კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ აღმოჩნდა ეკატერინე გოგლიძის სიმღერა BBC-ის რადიოში და რატომ გაიპარა ის კემბრიჯის სკოლიდან

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

21 წლის ქართველი მომღერალი, ეკატერინე გოგლიძე უცხოეთში მუსიკალურ ბაზარს იპყრობს. მისი სიმღერები BBC-ის რადიოშიც კი ტრიალებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ის თავად ქმნის მუსიკას და ტექსტის ავტორიც თვითონაა... ეკატერინე პროფესიით დიპლომატია, კემბრიჯის სკოლა აქვს დამთავრებული, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. სამომავლოდ მუსიკისა და კარიერის ერთად შეთავსებას აპირებს, რათა დასახული მიზნები განახორიციელოს და ოცნება აისრულოს.
– როგორ დაიწყო უცხოეთში წარმატებების სერია? სიმღერის ნიჭი, ალბათ, ბავშვობაში, მშობლებმა აღმოაჩინეს შენში?

– დიახ, ჩემმა მშობლებმა შენიშნეს, რომ ხმა მქონდა, თუმცა ძალიან პატარაც არ ვიყავი, 11 წლის გახლდით. მაშინ კვიპროსში ვცხოვრობდით  და მიმიყვანეს მუსიკის რუს მასწავლებელთან. სიმღერაც დავიწყე რუსული „ჩისტუშკებით”, ქართულ „ჩიტო, გვრიტოსაც” ვმღეროდი (იცინის). საკმაოდ დიდ ფესტივალებზე გამოვდიოდი, გერმანიაშიც კი ვიყავი ერთ-ერთ კონკურსზე. 14 წლის ასაკში საქართველოში ჩამოვედი. ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი. აქ დავიწყე სწავლა, თან მუსიკაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. მონაწილეობა მივიღე საბავშვო „ევროვიზიის” შესარჩევ ტურზე, თუმცა დიდად არ გამიმართლა. ამის მერე ცოტა ხნით მივანებე მუსიკას თავი. 16 წლის ლონდონში წავედი და კემბრიჯის სკოლაში ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებზე. იქ უკვე, სწავლა იყო ჩემი პრიორიტეტი. შესაბამისად, პირველი წელი მუსიკას არ შევხებივარ. მეორე წელს ინტერნეტში დავიწყე კონკურსების მოძიება. ამ პროცესში ვიპოვე ერთი განთქმული სტუდია, რომელიც  შესარჩევ ტურს აცხადებდა. კემბრიჯში გვქონდა ასეთი განრიგი – 24 საათის განმავლობაში უნდა ვყოფილიყავით იქ. შენობის გარეთ გასვლის უფლებას არ გვაძლევდნენ. ამ შესარჩევ ტურზე რომ მოვხვედრილიყავი, სკოლიდან გავიპარე დავჯექი მატარებელზე მეგობრებთან ერთად და წავედით. მომისმინეს, დამირეკეს და კონკტრაქტიც გამიფორმეს. 2 წელი ვიმუშავე მათთან. ეს იყო ჩემთვის კარგი გამოცდილება, რომელმაც თავდაჯერებულობა შემმატა. მერე თავად დავიწყე სიმღერების წერა. რასაც ახლა ვწერ, ყველაფერი ჩემია – მუსიკაც და ტექსტიც.
– BBC-ის რადიოში როგორ აღმოჩნდა შენი სიმღერა?
– BBC-ის რადიომ შეამჩნია ჩემი სიმღერა და რაღაც პერიოდის განმავლობაში, მის ეთერში ტრიალებდა. მერე დამპატიჟეს „ლაივებზე”. ანუ, მიდიხარ სტუდიაში და პირდაპირ რეჟიმში გაქვს საშუალება, ერთი ცდით დაუკრა. ეს სიმღერა ერთ კვირაშივე გაუშვეს გადაცემაში. ამ პერიოდში უნივერსიტეტსაც ვამთავრებდი და უფრო მეტი დრო მქონდა მუსიკისთვის. ხშირად მიწვევდნენ უნივერსიტეტების კერძო ღონისძიებებზე – კემბრიჯშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი გავხსენი. მოსწონთ ინგლისში ჩემი სიმღერა და ვნახოთ, მომავალში რა იქნება.
– რამდენიმე ქვეყანაში მოგიწია ცხოვრება, საქართველოშიც გვიან ჩამოხვედი. მოგვიყევი შენი ცხოვრების შესახებ.
