კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ვერც „რუსთავი 2“ და ვერც რომელიმე სხვა ტელევიზია, ჩემი ოჯახი ვერ გახდება

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


როგორც მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ამბობს, შემთხვევით მოხვდა თეატრალურ უნივერსიტეტში და ახლა თეატრის გარეშე, ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მართალია, მისგან გენერალი ვერ დადგა, მაგრამ თავისი არჩევნით კმაყოფილია. ამ ზაფხულს გიორგიმ თავისი გოგო-მოტოთი, 12 ათასი კილომეტრი გაიარა და 14 ქვეყანა მოიარა. რატომ არ ლაპარაკობს ის პირად ცხოვრებაზე და ვისი საფლავის სანახავად მივიდა ლევილში, ამაზე თავად მოგიყვებათ.
გიორგი ვარდოსანიძე
: თეატრალურში შემთხვევით მოვხვდი. ბავშვობის მეგობარმა მითხრა, რომ არის ასეთი „დაწესებულება”- თეატრალური, სადაც, მერე მსახიობები ხდებიან და ბევრი მაგარი გოგო სწავლობს; არის სმა, გართობა და წამო, ჩავაბაროთო (იცინის).
– ესე იგი, გოგონებისა და გართობის გამო, შემთხვევით გახდი მსახიობი?
– შეიძლება ასე ითქვას (იცინის). თუმცა, ახლა, თეატრის გარეშე, ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. სამართალმცოდნეობაზეც ჩავაბარე, მამის თხოვნით. თავად პოლკოვნიკია და მთელი ცხოვრება, ჩემთვის მაგალითი იყო, არის და იქნება. მინდოდა, მისი გული გამეხარებინა და გამომძიებელი გამოვსულიყავი. მაგრამ, რომ ჩავუღრმავდი, მივხვდი, ეს ჩემი საქმე არ იყო.  ასე რომ, გენერლობაზე უარი ვთქვი (იცინის). სულ ვფიქრობ, რომ არა მსახიობი, ვინ ვიქნებოდი და მაინც მგონია, მამის კვალს გავყვებოდი. არ გამოვიტანდი საბუთებს და გავაგრძელებდი სწავლას სამართალმცოდნეობაზე. ტელევიზიაშიც შემთხვევით მოვხვდი. სერიალს იღებდნენ „გოგონა გარეუბნიდან“, ქასთინგი იყო გამოცხადებული. არ ვაპირებდი მისვლას, მაგრამ მეგობრებმა, მიდი, მიდიო და სულ ყურით მიმათრიეს. გავიარე პირველი ტური, დამირეკეს... მეორე ტურიც გავიარე და დავრჩი და დავრჩი.
– თქვი, ტელევიზიაში ყურით „მომათრიესო“. თუმცა, ის შენი პირველი გამოჩენა, იღბლიანი აღმოჩნდა.
– კი, ნამდვილად, ძალიან იბლიანი აღმოჩნდა. მეცხრე სერიიდან სასაცილო მონაკვეთში მივიღე მონაწილეობა და იქიდან გავხდი ცნობადი. მანამდე, მარტო მეზობლები მცნობდნენ (იცინის). თუმცა, ერთი თვე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ტელევიზიაში მუშაობა. ისეთ გამოცდილ მსახიობებთან მომიწია თამაში, დავკომპლექსდი. არ ვიცოდი, კამერასთან როგორ მოვქცეულიყავი. მთელი გადამღები ჯგუფი გვერდში დამიდგა და გადავლახე ეს კომპლექსი. ამის მერე, გეის როლიც ვითამაშე. „ღამის შოუს“ სტუდიამ გააკეთა კომედია და იქ, მე და ჩემი ძმაკაცი, მსახიობი ბაჩო გურგენიძე, გეი შეყვარებულებს ვთამაშობდით.
– როგორი გეი შეყვარებული იყავი?
– სასაცილო, საყვარელი გეი ვიყავი და ბოლოს, ბევრი ბიჭიც ვცემე (იცინის). დღესაც თუ შემომთავაზეს მსგავსი როლი, ვითამაშებ. ზოგადად, არ არსებობს როლი, რომელსაც არ ვითამაშებ. ბევრჯერ, მატერიალური დაინტერესების გამოც მითამაშია და ზოგჯერ, უფასოდ, რადგან საინტერესო და სახალისო ყოფილა ჩემთვის. არცერთ ნათამაშებ როლს არ ვნანობ. გეის როლი რომ ვითამაშე, იქ მატერიალური დაინტერესებაც იყო და თან, სახალისო გასაკეთებელიც – ორივე დატვირთვა ჰქონდა.
– მართალია, რომ „გააცინე და მოიგეს“ წამყვანობაზე იმიტომ თქვი უარი, რომ ხელფასი შეგიმცირეს და განაწყენდი?
– „კომედის“ ბიჭები, ჩემი მეგობრები არიან და მათთან დღესაც ვმეგობრობ. არც „რუსთავი 2“ და არც რომელიმე სხვა ტელევიზია, ჩემი ოჯახი ვერ გახდება. ეს არის ჩემი სამუშაო. არხმა ფინანსური კუთხით პოლიტიკა შეცვალა. ჩემი კონტრაქტი ისეთი თანხით აღარ იყო, რაც მქონდა. ხელი ჩამოვართვი და დავემშვიდობე. იმ თანხით „რუსთავი 2“-ზე მუშაობა აღარ მიღირდა, რაც კონტრაქტში იყო მითითებული. სულ ესაა.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? სოციალურ ქსელში ისეთ ფოტოებს აქვეყნებ გოგონებთან ერთად, რჩება შთაბეჭდილება, რომ თვეში ერთხელ ახალი შეყვარებული გყავს.
