კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როგორ გადაარჩინა ლუკა კურტანიძე ბიძინა ივანიშვილმა და რატომ არ დართო მას პატრიარქმა მონასტერში წასვლის ნება

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი ლუკა კურტანიძე ბულგარეთში გამართულ ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად ასაკისა, რთული წლებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ის ყოველთვის ჩემპიონია. ლუკა კურტანიძე ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორია, მაგრამ ვარჯიშს ყოველთვის თავდაუზოგავად აგრძელებს. წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ ლუკას და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, სადაც ის გულახდილად საუბრობს თავის განვლილი ცხოვრების გზაზე და იმ ტკივილებსა და სირთულეებზე, რისი გადატანაც ბოლო წლებში მოუწია.
ლუკა კურტანიძე
: ბულგარეთის მსოფლიო ჩემპიონობამდე, ამდენი წლის შემდეგ, პირველი დიდი გამოწვევა  იყო მსოფლიო ოლიმპიადა, რომელიც ლოს-ანჯელესში ჩატარდა პოლიციელთა შორის.  ბატონმა გიორგი მღებრიშვილმა წინადადებით დამირეკა: თუ გააძლიერებ ჩვენს გუნდს ამ შეჯიბრებაზეო. პირველი იყო, ძალიან დიდი სიხარული, იმიტომ რომ, წლების განმავლობაში, ვემზადებოდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. მე და გიორგი მღებრიშვილი რომ შევხვდით, ვუთხარი კიდეც:  თუ ოქროს მედალს არ მოვიპოვებდი და გუნდს არ გავაძლიერებდი ამ ოქროს მოგებით, პირველი, რასაც გავაკეთებდი, განცხადებას დავწერდი და წავიდოდი სამსახურიდან. მინისტრმა მიპასუხა: კი, განცხადების დაწერა ერთია, მაგრამ დაკმაყოფილება – მეორეო. ასეთი დიდი შანსი მომცა მინისტრმა, რომ დასახული მიზანი განმეხორციელებინა და მაგალითი მიმეცა იმ ნაკრებისთვის, 12 ადამიანისგან რომ შედგებოდა სპორტის სხვადასხვა სახეობიდან. მართლაც ისე გამოვიდა, რომ პირველი ოქროს მედალი მე მოვიპოვე. ამის შემდეგ ზედიზედ ბიჭებმა ექვსი ოქროს და რვა ვერცხლის მედალი მოიპოვეს. მადლობას ვუხდი კომპანია „პეესპეს“ მხარდაჭერისთვის. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თითოეული გამოსვლა იყო ბოლო წამამდე ბრძოლა. იმიტომ რომ, ძლიერი მებრძოლები იყვნენ და ამ ჭიდილში მოვიპოვე ეს გამარჯვება. მთელი მსოფლიოს ფედერაციის წარმომადგენლები ფეხზე დამდგარი შეხვდნენ ამ ბრძოლას. ისინი ტაშს უკრავდნენ მთელ ჩემს სამშობლოს.
– როგორ შეძელით, საზოგადოებრივად ასე აქტიურმა, სამსახურებრივად ძალიან დაკავებულმა, თანაც, ამ ასაკში, ისევ მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყავით?
– მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს წლები, გვერდით მედგა ჩემი მეუღლე ხათუნა მიქაცაძე. ის არის ჩემი მენეჯერიც, მწვრთნელიც, იმიჯმეიქერიც, პიარიც. ძალიან ძლიერი ადამიანია, რომელიც დამეხმარა იმ სირთულეების, ხმაურის გადალახვაში, რაც ფედერაციაში გამოვიარეთ. ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ და ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ამ გაძლიერებისთვის. ასეთი ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ, გამიჩნდა სურვილი და ჟინი იმისა, რომ ვიბრძოლო. ამით კი ჩემს ქვეყანას და მომავალ თაობას მივცე მაგალითი იმისა, რომ მიუხედავად ასაკისა, დროისა, სტატუსისა, ყველაფერი შესაძლებელია. საერთოდ, ვინც დასავლეთ საქართველოში გავიზარდეთ, იცით თქვენ, რომ ქალზე ასე ხმამაღლა საუბარი ცოტა უხერხულია, მაგრამ მე ვამსხვრევ ამ სტერეოტიპს. ქალისა და კაცის პირწონადობა არ უნდა განსხვავდებოდეს. ერთგულება და ღალატი ქალის თუ კაცის, ერთი და იგივეა. პირველად ვამბობ და მეტჯერ არ გავიმეორებ, რომ მიუხედავად ჩემი ბოლოდროინდელი საზოგადოებრივი ბრძოლებისა, არ ვარ ისეთი ურჩხული, ვინც ხმლებს იქნევს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ალბათ, ციხეში ვიქნებოდი დაინვალიდებული. ამის კარგი მაგალითი იყო 26 მაისი და შემდეგ დევნა. ბატონმა ბიძინამ სიცოცხლე შემინარჩუნა. დღეს ვშრომობ, ვიღვწი, მსოფლიოს ჩემპიონობა მოვიპოვე., ეს ხომ ის მისია იყო, რაც მე ჩემი ქვეყნისთვის უნდა გამეკეთებინა. ამ ყველაფრის საშუალება მომცა ამ ადამიანმა და ჩემი მადლიერება მინდოდა საქმით გამომეხატა. მაქვს სითბო, სიყვარული და ვინც მაძლიერებს, ეს არის ჩემი მეუღლე.
–  თქვენს ცხოვრებაში იყო რთული პერიოდი, როდესაც მონასტერშიც კი აპირებდით წასვლას. როგორ გადალახეთ ის სირთულეები?
–  ეკლესიისკენ ბავშვობიდან მიწევდა გული. ძალიან პატარა ვიყავი, ბებიასთან შემთხვევით წავაწყდი ბიბლიას. მერე, სოხუმში რომ მოვინათლე, ჯვარს ვატარებდი და მაშინ, კომუნისტურ წყობაში, სკოლაში მასწავლებელმა საჯაროდ მომხსნა ჯვარი, მეჩხუბა. საჯაროდ როგორ შეიძლება, ჯვრის გაკეთება, შენ პიონერი ხარო და ასე შემდეგ... მეორე დღეს, ერთი ჯვრის მაგივრად, ორი გავიკეთე და ისე მივედი. მახსოვს, სამასწავლებლოში შემიყვანეს, რომ სამაგალითjდ დავესაჯე და მერე დირექტორმა თქვა:  ეს ისეთია, ორის მაგივრად, ხვალ სამი ჯვრით მოვა და დაანებეთ თავიო. ძალიან რთული პერიოდი რომ იყო ჩემთვის, პირველი ყოველთვის დედაეკლესია მიფარებდა. ვცხოვრობდი ეკლესია-მონასტრებში. საძმო, მოძღვარი სულიერად მეხმარებოდნენ... 26 მაისს, როდესაც სისხლით ჩაახშვეს ჩვენი დემონსტრაცია, მათ შორის, მეც გახლდით, ვინც სამაგალითოდ დაისაჯა. როდესაც ძალიან გართულდა პოლიტიკური სიტუაცია და დევნა დაიწყო, პატრიარქს შევხვდი და ვთხოვე, მონასტერში წავალ-მეთქი, ძალიან რთული პერიოდი იყო და ვფიქრობდი, ბევრი მოვლენის გამო, ცოცხალი რომ გადავრჩენილიყავი, ერთადერთი საშუალება მონასტერში წასვლა იყო. პატრიარქმა მითხრა ასეთი რამ: სანამ შენ მონასტერში წახვალ, ერში ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი და საბრძოლველი. მერე, თუ ღმერთმა ინება, მონასტერშიც მიხვალო. მომეფერა, დამლოცა. მერე ხშირი სტუმარი ვიყავი მონასტრის, საძმოსი. გაძლიერებული ლოცვით გადავირჩინე სიცოცხლე. მე ვიყავი ბორჯომის ხეობაში ეკლესია-მონასტრების მოსალოცად.  შვიდ ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა  რომ განცხადება გააკეთა, მახსოვს, იმედის ცრემლები, რაც არასდროს დამავიწყდება. იმ პერიოდში ჩემმა მეგობრებმა მაიძულეს, მივსულიყავი ფსიქოლოგთან და მახსოვს, როცა ფსიქოლოგს ჩემს ტკივილებსა და განცდებზე ვესაუბრე, იმდენი ემოცია გადავეცი, მან იტირა. ჩემი მთავარი ფსიქოლოგი ეკლესია და ვარჯიში იყო.
