კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ იძია შური მცირეწლოვანი შვილის გაუბედურებისთვის ყოფილი პატიმრის მშობელმა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

პუბლიკაციაში ნახსენები მთავარი გმირის სახელი შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება, შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
საერთო მახასიათებელი

1970 წლის მაის-ივლისში, თბილისში ხუთი სასტიკი მკვლელობა მოხდა ერთნაირი ხელწერით. საგამოძიებო ორგანოებმა უტყუარად დაადგინეს, რომ ისინი ერთი ადამიანის მიერ იყო ჩადენილი და მარტოხელა მკვლელი მოქმედებდა. მოკლულები იყვნენ: 49 წლის გაიოზ გეგეშიძე, 45 წლის პეტრე კოზლოვი, 51 წლის ავეტიკ სახალიანი, 46 წლის არმაზ კოდალაშვილი და 46 წლის მამედ აბასოვი. ხუთივე მოკლულს სასქესო ორგანო ჰქონდათ მოკვეთილი და პირში ედო. ხუთივე ებონიტისგან დამზადებული ჯოხით იყო გაუპატიურებული და მხოლოდ ამის შემდეგ – მოკლული. ხუთივე კაპრონის მსხვილი თოკით იყო მიბმული რადიატორზე. გაკვეთის შედეგებმა ხუთივე მოკლულის ორგანიზმში ალკოჰოლში გარეული  დასაძინებელი წამლის კვალი აღმოაჩინა. აშკარა იყო, რომ მკვლელი თავის მსხვერპლთან ნდობაში შედიოდა და ბინაშიც დაუბრკოლებლად აღწევდა. შემდეგ კი მათ აძინებდა. კაპრონის თოკით ბაწრავდა და პირში ჩოგბურთის ბურთს ჩრიდა. მერე ებონიტის ჯოხით აუპატიურებდა და აწამებდა. ბოლოს კი მომაკვდავ, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალ მსხვერპლს სასქესო ორგანოს კვეთდა და ჯერ ბურთს უღებდა პირიდან, შემდეგ კი, მოკვეთილ სასქესო ორგანოს უდებდა შიგ და უჩინარდებოდა. ხელწერის იდენტურობის მიუხედავად, გამომძიებლები მაინც არ ანიჭებდნენ ამ დანაშაულს სერიულის კვალიფიკაციას და ვარაუდობდნენ, რომ საქმე შურისძიებასთან ჰქონდათ. ამისი საფუძველი ის გახლდათ, რომ ხუთივე მოკლული სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი თანამშრომელი იყო.
მიჩქმალული დანაშაული
მიუხედავად იმისა, რომ მკვლელი „სუფთად“ მოქმედებდა და დანაშაულის ადგილზე კვალს არ ტოვებდა, გამომძიებლებს მაინც ადვილი გასახსნელი  ეგონათ ეს საქმე. აშკარა იყო, რომ მოკლულებს ადრე ვიღაც პატიმარი ჰყავდათ გამწარებული (სავარაუდოდ, გაუპატიურებული) და ფიქრობდნენ, ის სჩადიოდა ამ მკვლელობებს. საჭირო იყო, მხოლოდ გაეგოთ, თუ რა ჩაიდინა ხუთივე მოკლულმა ერთად. ამის მეშვეობით კი მკვლელზე გავიდოდნენ.
