კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№43 რომელი ცნობილი ქართველი მწერლის პორტრეტი დახატა კუბოდან შალვა ქიქოძემ

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია


„უბედური ხალხის ჩარხი ბრუნდეთ ტრიალებს. ჯერ მის ჭრიჭინს ვერ მოუვლი – ვერც საპონი, ვერც ქონი ვერ შველის, შემდეგ კი ისეთ ალაგას გიღალატებს, როცა გგონია: აჰა, მისწვდი კიდეც მისაწვდომელს. და, ამ ცალკე პიროვნული ტრაგედიებიდან შესდგება ის დიდი ტრაგედია, რომელსაც საქართველოს ტრაგედია ეწოდება. ამ ტრაგედიის ავტორები ბევრნი არიან, იმდენი, რომ, მგონი, საქართველოში ლექსის ავტორებიც არ იყვნენ იმდენი. ეს ავტორები სხვადასხვა ალაგას იმყოფებიან და მხოლოდ ისტორიას შეეძლება მათზე თითის დადება და დასახელება”... წერს თავის ერთ-ერთ ბოლო წერილში მხატვარი შალვა ქიქოძე ...იგი 27 წლის ასაკში საქართველოდან შორს, ფრაიბურგში, გერმანიაში აღესრულა... შალვა ქიქოძემ ადგილი დაიმკვიდრა ახალი ქართული მხატვრობის საუკეთესო წარმომადგენელთა გალერეაში – დიმიტრი შევარდნაძის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილისა და სხვათა გვერდით.  
 მხატვრის ბიძაშვილის, მწერლისა და მთარგმნელის, გერონტი ქიქოძის თქმით, ხატვა შალვამ ლაპარაკთან ერთად დაიწყო. ის ფანქრით ხატავდა ყველაფერს, რაც მოსწონდა და რაც მასზე შთაბეჭდილებას ახდენდა. სამი წლისა გადიას ხელიდან გაუვარდა და მარჯვენა ხელი დაუზიანდა. ამის გამო, იძულებული გახდა, მარცხენა ხელით ეხატა. თუმცა, როგორც ამბობენ, ამ ფიზიკურ ნაკლს მის შესანიშნავ გარეგნობაზე დიდად არ უმოქმედია. ლადო გუდიაშვილი ასე ახასიათებდა მას: „შალვა მკვირცხლი ბუნების, გამხდარი, მაღალი, ლამაზი, უაღრესად განათლებული, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ახალგაზრდა იყო”. შალვა ჯერ ისევ პატარა გახლდათ, როცა მისი ოჯახი სოფელ ბახვიდან თბილისში, სათავადაზნაურო გიმნაზიის ახლოს დასახლდა. შალვას ნიჭიერება სულ მალე გახდა ცნობილი თბილისშიც. ერთხელ შალვას მამას, გერასიმეს ქუჩაში შეხვედრია ბიძინა თავართქილაძე, იმ დროს საკმაოდ ცნობილი პიროვნება. მას გერასიმესთვის უთხოვია შვილთან შუამდგომლობა, რათა ახალგაზრდა მხატვარს მისი სამუშაო კაბინეტისთვის კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის პორტრეტები დაეხატა. შალვას ეს დაკვეთა მოკლე დროში შეუსრულებია და დამკვეთს ამჯერად ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის პორტრეტებიც მოუსურვებია. ილიას პორტრეტი მხატვარს ტრაგიკულად დაღუპული მწერლის კუბოში ჩასვენებული ცხედრიდან შეუსრულებია. სამწუხაროდ, ყმაწვილობის პერიოდის ეს პორტრეტები არ შემორჩენილა. 1937 წელს ბიძინა თავართქილაძე რეპრესირებულთა შორის მოექცა და ეს ნამუშევრებიც დაიკარგა. ჭაბუკობის წლებში შალვა ქიქოძემ რუსულიდან ქართულად თარგმნა არტურ კონან დოილის გახმაურებელი ნაწარმოები „შერლოკ ჰოლმსი” და დაასურათა კიდეც... 1914 წელს შალვა ქიქოძე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სტიპენდიატად ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იმავდროულად, ის ბედს ცდიდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების აკადემიაში, ფერწერის განყოფილებაზე ჩასარიცხად. გამოცდებზე ორჯერ ჩაიჭრა, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ მისცემია და მესამე ცდაზე აკადემიაში მოხვდა. როგორც მისი მეგობრები იგონებდნენ: „მუშაობდა შალვა ყოველდღე დაღამებამდის. ამ დრომდე არავის აძლევდა ნებას ხელი შეეშალათ მისთვის, სამაგიეროდ, საღამოდან ჩვენ ვიწყებდით ახალ ცხოვრებას. შალვას სახელოსნოში ჯერ ტვერსკაიაზე, ხოლო შემდეგ მალაია ბრონნაიას ტერიტორიაზე... მას ბევრი წიგნი ჰქონდა. კედლებზე ნახატები და ფერწერული ნაწარმოებები იყო
