კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2018 (114)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)

№41 როდის თამაშობდა მანუჩარ მარკოიშვილი გამაყუჩებლებით და რის შემდეგ ჩაანაცვლა მან ცეკვა კალათბურთით

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილი, ისევ იტალიაში დაბრუნდა და ახალი სეზონი  „რეჯო ემილიას“ გუნდში განაგრძო. ერთ თვეზე მეტია, რაც მანუჩარმა მათთან კონტრაქტი გააფორმა. ის 2002-2004 წლებში „ბენეტო ტრევიზოში“, 2009-2013 წლებში კი „კანტუს“ შემადგენლობაში თამაშობდა. ბოლოს „დარუშაფაკაში“ ირიცხებოდა, თუმცა გასული სეზონი, ტრავმის გამო, მთლიანად გაუცდა… გარდა კარიერისა, ხუთი წელი გავიდა, რაც მანუჩარმა უკრაინელ ანჟელა ნიკიტინასთან ერთად, ოჯახი შექმნა. წყვილს ოთხი წლის თინათინი ჰყავს.
მანუჩარ მარკოიშვილი:
ზოგადად, იტალიაში დაბრუნება გეგმაში მქონდა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ჩემმა აგენტმა დამაკავშირა ამ გუნდთან და უკვე თვე-ნახევარია, კონტრაქტი გავაფორმეთ. რამდენიმე დღის წინ მქონდა დასკვნითი თამაში, რომელიც წავაგეთ. დასაწყისისთვის გულდასაწყვეტია წაგება, მაგრამ დავინახეთ, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს. რაც მთავარია, შეგვიძლია, უკეთესი შედეგის დადება.  გამიხარდა იტალიაში დაბრუნება. მომწონს აქ ცხოვრება, არ არის ცუდი ქვეყანა.
– „ევრობასკეტს” როგორ შეაფასებდი?
– რა თქმა უნდა, როგორც მოთამაშეებს, უფრო მეტი მოგვეთხოვებოდა და მეტი შეგვეძლო. უკრაინამ არ გვაპატია შეცდომები. გულდასაწყვეტია იტალიასთან წაგებაც.  იყო ხარვეზები, რომელზეც ფიქრი ძალიან რთულია და აზრიც არ აქვს – უკვე წარსულს ჩაბარდა. საბოლოო ჯამში, მადლობელი ვარ თითოეული მოთამაშის, მწვრთნელებისა და ექიმების. მათი, ვინც ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ შედეგისთვის მიგვეღწია. თუმცა არ გაგვიმართლა.
– ნაკრები რამდენიმე მთავარმა მოთამაშემ დატოვა. გავრცელდა ხმები, რომ შენც აპირებდი ნაკრებიდან წასვლას. მართალია?
– ვიქტორ სანიკიძისა და ზაზა ფაჩულიას გარდა, ცინცაძემაც გამოთქვა სურვილი. იმედი მაქვს, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ცინცაძე ისევ დაბრუნდება და ცოტა ხანს კიდევ დაეხმარება ნაკრებს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ეს ნამდვილად არ მიმიღია. არ ვაპირებ ნაკრებიდან წასვლას. უბრალოდ, წელს „რეჯომ“ შეცვალა რეგულაცია და ნოემბერში, თებერვალსა და ივნისში გვიწევს თამაში. ყველანაირად ვეცდები, ნაკრებშიც ვიყო და შესარჩევი ეტაპი მათთან ერთად გავიარო. აქვე აღვნიშნავ, რომ ის მოთამაშეები, რომლებმაც ნაკრები დატოვეს, დიდი დანაკლისია.
– ვინ ჩაანაცვლებს მათ?
– პატარა ქვეყანაა და ცოტა კალათბურთელი გვყავს. აქედან გამომდინარე, რთული იქნება თითოეული მოთამაშის ჩანაცვლება. თუმცა, იმედს მაძლევს ახალგაზრდა თაობა. ძალიან კარგი ბავშვები იზრდებიან და  მათი ჩანაცვლება დროთა განმავლობაში მოხდება, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანის, როცა ამის საჭიროება იქნება.
– ცეკვიდან კალათბურთში როგორ აღმოჩნდი?
