კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 წერილები სულიერ შვილებს

პატიმარს, რომელიც უსამართლობას უჩივის
ამბობ, რომ იმაში, რისთვისაც დაგსაჯეს, უდანაშაულო ხარ. ღამით ჩხუბში ადამიანი დაიღუპა. მკვლელები სწრაფად მიიმალნენ, ხოლო შენ შემთხვევით გვამის სიახლოვეს აღმოჩნდი, პოლიციამ მოგისწრო, დაგაპატიმრეს და დამნაშავედ გცნეს. შენ ადამიანთა უსამართლობის გამო იურვი. იფიცავ, რომ უდანაშაულოდ დაგსაჯეს. როდესაც შენი პირველი წერილი მივიღე, გთხოვე, შენი წარსული ცხოვრების შესახებ მოგეთხრო, რაც აღასრულე კიდეც. მეორე წერილის წაკითხვის შემდეგ შევძახე: „შენ სასჯელი დაიმსახურე!“
ადამიანო, შენ ეს მძიმე სასჯელი დაიმსახურე, თუ კერძოდ ამ დანაშაულისთვის არა, უეჭველია, სხვა, შენ მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამო! ყოვლისმხილველმა მსაჯულმა შენ მიერ ჩადენილი დანაშაულობანი უწყოდა, მაგრამ სახიერებითა თვისითა, ისინი მოწმეთაგან დაფარა და შენს სინანულს ელოდა. მაგრამ შენ არ შეინანე, არ აღიარე, არც ღმერთის მიმართ ლოცულობდი, არ ეზიარებოდი. პირიქით, ბოროტების აღსრულებას ფარულად განაგრძობდი და მზად იყავი ნებისმიერი ადამიანი მოგეკლა, ვინც შენს ბიწიერ საქმეებს წინ აღუდგებოდა. კატორღას მარტო ცოლის მიმართ გამოჩენილი სისასტიკის გამო იმსახურებ. მას შენთვის მიწიერ მსაჯულებთან არ უჩივლია, მაგრამ მისი სულთქმა ღმერთის სამსჯავროს მისწვდა.
იმისთვის, რომ ბოროტ საქმეებს განშორებოდი და მართალ გზას შედგომოდი, გაგხსენებოდა სული, სიკვდილი და მომავალი საშინელი სამსჯავრო, ბედისწერის მქმნელმა იმ ღამით დანაშაულის ადგილზე მიგიყვანა. შენ დაგაპატიმრეს და კატორღა მოგისაჯეს.
შენი შემთხვევა უდიდესი ქრისტიანი წმიდანის, ეფრემ ასურის ცხოვრებას მაგონებს. ახალგაზრდობაში ეფრემი მრავალს ცოდავდა, მაგრამ არც ერთი მათგანისთვის არ დასჯილა. ერთხელ მის მეზობელს თხა მოპარეს. მან ეფრემზე იეჭვა და სასამართლოში უჩივლა. ისიც, ამ ცოდვაში სრულიად უდანაშაულო, ციხეში მოხვდა. ადამიანთა უსამართლობით გამწარებულმა ეფრემმა ღმერთს შეჰღაღადა. საპატიმროში სხვა დამნაშავეებთან ერთად მყოფი, დაინტერესდა, ისინი ციხეში რისთვის ისხდნენ. ერთი ერთს ეუბნებოდა, მეორე მეორეს. მათ დანაშაულებებში ეფრემმა საკუთარი ცოდვები შეიცნო, რომელთა გამო არავის დაუსჯია. მაშინ ის გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ ციხეში არა დაკარგული თხის, არამედ მის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებების გამო მოხვდა. ის ღმერთის წინაშე გულშემუსვრილებით ინანიებდა მათ, ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, მისთვის ფარული ცოდვები შეენდო და მას იმისთვის მადლობდა, რომ ციხეში აღმოჩნდა. მალე ის უდანაშაულობის გამო გაათავისუფლეს. ამ შემთხვევამ ეფრემის სულში გადატრიალება მოახდინა. ციხემ მიიღო იგი, როგორც ცოდვილი, ხოლო გაათავისუფლა, როგორც წმიდანი.

გლეხს, რომელიც
შემოჩვეულ შიშს უჩივის

შენ მრავალთაგან ერთ-ერთი ბოროტი სული შემოგჩვევია, რომლებიც ადამიანის წარწყმედას ცდილობენ. შენ მწერ: როდესაც შიში მოგიცავს, გეჩვენება, თითქოს მთელი ქვეყნიერება გდევნის, ყოველი ადამიანი შენი დაუძინებელი მტერია და ღმერთმაც მოგიძულა. სპეციალისტებისთვის მიგიმართავს, მაგრამ მათ გითხრეს, რომ ეს ერთგვარი შეშლილობაა. მათ სწორად უთქვამთ. ეკლესიაც იგივეს გაგიმეორებს. მაგრამ ის სხვა რამესაც გეტყვის გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე. ის აგიხსნის, შენი შიში ვისგან მომდინარეობს და რას მიეწერება. ის ბოროტი სულებისგან მომდინარეობს. რაც შენს ცოდვებს უკავშირდება. ეკლესია წამალსაც გამოგიწერს: ცოდვა აღიარე და შეინანე და ბოროტი სული შენგან გავა. ის თავისთავად  არასოდეს დაგტოვებს, მას უფალი განდევნის შენგან. ხომ გსმენია, ყოვლადძლიერი ქრისტე ადამიანთაგან ეშმაკებს როგორ განაგდებდა, მათზე როგორი ხელმწიფება ჰქონდა და ისინიც როგორ უსიტყვოდ მორჩილებდნენ მას.
თუმცა ღმერთის ხელმწიფება ბოროტ სულებზე მათი განდევნით არ შემოიფარგლება. ზოგჯერ უფალი დაუშვებს, რომ ეს უხილავი ძაღლები თავს დაესხან ადამიანებს. წმიდა წერილში მათ „ღმრთისა“ ამიტომ ჰქვიათ. ძველ აღთქმაში ამგვარი ფრაზა არ შეგხვედრია: „შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში“ (I მეფ. 18, 10)? მათ ასე იმიტომ კი არ ეწოდებათ, რომ ღმერთს ენათესავებიან და მისგან წარმოიშვნენ (ნუ იყოფინ!), არამედ იმიტომ, რომ ღმერთის ხელმწიფებას ემორჩილებიან. იობის წიგნის პირველი თავი წაიკითხე და დარწმუნდები, რომ ბოროტი სული ადამიანს უფლის დაშვების გარეშე თავს ვერ დაესხმის.
შენ ამაში უკვე ერკვევი და სასოწარკვეთილებას ნუღარ მიეცემი. ღმერთი ყოვლისშემძლეა და ყოვლადსახიერი. მას ძალუძს და სურს შენი გათავისულება შიშისმომგვრელი ბოროტი სულისგან, რომელიც დროდადრო ასე სასტიკად გვნებს. მხოლოდ ღმერთის ძალა და მოწყალება აღიარე, შენი ცოდვა შეინანე და გულითადად ევედრე ყოვლადუზენაესს. ლოცვაში თქვი: „ღმერთო, სულთა და ყოველი ქმნილების მეუფეო, ყოვლისშემძლეო და ყოვლადსახიერო, შემინდე ცოდვილს, შემიწყალე და მიხსენი სადიდებლად ძისა შენისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა!“ ღმერთი უეჭველად შეგიწყალებს და შენგან ამ უბადრუკ საფრთხობელას განდევნის.скачать dle 11.3