კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ უპირისპირდება თურქეთი თავის სტრატეგიულ მოკავშირეებს და უახლოვდება დაუძინებელ მტრებს და რით შეუძლია საქართველოს დაზიანება ერდოღანის ახალ პოლიტიკურ მასტერკლასს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

თურქეთმა და ირანმა, რომლებიც უჩვეულოდ დაუტკბნენ ერთმანეთს (რის მიზეზიც განა უანგარო სიყვარული, დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნის პერსპექტივაა, რაკი არც ერთისთვის არ არის ხელსაყრელი), მოილაპარაკეს, რომ ერთმანეთთან საკუთარ ვალუტებში ივაჭრებენ და აშშ დოლარს, როგორც ასეთს, აღარ ცნობენ. უფრო მეტიც, თურქეთის პრეზიდენტმა (რომლის ქვეყანაც „ნატოს“ წევრია) სრულიად ისლამურ სამყაროს მოუწოდა, რომ უარი თქვან აშშ დოლარზე. მეორე მხრივ, თუკი რეჯებ ტაიპ ერდოღანი თავის სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს ერჩის, თავად აშშ-ის პრეზიდენტი –  ირანს, პათოსით, სანქციები კიდევ უფრო უნდა დავუმძიმოთო. იმის გათვალისწინებით კი, რომ ჩვენ, ჯერ ერთი, „ნატოსკენ“ მივისწრაფით, მეორეც –  თურქეთი ყურის ძირშია, ირანი კი –  ოდნავ შორს (რაც მთავარია –  აშშ კი ჩვენი ლამის ერთადერთი დასაყრდენი და, ამასთან, სტრატეგიული პარტნიორიც), ბუნებრივია, მოვლენათა განვითარებას გაფაციცებით ვაკვირდებით. აქვს თუ არა თურქეთ-ირანს აშშ დოლარის შესუსტების პოტენციალი, შეძლებენ თუ არა ისლამური სამყაროს აყოლიებას (ვიცით, რომ ნავთობისა და გაზის მომპოვებლები ახლო აღმოსავლეთში სწორედ ისლამური ქვეყნები არიან, ნავთობითა და გაზით ვაჭრობა კი მხოლოდ აშშ დოლარებშია), საერთოდაც, რა პოლიტთამაშს თამაშობენ ჩვენი დიდი მეზობლები და შეუძლია თუ არა ამ აქტივობებს ჩვენი დაზარალება, –  თემას ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიასთან ერთად განვიხილავთ.
– შეძლებენ თუ არა თურქეთი და ირანი დოლარზე უარის თქმას და რა დოზითაა ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკა?
– დიდი ხანია, მსოფლიო ეკონომიკური და ფინანსური საზოგადოება ცდილობს, მონახოს გასაღები იმისა, რომ გამოვიდნენ ამერიკული დოლარის ზეგავლენისგან. ეს არც ისე ადვილია. ამას უკავშირდება არა მარტო ირან-თურქეთის განცხადება, არამედ სხვადასხვა კრიპტოვალუტის შექმნა, ბიტკოინების და ასე შემდეგ. რაც შეეხება ირანს: ეს გასაგებია. ამ ქვეყანას რთული საგარეო ურთიერთობა აქვს შეერთებულ შტატებთან, სანქციებშია მოყოლილი და მუდმივად ცდილობს, გამოვიდეს ამერიკული დოლარის ზონიდან. ამას ცდილობს ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, კოლუმბია და ვენესუელა, მაგრამ, ეს რეალურად, შეუსრულებელი მისიაა მომავალი ათი წლის განმავლობაში. იმიტომ რომ, შეერთებული შტატები, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე მძლავრი ქვეყანაა და მეორე, არის დიდი ბაზარი, მსოფლიო ვაჭრობის მეხუთედი მოდის ამერიკულ ბაზარზე. ამიტომ ყველას აქვს თავისი ანგარიშები შეერთებულ შტატებთან. არაბული ქვეყნები მთლიანად მასზე არიან დამოკიდებულნი როგორც ნავთობითა და იარაღით ვაჭრობით, ისე პოლიტიკური დაცვით. ირანსა და საუდის არაბეთს მეტად მძიმე დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე ირანსა და შეერთებულ შტატებს. ვიცით, რაც მოხდა ყატართან დაკავშირებით. ისინი რეგიონული მეტოქეები არიან და რეგიონული მეტოქეობა უფრო მძაფრია, ვიდრე მსოფლიო მეტოქეობა.
