კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რა აკავშირებს ნანა კაკაბაძეს სოსო ოხანაშვილის ოჯახთან და როგორ გაჩნდა მის ცხოვრებაში ერთდროულად „ციანიდის საქმე“ და მძიმე დიაგნოზი

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

 უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ხმაურიანი ისტორიების ეპიცენტრში  ბოლო წლებში საკმაოდ ბევრჯერ მოხვდა. სულ ბოლო კი „ციანიდის საქმის“ სკანდალური გაგრძელება აღმოჩნდა, მისი მისამართით გაკეთებული მძიმე ბრალდებები,  რომელთა გამოძიებასაც  სამართალდამცავი  ორგანოებისგან  ახლა თავად ითხოვს.  ამბობს, რომ ცხოვრების რთულ გზაზე – დისიდენტობიდან  უფლებადამცველამდე,  საკმაოდ ბევრი მძიმე დღე გაიარა. თუმცა ის, რაც ბოლო თვეებში მის ირგვლივ ხდება,  მისთვის მაინც განსაკუთრებით ემოციურია.   ციანიდის საქმემ მისი მძიმე დიაგნოზიც კი გადაწონა, რაზეც საუბარს არ გაურბის და ინტერვიუში, როცა  ცხოვრების მთავარ საყრდენზე, კადრს მიღმა დარჩენილ ისტორიებზე  საუბრობს,   გულწრფელად გვიმხელს ამასაც.   
ნანა კაკაბაძე:
ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი მქონია, თუმცა ისეთი, რაც ახლა მაქვს – არც ისე ბევრი.   სხვადასხვა დროს   ბრძოლის იარაღი  სხვადასხვა   რამ იყო:  მშვილდისარი, ხელკეტი, ხანჯალი, იარაღი, ატომური იარაღი.  დღეს ამ იარაღს ცვლის  ბინძური პიარი  და ცილისწამება, რაც მორალურად გკლავს ადამიანს. თუმცა, როცა აცნობიერებ, რომ  ერთი მხრივ, არის ბრძოლა და მეორეს მხრივ, წინააღმდეგობა, შენს გზას ირჩევ. მე ვფიქრობ, რომ ამ გზას,  რაც მე ავირჩიე: ვამხილო და ვთქვა სიმართლე, უნდა მივყევე  ბოლომდე და ეს არის სწორი ფორმა.  
– რატომ „გერჩით” ასე, „ციანიდის საქმის“ მოწმე. რა ურთიერთობები გქონდათ მასთან იქამდე, სანამ  ეს  სკანდალი გახმაურდებოდა?
–   მე მქონდა ახლო ურთიერთობა სოსო ოხანაშვილის ოჯახთან. ბავშვობიდან   ვმეგობრობდი    მეუფესთან, სანამ ის სასულიერო პირი გახდებოდა, მის და-ძმასთან. ვმეგობრობდი სოსოს  სიდედრთან, მეუფის ყოფილ ცოლთან, მაიასთან, რომელიც ახლახან გარდაიცვალა.  მიყვარს მათი შვილები, შვილიშვილები.  სოსო ოხანაშვილის გამოჩენას ამ ოჯახში, თავიდანვე  ეჭვის თვალით შევხვდი. მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ ეს შეიძლება, მხოლოდ ჩემი ეჭვი იყო და მეტი არაფერი. მე ის გულწრფელი არ მეჩვენებოდა. ადამიანი, რომელიც  თვალებში  ვერ გიყურებს და ვერ გესალმება მაშინ, როცა იცის, რომ შენთვის ის ოჯახი, რომლის წევრიც გახდა, ძალიან ძვირფასია, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.  სოსო  მე თავს მარიდებდა, გამირბოდა,  რაც, როგორც ჩანს,  ხდებოდა მისი   როლიდან გამომდინარე, რომელიც უნდა შეესრულებინა, როგორც ამ ოჯახის, ასევე მთელი საპატრიარქოს წინაშე.   