კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№43 როგორ დავამარცხოთ გაციება სახლის პირობებში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ამ სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაციება და მასთან ბრძოლაა. თუ მდგომარეობა ძალიან არაა გამწვავებული, შეგიძლიათ, ამ პრობლემას სახლის პირობებში იმ საშუალებებით ებრძოლოთ, რომელიც ნებისმიერ ოჯახში მოიპოვება.
გრიპის პროფილაქტიკის მიზნით სასურველია, ცხვირის ირგვლივ გაჭრილი ნივრის წასმა. ასევე, კარგია, თუ დილით, უზმოზე პატარა ნივრის კბილს გადაყლაპავთ. შეგიძლიათ შეჭამოთ კიდეც. სასარგებლოა, თუ მოახერხებთ ყოველ დილით ცხვირის შიდა ნაწილის გამორეცხვას ნივრიანი წყლით, ან კალენდულას – გულყვითელას ნაყენით. ის დაგიცავთ გრიპისა და სხვა მრავალი ვირუსული დაავადებისგან.
გრიპოზული მდგომარეობისას უნდა იკვებოთ დღეში რამდენჯერმე, უფრო მეტად, წვნიანი საკვებით, მაგალითად, ბოსტნეულის სუპებით... ეცადეთ, ყოველი კვების შემდეგ მიიღოთ ჩაი. 1 ჭიქა წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე. დაჭერით 1 კბილი ნიორი წვრილად, ჩაყარეთ ჭიქაში და გასრისეთ კოვზით. დაუმატეთ 1/4 ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი პიტნა. დახურეთ და ხარშეთ 3-5 წუთი (სურვილისამებრ, დაამატეთ თაფლი).
ლიმონისა და  ჟოლოსგან მომზადებული ჩაი ძალზე სასარგებლოა. მიირთვით ლიმონიანი ჩაი დღეში რამდენჯერმე, ყლუპ-ყლუპად. ასევე, მოამზადეთ ჟოლოს ჩაი. გამოიყენება ჟოლოს ნაყოფი და ფოთოლიც. ჟოლო ამავე დროს ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაა. ჟოლოს ჩაი 1 წლის ასაკის შემდეგ შეიძლება, ყველამ მიიღოს. ბავშვებს მცირე რაოდენობით შემტკბარი მიეცით, დიდებისთვის კი უმჯობესია, უშაქრო ან თაფლით დამტკბარი. ასე შედეგი უკეთესია. ასევე, მიიღეთ ცაცხვის ჩაი დღეში 2-3-ჯერ 200 გრამის ოდენობით, ნაყენის სახით. 200 გრამ წყალზე საჭიროა 1 სადილის კოვზი მასა – ცაცხვი ან ჟოლო. სამივე სახის ჩაი უნდა იყოს ნელ-თბილ მდგომარეობაში და შეგიძლიათ, მონაცვლეობით მიირთვათ. მოერიდეთ გვიან დალევას, რომ ღამის პერიოდში დისკომფორტი არ შეგექმნათ. ჟოლოსა და ცაცხვის ჩაი, იმავდროულად, ხსნის თავბრუხვევას, რომელიც გრიპს ხშირად ახლავს.
გრიპისა და გაციების შემთხვევაში, გარდა ჩამოთვლილი სახეობის ჩაისა, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით წვენი – კომპოტისა თუ ხილის სახით.
ხველისას კომბოსტოს ფოთლებს უნდა წაუსვათ ნატურალური თაფლი და მიიკრათ გულმკერდზე, ყელის ჩაღრმავებიდან დაახლოებით, 1 მტკაველის დაშორებით. როგორც კი კომბოსტო დაჭკნება, თაფლიც შეიწოვება ორგანიზმში. კარგია, თუ ამ პროცედურას დაწოლამდე ჩაიტარებთ, მაგრამ თუ ძლიერი ხველაა, შეგიძლიათ, დღეში ორჯერაც გაიმეოროთ. ძველი ხალხური მეთოდით, ხველისას საუკეთესო საშუალებაა კომშის გულის ნახარში და მისი კომპოტი.
