კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ სთხოვდა უცხოეთში მყოფ მიხეილ თამარაშვილს დედა ერთი კაბის ყიდვას, და კი – შვილების გაზრდას და როგორ შეიშალა ჭკუიდან სიღარიბეში მყოფი მისი სიძე

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

მიხეილ თამარაშვილი 1911 წელს გარდაიცვალა, რომის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში. ზღვაში შევიდა უცნობის გადასაჩენად, უცნობი გადარჩა, თვითონ კი დაიხრჩო. სანტა-მარინელას ეკლესიაში დაკრძალეს, შემდეგ კი, ქალაქ ჩივიტავეკიას წმიდა მარინას პანსიონში გადაასვენეს. ცნობილია, რომ მისი ცხედრის შენახვის თანხა სამოცდაათი წლის ვადით, გადაუხდია იტალიელ კონდოლადო კუციოს, თამარაშვილის  გარდაცვალებიდან 68-ე წელს კი, რეზო თაბუკაშვილმა  საფლავს მიაგნო და სამშობლოში გადმოასვენა. მანამდე კი იყო დიდი და რთული გზა.  „ამას არც ვყვები და არც ვწერ არსად, მაგრამ თვენახევარი წყდებოდა საკითხი, დავესაჯეთ თუ მოეცათ საშუალება, დასაფლავებისა. კუბო 40 დღის განმავლობაში დამალული მქონდა. იყო საშიშროება, რომ უბრალოდ, მოიპარავდნენ. მერე იტყოდნენ, რომ თაბუკაშვილმა იქ ვიღაც მოთხარა, მერე სიმთვრალეში სადღაც დაკარგაო. რა, გაუჭირდებოდათ ამის გაკეთება? ჩამოსვენება დღეს გახდა ჩვეულებრივი ამბავი, მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო. „ცეკას” ბიუროზე ასეთი გამოსვლაც იყო, თაბუკაშვილმა „ცეკას” კუბო მიაყენა რესპუბლიკის უკითხავად, უნდა დავსაჯოთ. დღეს თამარაშვილი ჩამოგისვენათ, არავინ რომ არ იცის, ვინ არის, სრულიად უცნობი და ხვალ შეიძლება, რობაქიძე მოგაყენოთ კარზე,” – იხსენებდა რეზო თაბუკაშვილი. რაც შეეხება თამარაშვილის გადმოსასვენებელს, თაბუკაშვილი მისი კუბოს შესაძენად მთელი ის დღეები შიმშილობდა. ოპერატორთან ერთად, კომფორტული სასტუმრო მიუტოვებია და იაფფასიან სასტუმროში გადასულა, რათა ფული არ დახარჯვოდა. მთელი დღეები ამ საქმეების მოგვარებით დაკავებულს გულიც კი წასვლია შიმშილისგან და გამვლელ-გამომვლელებს, რომლებსაც დიაბეტიანი ჰგონებიათ, შოკოლადით მოუსულიერებიათ. როცა სცადა, სიმწრით ნაყიდი კუბო სასტუმროში შეეპარებინა, ადმინისტრაციამ არ შეატანინა. მეტიც, ის ოპერატორთან ერთად, სასტუმროდან გამოაძევეს და ასე, დადიოდნენ რომის ქუჩებში მხრებზე კუბოგადაკიდებული თაბუკაშვილი და მისი ოპერატორი.
