კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ძნელია, იყო... კაცი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38-43(878)




ვახომ სავარძელში მოკალათებული ცოლის გამომეტყველებით იგრძნო, სერიოზული „საფრთხის“ მოახლოება და გადაწყვიტა, წინასწარ მიეღო ზომები დამანგრეველი ქარიშხლის თავიდან ასაცილებლად. „ქეისი“ იატაკზე დადო და ღიმილით მიუახლოვდა კოპებშეკრულ თათიას.
– ვინ გააბრაზა ჩემი ლამაზი გოგო? – დაიწყო დათაფლული ხმით და მაშინვე გაჩუმდა, ისე შეუბღვირა ცოლმა.
– კარგი. ვაღიარებ, რომ შენი უკმაყოფილების მიზეზი ვარ, მაგრამ რომ არ ვიცი, რა დავაშავე?
თათიამ გაოცებით ასწია გულდასმით ამოქნილი წარბები და ირონიულად ჩაიცინა.
– ისეთი საყვარელი ხარ, როცა ბრაზობ... – არ შეიმჩნია კაცმა. დაღლილი იყო, დასვენება უნდოდა, ქალთან ჩახუტება, მისი სითბო და ალერსი... ამიტომ, ყველანაირ დათმობაზე წასასვლელად იყო მზად. ფრთხილად მიუახლოვდა ქალს და ის იყო, უნდა მოხვეოდა, რომ თათია გაანჩხლებული კატასავით წამოხტა.
– თავი დამანებე, გესმის? და ლენჩი თინეიჯერივით ნუ იქცევი, სირცხვილია. ვერ ვიტან, კაცი თავს რომ იშტერებს.
ვახომ ამოიოხრა. სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და ცოლს საყვედურით შეხედა.
– და, თუ მართლა არ ვიცი, რა დავაშავე? საქმე მქონდა, სასეირნოდ ხომ არ ვიყავი.
– არც სეირნობას იკლებ და თავს ნუ ისაწყლებ, – შეუბღვირა თათიამ, – მთელი კვირა მარტო ვიყავი. დღეში ერთხელ მირგეკავდი და ამით თითქოს ვალდებულებას იხსნიდი. ჩამობრძანდი და ყველასთვის მოიცალე, ჩემ გარდა.
– თათი, რა გინდა? ხომ ხედავ, გიღიმი, ვცდილობ, სიტუაცია არ დავამძიმო. არ აგყვე. არ მინდა, ვიჩხუბოთ. მართლა არ მინდა. რა გავაკეთო? საქმიანი ადამიანი ვარ. კარგი ცხოვრება ხომ გინდა? ეს ისე არ მოდის.
– არც ჩემი სიყვარული მოსულა „ისე“, – გამოაჯავრა გოგომ, – დამსახურება უნდა ისეთ ცოლს, შენ რომ გყავს, მაგრამ ეტყობა, მოგბეზრდი. სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს. არადა, სულ იმას მეუბნებოდი, ჩვენს ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი არაფერიაო. მატყუებდი... – თათიამ ტუჩები წყენით გაბუსხა, თითქოს სატირლად მოემზადა. ვნებიანი მკერდი გამომწვევად მოიღეღა და დაჩაგრული ბავშვის გამომეტყველებით, მამაკაცი საბოლოოდ განაიარაღა. ვახომ ვეღარ გაუძლო. ქალი მკლავებში მოიმწყვდია და გახელებით დაუწყო კოცნა, თან ეჩურჩულებოდა: „საოცრება ხარ, ჭკუიდან მშლი... როგორ მიყვარხარ და მენატრები, არც კი იცი. გპირდები, მარტო აღარ დაგტოვებ. ყველგან თან წაგიყვან. ყველა სურვილს აგისრულებ. რა სულელი ვარ, როგორ შემიძლია, გაწყენინო... საყვარელო...
