კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (104)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№43 რა „სატოპკე“ აუწია მოსკოვმა საქართველოში პრორუსულ ძალებს საარჩევნოდ და რით შეახსენა დასავლეთს, რომ კავკასიაში სიტუაციის არევის ბერკეტი მის ხელშია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა რფ-ის, „იუჟნაია ოსეტიისა“ და აფხაზეთის ერთობლივი განცხადება შემდეგი შინაარსით: საქართველოში „ნატოს“ უპრეცედენტო წვრთნები ტარდება, რომელზეც, თურმე, „ნატოს“ წევრი  ქვეყნების ემისრები ხაზს უსვამენ საქართველოს დეოკუპაციას, რაც დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის  რეგიონს, ანუ სამხრეთ კავკასიას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რომ ჩვენი ოკუპანტ-სეპარატისტებისთვის სტაბილურობის ყველაზე დიდი გარანტიაა, თუ საქართველო საერთოდ არ იარსებებს, არათუ სრულად ოკუპირებული. მეორე მხრივ, ისიც გასაგებია, რომ მსგავსი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება, მით უმეტეს, რომ „ნატოს“ ეგიდით არც სამხედრო წვრთნები ჩატარებულა პირველად და არც დეოკუპაცია უხსენებიათ. როგორ უნდა გავიგოთ ეს გზავნილი, თუ პირდაპირ დავიხოცოთ ოკუპანტისა და სეპარატისტების ბედნიერი და მზიანი მომავლისთვის, –  ამ თემას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან, განვიხილავთ.
– რა თქვა ამით რუსეთმა და ვის გასაგონად?
– გულწრფელად მეცოდება ის პოლიტიკოსი, რომელმაც კრემლიდან ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთს ასეთი ტიპის განცხადება უკარნახა. იმ მარტივი მიზეზით, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, ოკუპირებული სამეზობლო ტერიტორია და ყველა მეზობელთან კონფლიქტი, პლუს, ცივილიზებულ დასავლეთთან დაპირისპირება და იმის მცდელობა, რომ დასავლეთს დაუპირისპირონ ისლამური ქვეყნები, უპირველესად, დააზარალებს რუსეთის სახელმწიფოებრიობას და ტერიტორიულ მთლიანობას მომავალში. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ჩვენი სურვილია, რუსეთი იყოს ძლიერი, დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყანა. ჩვენ ხელს არ გვაძლევს დასუსტებული, დაქსაქსული და დაშილილი რუსეთი. როგორც ჩანს, დაშლილი და დასუსტებული რუსეთი არ არის ხელსაყრელი არც დასავლეთისთვის, თორემ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად, დაშლილი იყო, ანგლოამერიკელებმა ეს დაშლა იურიდიულად არ გააფორმეს და, გახსოვთ, რომ ამას ჩეჩნეთის დამოუკიდებლობაც კი შეეწირა. ამდენად, ამ ტიპის განცხადებები არის შენელებული მოქმედების ნაღმები თვითონ რუსეთის სახელმწიფოებრიობისთვის.
რაც შეეხება ცხინვალსა და სოხუმს: მათ და, ზოგადად, რეგიონს საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავმოყრილი  უამრავი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და არა –  დეოკუპაციის მოთხოვნა. როგორც ჩანს, დეოკუპაცია რას ნიშნავს, ისიც არ ესმით. დეოკუპაციაში დემილიტარიზაცია იგულისხმება, უპირველესად და ამის შემდეგ იწყება პოლიტიკური მოლაპარაკებები. რადგან ამ ზონის დემილიტარიზაციას კრემლი არ ჩქარობს და პირიქით, აფხაზებსა და ოსებს ალაპარაკებს, თითქოს მათი სურვილია იმ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ტექნიკის ყოფნა, სავსებით ცხადია, რომ საქართველოს დანარჩენი ტერიტორია და ჩვენი მოსახლეობა რომ დავიცვათ შემდგომი მთლიანი ოკუპაციისგან, ბუნებრივია, გავლენიან, ძლიერსა და ცივილიზებელ პარტნიორს ვეძებთ. მადლობა ღმერთს, ჩვენ ასეთი პარტნიორი გვყავს.
– ამ კონტექსტში როგორ შინაარსს იძენს თურქეთისა და რუსეთის დაახლოება?