თაბუკაშვილს უსიამოვნება იტალიის აეროპორტშიც შეხვდა, როცა თვითმფრინავის სალონში ცხედრის შეტანის უფლება არ მისცეს და საბარგო განყოფილებაში გააგზავნეს. თამარაშვილი საბარგო განყოფილებაში როგორ ჩავაბაროო, გაგიჟებულა ბატონი რეზო. ატყდა ერთი ამბავი. მოსულან პოლიციელები, გამოჰკითხეს: ვინ იყო მისთვის, რატომ ჯიუტობდა ასე და როდესაც გაიგეს, რომ თაბუკაშვილისთვის თამარაშვილი არც მამა, არც ძმა და არც ნათესავი ყოფილა და იყო დიდი ქართველი მეცნიერი, თავად პოლიციელებს შეუტანიათ მისი ნეშტი თვითმფრინავის სალონში. ნეშტის საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ, თამარაშვილის კუბოს თაბუკაშვილი ჯერ  საკუთარი სახლის სარდაფში, შემდეგ  ოპერატორ იური ბარამიძის სახლში, ქარელში მალავდა. ერთი შეხედვით, ეს ამბავი ერთ ჩვეულებრივ კრიმინალურ ისტორიას წააგავს, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ასე იყო. როგორც იქნა, დაარწმუნა საქართველოს მთავრობა, რომ მიხეილ თამარაშვილს მისი დამსახურებისთვის ეკუთვნოდა სამშობლოში პატივით დაკრძალვა.  „შევარდნაძე მაშინ ძალიან ბრძნული სიდინჯით მოეკიდა ამ საქმეს. მაშინ საქართველოში შევარდნაძემ კი არა, არავინ იცოდა თამარაშვილის არსებობა, მეცნიერთა მცირე წრის გარდა,” – წერდა რეზო თაბუკაშვილი.  1978 წელს მიხეილ თამარაშვილის ცხედარი ეროვნული მუზეუმიდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს. წლების შემდეგ, ამ ძალზე  საინტერესო ისტორაიზე თაბუკაშვილს უთქვამს: მე ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ჭირისუფალი ვიყავიო. დღეს, ამ ჟურნალში მიხეილ თამარაშვილის  დღიურის წარდგენას სამი სერიოზული მიზეზი აქვს: პირველი – მას აუცილებლად უნდა დაეკავებინა ადგილი ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე, მეორე _  იგივე არ მოხდეს ახალ თაობასთან, რაც ძველ თაობასთან მოხდა, რამეთუ  მისი არცნობა თუ ვერცნობა დიდი დანაშაული იქნება ქვეყნის წინაშე და მესამე – რეზო თაბუკაშვილმა, რომელიც ჩვენი დიდი მეცნიერების მსგავსად, კარგი მკვლევარი და მამულიშვილი გახლდათ, დიდი ბრძოლით, საკუთარი ჯანრთელობის ხარჯზე დაუბრუნა ქვყანას მიხეილ თამარაშვილი და ეს დღიურები მისი ჩვენდამი უდიდესი პატივისცემის დასტურია.             
აკაკი ბაქრაძე:
„მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ქართველს, თუ ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი არ არის, ქართველად არ მიაჩნია. კათოლიკე ქართველს ფრანგს ეძახის, გრიგორიანელ ქართველს – სომეხს, მუსლიმ ქართველს – თათარს. ამას სჩადის არა მარტო წერა-კითხვის უცოდინარი ქართველი, არამედ, ხშირად, ნაირნაირი სამეცნიერო ჩინ-მედლით აღჭულვილიც… იმათ შორის, ვინც ქართული ეროვნული ცნობიერების გამთლიანებისთვის იბრძოდა, ერთი
მეტად საპატიო ადგილი მიქელ თამარაშვილსაც უჭირავს (თამარაშვილს სახელი მიქელ-ის ფორმით ერქვა და არა მიხეილ-ის).
მიქელ თამარაშვილი საყურადღებო პიროვნებაა არა მარტო მეცნიერული შემოქმედებით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. 1858 წლის სექტემბერში (მისი დაბადების დღე უცნობია. ვერცერთი მკვლევარი ამ თარიღს ვერ უთითებს), ახალციხეში. რა თვეშიც დაიბადა, იმავე თვის თხუთმეტში (ახალი სტილით) დაიხრჩო ტირენიის ზღვაში, სოფელ სანტა-მარინელასთან. ეს 1911 წელს მოხდა რომის ახლოს.