– მაგრამ, ირანი და თურქეთიც რეგიონული მეტოქეები არიან, მიუხედავად დროებითი ზავისა.
– თურქეთი მძიმე მდგომარეობაშია, ჯერ ერთი, გიულენის, ნახევრად დაუჯერებელი აჯანყების, გაუგონარი დაპატიმრებისა და მასობრივი რეპრესიების გამო, მე ვერ ვიხსენებ ამ დოზით რეპრესიას. თან, უცნაურ რეპრესიას: პედაგოგების, ჟურნალისტების წინააღმდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თურქეთს უნდა, რომ მხარი დაუჭირონ. მას ესმის, რომ ის არის „ნატოს“ წევრი ერთადერთი მუსლიმანური ქვეყანა და მისი კავშირები ძალიან სჭირდება შეერთებულ შტატებს. თუმცა ანგელა მერკელს რომ გაუბრაზდება, ერდოღანი პუტინთან მირბის; როგორც კი პუტინს გაუბრაზდება, მირბის „ნატოს“ შტაბში. გასულ კვირასაც გააკეთა განცხადება, საკმაოდ მძაფრი და ისევ ორმაგი სტანდარტით ითამაშა: თუ გიულენს არ გადმომცემენ, როდესაც დასჭირდებათ ჩემგან ვინმეს გადაცემა, არ გადავცემო. ევროპასაც გადასწვდა: 35 წელია, არ გვიშვებენ და, თუ საჭირო გახდება, ზომებსაც მივიღებთო. ანუ ბოლომდე იმოქმედებს პოლიტიკურ ველზე ყველაზე მძაფრი წინააღმდეგობით. ამის ერთ-ერთი კონტექსტია ქურთები: ქურთებმა როგორც ერაყის, ისე სირიის მხრიდან მიიღეს მონაწილეობა ომში ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ. გასულ კვირას მათი ბოლო ქალაქი გათავისუფლდა, თუმცა ერაყის ჯარებმა დაიკავეს კირკუკის ირგვლივ არსებული ნავთობის საბადოები. ანუ ქურთისტანი, როგორც ერთ-ერთი გაზისა და ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მიმზიდველი ხდება შეერთებული შტატებისთვის. თურქეთმა, მის ტერიტორიაზე რომ არ წარმოიქმნას ქურთისტანი, ისე გადადის შეტევებზე, რომ არავის ეკითხება. ანუ იქცევა ისე, როგორც ზესახელმწიფოები, აშშ და რუსეთი. ის ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე ახორციელებს სამხედრო ოპერაციას. ამით თურქეთს უნდა, აჩვენოს შეერთებულ შტატებს, რომ არ გაჩერდება და ეკონომიკურ სადავეებს არ დაუტოვებს ნავთობისა და გაზის საბადოების სახით ქურთებს. ეს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკაა და ადრეც გვილაპარაკია, რომ ეს არის მეგობრობის რთული ფორმა. მეორე მხრივ, თავის ნათქვამს დაამატა ერდოღანმა, რომ შეერთებული შტატები თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია და, რა თქმა უნდა, ევროპისაც.
– გაეროს ასამბლეაზე გამოსვლისას ერდოღანმა თქვა, რომ კავკასიაში დესტაბილიზაციის წყაროა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობების რღვევა, ანუ დაადანაშაულა რუსეთი და ამის შემდეგ, პირისპირ ელაპარაკა პუტინს ორი საათის განმავლობაში.
– ის გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას სეპარატისტული რეგიონების მიმართ, იმიტომ რომ, მას თავად აწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რომ ემეგობროს პუტინს, აღადგინოს ურთიერთობა და საჭირო თუ გახდა, ბოდიშიც მოიხადოს. ანუ ერდოღანი სერიოზულ მასტერკლასს გვიტარებს, თუ რას ნიშნავს პოლიტიკა და როგორ უნდა იტრიალო ამ თამაშში. პუტინი მისი დაუძინებელი მტერია, მაგრამ ყველაფერს იყენებს იმისთვის, თავისი სახელმწიფოს ინტერესები განამტკიცოს.
– რეალურად, ირანი და თურქეთი შეძლებენ ერთმანეთის ვალუტებში ივაჭრონ ან როგორ?
