კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ უსმენდა ბერიას მიერ მოფიქრებული სქემის მიხედვით საბჭოთა დაზვერვა მსოფლიო ლიდერებს

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ბერიას ინოვაციების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა და ის ამ თვისებას ყველაზე მეტად სადაზვერვო ორგანიზაციულ საქმიანობაში ავლენდა. ისტორიკოსი კირილ კარცევი წერს: „ლავრენტი ბერიას მიერ მოფიქრებულმა სადაზვერვო ოპერაციებმა არაერთი დიდი წარმატება მოუტანა საბჭოეთს და სწორედ ამიტომ უწოდა მას „ცეერუს“ ლეგენდარულმა შეფმა, ალენ დალასმა „დაზვერვის გენია“. ოცდაათიანი წლების მიწურულიდან სიცოცხლის ბოლომდე, განსაკუთრებით კი „ცივი ომის“ პერიოდში, ბერია და მისი მზვერავები თითქმის ყოველთვის პირშიჩალაგამოვლებულებს ტოვებდნენ თავიანთ მთავარ კონკურენტებს – ამერიკელებს. ერთ-ერთი ასეთი ოპერაცია გახლდათ ტრანსატლანტიკური სატელეფონო კაბელის საქმე, რომელიც თავიდან ბოლომდე ბერიას პატრონაჟით განხორციელდა. საქმე კი ის იყო, რომ 1947 წელს, ატლანტიკის ოკეანეში ჩაიდო მრავალათასკილომეტრიანი სატელეფონო კაბელი, რომელმაც ერთმანეთთან ევროპისა და ამერიკის კონტინენტები დააკავშირა და შესაძლებელი გახადა, უწყვეტი და სუფთა სატელეფონო კომუნიკაციები ასეთ შორ მანძილზე, გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „1946 წლის მიწურულს ერთი „ჩეპე“ მოხდა, რამაც ტრანსატლანტიკური სატელეფონო კაბელის წარმოშობის იდეას ჩაუყარა საფუძველი. მოსკოვში ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ჩამოვიდა, რომელიც სტალინს ხვდებოდა და სასწრაფოდ უნდა გადაწყვეტილიყო, ეგრეთ წოდებული, ელიტური ტყვეების საკითხი. ამერიკელებს დაკავებული ჰყავდათ ექვსი საბჭოთა მზვერავი, რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი და რომ იტყვიან, წუთი წუთზე ელექტრონულ სკამზე უნდა დაესვათ. იგივე ბედი ელოდა ექვს ამერიკელ ჯაშუშს. ისინი სუხანოვის საპყრობილეში ისხდნენ. ერთ-ერთი ამერიკელი, კონგრესმენ ჯოისის დისშვილი იყო და კონგრესმენთა დელეგაცია სტალინთან ტყვეების გაცვლის ამბავს აგვარებდა. შეთანხმება მოხდა. სტალინი დათანხმდა და ამერიკაში სასწრაფოდ გაგზავნეს დეპეშა ამის თაობაზე. თუმცა, პასუხი ვერ მიიღეს. საქმე კი ის იყო, რომ კავშირის მოძველებული სისტემა მწყობრიდან ყოფილა გამოსული და „პრინციპულმა“, სულსწრაფმა ამერიკელებმა ჩვენები სიკვდილით დასაჯეს. კავშირი ორ დღეში აღდგა და როდესაც ჩვენების დასჯის საკითხი გახდა ცნობილი, იგივე ბედი ეწიათ ამერიკელ ჯაშუშებსაც. მიზეზები რომ დადგინდა და ორივე მხარემ დამნაშავეები დასაჯა, ბერიამ სტალინს ტრანსატლანტიკური, ღრმა და უწყვეტი კავშირის კაბელის ოკეანეში ჩადების იდეა მიაწოდა. ბელადს იდეა მოეწონა და მოლოტოვს ამ საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია შეაკრებინა მოსკოვში. ყველა მოწინავე ქვეყანამ მოიწონა ეს იდეა. შეადგინეს პროექტი, 120 მილიონი მანეთის ღირებულების. შექმნეს