გრიპის დროს თვალებიდან ცრემლდენისას შესაძლებელია თვალის კალენდულას ან გვირილის ნაყენით გამორეცხვა.
ყველაზე ცნობილი ხალხური მეთოდი არაყია. თუ გრიპის შეყრიდან 3-5 საათის განმავლობაში (ან უფრო ადრე პროფილაქტიკის მიზნით), 100-150 გრამ არაყს გადაჰკრავთ, გრიპის ვირუსი ვეღარაფერს დაგაკლებთ. თუ არაყს შავ პილპილსა და წიწაკასაც დაუმატებთ, მაშინ ნებისმიერ გაციებას 2-3 დღეში მოირჩენთ.
ეფექტური საშუალებაა შავი მოცხარი. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი სახით (დაშაქრული მურაბა, გამხმარი ფოთლები, ნაყოფი) გამოიყენებთ. მოცხარი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და დალიეთ ჩაის სახით დღეში 3-4 ჭიქა.
გრიპოზულ მდგომარეობაში თავის ტკივილისას ძალიან კარგია ლიმონის ქერქის შიდა ნაწილი. მისი საშუალებით საფეთქლებსა და წარბებს შუა ადგილის დაზელვა მოხსნის თავის ტკივილს.
ყელის ტკივილის დროს სასარგებლოა ლიმონის ჭამა. ის უნდა გაწუწნოთ დღეში რამდენჯერმე და დარჩენილი მასა უკან გადმოიღოთ. ასევე, შეგიძლიათ გვირილისა და კალენდულას ერთობლივი ნაყენი გამოივლოთ ყელში ყოველი ჭამის შემდეგ. გამოვლებიდან ნახევარი საათის განმავლობაში, არც სითხე უნდა მიიღოთ და არც საკვები. ყელის ტკივილისას ეფექტური საშუალებაა გვირილის ჩაიც. ის, ამავე დროს, ხსნის მუცლის შებერილობას, ფაღარათისგან გამოწვეულ დისკომფორტს და ამშვიდებს.
მაღალი ტემპერატურის დროს ორსულებმა ან მოხუცებმა, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მონაცვლეობით ცივ და ცხელ წყალში (ტემპერატურა ფეხს რომ ესიამოვნოს) უნდა ჩადგან ფეხები და ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორონ. ბავშვებს კარგია, ძმრით (უმჯობესია, ვაშლის ძმარი) დავუზილოთ ის ადგილები, სადაც გადის ვენური სისტემა, მაგალითად: სახსრები, იღლიის მიდამოები, კისრის არე, ფეხისა და ხელის გულები… ეს კარგი პრაქტიკაა. ძმრის მსგავსად, ორგანიზმიდან ტემპერატურის გამოსაყვანად გამოიყენება კომბოსტოს ფოთლები და ისიც იგივე მეთოდით.
გრიპის დროს ცხვირის მოხოცვა საკმაოდ ხშირად გვიხდება. თუ სურდო ძლიერია, შეიძლება, ყნოსვაც კი დავკარგოთ (დროებით). ხალხური მედიცინა ამ შემთხვევაშიც გამოგვადგება. სოდა და მარილი (თითო ჩაის კოვზი) ჩაყარეთ 200-გრამიან ჭიქაში, დაასხით თბილი წყალი და თითოეული ნესტოთი ცალ-ცალკე შეისრუტეთ. ნუ შეგეშინდებათ, ეს არც ისე რთული გასაკეთებელია, სითხე უკანვე გადმოიღვრება.