მიქელ თამარაშვილი ღარიბი ოჯახის შვილი იყო, მამით ობოლი. მხოლოდ ოცი წლისამ მოახერხა სწავლას საფუძვლიანად შედგომოდა. კონსტანტინეპოლში, პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ კათოლიკურ სასულიერო სასწავლებელში რომ მიდიოდა, ძმა მისტიროდა – ნუ წახვალ, უშენოდ შიმშილით დავიხოცებითო.
არც მერე შეუწყვეტიათ ჩივილი და წუწუნი ნათესავ-ახლობლებს.
დედა ევედრებოდა – შვილო, ერთი კაბაც არ მაცვია, იქნებ დამეხმაროო.
და შესჩიოდა – თუ ძმობა გწამს, როგორმე ეს ორი ქალი გამიზარდე… ისე ხელმოკლედ ვარ, მოჯამაგირეობით ვირჩენო თავს…
მეზობლები ატყობინებდნენ – შენი ძმა გრიგოლი ლოგინად ჩავარდა. საწყალს წამლის ფულიც არა აქვსო.
სიძე, დის ქმარი, შეიშალა. ოჯახი მიატოვა და სადღაც გადაიხვეწა.
რა ექნათ, უჭირდათ და მზრუნველს ეძებდნენ. რაკი მიქელი უცხოეთში იყო, ეგონათ, მასზე მეტად ვინ დაგვეხმარებაო, და შველას ემუდარებოდნენ. ისიც, რითაც შეეძლო და როგორც შეეძლო, ხელს უმართავდა.
სიდუხჭირე და სიღატაკე სიკვდილამდე არ მოსცილებია. და მაინც, სამეცნიერო საქმიანობა ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია. იტალიის წიგნთსაცავებსა და არქივებში ეძებდა საბუთებს, მასალას ქართული კათოლიკობის ისტორიისთვის.
მე-19 საუკუნეში (ცხადია, დღესაც) ამ დოკუმენტების შეგროვებას, მით უმეტეს, მის ახსნა-განმარტებას, კომენტირებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მაშინ ქართულ კათოლიკობას ორი მხრიდან უტევდნენ. ერთი მხრივ რუსული მართლმადიდებლობა, რომელსაც საერთოდ, კათოლიციზმი თავის დაუძინებელ მტრად მიაჩნდა, ცდილობდა ქართული კათოლიკობის მოსპობას, ხოლო მეორე მხრით, სომხური კათოლიკობა, გულმოდგინედ იბრძოდა იმისთვის, რომ ქართველი კათოლიკეები სომხური კათოლიკური ეკლესიის წიაღში შეეყვანა და სომხებად გამოეცხადებინა. გაუქმებული ქართული ეკლესია ამ ბრძოლაში მეტად უღონოდ და უსუსურად გამოიყურებოდა… ასეთ ვითარებაში მიქელ თამარაშვილის წიგნის გამოქვეყნებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის” თავდაცვისა და შეტევის მახვილი იყო არა მარტო ქართველი კათოლიკეების ხელში, არამედ მთელი ქართველი ხალხის ხელში.
ამ წიგნით საფუძველი ეყრებოდა საქართველოს ისტორიის შესწავლას ახალი კუთხით… ამ წიგნმა დაგვანახვა, რომ პოლიტიკაში ქართული სამეფო კარის დასავლურ ორიენტაციას დიდი ხნის ისტორია აქვს. თუ უფრო ადრე არა, ლაშა-გიორგის დროიდან მაინც იწყება ის… ამ წიგნმა გვაჩვენა ისიც, რომ რომი, ანუ მსოფლიო კათოლიციზმის ცენტრი დაინტერესებულია ამიერკავკასიით, კერძოდ, საქართველოთი, და ცდილობს, მტკიცედ მოიკიდოს ფეხი აქ. თუ ქართველი პოლიტიკოსები გონივრულად გამოიყენებენ ამ ინტერესს, შესაძლებელია, საქართველომ თავი დააღწიოს ბევრ მოსალოდნელ უბედურებას.