–  რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის საბედისწერო შეცდომაა, კავკასიის რეგიონში დაკონსერვებული კონფლიქტების გარდა, საეჭვო და არარაციონალური დაახლოება თურქეთთან. ეს ორი სახელმწიფოსა და მათი ანტიამერიკული და ანტიდასავლური იდეის გარშემო გაერთიანება, მთლიანად კავკასიის რეგიონს უქმნის საფრთხეს. სხვა გზა არ დაგვრჩენია, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტიორ აშშ-ს ვთხოვოთ დახმარება. აშშ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, გვეხმარება არმიის მოდერნიზებაში, მაგრამ იცავს საერთაშრისო სამართლის ნორმებს და მარტო საქართველოს მეოხი არ არის. აშშ და პლუს „ნატოს“ წევრი ქვეყნები მზად არიან, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება გააძლიერონ და ჩვენ ვითვლებით შავი ზღვის აუზის ქვეყნად, ქრისტიანულ ქვეყნად, რომელიც დასავლური ცივილიზაციის ფორპოსტია. ეს არის პირველი ქვეყანა, საიდანაც დასავლური ცივილიზაცია იწყება, როდესაც აღმოსავლეთიდან მოდიხარ და ეს არის პირველი ქვეყანა, საიდანაც ქრისტიანობა იწყება, როდესაც ისლამური სამყაროდან მოდიხარ. ანუ სავსებით ბუნებრივი პროცესები მიდის და არავის უთქვამს რუსეთისთვის, რომ მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების პროგრამაში. უბრალოდ, ეუბნებიან, ცივილიზებულად, ადამიანურად, ღირსეულად მოაგვარე შენ მიერ პროვოცირებული კონფლიქტები მეზობლებთან და ამის შემდეგ დავსხდეთ და ერთიან კონცეფციაზე ვისაუბროთო. საპასუხოდ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი ამბობს, რომ აქვს ბირთვული იარაღი და საკადრის პასუხს გასცემს ყველას. თუმცა, მთავარია, რის ფასად დაუჯდება ეს „საკადრისი პასუხი“?!
– ეს ყველაზე უკეთ იცის რუსეთმა, მაგრამ მაინც აკეთებს მსგავს განცხადებებს, უბრალოდ, იმისთვის, რომ რაღაც თქვას?
– ვფიქრობთ, ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ერაყში, ქურთისტანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა; ანუ ამ განცხადებით მსოფლიოს შეახსენა, რომ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ბერკეტები ხელში უჭირავს და შეუძლია, არიოს. მეორე –  საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიისას, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ძალები ძალიან ცუდ სასტარტო პირობებში იყვნენ უავტორიტეტობის გამო და მათ, უხეშად ვიტყვი, „სატოპკე“ აუწია. მესამე –  რუსეთში 2018 წელს არის საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შიდა პოლიტიკური ბაზრისთვის იყენებს ამ ეგრეთ წოდებულ წარმატებებს. სამწუხაროდ, რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, მართალია, ცუდად ვცხოვრობთ და ქვეყანა თავზე გვემხობა, მაგრამ რუსეთმა ტერიტორიები დაიბრუნა.
– საკრალური ფრაზა: „ყირიმი ჩვენია“!
– აფხაზეთსა და ცხინვალზეც ამბობენ, რომ რუსეთის ტერიტორიებია და დაიბრუნეს. ისტორია ქართველებმა არ იციან და ისეთ სისულელეებს ამბობენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის საზარალოდ, რომ აღარ გვიკვირს, რუსებმა რომ სისულელე თქვან ჩვენი ტერიტორიებისა და ისტორიული წარსულის შესახებ. არც თურქეთში და არც რუსეთში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თავიანთი სახელმწიფოებრიობის ისტორიასა და მეზობლებთან დამოკიდებულებას სწორად არ ასწავლიან. შეგნებულად ამახინჯებენ ისტორიას, ამიტომ ამაზე ნერვები არ უნდა მოვიშალოთ. ასე რომ, ჩვენი აზრით, საქართველოს ჩართვა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების პროგრამაში ჩვენი სახელმწიფოს უდიდესი წარმატებაა. ცუდად ვცხოვრობთ, გვიჭირს, შიდა მტერიც ბევრი გვყავს და გარეც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ერთმანეთის ლანძღვის მეტი არაფერი უკეთებია ქართველს, ხელისუფლებებს კი –  ხალხისა და ხაზინის ძარცვის მეტი, მაგრამ გლობალური პოლიტიკური პროცესების გადმოსახედიდან, ძალიან ბევრ გაჭირვებას გავუძელით და უკვე ვიმსახურებთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას. ამას გარდა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვართ, იმიტომ რომ, გმირი და შრომისმოყვარე წინაპრები გვყავდა და უნიკალური ტერიტორია დაგვიტოვეს. დედამიწის ზურგზე დღეს არცერთ ტერიტორიას არ აქვს ის ფასი, რაც საქართველოს დაედო.