გამოფენილი. სახელოსნოში ახალგაზრდები იკრიბებოდნენ და შემოქმედებით დისპუტებსა და საუბრებში შემოათენდებოდათ ხოლმე”. უცხოეთში ყოფნისას საკუთარ ქვეყანასა და ოჯახზე ფიქრი სდევდა: „ჩემო ბებიკო, როგორ მენატრები, რომ იცოდე. ყველაფერს მირჩევნია ახლა შენთან პატარა სასადილო სტოლთან დამსვა: ერთი ბოთლი მაჭარი, პატარა წიწილა შემწვარი, ცხელი მჭადი, პატარა კვერი ყველით, ბავშვობაში რომ მიკეთებდი. იმ კვერს მერე ღელეზე გარეცხდი, გატეხდი შუაზე და ნახევარი ჩემი იყო  ნახევარი ტატულიას. ვერ წარმოიდგენ, ბებიკო, როგორი ძვირფასია ჩემთვის ბახვის ყოველი კუნჭული... მზათა ვარ, მთელი ევროპა თავისი მაშინებითა და სწავლით ვანაცვალო ჩემს პატარა ბახვს, ეზოს ჭიშკარს, ნალიას, ქათმებს, გოჭებს... ვინ მოსთვლის”. სწავლისას თანამშრომლობდა მოსკოვის თეატრალურ ჟურნალში „რამპა ი ჟიზნ”, სადაც ცნობილ რუს მხატვრებთან ერთად, აქვეყნებდა გრაფიკულ, პორტრეტულ ჩანახატებს, შარჟებს რუს თეატრალურ მოღვაწეებზე, ჩჰალიკოს ფსევდონიმით. ის ასევე, თანამშრომლობდა მოსკოვის თეატრ-კაბარესთან „ღამურა”, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკიტა ბალიევი ნიჭიერ ახალგაზრდა მხატვარს დიდად აფასებდა. სწავლისთვის ფული ახალგაზრდა მხატვარს თითქმის არასდროს ჰყოფნიდა არც რუსეთში და მოგვიანებით, არც პარიზში. შალვა ქიქოძე თავის დას, ცნობილ მსახიობ ანეტას სწერდა: „მე, ჩემო ანეტა, ძველებურათ ვმუშაობ. შესაძლებელია უფრო ენერგიულათაც, მაგრამ მეშინია,  ენერგიის ამპლიტუდამ ფინანსებს არ წააცილოს და კარგი ნაყოფის მაგიერ უჩვეულო მდგომარეობაში არ ჩამაგდოს. იმიტომ, რომ, მოსკოვში ცხოვრება სამჯერ უფრო ძვირია. პალიტრა ხელში რომ გიჭირავს და ხატავ, გეშინია, ფერადის თამამად აღება, რადგან იცი, ის ფერადი, რომელიც წინათ თერთმეტი შაური ღირდა, ახლა მანეთ-ნახევარია... სადაც მე ვსადილობ, იქ სადილს არა უშავს რა, მაგრამ მაინც საძაგელია. მერე, ვისაც კი ერთხელ უგემებია დედაჩემის დამზადებული სადილი, ის რუსეთში შიმშილით უნდა მოკვდეს უჭმელობისგან”. არდადეგებზე შალვა ქიქოძე სამშობლოში ჩამოდიოდა და აქტიურად მონაწილეობდა 1916 წელს მხატვრის უფროსი მეგობრის, დიდი ქართველი მხატვრისა და ქართული კულტურის მოამაგე, დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით ჩამოყალიბებული საზოგადოების საქმიანობაში... შალვა ქიქოძე აფორმებდა თეატრალურ სპექტაკლებს, სხვა ცნობილ მამულიშვილებთან ერთად, მონაწილეობდა ნაბახტევის ექსპედიაციაში, სადაც ისტორიული ფრესკების პირები შეასრულა. შალვა ქიქოძე თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან, იუმორისტულ და თეატრალურ ჟურნალებთან: „ლახტი”, „ეშმაკის მათრახი”, „თეატრი და ცხოვრება”, „თეატრი და მუსიკა” და რუსულენოვან გამოცემასთან „ისკუსტვო”. მხატვარი ამ ჟურნალების ფურცლებზე არა მარტო მახვილ კარიკატურებსა და მეგობრულ შარჟებს აქვეყნებდა, არამედ ბრწყინვალე რეცენზიებსაც წერდა თეატრალურ წარმოდგენებზე. ამ რეცენზიებში შალვა ქიქოძე, როგორც თეატრალური მიმომხილველი, საკმაოდ მკაცრი ტონით აფასებდა სპექტაკლების ავ-კარგს, ხშირად საკუთარი ხელმოწერის ნაცვლად, აქარაგმებდა (მაგალითად, „სკამი 67”) ან მხოლოდ ინიციალებს აწერდა. 