– ძალიან გაუჭირდებათ. ეს ვერ შეძლეს ირანმა და რუსეთმა. ირანს ნავთობის საკმაოდ დიდი მარაგი აქვს, მაგრამ ვერ შეძლეს გადაყვანა. მით უფრო, ახლა შეიქმნა ახალი ფორმულა „ოპეკ პლუსი“, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემა შექმნა და განაცხადეს, რომ შეამცირონ მოპოვება. ისიც კი მოხდა, რომ საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც არასდროს ჩასულა მოსკოვში, რამდენიმე კვირის წინათ ჩავიდა. თანაც, პუტინმა დაუჭირა მხარი 2018 წლამდე ნავთობის მოპოვების შეზღუდვის პროგრამას. ანუ მსოფლიო არ ჩერდება, მოძრაობს.
– პუტინს ხომ ხელს აძლევს ნავთობის შეზღუდვა, ეს ნავთობს გააძვირებს.
– მეორე მხრივ, არ აძლევს ხელს, იმიტომ რომ, 2018 წელს რუსეთში არჩევნებია და მეტი ფული სჭირდებათ, რუსეთის ეკონომიკა ხომ დაკავშირებულია გაზსა და ნავთობზე. ბიუჯეტის შემოსავლის 70 პროცენტი იქიდან შესდით და უნდათ, მეტი გაყიდონ, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ, რადგან არჩევნებზე მეტი ფული დაეხარჯებათ. ვიმეორებ, ეს არის პოლიტიკის მასტერკლასი: მუდმივად ვხედავთ, რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, მაგრამ ერთმანეთს უარსაც ეუბნებიან, ხმასაც იმაღლებენ და მრავალმხრივ თამაშს ეწევიან.
– შეერთებულმა შტატებმა ხომ იცის, რომ ირანსა და თურქეთს გაუჭირდებათ დოლარის ამოგდება? მაშინ რა აზრი აქვს ერდოღანისა და როუჰანის შეთანხმება-მუქარას, თუ  მისი განხორციელება, ფაქტობრივად, შეუძლებელია?
– ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ მომავალში შეიძლება, შესაძლებელი გახდეს. შეერთებულმა შტატებმა ხომ იცის, რომ მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა ირანი?! ანუ ასე მარტივადაც არ არის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქურთების დამოუკიდებლობას, მაინც გააფრთხილა ქურთები, ამ ეტაპზე ნუ გამოაცხადებთ დამოუკიდებლობასო. თუმცა შინაგანად უნდა, რომ შეიქმნას ქურთისტანი, რომელიც მისი ვასალი იქნება.
– ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის ის, რომ ეს ხდება ჩვენს გვერდით და ამას გარდა,  თურქეთი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პირველ სამეულშია.
– ირანიც ძალიან გააქტიურდა ბოლო ხანებში საქართველოში და ამაზეც ვილაპარაკოთ.
– ცხადია, რა გავლენა აქვთ მათ ჩვენზე, როგორ შეუძლიათ ჩვენი გამოყენება ამ პოლიტთამაშში?
– ირანს ზეგავლენა ჯერჯერობით არ აქვს საქართველოზე, გარდა იმისა, რომ ხანდახან რაღაცას იტყვიან. ვერც ეკონომიკურად და ვერ პოლიტიკურად მან ვერ შეძლო ფეხის მოკიდება საქართველოში. თურქეთი კი საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია საგარეო სავაჭრო კუთხით. სერიოზული ბრუნვაა ქვეყნებს შორის და ამასთან, უკვე გახდა ქართველების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი. პოლიტიკურადაც გვიწყობს ხელს, რის მაგალითია, მათ შორის, გეაროს სესიაზე გამოსვლა, რაც თქვენ ახსენეთ. ამდენად, თურქეთი საქართველოსთვის სერიოზული მოთამაშეა. ის ცდილობს, რუსეთს არ დაუთმოს ლიდერობა კავკასიაში.
– ჩვენთვის კარგია, ორნი რომ არიან, ერთმანეთის ინტერესს დააბალანსებენ ჩვენი ჩარევის გარეშე. როგორ შეუძლია ჩვენი გამოყენება თურქეთს ამ ტკბილ-მწარე თამაშში დასავლეთთან? აქვს გავლენაც: ეკონომიკურიც და პოლიტიკურიც. ამდენად, სიტუაციის კონტროლისთვის რა შეუძლია, მოიმოქმედოს ამ ბერკეტებით?