თათია ჯერ წინააღმდეგობას უწევდა, უძალიანდებოდა. თითქოს გასხლტომას ცდილობდა. მერე მინებდა და აკრუტუნდა. იცოდა, როგორ ებატონა კაცზე, როგორ ეტარებინა თავის ნება-სურვილზე. საერთოდ არ უნდოდა, ვახოს ქამარზე გამოება და ყველგან თან ჰყოლოდა. მაშინ კოკას ვეღარ შეხვდებოდა, ვერც ღამის კლუბებში გაერთობოდა ქანცის გაწყვეტამდე, მაგრამ ვახო მუდმივად ტონუსში რომ ჰყოლოდა, ასე მოქცევა აუცილებელი იყო. თათიამ ზუსტად იცოდა, როგორ შეხებოდა კაცში „მგრძნობიარე სიმებს“ და ის მელოდია დაეკრა, რომელიც მხოლოდ გოგოს სმენას მოჰგვრიდა სიამოვნებას. ვახო კი ვერაფერს ხვდებოდა. თავისი ჭკუით, გამარჯვებას ზეიმობდა, ხარობდა, რომ ქალისთვის „ერთადერთი“, „განუმეორებელი“ და „შეუცვლელი” იყო. თათიას სხეულის სიახლოვე ყველა ფიქრს უხშობდა, გონებას მთლიანად ეპატრონებოდა ბედნიერების განცდა.
კოკამ საფულე გახსნა და ტკიცინა ბანკნოტები გადაითვალა. გონებაში ანგარიშობდა, რამდენი დაუჯდებოდა სესისთან გართობა. არ ენანებოდა ფული... ვახომ ძალით რომ ჩაუტენა ჯიბეში – თინას ჩემგან საჩუქრები უყიდეო. თინასაც არგუნებდა რაღაცას: თავის საყვარელ ნაღების ტორტს, სუნამოს და ყვითელ ვარდებს უყიდდა. სასტუმროს მინის კარში ისე ჩაიხედა, როგორც ვეებერთელა სარკეში. თმაზე ამაყად გადაისვა ხელი და გაშეშდა – მინამ ქალის გამოსახულება აირეკლა. ნელა შემობრუნდა, მის წინ ნამდვილად თამრიკო იდგა და უღიმოდა.
– ღმერთო ჩემო, – აღმოხდა კოკას და ერთბაშად დაავიწყდა, საერთოდ რისთვის მოვიდა ამ სასტუმროსთან.
– კოკა, ძლივს გიცანი, – ქალი მოეხვია და ლოყაზე ტუჩებით შეეხო.
კაცს შეაჟრჟოლა. ამდენი წლის შემდეგაც კი მისი სხეული იგივენაირად რეაგირებდა თამრიკოს შეხებაზე. მუხლებში ისეთი სისუსტე იგრძნო, კინაღამ ჩაიკეცა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ნაძალადევი ღიმილით,  გაჭირვებით წარმოთქვა:
– როგორ ხარ? რამდენი ხანია, არ მინახავხარ.
– ჰო, დიდი ხანია... ძალიან დიდი. თითქოს მთელი საუკუნე გავიდა. რა უცნაურია არა? ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ერთ უბანში. რამდენჯერმე თინა დეიდას მოვკარი თვალი, ერთხელ მარკეტშიც შემხვდა, მაგრამ შენ...
– ჰო. თინამ მითხრა, შემხვდაო. ისევ ისეთი ლამაზიაო, არა, უფრო გალამაზებულაო... –  აბლუკუნდა კოკა და საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა, გამწარებით მოფშვნიტა ხელში შერჩენილი სიგარეტი.
თამრიკო იღიმებოდა. მის სახეს იდუმალი გამომეტყველება ჰქონდა და თითქოს ფიქრებით სადღაც სხვაგან იყო. კოკა „მოიშალა“. ყველაფერს ელოდა, მაგრამ თამრიკოსთან შეხვედრას – არა. არც ფიქრებში დაუშვია არასდროს, რომ შესაძლებელი იყო მისი შეხვედრა, წლების შემდეგაც კი. მარინკა ჰყავდა ნანახი. ვახო ასეირნებდა ხოლმე პატარას. რამდენჯერმე, ძმაკაცთან მისულს კართან შემოხვდა უკვე გაზრდილი, დედის თვალებითა და გამოხედვით. ამანაც იმოქმედა მასზე და მოგონებები აუშალა.
– კოკა, ახალი რა ხდება შენკენ-მეთქი... თამრიკოს ხმამ გამოარკვია.