ამ წიგნის საშუალებით საქართველოს ისტორიის ბევრი ბუნდოვანი საკითხი გაირკვა. ბევრი ქართული პოლიტიკური თუ სასულიერო მოღვაწის საქმიანობას მოეფინა ნათელი...“
***
„14 წლის იყო მიხეილი, მამა რომ გარდაეცვალა. ნიჭიერი ყმაწვილი იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა და ხელობის შესასწავლად ხარაზს მიბარებოდა (უ. ბლუაშვილი), 1874 წელს მიხეილი ქუთაისში, თავის ძმასთან ჩავიდა ხელოსნობაში ბედის საცდელად. ძმის დუქანში ერთხანს წაღებს კერავდა, მაგრამ ორიოდე წელიწადში ძმები გაკოტრდნენ და საცხოვრებლად ხაშურში გადავიდნენ. დახლი ვერც იქ დაიყენეს. სახელოსნო დახურეს და მშობლიურ ახალციხეს დაუბრუნდნენ. 1878 წელს, ივანე გვარამაძის დაჟინებული რჩევით, 20 წლის თამარაშვილი კონსტანტინეპოლში გაემგზავრა პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად.
სკოლის ხელმძღვანელობამ ყველაზე ნიჭიერი სამი მოსწავლე შეარჩია და სასწავლებლად ესპანეთში გააგზავნა. პეტრე ხარისჭირაშვილმა კვლავ გამოარჩია სწავლას მოწყურებული ყმაწვილი და ამჯერად უკვე პარიზში, ლაზარეს სასწავლებელში მიავლინა... 1888 წელს სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, თამარაშვილი, თავის განუყრელ მეგობარ იოსებ მერაბიშვილთან ერთად, კონსტანტინეპოლის ქართველთა ძმობაში მიიწვიეს. ამ დროისთვის დასნეულებული პეტრე ხარისჭირაშვილის ნაცვლად, კონსტანტინეპოლის ქართველთა ცენტრს ნიკოლოზ მანველიშვილი განაგებდა. მონასტერში ის ძველი აღტყინება და შემართება აღარ სუფევდა. თამარაშვილს გულმა სამშობლოსკენ გამოუწია. „დედა-ბინაზე” დაბრუნებულს კი, მყისვე შავრაზმულ რეჟიმთან დაპირისპირება მოუხდა. ჟანდარმერიამ მასში იმპერიისთვის საშიში პიროვნება დაინახა თბილისში თამარაშვილი „მიძინების ეკლესიის” მოძღვრად განაწესეს. მან აქ თავისებური „განაწესი” შემოიღო: ყოველი წირვისას თუ ლოცვისას, ეკლესიის კათედრიდან ის მრევლს საქართველოს ისტორიის ცალკეულ ეპიზოდებზეც მოუთხრობდა. ცხადია, ეს ქართველ მრევლს ძალზე მოსწონდა. მაგრამ, გამოჩნდნენ მოწინააღმდეგენიც. სომეხ კათოლიკეებს არ ესიამოვნათ მათ მიერვე გაყალბებული ისტორიის შესახებ სიმართლე, ამიტომ დაბეზღებებით, ათასგვარი ცილისწამებითა და ქრთამებით, თარამაშვილისთვის ჯერ თბილისში, შემდეგ კი, სრულიად საქართველოში მღვდელმსახურების აკრძალვას მიაღწიეს. მას უფლება დართეს ახალციხეში ეცხოვრა, ოღონდ, მღვდლის მოვალეობა არც იქ შეესრულებინა. თუმცა, მალე ის ახალციხიდანაც გააძევეს. მიხეილ თამარაშვილს, როგორც მთავრობის მიერ „შერისხულს” არც რომში წასვლის ნებართვას აძლევდნენ. სომხური ტიპიკონის მქონე ახალციხის ეკლესიამაც არ მიიღო. მამისეულ სახლში კი სიღარიბე და შიმშილი მეფობდა. 1890 წელს მიხეილ თამარაშვილმა მაინც მოახერხა ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე სტამბოლში ჩასულიყო. იქიდან კი რომს გაემგზავრა. იქ რომის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა გამოცდები. უსახსროდ დარჩენილს მხსნელად თავისივე ნიჭიერება მოევლინა. მას სტიპენდია დაუნიშნეს. 