– ყველანაირი ბერკეტი აქვს, ისევე, როგორც რუსეთს. თურქეთს, რომელიც გაზის ტრანსპორტირებაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ხდება, ასევე, რკინიგზის მშენებლობაში, შეუძლია, შეაფერხოს შენი განვითარება. ამას ვხედავთ აზერბაიჯანის მაგალითზე: თუ ადრე აზერბაიჯანი იყო გაზისა და ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა და მყარი პოზიცია ჰქონდა თურქეთის მიმართ, დღეს თურქეთი ხდება გაზისა და ნავთობის ტრანპორტირების მთავარი ხაზი. მას შეუძლია, გაზი და ნავთობი მიიღოს აზერბაიჯანიდანაც და რუსეთიდანაც. ანუ ალტერნატიული წყარო გაიჩინა და ყატარიდანაც შეუძლია, მიიღოს თხევადი გაზი. ანუ იმდენად ჭკვიანური ფორმულა ჩამოაყალიბა, რომ აზერბაიჯანის გარეშეც შეუძლია, მოიპოვოს ნედლეული. ამიტომ აზერბაიჯანთან მკაცრი პოზიცია უჭირავს და, რა თქმა უნდა, სათავისოდ მოითხოვს ტრანსპორტირების ტარიფებს.
– ფაქტობრივად, აზერბაიჯანი-საქართველოს ენერგოდერეფანს უწევს კონკურენციას თურქეთი და ახერხებს კიდეც?
– ასე გამოდის. „სამხრეთის ნაკადი“ არის ამის ალტერნატივა. თურქეთი ცდილობს, გაიმყაროს პოზიცია. ყველა ქვეყანას და მათ შორის, თურქეთს პირადი ინტერესი აქვს ამ პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ომში: იქნება ეს ახლო აღმოსავლეთის ტერიტორია, მის სამეზობლოში, „ნატოს“ მიმართულება, შავი ზღვა თუ სხვა.
– რატომ შეცვალა თურქეთმა აზერბაიჯანისადმი დამოკიდებულება, უპირობოდ იცავდა ბაქოს პოლიტიკურსა და ეკონომიკურ ინტერესებს, რატომ იქვემდებარებს?
– იმიტომ რომ, თურქეთმა შეძლო რუსეთისგან ახალი ენერგეტიკული წყაროს შეძენა და ამას მისცა ასეთი გონორი. ამან შესძინა მის ხმას სიმკაცრე. როგორი იმპერიაცაა რუსეთი, ზუსტად ისეთივე იმპერიაა თურქეთიც. ცდილობს, მოიპოვოს ზეგავლენა და ეს ბუნებრივია.
– არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთი საქართველოს აღიქვამს კონკურენტად „ნატოში“.
– საქართველო ვერ უქმნის ვერანაირ პრობლემას თურქეთს, იმიტომ რომ, საქართველო არ არის მუსლიმანური ქვეყანა, მცირე ზომის ქვეყანაა თურქეთთან შედარებით და აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა აქვს „ნატოსთან“. ამდენად, ეს არ ადარდებს. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს თამაში და ამ თამაშში ჩვენი ადგილი მოვნახოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ სრულფასოვანი პოლიტიკური მოთამაშეები და არა გულუბრყვილო ადამიანები, რომლებისთვისაც მთელი მსოფლიო დაყოფილია „თეთრებად“ და „შავებად“.
– მაგრამ აზერბაიჯანზე მეტი კარტბლანში აქვს თურქეთს საქართველოში. აზერბაიჯანი მეტ-ნაკლებად აბალანსებს რუსეთსა და თურქეთს. საქართველოში კი თურქეთიც გაცილებით თავისუფლად მოქმედებს, ანუ ატარებს თავის ინტერესს და რუსეთიც, იმიტომ რომ, აშკარა ოკუპანტია და პირდაპირ არ გვაქვს ურთიერთობა.
– თურქეთს აქვს გამოკვეთილი ეკონომიკური ინტერესები, როდესაც შენი ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მესამედი ამ ქვეყანაზე მოდის და შენთვის ევროპაში შესასვლელი კარიბჭეა, ბუნებრივია, სხვა დამოკიდებულება ექნება, მაგრამ მაინც „ნატოს“ წევრია თურქეთი. თუმცა ეს ჩვენ არ გვათავისუფლებს ვალდებულებისგან და  არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, ოცდამეერთე საუკუნეა და არაფერი მოხდებაო. ყირიმის შემდეგ ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ამიტომ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, უნდა გავხდეთ ამ თამაშის აქტიური მონაწილეები. გავთვალოთ ჩვენი ყველა ნაბიჯი და უნდა ვიცოდეთ, სად ვიდგეთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ დიდი ქვეყნებისგან, რომლებიც აქტიურობენ ამ რეგიონში.

скачать dle 11.3