კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 დაემშვიდობეთ კოჟრებს სამუდამოდ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


კოჟრები ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომელიც ძალიან ბევრს აწუხებს. გთავაზობთ გზებს, მის მოსაშორებლად.
დაძინების წინ დაიმუშავეთ კოჟრები მცირეოდენი აბუსალათინის ზეთით. დილით დაიბანეთ ფეხები და დაიმუშავეთ კანის გარქოვანებული ზედაპირი პემზით. რამდენიმე პროცედურის შემდეგ, კოჟრები უკვალოდ გაქრება.
საპნიან-სოდიანი აბაზანები – 36-40-გრადუსიან დაახლოებით ერთ ლიტრ წყალში შეურიეთ 1 ჩაის კოვზი სოდა. გაისაპნეთ ფეხები და ჩაყავით სოდიან წყალში 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაუხეშებული კანი პემზით ან სპეციალური ჯაგრისით გაიხეხეთ. გადაივლეთ თბილი წყალი, შეიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით. გაიკეთეთ ასეთი აბაზანები კვირაში რამდენჯერმე.
ნივრიანი – გახეხილ ნიორს შეურიეთ კარაქი. ფაფისებურ მასას მიიღებთ. წაისვით დამბალ კოჟრზე, ზედ დაიფინეთ მრავალძარღვას ფოთოლი და შეიხვიეთ. გაიკეთეთ 2-3 ასეთი პროცედურა და კოჟრიც მოგცილდებათ. ერთი კბილი ნიორი წვრილად გახეხეთ. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ძმრის ესენცია და ცოტა პურის ფქვილი. მოზილეთ თხელი მასა. შემდეგ ცივ წყალში დაბანილ და გამშრალებულ ფეხზე, კოჟრების ადგილზე, ლეიკოპლასტირი დაიდეთ, რომელიც ამოჭრილი იქნება მრგვალად იმ ადგილზე, სადაც კოჟრია. დაადეთ კოჟრს ეს მასა თხლად და ზემოდან ისევ ლეიკოპლასტირი დააკარით. შეიხვიეთ მსუბუქად და მეორე დილით მოიხსენით. ეს პროცედურა გაიმეორეთ ხუთი დღის განმავლობაში. შედეგს აუცილებლად მიიღებთ. გამოიყენეთ ნივრის საფენი – გახეხეთ ნიორი. დაირბილეთ კოჟრი სოდიან წყალში და დაიფინეთ გახეხილი ნივრის წვენში დასველებული მარლა. პროცედურა ღამით, ძილის წინ უნდა გაიკეთოთ. გაიმეორეთ კოჟრის მოცილებამდე.
ნივრიან-ძმრიანი – 3 კბილ ნიორს დაასხით 3-4 ჭიქა ღვინის ძმარი. გააჩერეთ 2 კვირა. შემდეგ გადაწურეთ, დაასველეთ მასში ბამბის ქსოვილი და დაიფინეთ კოჟრიან ადგილას. ზემოდან წინდა ჩაიცვით და გაიჩერეთ მთელი ღამე.
ხახვის ფურცლები მოათავსეთ ქილაში და დაასხით ძმარი. გააჩერეთ 2 კვირა. ღამით, ძილის წინ ძმრით გაჟღენთილი ხახვის 2-3 ფურცელი კოჟრზე დაიდეთ, გარშემო კი ვაზელინი ან ცხიმიანი კრემი წაისვით. დილით კოჟრის მოცილებას გაფხეკვითაც შეძლებთ.
დაძინებამდე ფეხი ცივ წყალში ჩაყავით ხუთი-შვიდი წუთის განმავლობაში. საგულდაგულოდ გაიმშრალეთ ქუსლები, თითებშუა ადგილები. კოჟრებზე დაიდეთ მის  ზომაზე გამოჭრილი ლიმონის ქერქი, რომელსაც ოდნავ რბილობიც უნდა შეჰყვეს. ლიმონის ნაჭერიც შეიძლება, საშუალო სისქის, კურკაგამოცლილი. შემდეგ შეიხვიეთ დოლბანდით ან რბილი, სუფთა ქსოვილით და დაწექით. დილით მოიხსენით. გაიმეორეთ ხუთი დღის განმავლობაში.
