კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ იმართება პროფკავშირები და ვინ დგას მრავალათასიანი ორგანიზაციის სათავეებთან

ორგანიზაციის სათავეში ვარდების რევოლუციური ხელისუფლების კვალდაკვალ, 2005 წელს მოსულმა  ახალმა მმართველობამ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობისგან” განიცადა პირველი სერიოზული დარტყმა და ზეწოლა. კომუნისტურიდან – დემოკრატიულ, ევროპულ თარგზე გადაწყობილი ორგანიზაციის აქტივი, მაშინდელი ხელისუფლებისთვის მართვის სადავეებს მიღმა აღმოჩნდა.
სწორედ ამ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ეგრეთ წოდებული რეფორმატორული, ნეოლიბერალური ნაბიჯები, რაც სხვა, საკითხებთან ერთად, გულისხმობდა შრომის ინსპექციის გაუქმებას და უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე ქართველი ბიზნესმენებისთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭებასა და დასაქმებულებზე გაბატონებას. შრომის ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე, საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად, 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დასახიჩრდა.
ჯერ კიდევ 2006-2011 წლებში პროფკავშირების აქტივობები, ახლად შეძენილი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, აშშ-ისა და ევროპის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მხარდაჭერილი პროექტები და ინიციატივები – მაშინდელ ხელისუფლებას ყელში გაეჩხირა. პროფკავშირების მიერ აღმოჩენილი და გახმოვანებული დასაქმებულთა უფლებადარღვევის ფაქტები გახდა პროფკავშირების დევნისა და შევიწროების მიზეზი. მაშინდელმა ხელისუფლებამ სხვადასხვა სახელმწიფო, თუ კერძო კომპანიებში (რომელთა უკანაც მთავრობის წევრების ინტერესები იდგა)  პროფკავშირული ორგანიზაციების დაშლა დაიწყო. პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციებს და გაფიცვებს არბევდნენ, პროფკავშირულ ლიდერებს სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ,  აკავებდნენ და იტაცებდნენ (მაგალითისთვის საკმარისია თუნდაც კომპანია „ჰერკულესში” განვითარებული მოვლენები).
დასაქმებულთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, პროფკავშირების დევნასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებზე, საქართველოს პროფკავშირები მწვავედ რეაგირებდა, მართავდა აქციებს, გაფიცვებს, შეხვედრებს.
თუმცა, აქტივობების დიდი ნაწილი ხელისუფლების გავლენების ქვეშ მოქცეული მედიის მიერ, ყველა შესაძლო მეთოდით იზღუდებოდა ან კნინდებოდა. აქტივობებს აშუქებდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი მედია და გაერთიანებას ისღა რჩებოდა, ამ უკანონობაზე მუდმივად საქმის კურსში ჩაეყენებინა მთავარი პარტნიორი ქვეყნები, პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭო და აშშ. პროფკავშირების ანგარიშები რამდენჯერმე გახდა ამერიკის მთავრობის სერიოზული შეშფოთების მიზეზი, რის გამოც, ის ნაციონალურ ხელისუფლებას შრომითი უფლებების კუთხით ნაბიჯების გადადგმას სთხოვდა და პრეფერენციების პროგრამის GSP+-ის შეჩერებით ემუქრებოდა.
საქართველოს პროფკავშირებმა საერთაშორისო დონეზე აღიარება სწორედ იმ, ყველაზე მძიმე წლებში მოიპოვა, როდესაც გადარჩენისა და მთავარი ღირებულებების შენარჩუნებისთვის იბრძოდა. სითამამის, აქტიურობის, ბრძოლისა და შრომითი კუთხით გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, საქართველოს პროფკავშირები – ევროპული პროფკავშირების ოჯახის თანასწორი წევრი გახდა.  2009 წელს ამსტერდამში, მსოფლიოს პროფკავშირების კონფერენციაზე, 14 ნომინანტს შორის, ირაკლი პეტრიაშვილი აღიარეს ევროპის საუკეთესო პროფკავშირელ ლიდერად, საერთო პროფკავშირულ საქმეში შეტანილი წვლილისთვის.                       