–  პირად ცხოვრებაში კარგად ვარ, წყნარად. თუ ვინმეს რჩება შთაბეჭდილება, რომ თვეში ერთხელ ახალი შეყვარებული მყავს, ეს მისი საქმეა. ვინ რას იფიქრებს, ჩემთვის მეასეხარისხოვანია. იყო ეტაპი, როცა ბევრს ვლაპარაკობდი პირად ცხოვრებაზე, ახლა ამის სურვილი აღარ მაქვს. ალბათ, ცუდად დავცადე.
– ერთი ეს მითხარი, რატომ ემუქრები და ერჩი, სოციალურ ქსელში გამოჩენილ ახალგაზრდა პოეტებს? უნიჭოებსა და საზიზღრებს რატომ უწოდებ?
– (იცინის). არც ვერჩი და არც ვემუქრები. უბრალოდ, რაღაც რომ მეზიზღება, იუმორით გამოვთქვამ პროტესტს. ვიდეო დავდე, ისეთი მანერით, რომ იმედია, მიხვდნენ, რაც მინდოდა გამომეხატა. მე არავის ვაკონკრეტებ იმ ვიდეოში. განვიხილავ „გაწელილ“ მანერას პაროდიით. რაღაც რომ არ მომწონს, ვაფიქსირებ, თუმცა, ამხელა ნეგატივიც არ ჩამიდევს ამ ვიდეოში. პოლიტიკა ყველაზე ამაზრზენია ჩემთვის და ისიც კი ვთქვი, პოლიტიკის და „სვარკის“ ყურება მირჩევნია, ამ უნიჭო  პოეტების ყურებას-მეთქი.
– ისე, რადგან პოლიტიკა ვახსენეთ, არასდროს გქონია შემოთავაზება პოლიტიკური პარტიიდან?
– არასდროს! ვერ ვერკვევი და არ მაინტერესებს! არავის, არასდროს არ დავუპატიჟებივარ თავის პარტიაში. ალბათ, იციან, ერთი დროშაც და მეორეც, ჩემთვის მეასეხარისხოვანია. მე, ერთი – ქვეყნის დროშა მაქვს და მორჩა! ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ვერავის დროშას ვერ გავიქნევ.
– მოდი, თემა შევცვალოთ და ზაფხულის ტურნეს შევეხოთ. ვიცი, ახლაც შთბეჭდილებების ქვეშ ხარ. ასეა?
– ზუსტად ასეა. მე და ჩემმა ორმა ძმაკაცმა მთელი ევროპა მოვიარეთ. ბლოგერიც გავხდი, რომელსაც ჰქვია - „ხაჭაპურის გადამყვანი“ და იქ, ყოველ კვირას ვდებ ამ ტურნეს ვიდეოებს. 14 ივნისს, ორი მოტოციკლით წავედით სამი მეგობარი და ერთ თვეში გავიარე 12 ათასი კილომეტრი. წრე დავარტყით მთელ ევროპას. ეს არავის გაუკეთებია, ჩვენ პირველები ვართ. სხვათა შორის, შვეიცარიაში,  ალპებში მეგობარი დავკარგეთ. რაციაც დაგვიჯდა და კონტაქტზე ვერ გავდიოდით. პანიკაში ჩავვარდი. გადავირიე, ამ უცხო ქვეყანაში სად ვეძებო-მეთქი. მადლობა ღმერთს, დროულად გამოჩნდა, თორემ პანიკის პიკს ვაღწევდი (იცინის). ლევილში მოვინახულეთ ნოე ჟორდანიას საფლავი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ყოფილი განსასვენებელი, საიდანაც მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს. მგონი, პირველი ვიყავი, ვინც იქ მოტოციკლით შევიდა (იცინის). ქართველი ემიგრანტებიც გავიცანით. გვაჩვენეს როგორ გააშენეს პატარა საქართველო საფრანგეთის მიწაზე. ეს პატარა საქართველო ჩვენც მოგვატარეს. ასე რომ, საინტერესო ვიდეოებს დავდებ ჩემს ბლოგზე, სადაც ყველაფერი ასახული მაქვს. ეს მოგზაურობა, იყო ყველაზე დიდი ემოცია, გამოცდილება და გამოწვევა ჩემთვის. სულ მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. ახლა კი სპონსორები და მეგობრები დამიდგნენ გვერდით და ავიხდინე ეს ოცნება. წარმოიდგინეთ, ჩემი მეგობარი მარნეულს არ იყო გაცილებული მოტოთი და ჩემთან ერთად, 12 ათასი კილომეტრი გაიარა. ერთი თვე გზაში გავატარეთ. იყო შემთხვევა, ერთ დღეში, „ორ ბორბალზე“, 160 სიჩქარით, 1 200 კილომეტრი გაგვივლია. ეს არ არის მარტივი. დიდი ადრენალინია, რისკის ფასად: არ იცი, სად გიღამდება, სად გითენდება, წინ როგორი მოსახვევია და რამდენად გაგიმართლებს. თუმცა, რისკი ამად ღირდა და ჩვენ პიონერები ვართ. ახლა აზია გვინდა დავიპყროთ და 18 ათასი კოლომეტრი გავიაროთ მომავალ ზაფხულში. ასე რომ, ჩემმა „გოგომ“ ძალიან მიერთგულა და არც მე ვუღალატებ. იაპონელი „გოგონები“ მაინც ყველაზე მაგრები არიან.   
скачать dle 11.3