თბილ, ადუღებულ წყალს დაუმატეთ ერთი მესამედი ჩაის კოვზი მარილი და ერთი ან ორი წვეთი იოდი. წყალი არ უნდა იყოს ცხელი, რომ არ დავწვათ ლორწოვანი გარსი. იოდი კი არ დაამატოთ  2 წვეთზე მეტი 1 ჭიქაზე. ცხვირი კარგად მოიხოცეთ, თუ მაინც გაგიჭირდათ სუნთქვა, მაშინ ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი რაიმე წამალი. დაელოდეთ, სანამ არ დაგჭირდებათ განმეორებით მოხოცვა. როცა ცხვირით საკმარისად კარგად დაიწყებთ სუნთქვას, უკვე მიდით ნიჟარასთან. ერთ ნესტოს დააჭირეთ თითი, ხოლო მეორეთი შეისრუტეთ წყლის ხსნარი. პირის არეში დაგროვებული სითხე კარგად გამოივლეთ და გადაანერწყვეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე ორივე ნესტოზე (საკმარისია 4-6 ჯერ). საჭიროებისამებრ, ცხვირი მოიხოცეთ. ასეთი გამორეცხვა ძალიან ეფექტურია და სწრაფადვე შეგიმსუბუქებთ ცხვირის დაძაბულობას.
ვირუსის გასვლის შემდეგ, იმუნიტეტის გაუმჯობესების მიზნით, უნდა მიიღოთ ფუტკრის რძე დღეში ერთხელ ენაზე დაწვეთებით – 1-2 წვეთი, ასაკის მიხედვით. ფუტკრის მტვერს მიიღებთ 1 ჩაის კოვზს ერთ ჭიქა წყალზე. ასევე, კარგია, თუ გექნებათ ვაზის ცრემლი, რომელიც გაზაფხულის პერიოდში, ვაზის გასხვლის დროს შეგიძლიათ, შეაგროვოთ. ის დღეში ორჯერ, ენაზე დაწვეთებით უნდა მიიღოთ და აღადგენს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, იმავდროულად, აძლიერებს იმუნიტეტს. სითხე ინახება მაცივარში.
ავადმყოფს შეაზილეთ სოჭის ზეთი (არა უმეტეს 6 გრამისა) მკერდზე, ზურგზე, ხელებზე, ფეხებზე, ყოველ 5-6 საათში. ასევე, ჩააწვეთეთ ცხვირში თითო წვეთი.

ფრჩხილის სოკოს მკურნალობა
ფრჩხილის სოკო, ანუ ონიქომიკოზი, ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. დაავადებული ფრჩხილი ფერს იცვლის, იფცქვნება, სქელდება, ძნელდება მათი დაჭრა. ასევე ზიანდება კანი ფრჩხილის ირგვლივ. თუ დროულად არ მიხედეთ, შორს წასულ დაავადებას შეიძლება, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ამ დაავადებას რეციდივი ახასიათებს და შესაძლოა, მკურნალობის შემდეგაც შეგახსენოთ თავი.
მკურნალობის პარალელურად, ფეხებზე ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანები, რომელშიც ძმარს ან სოდას გაურევთ. ფრჩხილის დაზიანებული უბნები კი უნდა მოიჭრათ.
მკურნალობის სხვადასხვა გზა არსებობს. ნოვოკაინში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე. გაიჩერეთ მთელი ღამით. აიღეთ თანაბარი რაოდენობის 40-პროცენტიანი სპირტი, გლიცერინი, 70-პროცენტიანი ძმარი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებულ ხსნარში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას 15 წუთით. კურსის ხანგრძლივობაა 1 კვირა. რამდენიმე დღის შემდეგ შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.
აიღეთ გლიცერინის ქილა და შეავსეთ სახურავამდე 70-პროცენტიანი ძმრით. ფეხები დაითბილეთ მარილითა და სოდით გაზავებული ცხელი წყლის (ერთი სუფრის კოვზი  მარილი და საჭმელი სოდა ერთ ლიტრ წყალზე) აბაზანით. დათბილული ტერფები დაიმუშავეთ პემზის ქვით. კარგად გაიმშრალეთ. ფრჩხილების მოსავლელი სპეციალური, სქელი ქლიბით მოიხსენით ფრჩხილის საფარი და წაისვით დამზადებული ნაზავი, როგორც ფრჩხილებზე, ასევე ტერფებზე.