– ძველებურად – ყველაფერი, – მიუგო ნაჩქარევად, თითქოს თამრიკომ იცოდა მისი ცხოვრების შესახებ, – როგორმე შემოიარე ჩვენთან, თინას გაუხარდება, – თავადაც ვერ მიხვდა, როგორ წამოსცდა ეს სიტყვები და საკუთარ თავზე ბრაზი მოერია – ასეთი სისულელე როგორ წამოვროშეო.
– ჰო, რა ვიცი, თინამაც მთხოვა, მაგრამ ხომ ხვდები, სამსახური, შვილი... ჩვენებს ხვდები ვინმეს?
კინაღამ წამოსცდა, ვახოს მეტს ვერავის ვხედავო, მაგრამ დროზე მიხვდა, რომ გაჩუმება ჯობდა.
– არა, არავინ მინახავს.
– ძალიან დავიფანტეთ, – სინანულით გადააქნია თავი თამრიკომ და ნავაჭრით სავსე ჩანთას ხელი შეუნაცვლა, – არადა, თითქოს ყველაზე „შეკრული“ კლასი ჩვენი იყო. როგორ ერთხელ ვერ შევიკრიბეთ, რატომ ვერ მოვახერხეთ?!
კოკამ მხრები აიჩეჩა და გაწითლდა.
– ჰო, რა ვიცი, რა მოხერხება მაგას უნდოდა, – ჩაილაპარაკა ნაძალადევი ღიმილით.
– ისე, მოხვიდოდი ბანკეტზე?
– რატომაც არა.
– და მთელი საღამოს განმავლობაში ჩემთან იცეკვებდი? გახსოვს, რომ მეუბნებოდი, შენ გარდა არავისთან ვიცეკვებ, ჩემი საღამოს დედოფალი იქნებიო.
კოკას თითქოს მიწა გამოეცალა ფეხებქვეშ. თამრიკოს ახსოვდა მისი სიტყვები ამდენი წლის შემდეგ. ახსოვდა ბანკეტის წინა დღეც, რომლის შემდეგაც ვახოს ცოლი გახდა. ჰო, საბანკეტო კაბაში გამოწყობილი (სხვათა შორის, იმ კაბის არჩევაში კოკამაც შეიტანა „მოკრძალებული“ წვლილი). ჩაუჯდა ვახოს მეზობლის მანქანაში (ის მეზობელი ამ მანქანით „ტაქსაობდა“ ხოლმე, მაგრამ უკეთესი ვარიანტი ვახოსთვის მაშინ არ არსებობდა) და ონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ისე გაჰყვა, კოკა საერთოდ არც გახსენებია. ის სიტყვები კი ახსოვდა. ესე იგი, თამრიკოს მეხსიერების ერთ-ერთ კუნჭულში დაილექა და „შეინახა“.
– მე... უნდა წავიდე... გამიხარდა შენი ნახვა, – თითქოს სხვა ლაპარაკობდა მის მაგივრად, ისე ეუცხოვა საკუთარი ხმა.
ქალმა შემწყნარებლურად გაუღიმა.
– კარგი. გავიგე, გეჩქარება... თუმცა, ვიფიქრე, სადმე ყავას დავლევდით.
კოკა დაიბნა, ვერ მიხვდა, რა უნდოდა ქალს. რა ჩაიფიქრა, ასე აშკარად და მოურიდებლად რომ ეპატიჟებოდა ყავის დასალევად. გაახსენდა, ვახომ რომ უთხრა, მგონი თამრიკოს ვიღაც ჰყავსო და გულში რაღაც „ჩასწყდა“. გაქცევა მოუნდა მისგან, უსამართლო და შეუბრალებელი ცხოვრებისგან... იმდენი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ ხმა საერთოდ აღარ ამოუღია. სიტყვაც არ დაუძრავს. შებრუნდა და სასტუმროს მბრუნავ კარს მიღმა გაუჩინარდა. ჰოლში იჯდა, თითები უთრთოდა, კინაღამ დაავიწყდა, აქ რატომ მოვიდა. ასეთი განცდა უკვე მეორედ გაუჩნდა. პირველად თამრიკოს დანახვისას, მეორედ, როცა მას ზურგი შეაქცია. ის თავდაჯერებულობა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ ჰქონდა, როცა სესისთან შესახვედრად შემართულს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა, უკვალოდ გაქრა. მაგრამ, იმას ხვდებოდა, რომ აქ, ასე უმოქმედოდ ვერ იჯდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღარც სესის ნახვის სურვილი ჰქონდა, ადგა და ადამინისტრატორთან მივიდა.
