კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 საბედისწერო კაფსულა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ლუსი ტეილორი



ეჭვი მაშინვე ცოლზე მიიტანეს. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, პარალიზებული, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული მისტერ კოული თავისი სიკვდილით მომკვდარიყო, მაგრამ, როცა საქმეში დიდი ფული ერთვება, ეჭვის საფუძველი სამართლიანად ჩნდება.
– აღიარეთ, – უკვე მერამდენედ უმეორებდა ინსპექტორი ფულერი მისის კოულის, რომელიც ჯიუტად დუმდა, – ქმრის სიკვდილის შემდეგ, თქვენ ორას ორმოცდაათ ათას დოლარს მიიღებთ. კიდევ უძრავ ქონებასაც. ისიც ხომ მართალია, რომ თქვენს ქმარს საშინელი ხასიათი ჰქონდა. მოახლემ თქვა, რომ ხშირად ჩხუბობდით.
– მერე რა, რომ ვჩხუბობდით, ეს ნორმალურია. მე ის მიყვარდა და რა აზრი ჰქონდა მოკვლას, თუკი ისედაც დიდხანს ვერ იცოცხლებდა. ჩემმა ქმარმა წამალი თვითონ დალია.
– რანაირად? წამალი ხომ თავად მიგქონდათ მასთან. პარალიზებული ადამიანი ვერ ადგება და წამლის დასალევად მეორე ოთახში ვერ გავა. აღიარეთ, მისის კოული, სხვა გზა არ გრჩებათ.
– სულ ტყუილად ცდილობთ, მაიძულოთ, ის დავიბრალო, რაც არ გამიკეთებია. ერთ სიტყვასაც აღარ ვიტყვი ჩემი ადვოკატის მოსვლამდე – ქალმა ჯიუტად მოკუმა ტუჩები. თვალებიდან კი ისეთი „სუსხი“ გამოუშვა, რომ ინსპექტორი ფულერი მიხვდა, ადვოკატის მოყვანის დრო იყო. ქვრივისგან ვერც აღიარებას მიიღებდა, ვერც დიდხანს გააჩერებდა წინასწარი პატიმრობის საკანში.
მისის კოულის ადვოკატი რიჩარდ მუნი, ახალგაზრდა და მიმზიდველი მამაკაცი, თავხედური და ცინიკური გამოხედვით, მაშინვე თავს დაესხა ფულერს და ძალის გადამეტებაში დასდო ბრალი.
– ბრალდება სერიოზულია, მისტერ მუნი, ასე ადვილად ვერ გაიყვანთ აქედან.
– საგამომძიებლო ექსპერიმენტს ვითხოვ ჩემი კლიენტისთვის. სახლში არის ფაქტები, რაც თქვენმა გამოძიებამ ვერ შეამჩნია.
– ვითომ? იქ ყველაფერი დავათვალიერეთ, რას დაუპირისპირებთ იმ ფაქტს, რომ მისტერ კოული სავარძლიდან ვერ ადგებოდა და წამლის ზედმეტ დოზას ვერ დალევდა. ვინ „დაეხმარა“ მას ამაში? ჩვენ მოახლეზეც ვიფიქრეთ, მაგრამ ალიბი აქვს. ორი დღით დედის მოსანახულებლად იყო წასული.
– მით უმეტეს! – წამოიძახა ადვოკატმა, – თქვენ მისის კოული ისეთი სულელი გგონიათ, რომ ქმარი მოწამლა მაშინ, როცა სახლში, მასთან მარტო იყო? სხვა დღეს ვერ შეარჩევდა?
– მესმის, რომ მისის კოული – თქვენი კლიენტი ძალიან ლამაზია, მაგრამ ლამაზებიც სჩადიან დანაშაულს.
ადვოკატმა მტრულად შეხედა ინსპექტორს.
– ის, რაც ახლა თქვით, კარგი არგუმენტია იმისთვის, მოსამართლესთან ეჭვმიტანილზე ზეწოლისთვის სარჩელი შევიტანო. მოვითხოვ, მისის კოული ჩვენთან ერთად, სახლში დააბრუნოთ, რათა შესაძლო დანაშაულის სრული სურათი აღვადგინოთ.
ადვოკატის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მისის კოული ხელბორკილითა და ბადრაგის თანხლებით, სახლში გადაიყვანეს და ადვოკატთან ერთად, მისტერ კოულის მოსასვენებელი ოთახის დათვალიერება ხელახლა დაიწყეს.
ინსპექტორი ფულერი ირონიულად ადევნებდა თვალს მისის კოულის, რომელმაც დეტალურად დაიწყო იმ დღის გახსენება. დიახ, მისტერ კოულისთვის ყოველთვის მას მიჰქონდა წამალი და იმ საღამოსაც მიუტანა, რომ მშვიდად დაეძინა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ორი ტაბლეტი – ჩვეულებრივი დოზა.