ამ საქმეს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი იძიებდა და მას ზურაბ შონია ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩახლართული საქმეების გახსნით იყო ცნობილი. ზურაბმა დაადგინა, რომ ხუთივე მოკლული 1968 წელს, ზემო ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში მუშაობდა. იმავე წლის დეკემბერში კი, ხუთივე საკუთარი განცხადებით წამოვიდა სამსახურიდან. შონია პირდაპირ კოლონიის უფროსს შეხვდა, რომელიც კვლავ თავის პოსტზე იყო.  მოკლედ შეიყვანა ის საქმის კურსში და დაემუქრა:
– აშკარაა, რომ 1968 წელს თქვენს კოლონიაში რაღაც „ჩეპე“ მოხდა, რის გამოც მოკლულები სამსახურიდან გაათავისუფლეთ. თუმცა, ოფიციალურად, ისინი საკუთარი ნებით წავიდნენ. მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ ასეთ სარფიან ადგილს თავისი ნებით არავინ ტოვებს. ამიტომ, ან მომიყვებით სიმართლეს და მეტყვით, რა მოხდა, ან არადა, მე მაინც გავარკვევ ყველაფერს. საქმეს აღვძრავ და გპირდებით, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებით.
შონიას მუქარამ გაჭრა და კოლონიის უფროსმა უამბო, რომ 1968 წლის 4 ნოემბერს, ხუთივე მოკლული „სმენაში“ იყო და მათ 16 წლის პატიმარი, თორნიკე გრიშაშვილი გააუპატიურეს. ის დაუმორჩილებლობით გამოირჩეოდა და ქურდული ტრადიციების მიმდევარი გახლდათ.
– იმ საღამოს, – ყვებოდა კოლონიის უფროსი, –  მე სამსახურში არ ვიყავი ავადმყოფობის გამო, თორემ ასეთ რამეს არ დავუშვებდი. გრიშაშვილს კონფლიქტი მოსვლია გაიოზ გეგეშიძესთან, რომელიც მთავარი მორიგე იყო და ხელიც შეუბრუნებია მისთვის, თან უთქვამს: – შე ბოზო! ქურდი უნდა გავხდე და ხელს როგორ მირტყამო. გეგეშიძეს უთქვამს, ახლავე ვნახავ, ვინაა ბოზი და პეტუხიო. შემდეგ, თავის ხელქვეითებს უხმო. გრიშაშვილი გაკოჭეს და „პრეს-ხატაში“ ჩაიყვანეს. იქ კი ხუთივემ გააუპატიურა. ბიჭმა კბილებით ვენები გადაიღრღნა და მისი გადარჩენა შევძელით. ჩემი თანამშრომლები სამსახურიდან გავუშვი. გრიშაშვილი კი – დეკემბრის დასაწყისში გათავისუფლდა. მას პატიმრობის ვადა ამოეწურა.
ზურაბ შონიამ რომ ყველაფერი შეიტყო, თორნიკე გრიშაშვილის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაავალა ხელქვეითებს და ფრთხილი მოქმედებებისკენ მოუწოდა, მკვლელის განსაკუთრებული საშიშროების გამო.
საკავშირო ძებნა
ზურაბ შონიასთვის მოულოდნელად, დადგინდა, რომ თორნიკე გრიშაშვილი ცოცხალი აღარ იყო. მან 1969 წლის 5 იანვარს, ანუ კოლონიიდან გათავისუფლების ერთი თვის თავზე, სახლში თავი ჩამოიხრჩო. გაირკვა ისიც, რომ თორნიკეს მამა – ასევე თორნიკე გრიშაშვილი ქურდობისთვის ორჯერ იყო ნასამართლევი და ციხეში 8 წელი ჰქონდა გატარებული. შონია გრიშაშვილებს სახლში ესტუმრა. იქ კი თორნიკეს დედა – 34 წლის ელენე კოხრეიძე დახვდა. ახალგაზრდა, შავებში გამოწყობილ ქალს მთელ  ბინაში გარდაცვლილი შვილის სურათები ჰქონდა გამოფენილი. გამომძიებელი სახლში შეიპატიჟა და მის კითხვაზე, თუ სად იმყოფებოდა მისი მეუღლე, უთხრა:
– თორნიკე რომ დავასაფლავეთ, ჩემი ქმარი ორმოცამდე დარჩა თბილისში. შემდეგ კი რუსეთში გაემგზავრა და უკვე წელიწად-ნახევარია, არ გამოჩენილაო.