1920 წელს ქართველ ხელოვანთა საზოგადოების დახმარებით, როგორც ნიჭიერი მხატვარ-სტიპენდიანტი, ის სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა. „ფოთიდან ვიწყებ იმისთვის, რომ იქ ვიგრძენი პირველად, თუ რა ძნელია საკუთარი მიწა-წყლის მოშორება. დიდი ბრძოლა დამჭირდა, რომ არ დამეყვირა. ვფიქრობდი, სამშობლოს მე მგლეჯენ და არა მე ვშორდები-მეთქი. შეიძლება, წყალშიც გადავმხტარიყავი ნაპირამდე გასაცურად... ჭეშმარიტად დიდია და მშვენიერი ის ქვეყანა, რომელსაც თავის შვილში ასეთი გრძნობების აღძვრა შეუძლია” (ამონარიდი წერილიდან). პარიზში ახალგაზრდა მხატვარი, ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძესთან ერთად, ესწრაფვოდა იმდროინდელ მხატვრულ მიმდინარეობათა ათვისებასაც და ეროვნული ტრადიციების განვითარებასაც. არც პარიზში ულხინდა მხატვარს, რასაც მისი წერილები მოწმობს. „...მე ძალიან კარგათა ვარ, ცოტა ფული რომ მყოფნიდეს. ფული კი არ მყოფნის, რადგან მე რომ ხარჯი მაქვს, იმდენი არცერთს არა აქვს. ჩემს ოთახში ძალიან სიცივეა. ფეხები და ცხვირი გამეყინა. ჩემი ბუხარი გაჩუმებულია. აქ აზრიც უნდა იყინებოდეს. ყოველი გათბობა 4 ფრანკი ღირს. ჩვენი ფულით, 100 მანეთით კი ვერ ვუძლებ. აი, ცხოვრების ღიმილი და სინამდვილე!” მხატვარი პარიზშიც მისთვის ჩვეული აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. არც სამშობლოს ამბები ავიწყდებოდა და პარიზში იმხანად ემიგრირებულ მდიდარ მეწარმესა და მეცენატს, აკაკი ხოშტარიას, თბილისში ევროპული მხატვრობის გალერეის შექმნას მოუწოდებდა. შალვა ქიქოძე აფასებდა პარიზის წარსულს, კულტურულ მემკვიდრეობას, მაგრამ მისი აწმყო არ მოსწონდა. ამონარიდი დისადმი მიწერილი წერილიდან: „წინათაც ვიწერებოდი, რომ ძველი სიძლიერე საფრანგეთისა ცხადია. ეს სიძლიერე მართლაც სჩანს ხელოვნების შემოქმედებაში. აქ ისეთი საყდრებია, რომ მხოლოდ დიდ, უშუალო რელიგიას შეეძლო მისი შექმნა. აქ ისეთი მუზეუმებია, რომ მხოლოდ
ნამდვილ სიყვარულსა და კარგ გემოს შეეძლო მათი შექმნა. მხოლოდ ახლანდელი საფრანგეთი არაფერს წარმოადგენს... დღევანდელი პარიზი სასოწარკვეთილი რამ არის. უგემურობა და ფუქსავატობა მეფობს ყველგან. არ არის აზრი და გრძნობა. ყველაფერი დაპირდაპირებულია ჯიბესა და ბაზართან”. როგორც სამართლიანი, პატიოსანი და ნიჭიერი ახალგაზრდა, შალვა ქიქოძე ერთხმად აირჩიეს საფრანგეთში ქართველ სტუდენტ სტიპენდიანტთა ბიუროს ხაზინადრად. დაავალეს, არა მხოლოდ ფინანსური დახმარების სამართლიანად განაწილება, არამედ დოკუმენტების შედგენა, სადაც სტუდენტთა სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხების გადაჭრის გზები იქნებოდა დასახული. შალვა ქიქოძის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრები ორჯერ გამოიფინა პარიზის ცნობილ და პრესტიჟულ დარბაზებში: „ლა ლიკორნსა” და „დამოუკიდებელთა სალონში”. შალვა ქიქოძე ასე აფასებდა ქართველ მხატვართა გამოფენას უცხოეთში: „ჩვენი სურათების აქ გამოფენა უნდა იყვეს განსხვავებული იმით, რომ იქნება ქართული... ყოველ მაყურებელს უნდა ეჯდეს თავში, როდესაც ის ჩვენი სურათების სანახავად მოვა, უნდა იცოდეს იმ მაყურებელმა, რომ ის საქართველოა, რასაც ის ხედავს; ის საქართველო, რომელსაც ამდენ ხანს არ იცნობდა და არც უნდოდა ეცნო; რომ ეს საქართველო და მისი ნაწარმოებნი ყოფილან გაცნობის ღირსი”.