– მოსკოვში დავიბადე და იქ ვიცხოვრე 10 წელი. მერე ოჯახთან ერთად, კვიპროსში გადავედით, სადაც 4-5 წელი დავყავით. საქართველოში ცოტა გვიან ჩამოვედი, მანამდე არ ვიყავი ნამყოფი. აქ ერთი წელი ვიცხოვრე, მე და ჩემი ძმა ვსწავლობდით კიდეც. ამის მერე წავედი ინგლისში. კებრიჯის სკოლაში ჩავაბარე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მინდა, შევათავსო ჩემი პროფესია მუსიკასთან. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მინდა, სახელმწიფო სტრუქტურაში ვიმუშაო. უფრო არასამთავროებისკენ ვიხრები.
– საქართველოში ჩამოსვლას და აქ მოღვაწეობას არ აპირებ?
– ახლა ლონდონში ვარ, ძირითადად. საქართველოში ჩამოვდივარ წელიწადში 4-5-ჯერ. შესაბამისად, კავშირი სულ მაქვს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ისე, ერთ ქვეყანაში  არასოდეს მიცხოვრია. სადაც უფრო საინტერესოდ განვითარდება ჩემი კარიერა, იქ დავრჩები. თუმცა, ძირითადი ოჯახი საქართველოში მყავს.
– 14 წლის ჩამოხვედი პირველად. გაამართლა საქართველომ შენი იმედები? როგორი მოლოდინი გქონდა?
– ძალიან მომეწონა და მიყვარს აქაურობა. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენაში სულ სხვანაირი მეგონა. ჩემი ოჯახი ძალიან რელიგიური და ტრადიციულია. ვფიქრობდი, რომ საქართველოში გოგონები თავდახრილები, ძმასთან, მამასთან, ბიძასთან ერთად დადიოდნენ (იცინის). რომ ჩამოვედი, სხვა რეალობა დამხვდა, თუმცა ძალიან მომწონს.
– იფიქრებდი, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდი?
– ვფიქრობ, ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია. მინდა, უფრო ბევრს მივაღწიო. საკუთარ თავში რომ არ ვიყო დარწმუნებული, მაშინ გავჩერდებოდი და დავჯერდებოდი იმას, რასაც მივაღწიე. უფრო მეტი მინდა. ოცნება მაქვს, რომელიც უნდა ავიხდიონო. მინდა, კარგი მომღერალი გავხდე და ჩემი სიმღერები ხალხს გავუზიარო. დედიკოს და მამიკოს აქვთ საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში. ეხმარებიან შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს. დედიკომ წამიყვანა ერთ ოჯახში, რომლებიც არ იყვნენ შეძლებულები, ბავშვებს კი ცერემბლარული დამბლა ჰქონდათ. ამ რეალობამ მოტივაცია მომცა. მსგავს რაღაცას რომ ხედავ, ცხოვრების აზრი გიჩნდება. თურმე, მარტო არ ხარ ამქვეყნად და ძალიან ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი. დიახ, მინდა, კიდევ უფრო წარმატებული ვიყო იმისთვის, რომ ასეთ ადამიანებს დავეხმარო, გავუუმჯობესო ყოფა. უნივერსიტეტშიც სირიაში მყოფ დევნილებთან დაკავშირებით ვმუშაობდი. დაინტერესებული ვარ მსგავსი პროექტებით.
მაგდა ყურაშვილი (დედა): დიდი ჭიდილი გვქონდა, უნდოდა, დევნილთა ბანაკებში წასულიყო. მისი მეგობრები იყვნენ ნამყოფი და კაწიასაც სურდა. გვთხოვდა, კამბოჯაში ან სირიაში გაგვეშვა, მაგრამ ვერ გავბედეთ.
– ეკა, გეტყობა, რომ რისკიანი და გაბედული ხარ. კიდევ რა გაგირისკავს?
ეკა: რა ვიცი, მუსიკაში რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ეგრე ვაღწევ (იცინის). ხშირად მიბრძოლია იმისთვის, რომ საჭირო ხალხს შევხვედროდი და ჩემი მუსიკა დანიშნულების ადგილამდე მისულიყო. ინგლისში რომ სტუდიის უფროსთან, მენეჯერთან გინდა შეხვედრა, ასე მარტივი არაა. მას თუ არ სჭირდები, შენ გჭირდება ის ადამიანი, ამიტომ უნდა იბრძოლო. ვიდრე BBC-ზე მოვხვდებოდი, სტუდიებში რომ შევსულიყავი, მანქანების ჭიშკრიდან გამოსვლამდე ვიპარებოდი შენობაში (იცინის). მიმღებში კიდევ ვამბობდი, რომ მენეჯერთან მქონდა შეხვედრა დაგეგმილი.
скачать dle 11.3