– ირანი, თურქეთი და რუსეთი, ჩვენი ყოფილი მტრები, ერთი ახლანდელიც და ერთმანეთის ისტორიული მტრები დაძმობილდნენ. ვაიდა, გაბედოს რუსეთმა მოქმედება?
– ძალიან გვეპარება ეჭვი, რუსეთმა სცადოს საქართველოში შემოჭრა. ასეც რომ მოხდეს, ეს იქნება ბოლო აკორდი რუსეთის სახელმწიფოებრიობისთვის.
– განვიხილოთ ეს სცენარი: ბოლო აკორდი რატომ იქნება?
– თუ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჰგონია, რომ საქართველოში შემოიჭრება და კავკასია არ აუფეთქდება, ძალიან შემცდარა. რაც შეეხება მის პარტნიორებს, ანუ ანტიდასავლურ კოალიციას: სირიას, თურქეთს, ირანსა და ერაყს, როგორც კი რუსი სამხრეთ კავკასიაში შემოვა, ამ ოთხ ქვეყანაში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყება ქურთისტანის დამოუკიდებლობის მოთხოვნით და რუსეთი აღმოჩნდება ჩათრეული კონფლიქტში აი, ამ ორ საშინელ რეგიონში. ვერცერთი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს იმას, რაც ჩამოვთვალე და, მით უმეტეს, რუსეთი. პარალელურად, შიდა პრობლემებიც დაეწყება. პოლიტიკურიც და 2018 წლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო რყევების ქვეშ აღმოჩნდება კრემლი, თუ საქართველოში შემოიჭრება. თუმცა ჩვენ გვგონია, რომ კრემლის მიზანია, როგორმე მშვიდად გადააგოროს 2018 წელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევს აკრძალული იარაღის გამოყენება, იმდენი რამ აუფეთქდება გარშემო,  რის შემდეგაც მთელი მსოფლიოს რისხვა დაატყდება თავზე. რუსეთი არ არის იმდენად ძლიერი ეკონომიკურად, რომ ორ ფრონტზე იბრძოლოს და ფრონტიცაა და ფრონტიც; ხომ წარმოგიდგენიათ, ერთი მიმართულება მუსლიმანურ სამყაროში  და მეორე –  კავკასია თუ აუფექთდა?! და აუცილებლად აუფეთქდება. უკრაინასთანაც ომი აქვს და იქაც უფრო დიდი ცეცხლი გაღვივდება. ომი კი მხოლოდ რაკეტების სროლა არ არის. ერთ რაკეტას რომ გაისვრი, მეორე რაკეტაც უნდა გქონდეს, ხოლო მეორე და მეათე რომ აღარ გაქვს, ნელ-ნელა მინავლდები. პლუს, გჭირდება საკვები, მარაგ-ნაწილები, ჯერ ისედაც ბლოკადაშია და ამის მერე ისეთ ბლოკადაში მოექცევა, რომ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება. ჩვენ ასე ვხედავთ ამ პროცესს. ეს განცხადება არ არის იმ დონის, მაგრამ ვალდებულები ვართ, გავთვალოთ ეს ვარიანტები. მეტსაც გეტყვით, რუსეთი თუ საქართველოში შემოჭრას გადაწყვეტს, მაშინვე თურქეთთანაც გაუფუჭდება ურთიერთობა.
–  ეს სამი –  რუსეთი, თურქეთი და ირანი, მეგობრობს, სანამ წითელი ხაზები, ასე თუ ისე, გავლებულია კავკასიაში, მაგრამ, როგორც კი ეს სტატუს-კვო დაირღვევა და ერთი, რომელიმე მეტს მოინდომებს, მათი გზებიც გაიყრება.