1894 წელს თამარაშვილმა აკადემია წარჩინებით დაამთავრა და დოქტორის წოდება მოიპოვა.  მის ცხოვრებაში დადგა შემოქმედებითი, მეცნიერული მუშაობის ეტაპი. ამ დროისთვის მეტად მწვავედ იდგა ქართველ კათოლიკეთა წარმომავლობის საკითხი. სომხური კათოლიკური ეკლესიის მესვეურები ამტკიცებდნენ, რომ ქართველი კათოლიკენი ბუნებაში არ არსებობდნენ. ისინი, ვინც დღეს თავს ქართველ კათოლიკეებს უწოდებენ, სინამდვილეში, გაქართველებული სომხები არიანო.  1886 წელს კათოლიკურ ეკლესიებში ქართული ენა აკრძალეს. ივანე გვარამაძე წერდა მიხეილ თამარაშვილს: „რომ არა ჩვენი ქალების დიდი შემართება, ამ ბრძანების შემდეგ, ქართულ ქადაგებას საერთოდ ვეღარ შევძლებდით”. ქართველი კათოლიკენი რომის პაპთანაც ჩავიდნენ, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი... ქართველ კათოლიკეთა ეკლესია სომხურ ეკლესიად იყო მოხსენიებული. დაიწყო დავა ქართული კათოლიკური ეკლესიის თაობაზე. ქართველები ამტკიცებდნენ – მთავარმართებელ ციციანოვის დროს ეს ეკლესია ქართველებმა ავაშენეთო. სომხები გაიძახოდნენ – ეკლესია სომხური კაპიტალით არის აშენებული, მაშასადამე, ის ჩვენ გვეკუთვნისო (ცხადია, სომხები არ აზუსტებდნენ – სად და ვისი ძარცვის გზით შეიძინეს ეს კაპიტალი). საქმე სასამართლომდე მივიდა. საჭირო გახდა დოკუმენტების მოძიება. ასეთი დოკუმენტები კი რომის არქივებში ინახებოდა. 1892 წელს, თბილისის კათოლიკურმა ეკლესიამ თხოვნით მიმართა მიხეილ თამარაშვილს: მოეძიებინა ვატიკანის წიგნთსაცავებში საჭირო დოკუმენტები. შეკვეთა სიამოვნებით მიიღო და თამარაშვილის მიერ მოძიებულმა დოკუმენტებმა საქმე ერთმნიშვნელოვნად ქართველების სასარგებლოდ გადაწყვიტა.
რომის არქივებში მიხეილი არა მარტო საეკლესიო, არამედ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი მასალების მოძიებასაც შეუდგა.
ამ მართლაც ტიტანურ შრომას თამარაშვილი უკიდურესი სიღარიბის პირობებში ეწეოდა. მისი ერთადერთი შემოსავალი ამ დროს მღვდელთმსახურების მცირე თანხა იყო. 1894 წელს თამარაშვილი კონსტანტინეპოლის ქართველ კათოლიკეთა დაჟინებული თხოვნით ფერიქოვის ქართული სკოლის მასწავლებლობას იწყებს და თავისი ლექციებით აღფრთოვანებაში მოჰყავს მოსწავლეები. მაგრამ სკოლაში გამეფებულმა ფორმალობამ და რუტინამ მალე მას გული აუცრუა. თამარაშვილს არ მოსწონდა, რომ სკოლის მაშინდელმა ხელმძღვანელმა სტეფანე გიორგაძემ „სახლის გათავების შემდეგ დაიწყო ბაღისა და შადრევნების გაკეთება”, მოსწავლეთა აღზრდის საქმეს კი სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. 1897 წელს მიხეილ თამარაშვილი რომში დაბრუნდა... 1900 წლისთვის მიხეილს უკვე მზად ჰქონდა ნაშრომი „ისტორია ქართველი კათოლიკეებისა ქართველთა შორის”.  