კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ძნელია, იყო... კაცი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38-40(875)


მარინკას შეკითხვამ გააოცა და შეაშფოთა.
– რას ნიშნავს მერე?! საყვარელი ჰყავს-მეთქი, მამაშენს... ანუ, ჩემს ქმარს.
– და... შენ რას აკეთებ?
– მარინკა, გესმის, რას მეკითხები? – ის გოგო თითქმის შენი ტოლია და მამაშენს უყვარს. ეს კიდევ არ არის უარესი, მამაშენს თურმე ვეცოდები და მხოლოდ სიბრალულის გრძნობა აკავებს ჩემთან.
– ეგ ვინ გითხრა, იმან? – გაეცინა გოგოს და ქალი მიხვდა, რომ შვილმა გაცილებით მეტი იცოდა.
– მარინკა, შემომხედე. შენ რა, ეს ამბავი იცოდი?
– დედა...
– მარინკა, იცოდი-მეთქი?
– დავუშვათ, ვიცოდი. მერე?
– როგორ მელაპარაკები? – აღშფოთდა ქალი. დაგუბებულმა წყენამ ჯებირები გადაანგრია და მღვრიე მდინარესავით ნაპირებიდან გადმოვიდა. ერთი ნახტომით შვილთან გაჩნდა, მკლავზე მაგრად მოუჭირა ხელი და შეაჯანჯღარა.
– როგორ გაბედე... როგორ გაბედე, რომ არ მითხარი! ეს როგორ გამიკეთე, რატომ? მარინკა, ხვდები, რომ შენც მიღალატე? –  ერთბაშად მთელ სხეულში სისუსტე იგრძნო. მუხლები თავისით მოეკეცა. იატაკზე ჩაჯდა, სახეზე ხელები აიფარა და ხმამაღლა ატირდა.
– დედა, დედა... კარგი რა, რის გამო ტირი? რომელი ქალისთვის არ უღალატიათ? ჰო, ვიცოდი. შენზე ადრე გავიგე. არ გითხარი, იმიტომ რომ, მინდოდა, ეს ყველაფერი ამერიდებინა. თანაც მამაჩემი დამპირდა, რომ თავს დაანებებდა.
– რა? ღმერთო, მარინკა, ეს რა ქენი? მამაშენს შეეკარი და ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდით?
– დედა, ამას რატომ მეუბნები? შენ რომ ქვეყანას მირჩევნიხარ, ამაში ეჭვი როგორ გეპარება. მაგრამ ის გოგო არაფერს წარმოადგენს. მამა შენი ქმარია. თქვენ ოჯახი გაქვთ და ამ ოჯახის გადასარჩენად უნდა იბრძოლო. შენ კი, რას აკეთებ? არ მოგცემ დანებების საშუალებას, არა...
სასოწარკვეთილებისგან გაეცინა.
– ჩემო საყვარელო გოგო. მე არ ვნებდები და ომსაც არ ვაპირებ, გაგიჭირდება ამის გაგება, მაგრამ ვეცდები, აგიხსნა: არ მჭირდება მამაკაცი, ვისაც ვეცოდები. მარინკა, პატარა არ ხარ, ვერ ხვდებოდე, როგორი დამამცირებელია ეს ჩემთვის.
– ჰო, მაგრამ ის ქალი... ის... ის არაფერს წარმოადგენს, – ყელში „ბურთი“ გაეჩხირა მარინკას და თვალები ცრემლებით აევსო.
თამარისთვის მძიმე იყო შვილისთვის სანუგეშო სიტყვების თქმა, მაგრამ არც ის შეეძლო, მომხდარზე თვალი დაეხუჭა და ცხოვრება სირაქლემის პოზაში – ქვიშაში, ამ შემთხვევაში, ჭორების, მითქმა-მოთქმის წუმპეში თავჩარგულს გაეგრძელებინა.
– შენ ისევ გეყოლება მამა, – თქვა მშრალად, რადგან მიხვდა, რომ ენის მოჩლექით სიტუაციას უფრო დაამძიმებდა, – მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ შორის ურთიერთობა არ გაფუჭდეს.
გოგო ჭარხალივით გაწითლდა და აღშფოთებისგან თვალები გაუფართოვდა.