დინდგელა დააქუცმაცეთ, დაასხით 60 გრადუსამდე გაცხელებული მცენარეული ზეთი და ურიეთ 10 წუთის განმავლობაში., გააგრილეთ და შეინახეთ მინის ჭურჭელში. წაისვით დილით და საღამოს. დაიფინეთ ბინტი და დაამაგრეთ ლეიკოპლასტირით.
იოდის 5-პროცენტიანი ხსნარით დაიმუშავეთ ფრჩხილები დღეში 2-ჯერ. ფრჩხილის გარშემო, კანზე კრემი წაისვით, რომ იოდმა არ დააზიანოს. წვისა და ქავილის შეგრძნება ნუ შეგაშინებთ, ეს ნორმალურია. სასურველია, პროფილაქტიკის მიზნით, ჯანსაღი ფრჩხილებიც დაიმუშაოთ, მხოლოდ დღეგამოშვებით.1 კვირის შემდეგ, ეფექტი თვალსაჩინო იქნება.კურსის ხანგრძლივობა 1 თვეა. თუ წვა და ქავილი ძალიან შეგაწუხებთ, პროცედურები დღეგამოშვებით ჩაიტარეთ.
დანაყეთ ნიორი და მიღებული ფაფა დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილებზე. უკეთესია, თუ მთელი ღამით გაიჩერებთ. შესაძლოა, მსუბუქი წვა იგრძნოთ. მალე
დაზიანებულ ფრჩხილს ახალი ჩაანაცვლებს.
თუ ჩაის ხის ზეთზე ალერგია არ გაქვთ, შეგიძლიათ, უშუალოდ ფრჩხილებზე შეიზილოთ. მანამდე ფეხები თბილ წყალში ჩააწყვეთ, რომელშიც სარეცხის საპონს ჩაამატებთ. სოდას დაასხით წყალი ისე, რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. დაიდეთ ფრჩხილებზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
სპირტში გახსენით დინდგელა, უნდა მიიღოთ კრემისმაგვარი მასა. წაისვით თხელ ფენად და გადაიხვიეთ საცხობი ქაღალდით. კურსი ორკვირიანია.
2 სადილის კოვზ ვაშლის ძმარს დაუმატეთ 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი და დაჭყლეტილი ნივრის კბილი. წაისვით დღეში 2-3ჯერ.
აიღეთ 250-გრამიანი ქილა, ჩადეთ მასში უმი კვერცხი და ჩაასხით იმ რაოდენობის 70-პროცენტიანი ძმარი, რამდენიც დასჭირდება მის სრულად დაფარვას. ქილა შედგით მაცივარში. დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ კვერცხის ნაჭუჭი სრულად გაიხსნება ძმარში და დარჩება მხოლოდ თხელი საფარი. ამოიღეთ ქილიდან და გასრისეთ ჩანგლის საშუალებით, შემდეგ დაუმატეთ 70-90 გრამი შერბილებული კარაქი. მთელი მასა აურიეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან კონსისტენციას. ფენებად წაისვით დაავადებულ ფრჩხილზე, ზევიდან დაადეთ კომპრესორული ქაღალდი, შემდეგ კი დააფიქსირეთ ბინტით. არ შეიძლება, კომპრესორული ქაღალდის ნაცვლად, ცელოფნის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე დამწვრობას მიიღებთ. ეს პროცედურა შეასრულეთ ღამით, ძილის წინ. დილით მოიხსენით სახვევი (არტახი). დარბილებული ფრჩხილის ზედაპირი მოხსენით სპეციალური ქლიბით, შეიზილეთ იოდი, ზევიდან კი წაისვით ფრჩხილის ლაკი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ. ფრჩხილი ზრდის მიხედვით მოიჭერით ოპტიმალურ ზომაზე. გარკვეული დროის განმავლობაში, დაავადებული ფრჩხილი სრულად მოიჭრება და მის ნაცვლად, უკვე ჯანმრთელი გაიზრდება. გაშრობის შემდეგ, ფრჩხილებზე წაისვით იოდი, შემდეგ კი – ლაკი. პროცედურა გაიმეორეთ 3-4 დღეში. გაზრდილი ფრჩხილი მოიჭერით, მაგრამ ქლიბი გამოიყენეთ მხოლოდ ფრჩხილის ძველი საფარის მოსახსნელად. შეეცადეთ, ქლიბით ახალამოსული ფრჩხილი არ დააზიანოთ. ფრჩხილის საფარის სრული შეცვლის მერე პროფილაქტიკის მიზნით, ფეხების დაბანის შემდეგ ტერფებზე შეიზილეთ გლიცერინისა და ძმრის ნაზავი 3-4 თვის განმავლობაში.