საპატრიარქოში ბევრჯერ მიკითხავს კიდეც, სად არის სოსო, დამანახვეთ ეს კაცი-მეთქი. შემთხვევით საპატრიარქოში  თუ შევეჩეხებოდით ერთმანეთს და იძულებული იყო, მომსალმებოდა.  ის მომენტი, რომ მან იცოდა, როგორი ახლო ურთიერთობა მქონდა მის ოჯახთან  და მას მაინც დასამალად ჰქონდა საქმე, ეჭვებს მიჩენდა. ასეთი რამ ემართებოდათ ადამიანებს, ჩემი ახლობლები რომ იყვნენ და უცბად „ნაციონალური მოძრაობის”  წევრები გახდნენ.  თქვენ იცით, რომ თავისუფლების ინსტიტუტი ჩემი ოფისიდან წავიდა რევოლუციაზე. როცა გავიგე, რომ ისინი გადატრიალებას აწყობდნენ, ჩვენი გზები გაიყო.  მათ,  ვინც ჩემს ოფისში იყვნენ,  ჩემები მეგონა და ჩემი ხელით ვუყოფდი საკვებს, უზარმაზარი ბოროტება ჩაიდინეს ჩემ წინააღმდეგ. ისინი შემდეგ, ბუნებრივია, თავს მარიდებდნენ, რაც  კარგად არ მესმოდა.   განსხვავებული პოზიცია ერთია და ადამიანური ურთიერთობები, მეორე და მთავარი.  მე გიგა ბოკერიას გაკეთებული საქმეები მძულს, თვითონ გიგა ბოკერია კი არა. ადამიანურად, მას ადგილი აქვს ჩემს გულში და რამე რომ დასჭირდეს, მისთვის ისევ ის ნანა ვიქნები, რაც წლების წინ ვიყავი.  ძალიან განვიცდი, რომ   იმ სიყვარულის გამო, რაც ამ ადამიანების  მიმართ მქონდა, ღიად  ვერ დავუპირისპირდი მათ. ვერ გავაჩერე, ვერ გავუწიე წინააღმდეგობა. სულ მაქვს ეს პასუხისმგებლობა, რომ მე ვერ შევძელი, თავიდან ამეციელებინა  2003 წლის პროცესები, რამაც შემდეგ უამრავი უბედურება მოიტანა.     სამწუხაროდ, უკვე რეალობაში ვხედავ, ვინ არის სოსო ოხანაშვილი,  თუმცა ყველაფერზე საუბარს ვერიდები. სოსოს უკან დგას  ეკა, მათი შვილები, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები და არ მინდა, მათ გული ვატკინო. ეს არის მიზეზი, რის გამოც ღიად, დეტალურად ვერ ვსაუბრობ. თუმცა, ეჭვი უკვე აღარავის ეპარება იმაში,  თუ რას აშავებს დღეს სოსო პატრიარქისა და საქართველოს წინაშე.  ამიტომაც ვფიქრობ, დღეს ქვეყნის დაცვა სიმართლის თქმაა. სიმართლე კი ის არის, რომ სოსო ოხანაშვილი იმართება კიევიდან  და უშუალოდ, მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც ცდილობს, ამ ყველაფრით იხეიროს და თავის მიზანს მიაღწიოს.   დასამალი აღარაა და თვითონ სოსოც, ალბათ,  აღარ მალავს, რომ ის „მწვანე ბერეტის” მფლობელია. ეს არის  ორგანიზაცია, რომლის ფუნქციაა, ხელისუფლებების შეცვლა, გადატრიალების მოწყობა, მოწამვლა, მკვლელობები, ტერორისტული აქტები და ასე შემდეგ.
– თქვენ წლებია, საპატრიარქოსთან დაახლოებული პირი ხართ, გქონდათ ინფორმაცია იმ დაპირისპირებებზე, რაც საპატრიარქოში იყო ოხანაშვილისა და თეთრუაშვილის ჯგუფებს შორის?  