2012 წელს, ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ – პროფკავშირებთან კონსტრუქციული დიალოგი დაიწყო. გაერთიანებამ მიიღო პირობა, შრომის ინსპექციის აღდგენისა და უბედური შემთხვევების პრევენციისთვის, ქმედითი ნაბიჯების გადადგმის თაობაზე. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი მართლაც შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროში, თუმცა ის ქმედუუნაროა. არ აქვს უფლებამოსილება, გაუფრთხილებლად შევიდეს საწარმოებში და შეამოწმოს იქ არსებული ვითარება, არ შეუძლია, სანქციების დაწესება დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაშიც კი.
სწორედ ამიტომ, რეალური შრომის ინსპექციის შექმნა პროფკავშირების მთავარ ამოცანად რჩება. ამ საკითხზე გაერთიანებამ არაერთი შეხვედრა, პრესკონფერენცია და კონფერენცია გამართა. მიიღო მონაწილეობა დისკუსიებსა და განხილვებში პარლამენტში, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორში. აქვს ინიცირებული შრომის ფუნქციური ინსპექციის მოდელის შესახებ თავისი ხედვა.
ქვეყნისა და დასაქმებულთათვის მნიშვნელოვან სხვა ბევრ საკითხზე მუშაობისას, გაერთიანებამ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა საერთაშორისო დონეზე. 2015 წელს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტად, ბრიუსელში, ევროპის პროფესიული ცენტრების 120-ზე მეტმა წარმომადგენელმა, ხმათა უმრავლესობით აირჩია. ამ დღიდან ირაკლი პეტრიაშვილი არა მარტო ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტი გახდა, არამედ საქართველოს მთავარი ლობია ევროპის რეგიონის პროფესიულ კავშირებში.  საქართველომ ირაკლი პეტრიაშვილის ძალისხმევით, შეიძინა უამრავი მხარდამჭერი მსოფლიოში.   
პროფკავშირმა ამ წლებში დაიბრუნა მთავარი ფუნქცია – დასაქმებულთა უფლებების ადვოკატირება. იმიჯშელახული  კავშირი ნელ-ნელა იქცა კანონშემოქმედ, უფლებადამცველ ორგანიზაციად, რომლის საქმიანობაც ეფუძნება ანალიტიკას, ეკონომიკურ გათვლებსა და მიმართულია სხვადასხვა პროფესიის ადამიანების, სტუდენტებისა და პენსიონერების ინტერესების დაცვაზე.  მსხვილ თუ შედარებით, მცირე ბიზნესორგანიზაციებს, საწარმოებსა თუ სახელმწიფო კომპანიებს, საჯარო უწყებებს – პროფკავშირების გაერთიანებამ ასობით საქმე მოუგო. ბიზნესს და არამარტო ბიზნესს, მილიონობით ლარის გადახდა მოუხდა უფლებაშელახული, უკანონოდ სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანებისთვის, თუ საწარმოო შემთხვევების შედეგად, დაღუპულთა თუ დაშავებულთა ოჯახებისთვის.
ბევრ გულშემატკივართან და პარტნიორთან ერთად, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ შეიძინა მტრებიც, რაც საქმიანობიდან გამომდინარე, მოსალოდნელიც იყო. გაერთიანებას უპირისპირდება მსხვილი ბიზნესი (და მათი მფარველები ხელისუფლებაში), რომელიც რეალურად, პროფკავშირების მთავარ ოპონენტად ჩამოყალიბდა. უპირისპირდებიან ისინი, ვისთვისაც დასაქმებულების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ძვირფასი – ქონებაა, ვისთვისაც უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფა ზედმეტი ხარჯია, ვისთვისაც პრიორიტეტული, არა ღირსეული ანაზღაურების გადახდა და სამუშაო დროის ხანგრძლივობისა და სხვა კანონიერი უფლებების დაცვაა, არამედ დასაქმებულთა მონურ პირობებში ჩაგდება და მათ ხარჯზე, ბიზნესიმპერიების შექმნაა. ბიზნესს არ სჭირდება ძლიერი პროფკავშირი, რომელიც მუდმივად მიუთითებს, რა და როგორ გააკეთოს.