შალვა ქიქოძე საქართველოს თავისუფლების შესახებ: „ახლა თავი მაღლა გვაქვს აწეული და აღარავის გავურბით. არც საქართველოზედ საუბრის გვეშინია. წინათ, მაგალითად, რუსებს გავურბოდი, რადგან ყოველი მათი შეხვედრა საკბენათ და საჩხუბრათ მამზადებდა. ახლა კი პირიქით, დავეძებ მათ, რომ მათთან ლაპარაკის დროს სიმშვიდე გამოვიჩინო... ჩვენი მოსპობა ახლა, მე მგონია, თითქმის შეუძლებელია მისთვის, რომ ხალხი ბრძოლით მოპოვებულ უფლებას უბრძოლველათ არასდროს ჰკარგავს. ჩვენი უფლება კი ნამდვილი, შეუდარებელი, წმინდა ბრძოლით არის მოპოვებული. ეს უფლება საქართველოს შვილია, ნამდვილი სიმწრით გადარჩენილი შვილი, და, აბა, რომელი დედა დასთმობს თავის პირმშო შვილს?” საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია მხატვარმა მძიმედ განიცადა: „...რისთვის, რომელი ცოდვებისთვის, რა დანაშაულისთვის საცოდავი, ღატაკი, ნიჭიერი ხალხი შიმშილითა და სენით უკანასკნელ სულსა ლევს. მზად ვარ, ძალიან ხშირად საქართველოს გზისკენ გამოვწიო... ევროპაში ყოფნა და იქ მუშაობა მხოლოდ მაშინ არის კარგი და ნაყოფიერი, როდესაც სახლი არ გეწვის, როდესაც იცი, რომ გაქვს პატარა, ძვირფასი მიწა-წყალი, სადაც ხალხი შენზე ნაკლებ კი არა, შენზედ ბევრად ბედნიერი არის მისთვის, რომ თავის მიწის მშვენიერებას ყოველდღე ჰხედავს და არც ხედვა მოსწყინდება. აბა, რა შემიძლია, მე გავაკეთო ახლა აქ, როდესაც საქართველოს ამბებით ზნეობრივათ სრულიად განადგურებული ვარ”. 1921 წლის აგვისტოს დასაწყისში ჭლექით დაავადებული შალვა ქიქოძე სამკურნალოდ პარიზიდან გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში გაემგზავრა. თავისი ავადმყოფობის შესახებ არავის ეუბნება. საიდუმლოს მხოლოდ დავით კაკაბაძეს ანდობს: „...ჩემი თავი ჭლექიანი ვერ წარმომედგინა. შენთან თუ ხანდახან ვლაპარაკობდი, პარიზში ამას მხოლოდ სერიოზული ხუმრობის ხასიათი ჰქონდა, თორემ, თუ მე ფილტვები დამიზიანდებოდა, ეს თავში არასოდეს მომსვლია და თავს ბედნიერათ ვთვლიდი”. სამედიცინო ჩარევამ შედეგი ვერ გამოიღო და იმავე წლის 7 ოქტომბერს შალვა ქიქოძე გარდაიცვალა. ფრაიბურგის ქართველობამ, სამშობლოდან შორს, გერმანიის მიწა-წყალს მიაბარა შესანიშნავი ახალგაზრდა მხატვარი შალვა ქიქოძე.
скачать dle 11.3