– მაინც, როგორ მოახერხებ ამას, როცა ვახოს დანახვაც კი არ გინდა. შენ ფიქრობ, რომ მე ამ ამბავს მშვიდად მივიღებ? გართულებების გარეშე? იცი, რას ვიზამ? მივუვარდები და იმ ქუჩის ქალს თმით ვითრევ.
– არა, შენ ამას არ გააკეთებ, იმიტომ რომ, საკუთარი თავის და ოჯახის პატივისცემა გაქვს, – მკაცრად თქვა ქალმა.
– სადღაა ჩემი ოჯახი? ნაფლეთებად აქცია სწორედ იმ ქალმა, შენ რომ ასეთი თავგამოდებით იცავ, – შეჰყვირა მარინკამ.
– ვერ ხვდები – მე შენ გიცავ. ის ვიღაც მამაშენის არჩევანია და ჩვენ ამას ვეღარ შევცვლით. რას ვიზამთ, ასეთი რაღაცებიც ხდება.
– შენ აღარ გიყვარს ვახო... – ეჭვით მოჭუტა თვალები მარინკამ და დედას ავად მიაჩერდა.
– მიყვარს, მარინკა, მიყვარს და ამიტომაც გავუშვებ. მორჩა, ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. ვახო წავა, იმიტომ რომ, ვერ ავიტან, რამე საზიზღრობა მოვისმინო მისგან. ამ სიტუაციაში ეს ყველაზე სწორი გამოსავალია.
– არ არის სწორი გამოსავალი. ეს საერთოდ არ არის გამოსავალი და ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროდ ჩავთვლი. შენ ხელს ვერ შემიშლი! – იყვირა მარინკამ და კარი გაიჯახუნა. ზედ არც კი შეუხედავს ვახოსთვის, რომელიც სწორედ იმ მომენტში შემოვიდა სახლში.
– რამე ხდება? – განცვიფრებულმა მოავლო მზერა არეულ ოთახს და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო ცოლს.
– ხდება... შენ ამ სახლიდან მიდიხარ, – თქვა თამარმა და იგრძნო, როგორ გულზე მოეშვა.
* * *
გოგომ რამდენჯერმე გამობერა ლოყები და საღეჭი რეზინა ხმაურიანად გაღეჭა. იცოდა, მამამისს ეს ნერვებს როგორ უშლიდა და სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა. მეტი ეფექტურობისთვის ფეხები საწერ მაგიდაზეც შემოაწყო.
– მარინკა, წესიერად დაჯექი, – ნერვებმა უმტყუნა კაცს.
– რა მოხდა? – მხრები აიჩეჩა გოგომ. თითქოს ვერ მიხვდა, რას მოითხოვდნენ მისგან. კევი გაბერა და ენით გახეთქა. ვახომ კბილები გააღრჭიალა, მაგრამ თავის ხელში აყვანა მოახერხა.
– კიდევ დიდი ხანი უნდა ვიცადო? – ცნობისმოყვარედ  იკითხა გოგომ.
– ნახევარ საათში მოვრჩები საქმეს და შეგვიძლია, სადმე ვისადილოთ.
– მარტო მე და შენ? – ეჭვით მოწკურა თვალები მარინკამ.
– ჰო... – შეყოყმანდა კაცი, – შეიძლება, თათიაც შემოგვიერთდეს, – ჩაილაპარაკა ხანმოკლე პაუზის შემდეგ.
– აჰა, და ამის თქმას არ აპირებდი? პირდაპირ ფაქტის წინაშე უნდა დაგეყენებინე? ყოჩაღ, ძალიან მაგარი მამიკო ხარ. ისე ფიქრობ ჩემზე...
– არ გინდა ეგ ირონია, – გაცხარდა ვახო, – და, საერთოდ, ახლავე შეწყვიტე კევის ღეჭვა, ხომ იცი, რომ მაღიზიანებს.
– ვიცი, – მშვიდად მიუგო მარინკამ, – და სწორედ ამიტომაც ვღეჭავ. ზუსტად ასე მაღიზიანებს ეგ შენი თათია, ცოტა კიდევ მეტად. ასე რომ, სადილად არ წამოვალ.