– რა თქმა უნდა. და მეტსაც გეტყვით, ირანი რუსეთის გამო არასდროს წაეჩხუბება დასავლეთს. ირანი თავისი ინტერესებისთვის იბრძვის და თუ რუსეთი საქართველოში შემოვა, ანუ კავკასიის დაპყრობას გადაწყვეტს, მაშინ, რა თქმა უნდა, ირანი იძულებული გახდება, გაემიჯნოს მას, რადგან რუსეთი მოხვდება განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების რისხვის ქვეშ. მეორე მხრივ, ეს რომ შეძლებოდა რუსეთს, 2008 წელს გააკეთებდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. კიდევ ერთი არგუმენტი: გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით, დღეს რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა, მაგრამ რუსეთმა ვერ შეძლო 1988 წლის საბჭოთა კავშირის მაჩვენებლებზე გასვლა ვერც ეკონომიკით, ვერც სამხედრო ტექნოლოგიებით და ვერც პოლიტიკური  გავლენებით. მთელი მსოფლიოსთვის ანგარიშგასაწევი ძალა 1988 წლამდე საბჭოთა კავშირი იყო. ამდენად, დღეს უკვე აღარავის ეშინია იმის, რუსეთმა რომ დამატებითი სამხედრო ტექნიკა შექმნა, რომლითაც თავს იწონებს. რადგან დღეს ომის ბედსაც, ქვეყნების დამოუკიდებლობასაც და სახელმწიფოს გავლენებს განსაზღვრავს ეკონომიკა. თუ ეკონომიკურად ძლიერია ქვეყანა, მას ავტომატურად აქვს ეს გავლენა და აქეთ ეკითხებიან, უთანხმებენ ყველაფერს. თუ ეს არ აქვს, რამდენი ბომბიც უნდა ისროლო, არაფერი გამოვა: ომი ძალიან ძვირი ჯდება.
–  უდაოდ, ძვირად ღირებული უსიამოვნებაა.
– დიახ, უძვირესი. და ეს მათ თავზე ჩამოამხობს ეკონომიკას, თუმცა არ გვგონია, რომ შავი ზღვის აუზში ომი ატეხოს რუსეთმა და ბოლოს და ბოლოს, ისე მოხდეს, რომ ბოსფორი გადაუკეტონ.
– ვხედავთ, როგორ შლიან ქართულ კვალს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. ქართული სკოლები გააუქმეს, რუსულ სწავლებაზე გადაიყვანეს, ახალგორში ვერც კი დაიწყო სწავლა, სახელმძღვანელოების არქონის გამო. გალელებს ეუბნებიან, ან მიიღეთ აფხაზეთის მოქალაქეობა, ან წადითო. ამერიკას რომ ვერ ერევა და დასავლეთს, ჩვენ გვიხდის სამაგიეროს?
– ძალიან სასაცილო და დიდი სახელმწიფოსთვის უკადრებელი საქციელია, როდესაც შენზე ღირსეულ, მაგრამ შენზე მცირე ზომის მეზობელს ნიშნის მოგებით ელაპარაკები და შურს იძიებ. ისინი ვერც ქართულ კვალს ამოძირკვავენ, ვერც ქართულ მიწას წაართმევენ ქართველებს. ვერცერთმა იმპერიამ ვერ შეძლო ეს: რუსეთზე უფრო დიდებმა და ძლიერებმაც. ის იმპერიები, რომლებიც ისტორიულად გვებრძოდნენ, თავის ეპოქაში დღევანდელ რუსეთზე დიდებიც იყვნენ, უფრო მდიდრებიც და უფრო ძლიერებიც. გაცილებით მეტი გავლენა და ძალა ჰქონდათ, მაგრამ ყველა მათგანი დაემხო. მომავალი 25 წელი კი იმპერიების ნარჩენების მსხვრევის პერიოდია. ამდენად, გვმართებს ჩვენი რესურსის, გავლენისა და კავშირების მობილიზაცია შიდა პრობლემების მოსაგვარებლად. სახელმწიფოს იდეოლოგია უნდა შევუქმნათ და ამ იდეოლოგიის გარშემო შევქმნათ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელი. დანარჩენი პროცესები ავტომატურად მოხდება. თქვენს მკითხველს პირობას ვაძლევ: მომდევნო 25 წელიწადში არა მარტო იმ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, რომლებიც 1993 წლიდან დავკარგეთ, არამედ ცოტა ადრე დაკარგულსაც და დიდი ძალისხმევის გაღებაც არ დაგვჭირდება: გლობალური პოლიტიკური პროცესები ხონჩით მოგვართმევს ამ შესაძლებლობას. მეორე საკითხია, ჩვენ როგორ დავხვდებით ამას: პოლიტიკა ხომ მარტო ომი და გონებით ჭადრაკის თამაში არ არის?! ხანდახან თანხის გადახდაცაა საჭირო, კომპენსაციის გაღება. ამდენად, საქმე ისაა, ჩვენ როგორ დავხვდებით ამას, თორემ შესაძლებლობა იქნება. თუ ვინმეს ჰგონია მსოფლიოში, რომელიმე ქვეყნის ლიდერსა თუ პოლიტიკოსს, რომ შემთხვევითია ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოწვეული პრობლემები ან ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადება, ძალიან შემცდარა. ყველა ელოდოს ახალ კონფიგურაციებს და, რაც მთავარია, ეს იქნება ისტორიულ სამართლიანობაში აღდგენილი კონფიგურაცია.
скачать dle 11.3