– შორენა თეთრუაშვილს ყოველთვის  პატივს ვცემდი,  იმდენად, რამდენადაც ეჭვი არასდროს  შემპარვია მის ერთგულებაში პატრიარქის მიმართ. შიდა საქმეებში  მე არ ჩამიხედავს. ვიცოდი, რომ საპატრიარქოში დაპირისპირება იყო და ამას ვგრძნობდი, როცა იქ ვხვდებოდი, მაგრამ ეს თვალხილულად არ ჩანდა. საპატრიარქო  ჩემთვის იყო ოჯახი, სადაც გავიზარდე და გული შემტკივა  ყველაფერზე, რაც იქ ხდებოდა და ხდება, ამიტომაც არის ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმე.  კაგებეს ციხეში მყოფს არ მქონია ისეთი განცდები, რაც ახლა მაქვს. ციხეში, პატიმრობის დროსაც  კი არ მიგრძნია თავი ასე. იმის მიუხედავად, რომ მაშინ ჩვენ ვიდექით სხვადასხვა მხარეს, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და გარკვეული ემოციები მაინც გვქონდა. როდესაც თბილისში ბრეჟნევი ჩამოდიოდა, დისიდენტები თბილისიდან გაგვიყვანეს. თელავში „ინტურისტი” დაცალეს ტურისტებისგან და იქ გამოგვკეტეს.  ერთი კვირა ვცხოვრობდით თელავში. მახსოვს,  იმ  ზედამხედველებზეც კი ვნერვიულობდი, ვინც ჩვენ გვყავდა მოჩენილი მეთვალყურედ. ისინი გვაკვირდებოდნენ,  მალულად ჩვენს ოთახში შემოდიოდნენ, რომ როგორმე ჩვენი ჩანაწერები ჩაეგდოთ ხელში.   მათ 24-საათიან რეჟიმში ამუშავებდნენ. ხშირად არ ცვლიდნენ,  რომ ან ჭამა მოესწროთ, ან დასვენება. მათზეც კი ვღელავდით. როდესაც ხვდები  „კაგებეს” ციხეში და  კამერაში შენთან ერთად კიდევ არის ვინმე, ზუსტად იცი, რომ ის  მეორე „ნასედკაა”.  სხვანაირად არ ხდება. ცხოვრება ისეთია, დროთა განმავლობაში,  იმ ადამიანსაც  კი  შენი ცხოვრების ნაწილად აქცევს. ასე დაგვემართა მე და განას, რომელიც  საკანში იყო ჩემთან ერთად.    თვითონ  მეუბნებოდა, რომ  წარმოშობით პოლონელი იყო და სავალუტო ოპერაციისთვის იხდიდა სასჯელს. თუმცა,  კაცმა არ იცის, რა როგორ იყო.   ორნი ვიყავით ერთ პატარა საკანში, სადაც  გასავლელიც კი არ იყო. ნარებს შორის გვერდულად უნდა გაგევლო.   როგორ შემეძლო არ მომევლო მისთვის, როცა ცუდად ხდებოდა? ჩემი ჯანმრთელობის ნახევარი განას ავადმყოფობას შეეწირა.  თვითონაც ზრუნავდა ჩემზე. ერთხელ  საშინლად ამტკივდა კბილი, გამისივდა.  განა წუხდა და  გულწრფელად ტიროდა: ვერ გადავიტან ამას,  ასე გტკივა, არ წუწუნებ და არ მაწუხებო, – მეუბნებოდა.  როგორც კი წნევა აუწევდა,  ფეხზე ვიდექი და ვუვლიდი. ასე იცის საკანმა. წლების შემდეგ მოვიკითხე მისი გზა-კვალი, მაგრამ ვერსად ვნახე, თითქოს საერთოდ გაქრა. ჩვენი ცხოვრება აღარ გადაკვეთილა.    
იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა ხელისუფლება დისიდენტების ბრძოლას სიგიჟედ მიიჩნევდა და ჩვენნაირ ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, ფსიქიატრიულში ათავსებდნენ და კლავდნენ კიდეც,  ეს არ ითვლებოდა უღირს საქციელად.  როდესაც მე და ჩემი მეგობრები დაგვაკავეს და სასამართლო პროცესებამდე, ორთაჭალის ციხეში შეგვიყვანეს, ჩვენი ციხეში შესვლით აბსოლუტურად შეიცვალა პატიმრების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და არა მხოლოდ ქალთა კორპუსში. ჩვენს მისვლამდე, თურმე,  კორპუსები ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ, ერთმანეთს აგინებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, იყო ჩხუბი. ჩვენი მისვლის შემდეგ  კი, ურთიერთობა შეიცვალა. მახსოვს, ზედამხედველები მეუბნენოდნენ, იცით, თქვენ მოსვლამდე აქ რა სიტყვების კორიანტელი იყოო? ამის დაჯერებაც მიჭირდა, რადგან სართულზე გინებაც კი არ გამიგია.   
–   ყველაზე მძიმედ იმ წლებიდან რა გახსენდებათ?
–   მახსოვს, ციხეში გადახდილი დაბადების დღე. ძალიან ამაღელვებელი იყო ის დღე ჩემთვის. არ იყო საიუბილეოდ ტორტი, მაგრამ იყო ადამიანების სიყვარული, რაც ყველაფერზე მაღლა იდგა.   20 წლის  ციხეში   გავხდი. მახსოვს, მედეა ჯაფარიძის „პერედაჩი”. ციხეში ვინ მეტყოდა, ვისი გამოგზავნილი იყო, მაგრამ როგორც კი გავხსენი და  საჭმლის  წითელ, სტაფილოსფერ ფერებს შევხედე, მივხვდი, ვისი გამოგზავნილიც იყო.  დამავიწყდა სად ვიყავი, თავი თაბუკაშვილების ოჯახში წარმოვიდგინე და რამდენიმე საათი მედეასთან ერთად გავატარე.   ამ ოჯახთან,  ბატონ რეზოსთან, თავად მედიკოსთან, ახლო ურთიერთობა გვქონდა.  როცა ციხიდან გამოვედი, მითხრა, რამდენჯერმე მინდოდა „პერედაჩის” გამოგზავნა, მაგრამ დედაშენი არ მანებებდა, მიაჩნდა, რომ თვითონ უფრო გემრიელ საჭმელს გამოგიგზავნიდაო (იცინის).
– ვინ გელოდათ გარეთ პატიმარს? როგორ  გადაიტანა  ოჯახმა  20 წლის გოგოს პატიმრობა?
–   დედაჩემი სამჯერ შეუვარდა მანქანას, თავს იკლავდა.  ციხეში მყოფ პატიმარს მითხრა ამის შესახებ  ჩემმა გამომძიებელმა:  საკუთარი დედა თვითმკვლელობამდე მიიყვანე. ტროლეიბუსს შეუვარდა, ამაზე ღირებულს რას აკეთებო?   წარმოიდგინეთ, რას ნიშნავდა პატიმრობაში მყოფი ადამიანისთვის ეს სიტყვები. იმ წლებში, შვილის, ახალგაზრდა გოგოს პატიმრობა ოჯახის შეურაცხყოფად, დამამცირებლად  ითვლებოდა და ბუნებრივია, ჩემი ოჯახი ამას ძალიან განიცდიდა. განცდის გარდა, ამას რეპრესიებიც მოჰყვებოდა. მამა გეოლოგი გახლდათ, გეოლოგიურ  სამმართველოში მუშაობდა. მამა მაინც მამაკაცი იყო და ნაკლებად გამოხატავდა განცდებს. შავი პიარიც კარგად მუშაობდა, გაზეთებში ჩვენზე საშინელ ამბებს წერდნენ.  პირდაპირ მიმართავდნენ მამაჩემს, რა სურს ნანა კაკაბაძეს, რა ხდება მის სულში და ასე შემდეგ.  მამამ ორჯერ გადაიტანა ინფარქტი. ეს ის პერიოდი იყო, „ოქროპირში” ვინმეზე რამე რომ გასულიყო, ხალხი თავს იკლავდა. ამ დროს კი, შვილზე საშინელ უმსგავსობას რომ წაიკითხავ გაზეთში! მაშინ თუ ვერ ხედავდა ხალხი ჩვენი ბრძოლის შედეგს, გავიდა დრო და ეს შედეგი დადგა – რეჟიმი დაიშალა.  მეგონა, ეს იყო საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი  და მას შემდეგ, რაც ქვეყანა გახდა „დამოუკიდებელი”, ეს ყველაფერი შეიცვლებოდა. მაგრამ, ასე არ ყოფილა – ბევრი რამ შეიცვალა უარესობისკენ, უფრო და უფრო დაიხვეწა ბრძოლის მეთოდები, მეტად უზნეო და მიუღებელი გახდა. აღმოჩნდა, რომ  დღეს  უფრო  მძიმე და ბინძურია შავი პიარიც, რაც ძალიან ამძიმებს ცხოვრებას. თუმცა, არაფერს ვნანობ, ეს იყო ჩემი ცხოვრების არჩევანი.  