სამუშაო ჯგუფი და დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც რვა თვეში დასრულდა და 1947 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ეს მსხვილი, განსაკუთრებული მასალისგან დამზადებული კაბელი თორმეტხაზიანი გახლდათ. მათ შორის ოთხი – დახურული, სპეციალურად კოდირებული იყო და სახელმწიფოს მეთაურებს თავისუფლად, უცხო „ყურების” ჩაურევლად შეეძლოთ ერთმანეთთან საუბარი. მთელი ეშმაკობა კი იყო, რომ დახურული ხაზები საბჭოეთში, არხანგელსკის ქიმიურ ლაბორატორიაში დამზადდა (რა თქმა უნდა, პარტნიორი ქვეყნების ექსპერტთა მეთვალყურეობით) და ოსტატურად ჩაამონტაჟეს შიგ ელექტრომაგნიტური გადამცემები („დატჩიკები“), რომლითაც კოდი იხსნებოდა და შესაძლებელი იყო ნებისმიერი კონფიდენციალური საუბრის მოსმენა. ეს ეშმაკობა პირადად ბერიამ მოიფიქრა და ჯერ კაბელის ჩადების საკითხიც არ იყო გადაწყვეტილი, რომ საბჭოთა მეცნიერებს უკვე შემუშავებული ჰქონდათ მოსასმენი სისტემა. ამგვარად, 1947-1959 წლებში, საბჭოთა დაზვერვა თითქმის ყველა დახურულ საუბარს უსმენდა, რომელიც ტრანსატლანტიკური კაბელით ხორციელდებოდა სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებს შორის და უძვირფასეს სადაზვერვო ინფორმაციებს იღებდნენ. შემდგომ კი, მას პოლიტიკოსები იყენებდნენ. კაბელის საიდუმლო 1959 წელს, ბრიტანეთში გაქცეულმა დაზვერვის გენერალმა პავლენკომ გასცა და ფარდა ახადა იმ ეშმაკობას, რომელიც ბერიას სიკვდილიდან, ექვსი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა.“
მოსმენების თემას საკმაოდ დიდი ადგილი ეკავა ლავრენტი პავლოვიჩის სადაზვერვო საქმიანობაში და სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი, ეგრეთ წოდებული, სამხედრო მიკროელექტრონიკის განვითარებაში. ბერიას თაოსნობით, შეიქმნა მიკროელექტრონიკის დახურული ლაბორატორია უშიშროების სამინისტროში, სადაც ყველა ნიჭიერი მეცნიერი შეკრიბეს, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობდა. ერთ-ერთ ხელმძღვანელად კი ლავრენტი ბერიამ ვაჟი – სერგო დანიშნა, რომელიც პარალელურად, სარაკეტო სისტემების გამშვებ მიკროელექტრონულ მოწყობილობებს ქმნიდა. სერგო ბერია იხსენებდა: „მამა ძალიან ნიჭიერი, საზრიანი და ტექნიკურ სფეროში ერუდირებული ადამიანი იყო. ის რომ პოლიტიკოსი არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, გენიალური ინჟინერ-გამომგონებელი გახდებოდა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. სტალინმა მამას უშიშროება და საიდუმლო პროექტები ჩააბარა, მაგრამ მამამ იქაც შეძლო თავისი ამ უნარის ნაწილობრივ რეალიზაცია. მამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინფორმაციის ფლობას. ამიტომაც მისცა ბიძგი მიკროელექტრონიკას, რადგან სწორად ივარაუდა, რომ მიკროელექტრონული მოწყობილობები იძლეოდა საშუალებას, შეექმნათ საიმედოდ შენიღბული ისეთი მოსასმენი აპარატურა, რომელსაც დიდ მანძილზე, უზადო სმენადობა ექნებოდა. ასეთ მოწყობილობებს ვიგონებდით