– თქვენთვის განსაკუთრებული ტკივილია მამა, რომელიც ომში დაიღუპა და მის საფლავს დღემდე ეძებთ...
– 17 წლის ვიყავი, როცა 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. მეორე დღეს მთელი ოჯახი ავიყარეთ და ფეხით დავადექით იმ გზას, რომელსაც „გოლგოთის გზას“ ეძახიან. აფხაზეთ-სვანეთის გზით გადმოვედით, გზად ბევრი ტრაგედიის, ადამიანების დაკარგვის, ყველაფრის შემსწრე გავხდით. დედა და მამა დარჩნენ, რაც, მე ვიტყოდი, შეცდომა იყო. ომს თავის კანონები აქვს, რომელშიც ბევრი ტრაგედიაა და ეს ვერ გაითვალისწინა მაშინ მამამ. თუმცა, დედა აიძულა, წამოსულიყო და თვითონ დარჩა, რადგან ვერ წარმოედგინა, აფხაზებსა და ქართველებს შორის თუ ასეთი რამ მოხდებოდა. მე პირველად გავიგე მაშინ, რომ თურმე, ის აფხაზი ყოფილა, მე კი – ქართველი და სხვადახვა ენა გვქონდა.  ბევრი ტრავმისა და ტრაგედიის შემდეგ, როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ და რუსთავში,  ბიძაჩემთან სახლში დავბანაკდით. ერთდერთი გზა მქონდა, გამეგრძლებინა სპორტი და ოჯახისთვის მიმეხედა, შემესრულებინა მამისთვის მიცემული სიტყვა, რომ ოჯახს ვუპატრონებდი. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვფიქრობდი, რომ მამა გარეთ დამხვდებოდა. ეს მოლოდინი წლების განმავლობაში მქონდა. შემდეგ მითხრეს, რომ ცდილობდა წამოსვლას, მაგრამ გულრიფშის რაიონში,  გზად მიმავალი დახვრიტეს, იმიტომ რომ, ქართველი იყო.  ეს წლები რამდენი ცრემლი და ჩუმი ტირილი ყოფილა... მონატრების ფორიაქი და ამასთანავე, ფიქრები ნატანჯ და დახვრეტილ მამაზე – მეცოდებოდა მამა ასეთი ფიქრების დროს. ვტიროდი, მაგრამ ცრემლს ჩემში ვმალავდი წლების განმავლობაში, რომ ჩემი სამშობლოსთვის ბრძოლაში არ წავქცეულიყავი. ასე გავიდა წლები, სული შიგნიდან სიმწრისგან ღმუოდა და როცა ვერ იტევდა, სიმწრისგან მიწაც მიჭამია... ვეძებდი, რომ მისი საფლავი მეპოვა, მაგრამ ვერ ვიპოვე. მახსოვს, 1996 წელს ოლიმპიური თამაშებიდან მედლით რომ დავბრუნდი, მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ მითხრა: რა სურვილი გაქვს, რომ შეგისრულოო. მე მაშინ ერთადერთი, რაც ვთხოვე პრეზიდენტს, იყო ის, რომ მამის საფლავი მეპოვა. მოიძიეს, მაგრამ მაშინ კონფლიქტი ძალიან ცხელი იყო და ვერ მოხერხდა. მერე, მე რომ პარლამენტში ვიყავი, პარლამენტიდანაც გავაკეთე განცხადება. მივმართე აფხაზებს, როგორც იქ დაბადებულმა-გაზრდილმა, როგორც პარლმანეტარმა, მაგრამ ამასაც არავინ  გამოხმაურებია. მამა ამ წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მაგრამ, მე ერთი მინდა ვთქვა, აუცილებლად დავბრუნდები და ვეცდები, ვიპოვო მამის საფლავი. ერთი რამ მაქვს შინაგანად გადაწყვეტილი – მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიცი გზა-კვალი, მირჩევნია, აფხაზეთის მიწას იყოს მიბარებული. როცა დავბრუნდები, თუ ვიპოვე, როგორც წესი და რიგია, ისე მივაბარებ აფხაზეთის მიწას და აქეთ არ გადმოვასვენებ.
скачать dle 11.3