– კარგი, – ამოიოხრა ვახომ, – თათია არ მოვა. დაწყნარდი?
– დასაწყნარებელი არაფერი მჭირს. და, საერთოდ, რატომ დამირეკე? ჩემი ნახვა გინდოდა? არ მითხრა, რომ ჩემთან ერთად სადილობა მოგენატრა.
– ასე ნუ ლაპარაკობ, ხომ იცი, როგორ მიყვარდა ოჯახური სადილები.
– მართლა? თათიაც გიწყობს, ხოლმე ოჯახურ სადილებს? კვერცხის შეწვა თუ მაინც იცის... – ირონიულად ჩაიცინა მარინკამ, – მოკლედ, თუ საქმე არაფერი გაქვს, მე წავალ.
– ფული მინდოდა მომეცა.
– ძალიან კარგი. ეს უკვე საქმიანი საუბარია, მით უმეტეს, რომ ფული ყოველთვის  საჭიროა. ნაღდს მომცემ თუ  ანგარიშზე დამირიცხავ.
– მარინკა, ჩვენ ისევ შეგვიძლია, მეგობრები ვიყოთ, – შვილს მუდარით შეხედა ვახომ, – ძალიან მიყვარხარ და ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა.
– ცდები. შეიცვალა. ყველაფერი შეიცვალა და ჩემი რჩევაა, დაივიწყო წარსული, ოჯახური სადილები. ის, რომ ოდესღაც მეგობრები ვიყავით. თათიასთან ახალი ცხოვრება დაიწყე. ახალი მოგონებები დააგროვე. მით უმეტეს, რომ დედაჩემი თხოვდება.
ვახომ მკვეთრად შემოატრიალა სკამი და შვილს შეშფოთებით შეხედა.
– რა თქვი? თამუნას ვიღაც ჰყავს?
– „ვიღაც“ შენ გყავდა, როცა უღალატე, – გამოაჯავრა მარინკამ, – ძალიან კარგი კაცია. თამრიკოს დიდ პატივს სცემს და დედაჩემსაც, მგონი, მოსწონს. რა მოხდა, რა სახე გაქვს? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რას გააკეთებს თამრიკო. თათია ხომ გყავს? თუ რადგან შენი ყოფილი ცოლია, ბედნიერების უფლება არა აქვს.
ვახომ ორივე ხელით შუბლი მოისრისა და შვილს ისე შეხედა, თითქოს სთხოვდა, დამინდეო. მაგრამ გოგომ იგრძნო, კაცის მტკივნეულ ადგილს რომ შეეხო და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა:
– იცი, რას გეტყვი? შენ არ იყავი დედაჩემის ღირსი. მე სხვა ქალი არ მეგულება, რომელიც ბოღმას გულში არ ჩაიდებს და შვილით მანიპულირებას არ შეეცდება, ქმარი რომ გაამწაროს. თამრიკოს ეს არ გაუკეთებია. პირიქით, ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო.
– ვიცი, მე მიყვარს თამრიკო. ყველაფერი ვიცი, მაგრამ რასაც თათიას მიმართ ვგრძნობ... დიდი ხარ უკვე, უნდა გამიგო.
– რა თქმა უნდა, მესმის, – დამცინავად დააქნია თავი მარინკამ, – ამიტომაც გითხარი, შენი საქმე არაა, თამრიკო ვის შეხვდება-მეთქი. რატომ არ უნდა იყოს ბედნიერი? სიყვარული დედაჩემსაც სჭირდება. ძალიან გთხოვ, ხელს ნუ შეუშლი.
– არა. შენ ვერ გამიგე... უბრალოდ, ცოტა გამიკვირდა.
– არ ელოდი თამრიკოსგან და იმიტომ? დაიბენი? ძალიან ცუდად იცნობ შენს ყოფილ ცოლს. კარგი, წავედი, ახლა... გოგოები კინოში მივდივართ.
– ერთად რომ უნდა გვესადილა? – შეახსენა კაცმა. დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა. ისევ იმ ახალ ამბავზე ფიქრობდა, ყოფილ ცოლზე რომ გაიგო.
– აღარ მშია. ფული მომეცი და წავალ.