– რომ არა ეს არჩევანი, თქვენი ცხოვრება უფრო მშვიდი და ბედნიერი იქნებოდა?  თუნდაც პირადი ცხოვრებაც სხვანაირად აეწყობოდა?  
– ასე ვერ ვიტყვი, მე ეს ცხოვრება ავირჩიე და ამაში ვხედავდი  ბედნიერებას. ჩემი შვილი, ანა  მეხუმრება ხოლმე,  მშვიდი ცხოვრება არ გიყვარს, დადიხარ და შარს ეძებო (იცინის). მე არ დავბადებულვარ მამაკაცად, რომ ომში წავსულიყავი და მებრძოლა ჩემი ქვეყნისთვის.  თუმცა,  როცა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა იყო აფხაზეთში,   იქ არაერთხელ ჩავედი. მე ყოველთვის მქონდა ჩემი „ბრძოლის ველი”. რომ ფიქრობ, ქვეყნისთვის იღებ მსხვერპლს,  ეს განცდა   ბედნიერებას  განიჭებს.   ჩემთვის ეს იყო პირადი ცხოვრება, მთავარი, რითაც ვიცხოვრე.   არ მგონია, რომ პირადი ცხოვრება  მხოლოდ სიყვარულია ქალსა და მამაკაცს შორის. პირადი  ცხოვრება არის ის, რითიც ცხოვრობ. ჩემი პირადი ცხოვრება იყო ციხეც, გადასახლებაც და ეს ჩემი ცხოვრების უფრო დიდ ნაწილს მოიცავს, ვიდრე – სხვა  დანარჩენი. ამან უფრო მეტი სიყვარული, დრო და თავდადება მოითხოვა ჩემგან. თავის დროზე  ჩემი ოჯახი გადავდე ბრძოლის გამო. თითქოს ამას  შევწირე, ჩემი, როგორც  ქალის ბედნიერებაც. თუმცა, უბედნიერესი   ვიყავი, როცა  გაჩნდა ჩემი   შვილი ანა, მაშინ 25 წლის ვიყავი.   ანა  აქციებზე გაიზარდა, მოშიმშილეებთან ეძინა. დედა არ მატანდა ხოლმე, მაგრამ მაინც ვახერხებდი მის წაყვანას.
– ანას მამაც დისიდენტი იყო?