– ქალბატონო ელენე, სიმართლე მითხარით, მე მთელი გულით გითანაგრძნობთ. დამნაშავეებმა თავისი მიიღეს, მაგრამ ხუთი მკვლელობაა ჩადენილი და უკვე აშკარაა, რომ ამას თქვენი  მეუღლე აკეთებს. თუ გაქვთ მასთან კავშირი, ურჩიეთ, თავისი ნებით გამოცხადდეს ჩემთან და ყველაფერს ვიღონებ, რომ არ დახვრიტონ. ხოლო, თუ დაიჭირეს, მას სიკვდილი არ ასცდება.
– ჩემი შვილის სულს ვფიცავ, ჩემი ქმარი წელიწად-ნახევარია, არ გამოჩენილა და თუკი გამოჩნდა, აუცილებლად გადავცემ თქვენს სიტყვებს, – მიუგო ძაძებში გამოწყობილმა ქალმა შონიას და სახლიდან გაისტუმრა.
შონიამ კი 46 წლის თორნიკე გრიშაშვილზე საკავშირო ძებნა გამოაცხადა, რადგან დარწმუნებული იყო, ხუთივე მკვლელობა სწორედ მან ჩაიდინა, შურისძიების მიზნით.
მოულოდნელი ეპილოგი
1970 წლის 28 აგვისტოს, ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიის უფროსის ბინაში, მილიციამ ელენე კოხრეიძე დააპატიმრა. გარდაცვლილი თორნიკე გრიშაშვილის დედა იმ დროს აიყვანეს, როდესაც ქალს მასპინძლის მოკვეთილი სასქესო ორგანო ეკავა ხელში და მომაკვდავი პოლკოვნიკისთვის პირში უნდა ჩაედო. დაპატიმრება კი, პოლკოვნიკის ცოლის დაბეზღებით მოხდა, რომელიც ქმარზე ეჭვიანობდა. მას ფარულად უთვალთვალებდა და მხილების მიზნით დააყენა მილიცია. მოკლე კაბაში, მეძავივით გამოწყობილი ელენე კოხრეიძე პირდაპირ ზურაბ შონიას მიუყვანეს დაკითხვაზე და ქალმა ასეთი ჩვენება დაწერა: „კოლონიის უფროსი ის მეექვსე გარეწარი გახლდათ, ვის უწყებაშიც გააუბედურეს ჩემი შვილი და არც ის იყო სასიცოცხლო. ამიტომ, მისი მოკვლაც მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ჩემს საქციელს არ ვნანობ და სულ ერთია, როგორ დამსჯიან...“
 ელენე კოხრეიძემ მეუღლის მკვლელობაც აღიარა და თქვა: „თორნიკემ რომ მომიტაცა, 16 წლის ვიყავი. ყოველთვის ვცდილობდი, მის გამოსწორებას, მაგრამ არ გამომივიდა. პირიქით, მან შვილიც ბოროტმოქმედების გზაზე დააყენა და ბავშვი რომ სხვის ბინაში ქურდობის ფაქტზე დააკავეს, იქ სწორედ მამამისმა შეუშვა „ფორთოჩკიდან“. თვითონ კი გარეთ ელოდებოდა. ბავშვმა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და ციხეში წავიდა. იქ კი გამიუბედურეს. ჩემი ქმარი შვილის ორმოცის მეორე დღეს მოვკალი ძილში. მას ყელი გამოვჭერი. შემდეგ დავანაწევრე და ჩვენი ეზოს ბოსტანში ჩავმარხე...“
შურისმაძიებელი დედის ბოლო სასამართლო პროცესის წინ, ელენე კოხრეიძემ ციხის საკანში კბილებით ვენები გადაიღრღნა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კოლონიის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი მართალია, ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს, მაგრამ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ორი კვირის თავზე, ყველასგან მიტოვებულმა და საყოველთაოდ დამცირებულმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის თავისი ბინის მეექვსე სართულიდან გადახტა.
скачать dle 11.3