სწორედ ბიზნესის ინტერესში იყო, სექტემბრის ბოლოს ჩანიშნულ არჩევნებში მათთვის მისაღები, არაპროფკავშირულად მოაზროვნე კანდიდატურის დაყენება და აქცენტი ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელ დავით ოქიტაშვილზე გააკეთეს, რომელიც ამავდროულად, კულტურის პალატის დამფუძნებელია. კულტურის პალატა კი, თავის მხრივ, დიდი ბიზნესგაერთიანების – სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული. გაერთიანების წინააღმდეგ აგორებული და მისი დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია, რომლის ნაწილიც დაკვეთილი სატელევიზიო და საგაზეთო რეპორტაჟების მომზადებას მოიცავდა და სიცრუეზე იყო აგებული, საზოგადოებამ და პროფკავშირის ყრილობამ სათანადოდ შეაფასა.  
XIII ყრილობამ ხმათა უმრავლესობით, თავმჯომარედ ირაკლი პეტრიაშვილი დატოვა და სამი ახალი მოადგილე აირჩია, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა გადაწყვეტილებას 2017-2021 წლის სამოქმედო პროგრამისა და საწესდებო ვალდებულებებიდან გამომდინარე, გამგეობასთან ერთად მიიღებენ.
გამგეობის შემადგენლობაში 18 დარგობრივი და სამი ტერიტორიული ორგანიზაციაა. თითოეული მათგანი დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტია, მოქმედებს საკუთარი წესდებით და მისი ხელმძღვანელი, გაერთიანების გამგეობის სრულუფლებიანი წევრია, რომელიც ამ პროფესიული კავშირის ინტერესს წარმოადგენს გამგეობაში. დარგობრივი ორგანიზაციები თავად მართავენ მათ პროფესიულ გაერთიანებებს და პასუხს აგებენ ექიმების, პედაგოგების, ხელოვნების მუშაკების... უფლებების დაცვაზე. ზოგადად, დარგებში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელნიც დარგობრივი ლიდერები არიან და არა პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელები და მათ შორის, ირაკლი პეტრიაშვილი. მათი მთავარი ფუნქციაც დარგების კოორდინაცია და საერთაშორისო თუ საკანონმდებლო დონეზე იმ საკითხების წინ წამოწევაა, რაც გაერთიანების წესდებით მკაცრადაა განსაზღვრული. ორგანიზაციის სახელიც: „პროფესიული კავშირების გაერთიანება” – ამაზე მიუთითებს. გაერთიანებას არ აქვს უფლებამოსილება, ჩაერიოს ცალკეული დარგობრივი პროფკავშირის საქმიანობაში. ის თავადაა მართული გაერთიანების გამგეობის მხრიდან. გამგეობა მართავს ორგანიზაციის ბიუჯეტს, რომელიც საწევროებიდან შემოსული თანხებისგან შედგება. საწევრო გადასახადი ხელფასის 1%-ია. თუ ხართ პროფკავშირის წევრი, დავუშვათ, მედიცინის მუშაკი და გაქვთ ხელფასი 300 ლარი, 3 ლარი შეგაქვთ მედიცინის მუშაკთა დარგში. დარგი თავის მხრივ გაერთიანებას აძლევს იმ 3 ლარის 5%-ს, ანუ 15 თეთრს. აკუმულირებული არცთუ დიდი თანხები იხარჯება იმ იურისტების, მკვლევრებისა და ანალიტიკოსების ხელფასებში, რომლებიც ისევ დასაქმებულების უფლებებისთვის იბრძვიან და წევრებს უსასყიდლოდ ემსახურებიან. პროფკავშირების გაერთიანების ბიუჯეტის ნაწილი, კვლევებსა და ანალიზს ხმარდება, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველია.
ამჯერად, „პროფკავშირების გაერთიანება” რამდენიმე მნიშვნელოვან და ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხზე მუშაობს, მათ შორის, საპენსიო რეფორმაზე, რა კუთხითაც საკუთარი ინიციატივების პაკეტი მოამზადა. ასევე, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის თემაზე,  უმუშევრობის შემწეობის საკითხსა და მრავალშვილიანი დედის სტატუსის განსაზღვრაზე. ღირსეული შრომა ქვეყნის განვითარების საწინდარია, ძლიერი და პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესებისგან თავისუფალი პროფკავშირი კი, ქვეყნის ჯანსაღად განვითარების საფუძველი.скачать dle 11.3