– მამაჩემი კალათბურთელია, მწვრთნელი. ბიძაჩემი კი, სუხიშვილების ძალიან ცნობილი მოცეკვავე – 25 წელი ცეკვავდა. იქიდან გამომდინარე, რომ ორი ძმა ვართ,  ოჯახმა გადაწყვიტა, უფროსი შვილი ითამაშებდა კალათბურთს, ხოლო მე, მოცეკვავე ვიქნებოდი. 2 წელი დავდიოდი ცეკვაზე და მომწონდა, კარგადაც ვცეკვავდი. შემდეგ ჩემი ძმის თამაშებს დავესწარი, რომელიც მისმა გუნდა მოიგო და სახლში გამოგვატანეს თასი. მომეწონა ეს თასი, მუსიკალური იყო. მახსოვს, გზაში ბევრი ვაწვალე (იცინის). სახლში რომ მივედი, დედას ვუთხარი, აღარ მინდა ცეკვაზე სიარული, კალათბურთზე მატარეთ-მეთქი. რატომღაც მამას ვერ გავუბედე, რადგან გადაწყვეტილება მისი მიღებული იყო და დედას შევაპარე. იმის მერე, გადაწყდა, რომ მეც ჩემს ძმასთან ერთად მევლო. შემიყვანეს  ბატონ ზურა სამხარაძესთან, რომელიც ყველაზე საუკეთესოა, ჩემი გადმოსახედიდან.
– უცხოეთში არაერთ გუნდში გაქვს ნათამაშები და როცა ახალწვეული იყავი, რის გაკეთება გიწევდა?
– ჩვენთან, ახალწვეულებზე წესები არაა. ეს უფრო ამერიკაშია გავრცელებული და პრაქტიკაშიც აქვთ დანერგილი. უბრალოდ, როცა ახალგაზრდა ხარ, გევალება ექიმს ან მასაჟისტს ჩანთების წაღებაში დაეხმარო. ეს ისედაც ზრდილობის საკითხია, უფროსებს პატივი უნდა სცე. გამიმართლა, რომ გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად მიწევდა ყოფნა და თან მყვებოდნენ,  რასაც ჰქვია ხელის გულზე მატარებდნენ.
– ემიგრანტობის პირველ წლებს ყოველთვის სირთულეები ახლავს. თავიდან არ გაგიჭირდა დამოუკიდებლად ცხოვრება?
– ნამდვილად გამიჭირდა. მარტო ვიყავი, თან ენაც არ ვიცოდი – იტალიური და ინგლისური. რთული იყო კომუნიკაცია, ორმაგ კონცენტრაციას მოითხოვდა ეს ყოველივე, რასაც დიდი ენერგია მიჰქონდა. ერთადერთი, რაც მაკლდა, იყო ოჯახი და მეგობრები. ის ყოველდღიური ურთიერთობა, რაც საქართველოში მქონდა. თუმცა, იმდენად დაკავებული ვიყავი და იმდენ დროს ვუთმობდი კალათბურთს, რომ დრო სწრაფად გადიოდა. შემდეგ მეგობრები გავიჩინე და ასე, ნელ-ნელა მივეჩვიე. იმდენად მინდოდა, წარმატებისთვის მიმეღწია, რაღაც მომენტში, თავს ვუკრძალავდი სენტიმენტალურ გრძნობებს – ნოსტალგიას, მონატრებას და ასე შემდეგ. ახლა, რომ ვფიქრობ, მე-16 სეზონი იწყება, ანუ მეთექვსმეტე წელია, რაც უცხოეთში ვარ.
– ოჯახის შექმნაც კალათბურთს უკავშირდება?
– დიახ, ნამდვილად ასეა. კიევში ვთამაშობდი  და მაშინ გავიცანი ჩემი მეუღლე. რომ არ ჩავსულიყავი უკრაინაში სათამაშოდ, ალბათ, უკრაინელი მეუღლე არ მეყოლებოდა (იცინის). პირველი ორი წელი უკრაინაში ვცხოვრობდი, შემდეგ იტალიაში გადავედი და დისტანციურ ურთიერთობაზე გადავერთეთ. თუმცა, ხშირად მაკითხავდა. რთული იყო სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება. თან, დროში ორივე შეზღუდულები ვიყავით – მე თამაშების გამო, ის კიდევ, სტუდენტი იყო. უკვე 8 წელი გავიდა, რაც ერთად ვართ. აქედან, 5 წელია, ოჯახი გვაქვს და გვყავს 4 წლის თინათინი.
– თინათინს მოსწონს, მამა რომ კალათბურთელია?
– აქამდე ვერ აღიქვამდა. ეს პირველი სეზონია, როცა რაღაცაში გაერკვა და მგულშემატკივრობს. უხარია თამაშებზე, ვარჯიშებზე მოსვლა. კმაყოფილი და ბედნიერია. უბრალოდ, ახლა ბაღში მოუწია შესვლა, იტალიური ბაღია და ცოტა აპროტესტებს – არაფერი მესმისო. ენატრება თბილისი. ჩემი ძმისშვილები მანდ არიან და სულ ამბობს, ზაფხული როდის მოვაო.