საღამოს, ძილის წინ, ჩაყავით ფეხები ცხელ წყალში. დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ, კოჟრზე დაიდეთ ლიმონის ნაჭერი და შეიხვიეთ. 4-5 დღის შემდეგ კოჟრი მთლიანად მოძვრება. თუ კოჟრი ძალიან ღრმაა და ერთი პროცედურა არ ეყო, კიდევ გაიმეორეთ.
თეთრი პურის პატარა ნაჭერი ჩაალბეთ ვაშლის ძმარში და დაიდეთ კოჟრზე. გადაიხვიეთ დოლბანდი და დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით მოიხსენით სახვევი, დაიბინეთ ფეხები და დაიმუშავეთ დარბილებული კოჟრი ფრჩხილის პემზის ქვით.
ჩაასხით რძე თასში, დაამატეთ ცოტაოდენი სოდა. ჩაყავით ამ ხსნარში ფეხები 15-20 წუთით. შემდეგ შეიზილეთ სოდა ფეხებზე. დაიბანეთ და გაიმშრალეთ. წაისვით დამატენიანებელი საცხი.
აიღეთ ორი სადილის კოვზი, დაჭრილი და დაქუცმაცებული ჭინჭრის ფოთლები. დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი. ცოტა ხანს გააჩერეთ. შემდეგ, როცა ფეხი წყლის ტემპერატურას გაუძლებს, ჩადგით შიგ და 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გაიმშრალეთ. მეორე დღეს კი ჭინჭრის ლოსიონით დაიზილეთ ფეხის ტერფები, რომელიც ასე მზადდება: ორი სადილის კოვზი დაქუცმაცებული და დაფქული ჭინჭრის ფოთოლი წამოადუღეთ ერთ ჩაის ჭიქა ზეითუნის ზეთთან ერთად. გააცივეთ და შეიზილეთ მტკივან და გაუხეშებულ ადგილებში. ასე გავიმეოროთ მონაცვლეობით, ხუთი დღის განმავლობაში. ბებერები აუცილებლად მოგირჩებათ. რაც შეეხება დოზას, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ, გაზარდოთ.
კოჟრებზე გაცილებით მტკივნეულია ნახეთქები ქუსლებზე, სიწითლე და ბებერები. ხალხურ მედიცინაში ამის საწინააღმდეგო ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ჭინჭარი, რომელიც ჩვენს ეზოებსა თუ ტყის განაპირა ადგილებში უხვადაა და შემოდგომის მიწურულსაც შეიძლება, მისი დაკრეფა. გამოიყენება როგორც ნედლი, ისე ხმელი სახით. გაითვალისწინეთ, რომ ფოთლებს თესლი არ შეჰყვეს.

როგორ მოვირჩინოთ ჰერპესი შინაურული მეთოდებით
ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი. ცნობილია, რომ მსოფლიოს 90 პროცენტი დაავადებულია ჰერპესის ვირუსით. ჰერპესი ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კანსა და სხეულის ლორწოვან გარსზე ბუშტუკოვანი გამონაყარი. ჰერპესვირუსის ოთხი მორფოლოგიური ჯგუფი არსებობს – უბრალო ჰერპესვირუსი, ვარიცელა ზოსტერი, რომელიც პატარებში იწვევს ჩუტყვავილას, დიდებში კი სარტყლისებრ ჰერპესს, ებშტეინ-ბარის ვირუსი და ციტომეგალოვირუსი.
თუ მდგომარეობა ძალიან რთული არაა, მისი მკურნალობა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. ამისთვის არაერთი საშუალება არსებობს.
შავი ჩაი – მდიდარია ტანინით, რომელიც ცნობილია ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ჩადეთ ჩაის პაკეტი ერთ ჭიქა ცხელ წყალში. გაციების შემდეგ ამოიღეთ და დაიდეთ ინფიცირებულ ადგილას 5 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა დღეში ორჯერ ან სამჯერ.
პინტის ეთერზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა ჰერპესისგან განსაკურნებლად და შესანიშნავი არომატიც აქვს. წაისვით ეს საშუალება დაზიანებულ ადგილზე დღეში 3-ჯერ და გამონაყარი მალე გაქრება.

ჰერპესის სამკურნალოდ კარგია გვირილაც. მას ახასიათებს ანტივირუსული თვისებები. გვირილის ნაყენი შეგიძლიათ, სავლებად გამოიყენოთ.