ვახომ საფულე გახსნა, რამდენიმე ასლარიანი კუპიურა ამოიღო და შვილს გაუწოდა. მერე რაღაც გაახსენდა. უჯრა გამოსწია და რაღაც შეფუთული აიღო.
– კინაღამ დამავიწყდა. „დუ თი ფრიში“? გიყიდეთ შენ და თამრიკოს, ახალი სუნამოა, ჯერ ჩვენთან არც შემოსულა. მგონი, მოგეწონებათ.
– გმადლობ, – მარინკამ შეფუთული აიღო და კარისკენ გაემართა.
– არ გინდა, ერთი-ორი დღით სადმე წავიდეთ, ყველა... ვახოს უნებლიეთ წამოცდენილი სიტყვები ეხამუშა, მაგრამ იხტიბარი აღარ გაიტეხა. მარინკა შემობრუნდა.
– ვინ „ყველა“? და სად უნდა წავიდეთ?
– სასტუმროს დავჯავშნით ქალაქგარეთ, აუზით, ველოსიპედებით... დავისვენოთ.
– თათიაც წამოვა?
– ცუდი არ იქნებოდა. უცხოები ხომ არ ხართ, მაინც ერთი ოჯახია.
– შენც არ გჯერა იმის, რასაც ამბობ და მეცინება, – მხრები აიჩეჩა მარინკამ და კაცისთვის მოულოდნელად, დათანხმდა, – კარგი, მიდი, დაჯავშნე სასტუმრო და დაგვირეკე. დაველაპარაკები თამრიკოს. იქნებ მოეწონოს კიდეც იდეა.
– ნუ დაიკარები! – მიაძახა შვილს ვახომ, – იქამდე მოდი, სანამ ფული დაგჭირდება.
– იმდენიც არ  მოგიცია, რომ დიდი ხნით დაგემშვიდობო, – ვალში არ დარჩა მარინკა და კარი გაიჯახუნა.
„როგორი მწარე ენა აქვს ამ გოგოს,” – გაიფიქრა ვახომ, – „ვის ჰგავს ასეთი. თამრიკოს ნამდვილად არ ახასიათებს ასეთი ენამწარობა. თამრიკო... ნუთუ მართლა ჰყავს სხვა კაცი...“ – ამ ორმა სიტყვამ გუნება საბოლოოდ წაუხდინა. საკუთარ თავთან გამოტყდომა არ უნდოდა, მაგრამ ეჭვმა მისი არსება მთლიანად მოიცვა. რამდენიც უნდა ემტკიცებინა შინაგანი ხმისთვის, რომ ყოფილი ცოლის ცხოვრება მას აღარ ეხებოდა, ის მაინც ჯიუტად არწმუნებდა საპირისპიროში. – „ჰმ, ალბათ, გათხოვდება. კი, მაგრამ როგორ? მის ასაკში? ამხელა შვილი რომ ჰყავს, მაინც? ღმერთო, ახლა თავი გამისკდება. ეს რა მითხრა მარიკუნამ, თან, როგორი ნიშნისმოგებით გამოაცხადა, გაბრაზებულია. ჯერაც ვერ აპატია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს უკეთებს. იმაზე მეტს უკეთებს, ვიდრე მაშინ, როცა ერთად ცხოვრობდნენ... – ვახომ ამოიოხრა, – ან ის სისულელე რამ ათქმევინა – წარმოუდგენელია, თათია, თამრიკო და მარიკუნა ერთად. სიამოვნებით იტყოდა უარს ასეთ სახიფათო ავანტიურაზე, მაგრამ მარიკუნას ვერ გადაურჩება. მორჩა, სიტყვაზე უკვე გამოიჭირა. კაცი მიხვდა, რომ რაღაც გამოსავალი უნდა მოეძებნა და ამ სიტუაციაში ვერავინ უშველიდა.
საათს რომ დახედა, თათია გაახსენდა – დაჰპირდა, ორ საათში მოვალო. დრო კი თვალსა და ხელს შუა გაეპარა. ისეთ გუნებაზე იყო, მარტოობა ყველაფერს ერჩივნა, მაგრამ, რომ წარმოიდგინა თათიას პრეტენზიები, მიხვდა, წასვლა ჯობდა. თანაც, ჯერ უნდა დაერეკა ცოლისთვის.