დაიწყო წიგნის დაბეჭდვისთვის საჭირო სახსრების მოძიების რთული ეტაპი. დიდი ხნის მცდელობის შემდეგ წიგნის გამოცემა ქართველმა ქველმოქმედმა – სტეფანე ზუბალაშვილმა ითავა... თამარაშვილმა უტყუარ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაასაბუთა, რომ რომის ეკლესიასთან საქართველოს ეკლესია ქრისტიანული სამყაროს გათიშვის (1054) შემდეგაც აგრძელებდა ურთიერთობას...  ილიას „ივერია” 1902 წლის ¹ 254-ში აღნიშნავდა: „ეს მარტო კათოლიკობის ისტორია კი არ არის, არამედ საქართველოს შინაგანი ცხოვრების და პოლიტიკური მდგომარეობის ისტორიაა: და ამ მხრივ ეს შესანიშნავი წიგნი მეორე ქართლის ცხოვრებაა”... უსახსრობის გამო მიხეილ თამარაშვილმა თავისი წიგნის მეორე ტომის გამოცემა ვერ შესძლო. მან ისღა მოახერხა, რომ ცალკე გამოყო საკითხების ნაწილი და ჩვენი ისტორიის გამყალბებელთა წინააღმდეგ პოლემისტური წიგნის სახით დაბეჭდა... 1904 წელს ისევ და ისევ სტეფანე ზუბალაშვილის ფინანსური მხარდაჭერითა და პავლე მირიანაშვილისა და ზაქარია ჭიჭინაძის აქტიური მონაწილეობით, გამოიცა მიხეილ თამარაშვილის წიგნი „პასუხი სომეხ მწერლებს, რომლებიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას (ისტორიული გამოკვლევა)”.
თამარაშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი პასუხები მხოლოდ „სომხის ზოგიერთ მწერალთ” შეეხებათ, რომელთაც თავიანთი სინდისის ფასად იცრუეს და ისტორიაში ჩაუხედავი, მდაბიო ხალხის მოტყუებას შეეცადნენ... 1905 წლისთვის მიხეილ თამარაშვილმა ფრანგულ ენაზე მოამზადა ნაშრომი ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ, რომელსაც დაურთო დოკუმენტური ტექსტები, გეოგრაფიული რუკები, სურათები და ასე შემდეგ ასეთი ნაშრომის გამოცემა, ცხადია, გაცილებით ძვირი ჯდებოდა. თამარაშვილს ამჯერადაც ზუბალაშვილების იმედი ჰქონდა, მაგრამ 1904 წელს გარდაცვლილი სტეფანე ზუბალაშვილის მემკვიდრეებმა და ძმებმა აღარ ისურვეს მკვლევრის დახმარება. პირიქით, მას სტეფანესგან დანიშნული სუბსიდიაც მოუხსნეს, რის შემდეგაც თამარაშვილი სრულიად უსახსროდ დარჩა. საჭირო გახდა აკაკი წერეთლის, ზაქარია ჭიჭინაძის, ცხადაძისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა დიდი ძალისხმევა, რომ ზუბალაშვილებს კვლავ მოწყალე თვალით შეეხედათ რომში მყოფი მამულიშვილისთვის. მათ კვლავ აღუდგინეს დახმარება თამარაშვილს და წიგნის გამოცემაშიც თანადგომა აღუთქვეს. 1910 წელს წიგნი ფრანგულ ენაზე გამოიცა... ევროპელთათვის ის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ხუთიოდე თვის განმავლობაში წიგნის გამოცემიდან ევროპაში ამის შესახებ 50-ზე მეტი რეცენზია დაიწერა. წიგნს უმაღლესი შეფასება მისცა ვატიკანმაც: გულის ფანცქალით წაიკითხავენ ამ წიგნში საგმირო ისტორიას იმ ერისას, რომელმაც, მიუხედავად საშინელი დევნისა და ტანჯვა-წამებისა, შეინარჩუნა სიმამაცე, სულგრძელობა, სამართლიანობა და უმეტეს შემთხვევაში, დარჩა თავისი ქრისტიანული ტრადიციების ერთგული”.

скачать dle 11.3