– ქართული იცის?
– არა, სამწუხაროდ, არ იცის. თბილისში 3-4 თვე მოუწია ყოფნა და იმედი მქონდა, რაღაცას ისწავლიდა, მაგრამ პირიქით გამოვიდა, ჩემმა ძმისშვილებმა ისწავლეს რუსული. გული მწყდება, რომ ქართულად ვერ ლაპარაკობს, თუმცა ეს ჩემი ბრალია.  ოჯახში, ძირითადად, რუსულად ვლაპარაკობთ.
– იყო სპორტსმენის მეუღლე, მარტივი არ არის. როგორ ართმევს ანჟელა ამ ყოველივეს თავს?
– რატომაა რთული? მგონი, ძალიან მარტივია. ვიდრე შევუღლდებოდით, 3 წელი ერთად ვცხოვრობდით და ხედავდა, როგორი რეჟიმი მქონდა. იცოდა, რასაც ვაკეთებდი. თუ არ მოსწონდა, არც დათანხმდებოდა ასეთ ცხოვრებას.  გარდა სირთულეებისა, ბევრი საინტერესო რამ ხდება. ვცხოვრობთ სხვადასხვა ქვეყანაში – ჯერ თურქეთში ვიყავით, მერე მოსკოვში, ბელგიაში, იტალიაში. საინტერესოა ეს ყოველივე მისთვის. რთულია ის, რომ ცოტა დრო მრჩება ბავშვისთვის და შეიძლება, ვერ გავაკეთო იმდენი, რაც ჩვეულებრივმა მამამ. თუმცა, ვცდილობ, კარგი მამა და მეუღლე ვიყო. ანჟელაც ასეა, ცდილობს, ვარჯიშიდან რომ ვბრუნდები, საჭმელი დამხვდეს მზად და მსგავს რაღაცებს. ეს ყველაფერი ჩვენ ნამდვილად ხუთიანზე გვაქვს აწყობილი და საწუწუნო არაფერია.
– თამაშებს ესწრება?
– თამაშებზე სულ დადის, ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ასევე არიან ჩემი ოჯახის წევრებიც. უბრალოდ, ეს მეტადაა ჩართული, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავს, როგორ ვემზადები. ისე, ნამდვილად კარგი გულშემატკივარია.
– წინა წელს სერიოზული ტრავმა გქონდა. უფრო კონკრეტულად, რომ გვითხრა, რა შეგემთხვა?
– მუხლის ხრტილი იყო დაზიანებული და ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. 5 თვე იყო საჭირო იმის გასაგებად, ოპერაცია მჭირდებოდა თუ არა. იმის მერე, რაც ოპერაცია გავიკეთე, უკვე გავიდა 10 თვე. ამის გამო,  შარშანდელი სეზონი ვერ ვითამაშე. მაშინ თურქეთში ვთამაშობდი. როცა ვთქვი, რომ მუხლი მტკიოდა, არ ჩათვალეს რატომღაც  მნიშვნელოვნად და გამაყუჩებლებით მიწევდა თამაში. სეზონი რომ დამთავრდა, ყველას ეგონა, უბრალოდ, მყესის ანთება მქონდა და დასვენება მირჩიეს. თუმცა, ტკივილებმა არ გამიარა და მოვითხოვე, თავიდან გამევლო მკურნალობის კურსი. თავიდან გადავიღე სურათი და აღმოჩნდა, რომ ხრტილის დაზიანება მქონდა, რომელიც ხელს მიშლიდა მოძრაობაში. გადაწყდა ოპერაცია. გუნდი ამბობდა, რომ ტრავმა თბილისში მქონდა მიღებული. დიდი ბრძოლა დამჭირდა იმისთვის, სიმართლე დამემტკიცებინა. დროულად რომ მიმეგნო ამ პრობლემისთვის, შარშანდელ სეზონს არ გამოვტოვებდი.
– კონფლიქტით დასრულდა თქვენი თანამშრომლობა?
– კონფლიქტს ვერ დავარქმევ, ჩხუბი და რამე არ ყოფილა. მაინც პროფესიონალური სპორტია... აგენტი აგვარებს ხოლმე მსგავს პრობლემებს და თუ საჭირო გახდება, ადვოკატიც ერთვება საქმეში.
скачать dle 11.3