– თათია, ცოტა მაგვიანდება. შეხვედრები მქონდა. პირდაპირ რესტორანში მოდი, ჩვენ რომ დავდივართ ხოლმე, იქ. რას ნიშნავს, აღარ გინდა და მოგწყინდა? კარგი, მაშინ შენ გადაწყვიტე, სად წავიდეთ... საყვარელო, შენ მოიფიქრე. მე კი ზარი შემომდის და ვუპასუხებ... რა თქმა უნდა, მაშინვე გადმოგირეკავ...
– ო, კოკა... სად დაიკარგე? მეორე დღეა, ჩამოვედი. რა ვიცი, იმდენი საქმე დამხვდა. მნახე, საქმე მაქვს შენთან.
               * * *
კოკამ მობილური  იატაკზე მიაგდო და თავი ბალიშში ჩარგო. მზე პირდაპირ მისი ოთახის ფანჯრებს მოადგა და იქაურობა ისეთი სინათლით აავსო, ძილის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
თინა დაუკაკუნებლად შევიდა შვილთან და ფარდები ბოლომდე გადასწია.
– დედა, კარგი რა, ისედაც ვეღარ ვიძინებ, – უკმაყოფილოდ აღმუვლდა კოკა.
– ჰოდა, ადექი, დროა უკვე... ვახო გირეკავდა?
– შენ რა, კარზე ყური გქონდა მოდებული? ვერაფერს გამოგაპარებს ადამიანი.
– რა უნდა გამომაპარო, ან რა უნდოდა იმის მიხვედრას, ვინ დაგირეკავდა. აღარ შემიძლია, გიყურო, როგორ გძინავს შუადღემდე. სთხოვე მაგ შენს ძმაკაცს, რამე ნორმალური სამსახური გამოგიძებნოს.
– დედა...
– ჰო, რა იყო? კომპანიის მმართველია, ბიზნესები აქვს, არ გაუჭირდება.
– ისედაც ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენთვის. როგორ გგონია, ფული საიდან მაქვს ხოლმე?
– სამოწყალოდ მოცემული ფული იგივეა, ქუძის ძაღლს უგემური ღვეზელი რომ გადაუგდო, – დაასკვნა თინამ და შვილს წყრომით შეხედა, – თავმოყვარეობა სულ დაკარგე? მე კი მეგონა,  იმ დღეს რაღაცას მიხვდი.
– რომელ დღეს, თინა, ან რას უნდა მივმხვდარიყავი?! კოკა საბოლოოდ გამოფხიზლდა, ლოგინში წამოჯდა და თვალები მოისრისა.
ქალმა შვილს სინანულით შეხედა და ხელი ჩაიქნია.
– არ იყავი იმ გოგოს ღირსი, იმიტომაც გაიქცა სხვასთან. არადა, როგორი იმედი მქონდა, რომ ახლა მაინც მოეგებოდი გონს და შენს შანსს ხელიდან არ გაუშვებდი.
– თინა, რა გინდა? ვერაფერი გავიგე. გადაირიე დილიდან?
– დილა რა შუაშია, სადაც არის, დაღამდება. იძინე შენ, იძინე და ამასობაში აშენდა ქვეყანა შენ გარეშე.
– მართლა ვერ ვხვდები, რას მთხოვ – მინისტრი რომ არ გავხდი, ბიზნესი რომ ვერ წამოვიწყე, ორი ცოლი და სამი საყვარელი რომ არ გამოვიცვალე? – ხმას აუწია კოკამ.
– ნუ ყვირი! გული მტკივა, ასეთს რომ გიყურებ. რამხელა პოტენციალი გქონდა. ვახო სულ შენგან იწერდა დავალებებს.
– ისევ მანდ ხარ შენ? სად „ჩარჩი“ და რამდენი სისულელე თქვი ამ რამდენიმე წუთში. მოდი, დამშვიდდი და ამიტანე ისეთი, როგორიც ვარ, ან თუ ვერ ამიტან, მითხარი და წავალ.
– სად ჯანდაბაში წახვალ... – ამოიოხრა ქალმა და შვილს გულდაწყვეტილმა შეხედა, – ბიჭო, ის გოგო მაინც გენახა... რა იცი, იქნებ... ჰა?
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3