– ჩემთვის ნომერი უნდა იყოს დაჯავშნილი, მელოდებიან.
– დიახ, რა თქმა უნდა, გვარი მითხარით, – ახალგაზრდა, თითქმის ბავშვმა გოგონამ მომხივლელად გაუღიმა და კონვერტში ჩადებული რაღაც გადასცა, პლასტიკურ ბარათთან ერთად.
კონვერტი მხოლოდ ლიფტში შესულმა გახსნა. სურნელოვანი ხელსახოცი იდო, პატარა წარწერით: „მოლოდინი არ გამიცრუო“.
ამოიოხრა. როგორ უნდოდა, სადმე შორს ყოფილიყო და არა ფეშენებელურ სასტუმროში, რომლის ნომრის ღირებულებასაც იმ კაცის მოცემული ფულით გადაიხდიდა, რომელმაც საყვარელი ქალი წაართვა. ცხოვრებაც აურია. იქნებ, ვახო არც იყო ამ ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ ასე მოხდა და ახლა უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა.
ქალმა დანახვისთანავე შეატყო უგუნებობა. ძნელი არ იყო კაცის ჩამქრალ მზერაში გულგატეხილობა, სევდა და იმედგაცრუება  ამოეკითხა.
– ჰელო... – საწოლზე წამოჯდა და კოკას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, – რა მოხდა? კონვერტი არ გადმოგცეს? იქნებ ჩემი არჩევანი არ მოგეწონა? მე არ გამოვიყურები ისე, როგორც საჭიროა?!
– ყველაფერი რიგზეა. შენ არაფერ შუაში ხარ. ისე გამოიყურები... მოკლედ, ნამდვილად ყველა კაცის ოცნება ხარ და ვერ ვხვდები, ჩემთან შეხვედრა რატომ მოინდომე.
– თუ სალაპარაკოდ მოხვედი, ტყუილად დროს ნუ დამაკარგვინებ, საკმაოდ ძვირად მიღირს. გაიხადე და მოდი.
– მე რომ ლაპარაკი მინდა? – კოკამ შუბლზე მოისვა ხელი. საწოლთან მივიდა და კიდეზე ჩამოჯდა. ქალმა ყურადღებით შეხედა.
– ნაცემ ძაღლს ჰგავხარ. ტელეფონით რომ გესაუბრე, ასეთი არ იყავი. დილის მერე რა შეიცვალა?!
კოკამ ამოიოხრა. ქალს ჩამოშლილ კულულებზე მოეფერა და თავი მის მკერდში ჩამალა.
– მაგარ „გატეხილში“ ვარ. არ უნდა გეუბნებოდე ამას, მაგრამ ქალის გამო ვარ ასე... სასაცილო ვარ, ჰო?
– ქალმა მხრები აიჩეჩა და კოკას ორივე ხელით თავი ააწევინა.
– მომისმინე, შენს ასაკში ასეთი სენტიმენტები სასაცილოც აღარ არის. რა დაგემართა, პატარა დედიკოს ბიჭი ხარ? ოღონდ არ მითხრა, რომ ცალმხრივი სიყვარული გტანჯავს. არ გადამრიო. რამდენი წლის ხარ? პირველად რომ შეგხვდი, ნორმალურს ჰგავდი.
– ახლა არანორმალური გგონივარ? იმიტომ, რომ ვცადე, გული გადამეშალა შენთვის? ძალიან მჭირდება ვიღაცასთან დალაპარაკება, მით უმეტეს, ჭკვიან ქალთან.
სესიმ ხმამაღლა გადაიკისკისა.