ზაფხულში სასარგებლოა ასფურცელას ფოთლების კომპრესი. ახალდაკრეფილი ფოთლები დაავადებულ თითებზე უნდა დაიფინოთ და ბინტით გადაიხვიოთ.
მაგარი ყავა ძალზე ეფექტური საშუალებაა სოკოს წინააღმდეგ. მოხარშეთ მაგარი ყავა და ჩაყავით მასში ხელის ან ფეხის ფრჩხილები. უკეთესია, თუ პროცედურას ძილის წინ ჩაიტარებთ. სოკო რამდენიმე პროცედურაში გაქრება, კანი კი დარბილდება.
დაასველეთ ბამბა იოდინოლის ხსნარით და დაიმაგრეთ ფრჩხილზე ლეიკოპლასტირით. ცვალეთ ბამბა ყოველდღე. რამდენიმე დღის შემდეგ, ლეიკოპლასტირი ზეთით დასველებული ბინტით შეცვალეთ.
სოკო სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა, რის გამოც მისი მკურნალობა შესაძლოა, თვეობით გაგრძელდეს. ამიტომ, სასურველია, მკურნალობის შემდეგ, პერიოდულად პროფილაქტიკური ზომები, რომ რეციდივი თავიდან აიცილოთ. ჯანმრთელმა ადამიანმაც კი, აქედანვე უნდა იზრუნოს მისი თავიდან აცილებისთვის და ყურადღება მიაქციოს პირად ჰიგიენას. მოერიდეთ დაავადებულთან კონტაქტს, მეორად ფეხსაცმელებს ან ბაზრობებზე ფეხსაცმლის შიშველ ფეხზე გასინჯვას. ყიდვის შემდეგ კი სასურველია, შიგნით კარგად გაწმინდოთ ძმრიანი ნაჭრით ან ქლორის სუსტი ხსნარით. თქვენ ხომ არ იცით, რამდენმა ადამიანმა მოისინჯა ეს ფეხსაცმელი, ვიდრე თქვენ შეიძენდით. ასევე, მოერიდეთ სხვისი ფეხსაცმლის ჩაცმას, თუნდაც ახლობლის. აუზზე ან პლაჟზე გამოიყენეთ ეგრეთ წოდებული შლოპანცები. იქონიეთ მხოლოდ თქვენთვის განკუთვნილი პედიკიურის საშუალებები, რომელთაც დეზინფიცირებას გაუკეთებთ და დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები.
კვირაში ერთხელ, ძილის წინ, დაზიანებულ ფრჩხილზე 9-პროცენტიანი ძმრის კომპრესი გაიკეთეთ: თითზე დაიდეთ ძმარში დასველებული დოლბანდის პატარა ტამპონი, ზემოდან დაიფინეთ ცელოფნის ნაჭერი და შეიხვიეთ. დილით დაზიანებული ფრჩხილი ადვილად მოგძვრებათ.
კარგად დაიბანეთ ხელ-ფეხი თბილი წყლით, აიღეთ წიწვოვანი ხეების ფისი, დაზიანებული ფრჩხილის ზომაზე გააბრტყელეთ, დაიდეთ მასზე და დოლბანდით გადაიხვიეთ. დაიტოვეთ 1-2 დღე.
скачать dle 11.3