–  არა, ანას მამა ძალიან ეკლესიური ადამიანი გახლდათ, ის კიდევ უფრო ახლოს იყო საპატრიარქოსთან და ეკლესიასთან, ვიდრე მე.  ანა მამას ტაძარში დაჰყავდა ძალიან პატარა, თვეების რომ იყო.  ჩვენ  ოფიციალურ ქორწინებაში ვიყავით  ანას მამის  გარდაცვალებამდე. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელი ერთად აღარ ვცხოვრობდით.  ანა   მამას  ძალიან ჰგავს, ის იურისტია. ჩემგან განსხვავებით, მშვიდი ცხოვრება უყვარს და რაც არ უნდა ქნა, ვერ „ჩაითრევ” ხმაურიან   და ფათერაკიან  ცხოვრებაში  (იცინის).  ანა  ძალიან   განიცდის იმ  ყველაფერს, რაც ჩემ ირგვლივ ხდება.  ეს მაწუხებს,  მაგრამ რა ვქნა.  ანამ იცის, რომ მე სხვანაირად ვერ ვიცხოვრებ და შეეგუა ამას.  ჩემთვის მთავარია, რომ მას ესმის  იმ საქმის არსი, რაც   ჩემთვის იყო და  არის მნიშვნელოვანი.  ამას ძალიან  აფასებს.  ასე იყო დედაჩემიც.  თვითონ დნებოდა, იტანჯებოდა ჩემი რთული ცხოვრების გამო, მაგრამ ბოლო წლებში, როცა ფაქტის წინაშე დგებოდა, იცოცხლე,  ისე მალავდა ხოლმე პროკლამაციებს, მეც ვერ ვპოულობდი (იცინის).     
– ბოლო პერიოდში, რაც პარიკით გამოჩნდით,  ამას თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მითქმა-მოთქმა მოჰყვა.    
 – ამას არც ვმალავ. „ციანიდის საქმე“ და ჩემი ავადმყოფობა ერთად გაჩნდა.  ეს პატრიარქსაც კი ვუთხარი,  რომელმაც ძალიან ინერვიულა, ჩემი დიაგნოზის შესახებ რომ შეიტყო.  მის უწმიდესობას ვუთხარი, ვერც კი გავიგე, ეს კიბო როგორ დამემართა-მეთქი. იმდენად მტკივნეული იყო „ციანიდის საქმე“ – იმის  გაფიქრება, რომ შეიძლებოდა,  პატრიარქს  რამე  დაშავებოდა,  ჩემს დიაგნოზზე არც მიფიქრია.  დამიჯერეთ,  ციანიდი გაცილებით უფრო მძიმე იყო, ვიდრე ჩემი დიაგნოზი – მკერდის კიბო. მირჩიეს, უცხოეთში წავსულიყავი, მაგრამ არსად წავსულვარ. ამისთვის ვერ მოვიცლიდი.  აქ ჩავიტარე  ქიმიოთერაპიის  კურსი, ახლაც ვაგრძელებ მკურნალობას.  ეს დიაგნოზი არ მაშინებს,   ვხედავ, რომ საბრძოლველია. სანამ საბრძოლველია, ყოველთვის მაქვს ენერგია.  როცა საბრძოლველია, საკუთარი ჯანმრთელობაც  კი არ მაღელვებს.  სულ ასე ვიყავი, გვერდით ვწევდი ყველაფერს,  რაც მე მეხებოდა.  ადამიანები საკუთარი მისიით მოდიან ამქვეყნად.  თამრკო ჩხეიძე მეუბნებოდა ბავშვობიდან:  როცა ამ საქმეს ხელს ჰკიდებ, პირადი ცხოვრება   არ უნდა გაგაჩნდესო. სულ ვფიქრობდი, ნეტავ, ეს პირადი რა ჯანდაბაა-მეთქი (იცინის).  მისი ცხოვრება ასე აეწყო, ასე გამოვიდა,  ჩემი – ასე.  ანას გარეშე ჩემი ცხოვრება, ვერ წარმომიდგენია.  უფალმა ასე ინება. მისი ნების გარეშე, შემთხვევით,  ხომ არაფერი ხდება.  დღეს ანაა ჩემი მთავარი საყრდენი ამ ცხოვრებაში.  ანა, რომელსაც ვერასდროს ვაძლევ პირობას, რომ მშვიდ   ცხოვრებას არ ავუფორიაქებ (იცინის).              
      
скачать dle 11.3