– რა „კომპლიმენტი“ აღარ მომისმენია საკუთარ თავზე, რა სიტყვებით არ შევუმკივარ, მაგრამ ჭკვიანი ქალი ხარო, არავის უთქვამს. არც კი ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ მეწყინოს. ანუ, სექსი აღარ გინდა? გულითადი საუბრებით უნდა შემოვიფარგლოთ? სიმართლე გითხრა, დიდად ვერ მოვიხიბლე... თუ ფული არ გაქვს ნომრისა და მომსახურებისთვის რომ გადაიხადო, ეგ პრობლემა არ არის. მე მაქვს საკმარისზე მეტი...
– არა, არა... – თავი გააქნია კოკამ, – ფული საკმარისად მაქვს და ყველაფრისთვის გადავიხდი. კოქტეილი მინდა, შევუკვეთო, მითხარი, რომელიც გიყვარს. სექსიც მინდა, შენ არ იფიქრო...
– რა უნდა ვიფიქრო? – ისევ გაეცინა ქალს, – არანაირი ვალდებულება არ გაქვს ჩემ წინაშე. უბრალოდ, შენთან მომეწონა და განტვირთვისთვის კიდევ ერთხელ შევხვდები-მეთქი, ვიფიქრე. თუ გინდა, ახლავე წავალ. რამდენიმე კლიენტს უარი ვუთხარი, შენ რომ შეგხვედროდი. სენტიმენტალური და ლირიკული საუბრებისთვის არ გამოვდგები. სიყვარული სისულელეა – დიდი ხანია, ამ აზრზე ვარ. რაც ბუნებამ გიწყალობა, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში – გარეგნობა და კაცების შებმის უნარი, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. შენც ხომ ასე ცხოვრობ? ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ის გოგო გიყვარს? შენი მეგობრის ცოლი?
– არა, – კოკამ ხელი ჩაიქნია, – საქმე ძალიან ჩახლართულია. მოკლედ, არ ღირს დაგღალო. მოდი ჩემთან. მართალი ხარ, განტვირთვა არც მე მაწყენს. ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიიღო.
– მეც მაგას არ გეუბნებოდი? – სესი წამოდგა. შიშველი მკერდით ზურგიდან მიეკრა კოკას და ყურის ძირში გახელებით დაუწყო კოცნა.
კოკას თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ არ ეძინა. მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა მის გვერდით მწოლიარე ქალი, მაგრამ იმასაც არ ეძინა. ისე, რომ თვალი არ გაუხელია, კოკამ ხელი გაიწოდა და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი გამოაძვრინა. მერე სანთებელას ძებნა განაგრძო.
– არ მძინავს, ზედმეტი სიფრთხილე საჭირო არ არის. სანთებელა კი საფერფლეზე დევს. საფერფლე რომ იატაკზეა, ეგეც შეგახსენო?
კოკამ გაიცინა და ქალს ლოყაზე აკოცა.
– მაგარი ვინმე ხარ. შენნაირ ცოლს იგუებდა კაცი... უპრობლემო ქალი დიდი იშვიათობაა.
სესი საწოლში წამოჯდა, შიშველი მკერდის დაფარვა არც უცდია.
– მეც მომიკიდე. ახლა, რაც შეეხება იმას, რაც თქვი, – მე აუტანელი ცოლი ვიქნებოდი. მართალია... ტყუილად იღიმი. თქვენისთანა კაცების ცოლობა მეტისმეტად მძიმე პროფესიაა. არ ვისურვებდი ამას.
– რას გულისხმობ? ვერ მივხვდი.
– იმას, რომ არავითარი სურვილი არ მაქვს, ვინმეს ცოლი ვიყო. საშინელებაა. მეცოდებიან ცოლები.
– რატომ? ნუ, შეიძლება, ყველა კაცის ცოლობა სახარბიელო არ იყოს, მაგრამ ხომ არსებობენ ქმრები, ცოლებს ფუფუნებაში რომ აცხოვრებენ.
– არსებობენ, მაგრამ, ეტყობა, რაღაც ისეთის ფასად, რაც ასეთ ცოლებს აიძულებთ, შენნაირებს ჩაუგორდნენ ლოგინში, – სესიმ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა და კოკას თვალი ჩაუკრა,  – რას იტყვი, როგორი არგუმენტია?
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3