ჩვენს დახურულ ლაბორატორიაში, რომელიც უმალვე „საქმეში ხვდებოდა“ და დიდი სარგებლობა მოჰქონდა ქვეყნისთვის. მაგალითად, 1949-1951 წლებში, ვაშინგტონში „თეთრი სახლის“ წინ, მტრედები მომრავლდნენ, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ვაშინგტონელ ბავშვებში და მათ მარცვლეულით კვებავდნენ. მტრედები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოშიც სხდებოდნენ და ზოგჯერ პრეზიდენტიც ერთობოდა მათი კვებით. საქმე კი ის იყო, რომ მტრედების მომრავლება საბჭოთა დაზვერვის მიერ განხორციელებული სადაზვერვო ოპერაციის შემადგენელი ნაწილი გახლდათ. მტრედები ჩვენს ლაბორატორიაში დამზადებული, მიკრომოსასმენი აპარატურით იყვნენ აღჭურვილნი, რომლებიც ოსტატურად ჰქონდათ ჩამონტაჟებული ფრთებში. ეს კი საშუალებას იძლეოდა, თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი კოლეგებისთვისაც მოგვესმინა 750 მეტრის რადიუსში. ეს იდეაც მამას მოუვიდა თავში და საკმაოდ დიდი სარგებელი მოუტანა საბჭოთა კავშირს. ეს წარმატებული საქმე კვლავ მოღალატის გამო ჩაიშალა. ერთ-ერთმა აგენტმა, გვარად სივუხამ, რომელიც საუბარს იწერდა, საიდუმლო თავის საყვარელს გაანდო. ქალმა კი ეს ინფორმაცია „ცეერუს“ გადასცა და კარგად აწყობილი საქმე ჩაგვიშალა. სივუხა გადამალეს. დანარჩენი სამი აგენტი კი დააპატიმრეს და 30-30 წლით ჩასვეს ციხეში. მამა გაცოფებული იყო და სივუხას დასჯას მოითხოვდა...“
სწორედ მოღალატე სივუხასთან მიმართებაში გამოჩნდა ლავრენტი ბერიას მთელი სისასტიკე და დაუნდობლობა. ანუ, ის, რასაც ბერიას მთავარ თვისებად მიიჩნევენ მავანნი, სინამდვილეში ბერია ამ თვისებებს მხოლოდ სამშობლოს მოღალატეების მიმართ იყენებდა.
პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „თეთრი სახლის“ მოსმენის საქმე რომ გაიშიფრა, ბერია ძალიან გამწარდა. თავისთან მიხმო და მკაცრად მითხრა.
– მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი: სივუხა, ეს ნაძირალა მოღალატე, უნდა აღმოაჩინოთ, მოიხელთოთ და ისე დასაჯოთ, რომ სხვებისთვის სამაგალითო იყოს და მთელმა ქვეყანამ შეიტყოს. ტროცკის საშინელი აღსასრული ბავშვურ ხუმრობად უნდა გამოჩნდეს, სივუხას დასჯასთან შედარებით.
 ყველაფერი ნათელი იყო. ჩემი ბიჭები შევკრიბე. სათანადო ინსტრუქტაჟი ჩავუტარე და დავალების შესასრულებლად გავგზავნე. თვრამეტი დღის შემდეგ, პენსილვანიის ერთ-ერთი სასტუმროს ლუქს ნომერში, ანტონ სივუხას მოკლული და სასტიკად დასახიჩრებული სხეული აღმოაჩინეს, რომელსაც ათეულობით წვეტიანი ფოლადის „შტირი“ ჰქონდა გარჭობილი. ეს საზარელი ფოტოები მსოფლიოს ყველა მოწინავე გაზეთმა დაბეჭდა. ბერიას ბრძანებით კი, ოპერაციის ყველა მონაწილე შესაბამისად დააჯილდოვეს...“
უდავო ფაქტია, რომ ბერია ერთდროულად, მოსიყვარულე მამა და მეუღლეც გახლდათ, გენიალური ორგანიზატორიც და სასტიკი შურისმაძიებელიც. ამიტომ, ამ არაორდინარული პიროვნების ცალმხრივი განხილვა და ნაუცბადევად იარლიყების მიკერება, არასწორია“.
скачать dle 11.3