– ელეონორ, მისტერ კოული ყოველთვის თქვენი თანდასწრებით სვამდა წამალს? – ჰკითხა ადვოკატმა და ინსპექტორს გახედა.
– არა, ყოველთვის არა, – თავი გააქნია ქალმა, – სულ ბრაზობდა, რომ მის მდგომარეობაში ყოფნას სიკვდილი ჯობია. რომ წამლები მშვიდი კი არა, სამუდამო ძილისთვის უნდა მიიღოს.
– ეს  არაფერს ნიშნავს, – გააპროტესტა ინსპექტორმა, – ვერაფრით დამიმტკიცებთ, რომ წამლების გადაჭარბებული დოზა მისტერ კოულიმ თვითონ მიიღო. სად უნდა ეშოვა ამდენი აბი?
ადვოკატმა მხრები აიჩეჩა.
– თუ რამის სურვილი გაქვს, საშუალებას ყოველთვის პოულობ. მოდი, ჩვენც ლოგიკას მივყვეთ, – შეიძლება, მისტერ კოული ყოველთვის არ სვამდა ცოლის მოტანილ აბებს და მათ აგროვებდა, რომ მერე ერთბაშად დაელია. აქვს თუ არა ამ ვერსიას არსებობის უფლება? თქვენ გეკითხებით, ინსპექტორო.
– დიახ, აქვს... თავი დაუქნია ფულერმა, – მაგრამ სად ინახავდა აბებს, თანაც ცოლისგან და მოახლისგან შეუმჩნევლად?
– მაგ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს. ამიტომ, გთავაზობთ, ერთად დავათვალიეროთ მისტერ კოულის ოთახი და მისი პირადი ნივთები.
– მისის კოული, თქვენც ხომ არ დაგვეხმარებით?
– არა. უმჯობესია, ჩვენ გავაკეთოთ ეს, –  თქვა ადვოკატმა და კომოდის უჯრების ქექვა დაიწყო. ზედა უჯრაში ორი ფუტლარი იდო. ერთში საკითხავი სათვალე აღმოჩნდა, მეორე ცარიელი იყო.
– ერთ სათვალეს ორი ფუტლარი რატომ უნდა სჭირდებოდეს? თქვენ ეს ნორმალურად გეჩვენებათ, ინსპექტორო?! მოდი, კარგად დავათვალიეროთ. ეჭვი მაქვს, მას სხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ.
ფულერმა ფუტლარი გახსნა და ყურადღებით ჩააშტერდა. ერთი აბი ზუსტად იქ ჩარჩენილიყო, სადაც ფუტლარს ჩამკეტი მექანიზმი ჰქონდა დამაგრებული. ფულერმა შეიგინა.
– უნდა მოვკლა ის, ვინც ეს აბი აქ ვერ შეამჩნია პირველი დათვალიერების დროს.
– იქნებ, ფუტლარი არც არავის უნახავს?
– შეიძლება, – ფულერმა ამოიოხრა, – მისის კოული, თავისუფალი ხართ.
ამ ამბებიდან ერთი თვის შემდეგ, როცა მისის კოული ის იყო დაბრუნდა მზით გამთბარი  კუნძულებიდან და ჩანთების ამოლაგებით იყო გართული, მას ფულერი ესტუმრა რამდენიმე ადამიანის თანხლებით.
– ინსპექტორო, აქ რას აკეთებთ? – წარბი შეიკრა ქალმა.
– მშვენივრად გარუჯულხართ, მადამ... მისტერ მუნიც აქ არის თუ ჯერ ერთად არ ცხოვრობთ, ის ხომ თქვენი საყვარელია?!
– მეტისმეტი ხომ არ მოგდით? რის საფუძველზე მოხვედით და შეურაცხყოფას მაყენებთ?
– აი, საფუძველი, – ინსპექტორმა ფულერმა ექსპერტიზის დასკვნა ამოიღო, – თქვენი მეუღლის კუჭში ჟელატინის ნარჩენები ვერ აღმოაჩინეს. იმ ჟელატინის, რადაც გარდაიქმნება კაფსულა, რომელშიც წამლის ფხვნილი ყრია, კუჭში მოხვედრისას. მითხარით, სად წავიდა გახსნილი კაფსულების ნარჩენები? ოღონდ არ მითხრათ, რომ თქვენმა მეუღლემ ის თავად გადაყარა. სავარძელში იჯდა, ნუ დაგავიწყდებათ. საბედისწერო შეცდომა დაუშვით, როცა ფხვნილი კაფსულებიდან რძეში ჩაუყარეთ და ისე დაალევინეთ. ახლა მაინტერესებს, რა როლი ითამაშა ამ ყველაფერში ადვოკატმა მუნიმ და რას მიიღებდა თქვენი მეუღლის ქონებიდან – მხოლოდ ფულს, თუ რაღაც უფრო მეტს?!
скачать dle 11.3