ძალიან კარგი საშუალებაა ზეითუნის ზეთი. ის უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ხშირად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ის საუკეთესოა ჰერპესის სამკურნალოდაც. გააცხელეთ ზეთი და დაუმატეთ ცოტაოდენი ლავანდის ზეთი და ფუტკრის ცვილი. გააცივეთ და დაიტანეთ მიღებული ნარევი ინფიცირებულ ადგილას.
ვალერიანის ან ვოლოკორდინის წვეთებში დასველებული ბამბით დაიმუშავეთ ჰერპესული კერა ან ვალიდოლის ტაბლეტი მიიდეთ მასზე დღეში რამდენჯერმე. ჰერპესი ნერვიულ ნიადაგზე ჩნდება, შესაბამისად, ამ პრეპარატების გამოყენება ამცირებს ნერვულ ფონს.
მიმართეთ შემდეგ მეთოდს: შემოდგით ცეცხლზე ნახევარი ჭიქა წყალი, როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ ერთი სადილის კოვზი საჭმლის სოდა, მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან და მოურიეთ. დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ჰერპესზე მიიდეთ. ესეც მტკივნეული პროცესია, მაგრამ მოითმინეთ! ამ პროცედურის შემდეგ, შეიძლება, ჰერპესზე სოდიანი ნადები დაგრჩეთ, მაგრამ არ მოიცილოთ. ორი საათის შემდეგ, შეგიძლიათ, პროცედურა გაიმეოროთ.
თუ გსურთ, ხანმოკლე დროში მოიშოროთ აუტანელი ჰერპესული გამონაყარი, წყალბადის ზეჟანგი დაგეხმარებათ. ბამბით წაისვით ეს საშულება კანის დაზიანებულ ნაწილზე, ყოველ 2-3 საათში ერთხელ.
ყურის გოგირდი არის ის საშუალება, რომლის შეზელის მერე, ჰერპესის ბუშტუკები შესამჩნევად იწყებს დაპატარავებას და ქრება.
ერთმანეთში აურიეთ ნახევარი სადილის კოვზი თაფლი, ერთი სადილის კოვზი ფერფლი – შეგიძლიათ ქაღალდის ნაგლეჯი დაწვათ,  დარჩენილი ფერფლი გამოიყენოთ და სამი კბილი წვრილად გახეხილი ნიორი. ეს ნაზავი, რაც შეიძლება, ხშირად წაისვით ტუჩის ჰერპესზე. თუმცა მასზე მარტო ფერფლის მოყრაც შეიძლება.
კარგია სპირტზე დამზადებული ვანილის ექსტრაქტი. ის იწვევს ანთებითი პროცესის შენელებას, რითაც წყლულს ნაკლებად მტკივნეულს ხდის. გამოიყენეთ მხოლოდ 100 პროცენტით სუფთა ვანილის ექსტრაქტი. ხელოვნური ვანილი არ გამოდგება, რადგან მას ანტიინფექციური ეფექტი არ აქვს.
წყლულზე დაიტანეთ ჩაის ხის ზეთი. ის სხვადასხვა კანის დაავადებებისას გამოიყენება, ამიტომ ჰერპესის წყლულის სამკურნალოდაც კარგია. ის აშრობს კანს, რაც წყლულის მოშუშებას უწყობს ხელს. ჩაის ხის ზეთს ახასიათებს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ანიტიბიოტიკური თვისებები. დაიდეთ ჩაის ხის ზეთში დასველებული ბაბმა წყლულზე ორჯერ დღეში.
ჩაალებთ ბამბა რძეში (ცხიმიანობა – 1%) და დაიმუშავეთ მისი გამოყენებით კანის დაზიანებული ნაწილი. არ ჩამოიბანოთ და არ ჭამოთ იქამდე, სანამ რძე ბოლომდე არ გაშრება. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ 2-3 საათში ერთხელ, მთელი დღის განმავლობაში და გამონაყარი ძალიან მალე გაქრება.
უმთავრესი იარაღი ჰერპესთან საბრძოლველად შინაგანი დამოკიდებულებაა. აუცილებელია, მოიხსნათ შფოთვა იმის თაობაზე, რომ ულამაზოდ გამოიყურებით ტუჩზე ჰერპესით. რაც ნაკლებ ყურადღებას გაამახვილებთ მასზე, მით უფრო მალე გაივლის და ჩაცხრება.

