადამმა ვაგონიდან გასვლა დააპირა და გავიგონე, როგორ უთხრა, დაჯექი შენს ადგილზეო.
– ეს გერმანიაში მოხდა თუ შემდეგ?
– როცა გერმანიის საზღვარი გადავლახეთ. ეს კარგად მახსოვს, იმიტომ რომ, საპასპორტო შემოწმება გავიარეთ.
– გაიხსენეთ, მადამი კიდევ როდის ადგა?
– ორჯერ. ერთხელაც სცადა გასულიყო, მაგრამ იმ ბატონმა რაღაც ანიშნა და მეორედ, როცა უკვე ისევ შემოვიდნენ პასპორტების შესამოწმებლად. მაშინ ყველანი ჩვენი ჩანთებით ვიყავით დაკავებული, რომ დოკუმენტები ამოგვეღო.
– მადამ ლეინბახის ჩანთა კი სწორედ მოკლულის ზემოთ იდო, თაროზე – ჩაილაპარაკა მეგრემ, – თან, საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს.
პატიენი ეჭვით მიაჩერდა სახელგანთქმულ ბიძას.
– თუ მართლა ეგ ქალია მკვლელი, როგორ დავუმტკიცებთ? ისე, ძალიან ლამაზია. მსგავსი სილამაზე არც მინახავს?
– ჰო? – გაიცინა მეგრემ, – სწორედ მაგიტომაც იყო გერმანიის პრინცის საყვარელი. ძვირად ღირებული მეძავია. მისი გარეგნობის მიხედვით, ამას ვერ იტყვი, ხომ მართალია? იცი, რომ სამი დღე სასტუმრო „კაიზერჰოფში“ ცხოვრობდა? სწორედ ოტოს ნომრის გვერდით. ვფიქრობ, ის ან მისი საყვარელი იყო, ან ოტომ დაიქირავა, გერმანიიდან თავისი ქონების გამოსატანად. ქალი აშკარად ცდილობდა, საფრანგეთის ტერიტორიაზე გადმოსვლისთანავე, დაეტოვებინა მატარებელი, მაგრამ ოტომ არ გაუშვა, არ ენდობოდა...
– თუ ეს ქალი მართლა მკვლელია, როგორ დავუმტკიცებთ?
– ახლავე გაჩვენებთ, – გაიცინა მეგრემ.
მადამ ლეინბახმა აღშფოთებისგან შეჰყვირა.
– ეს რა ბრალდებაა, მე მას არ ვიცნობდი! აქ ვნახე პირველად. გამომელაპარაკა? არ ვიცი, არ მახსენდება. შევეჩვიე, რომ კაცები ჩემით ინტერესდებიან.
– ქალბატონო, როგორი შესანიშნავი ბროში გიკეთიათ ქუდზე, მაგრამ მასზე სისხლია,– თითით მიუთითა მეგრემ სამკაულზე...
ბროშზე არანაირი სისხლი არ იყო, მაგრამ ქალი ისტერიკაში ჩავარდა და ყველაფერი აღიარა. მის ერთ-ერთ ჩემოდანს ორმაგი ფსკერი აღმოაჩნდა, სადაც ათი მილიონი ფრანკის ფასიანი ქაღალდები იდო. მოკლული ბანკირის საკუთრება, სწორედ მისი გადატანა ევალებოდა ქალს გერმანიის საზღვარზე.
скачать dle 11.3