დაამარცხეთ კუჭის ტკივილი
კუჭის ტკივილის დროს, შეგიძლიათ, შემდეგ მეთოდებს მიმართოთ:
კუჭში ტკივილების შეგრძნებისა და ნაწლავების შებერვის შემთხვევაში, გამოიყენეთ შემდეგი ბალახების ნარევი: 5 გრამი კოთხუჯის ფესვები ადუღეთ 1 ლიტრ წყალში 10 წუთი. ცეცხლიდან გადმოდგმისთანავე ან ძალიან ცხელ ნახარშში ჩაყარეთ დაქუცმაცებული 2 სადილის კოვზი ასისთავას, 1 სადილის კოვზი აბზინდის, 1 სადილის კოვზი კრაზანის და თითო ჩაის კოვზი პიტნისა და კატაბალახას ფესვები. ყოველივე ეს ნახევარ საათს შედგით ცხელ ღუმელში, გაწურეთ და მიიღეთ უზმოზე 1 ჭიქა, დანარჩენი – 4 ნაწილად დღის განმავლობაში.
კუჭის ტკივილის მოსახსნელად, ასევე, ძალიან ეფექტურია კოთხუჯის ფესვი ნატურალურ ღვინოსთან ერთად. კოთხუჯის ღვინის მოსამზადებლად აიღეთ 100 გრამი ახალამოღებული ფესვი, კარგად გარეცხეთ, რაც შეიძლება წვრილად დააქუცმაცეთ და დაასხით ერთი ლიტრი ნატურალური, თეთრი ღვინო. მჭიდროდ დაახურეთ თავზე და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, სიბნელეში, 14 დღე. ამის შემდეგ გადაწურეთ და ჭამამდე 30 წუთით ადრე ყლუპობით მიირთვით. დღეში დაახლოებით 10-12 ყლუპი უნდა დალიოთ. ასე რომ, საკვების მიღების რეჟიმზე დამოკიდებულებით, ერთ ჯერზე მისაღები ოდენობა თავად განსაზღვრეთ.
ტკივილის თავიდან მოსაშორებლად, კარგია თუ კვირაში დაახლოებით 2-3 ჯერ მიიღებთ მაყვლის ფოთლის ნახარშს ათასფოთოლასთან ერთად 1:1 – 1 ლიტრ წყალზე. ასევე, სიმინდის ულვაშისა და კამის ნახარშს 1:1 – 1 ლიტრ წყალზე.
დადებითი ეფექტი აქვს, ასევე, ევკალიპტის ფოთოლს. 20 გრამს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ნაყენი გაცივების შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით დღეში 6-ჯერ 50 მილილიტრის მოცულობით, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს: 20 გრამი გულყვითელას ყვავილი  მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ წყლიან აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. ხშირად ურიეთ და შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, საწყისი მოცულობის მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი, 1-2 სადილის კოვზი 2-3- ჯერ დღეში, ჭამის წინ.
კუჭის ტკივილისა და სპაზმების მოსახსნელად აიღეთ 2-3 ჩაის კოვზი ქორფა ან ხმელი რეჰანის ფოთოლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გადაწურეთ და მიირთვით 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
კუჭის სიმძიმის შეგრძნებისას და ჭვალის დროს: შეურიეთ ერთმანეთს 5 გრამი კატაბალახას ფესვები, 30 გრამი გვირილის ყვავილი, 10 გრამი პინტა. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავდახურული გააჩერეთ 1 საათი. გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში.
კუჭის ტკივილისას სასურველია  კამის მიღება. აიღეთ 2 სადილის კოვზი (შეიძლება ქორფაც და გამხმარიც), წვრილად დაჭერით, კარგად გასრისეთ სადილის კოვზით, რომ წვენი გამოუვიდეს. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეგრილებისთანავე გადაწურეთ. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
დაიცავით ზოგადი წესები: დილაობით მიირთვით შვრიის ფაფა, თუ არ გიყვართ, საკმარისია, 2-3 კოვზი. მას აქვს ლორწოვანი კონსისტენცია და კუჭის კედლებს იცავს მავნე ზემოქმედებისგან. ერიდეთ მშრალ საკვებს, ნუ მიეძალებით მწარე და ცხარე პროდუქტებს. ეცადეთ, რეგულარულად, დღეში სამჯერ ჭამოთ. კატეგორიულად გეკრძალებათ სპირტიანი სასმელები, ძეხვეული, შემწვარი ხორცი და ზედმეტად ცხიმიანი და შემწვარი კერძები.скачать dle 11.3