კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რატომ არ შეუძლია თანამედროვე ქართველს ქველმოქმედება და რატომ არის მისთვის ჩვეული მხოლოდ სიტუაციური დახმარება

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

მიუხედავად იმისა, რომ თავი მოგვწონს, როგორც განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობის ტრადიციის მქონე ხალხს (ამას სხვებიც აღნიშნავენ), რომლისთვისაც უცხო არც ახლობლის დახმარება და მისთვის ხელის გამართვაა, ქველმოქმედების საერთაშორისო რეიტინგში, საქართველომ ბოლოდან მეოთხე ადგილი დაიკავა. მეორე მხრივ, ყოველგვარი რეიტინგების გარეშეც თვალშისაცემია, რომ ჩვენი ყოფისთვის ქველმოქმედება ნაკლებადაა დამახასიათებელი და უფრო საჩვენებელ ხასიათს ატარებს. თუმცა ჩვენს ქვეყანაში საქველმოქმედო ფონდებიც მუშაობს და ტელევიზიებიც აქტიურად აშუქებენ ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ გაწეულ ქველმოქმედებებს. ოღონდ ეს მაინც ზღვაში წვეთია, იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს პროცესი არ არის სისტემური და მიზანზე ორიენტირებული. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად, ვისაუბრებთ ამ უცნაურ ფენომენზე.
–  როგორ შეიძლება, რომ ხელის გამართვის ტრადიციაც არსებობდეს და ამავე დროს, ქველმოქმედებით აშკარად სატირალ მდგომარეობაში ვიყოთ?
ჩემთვის მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგი, რადგან დღევანდელ ვითარებაში ქველმოქმედება და მასთან ასოცირებული ზოგადადამიანური ღირებულებები საკმაოდ გადაფასდა. მეტაფორულად რომ ვთქვა, სვიფტის გულივერივით, რომელიც განსხვავებულ საზოგადოებებში მოხვდა, სადაც ზომა და წონა დაირღვა: ერთგან გოლიათები არიან, მეორეგან –  ლილიპუტები, ჩვენც გაურკვევლობაში ვართ: ცხოვრების ბუნებრივი, საბჭოური რიტმი, რომლითაც უკმაყოფილოები ვიყავით, დაინგრა და აღმოვჩნდით სხვა განზომილებაში არა ზომა-წონის, არამედ ფასეულობების მხრივ. აღმოვჩნდით ვითარებაში, რომელიც ფსიქოლოგიურად შეიძლება, დახასიათდეს, როგორც ჩამონგრეული ფონი. ერთი მხრივ, დაგვერღვა ფასეულობათა შეჩვეული სისტემა, ვგულისხმობ რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა გარემოს. ეს არ იყო ჩვენი ბუნებრივი გარემო, რადგან დაპყრობილი ქვეყანა ვიყავით და იმ ნორმებს გვახვევდნენ თავზე, რაც არ მოგვწონდა. მეორე მხრივ, ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო ჩვენთვის ბუნებრივი გარემო, რადგან იმის განცდა, თუ როგორი ხარ, მოდის სხვა კულტურასთან შეხების გამოცდილებით. ჩვენ ასეთი ბუნებრივი გარემო არ გვქონია, შეჩვეული გარემოს ნგრევის გამო კი შეიქმნა კოლაფსი, ამან დაგვაბნია და გაგვაშეშა, სტუპორი დაგვეუფლა: არ ვიცით, ვინ ვართ, როგორები ვართ, სად ვართ, რას ვაკეთებთ. ამდენად, ეს მდგომარეობა ბუნებრივად აისახა ჩვენს ღირებულებებზე: ჰუმანურობაზე, ზოგადად, კულტურაზე და ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ქველმოქმედებაც.
– თქვენც აღნიშნეთ, რომ არც რუსული იმპერია იყო ჩვენთვის ბუნებრივი გარემო, მაგრამ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ბატონყმობის გაუქმების გამო თავად-აზნაურობას დაურიგა ფული ყმების დაკარგვის სანაცვლოდ, ქართველმა თავად-აზნაურობამ ეს თავისი ფული ამოიღო ჯიბიდან, დააარსა სათავადაზნაურო ბანკები და უამრავი ქართველიც გადაარჩინა და საშვილიშვილო ქართული საქმეებიც გააკეთა. მართალია, ამას სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე, მაგრამ მას აჰყვნენ სხვებიც და იმდროინდელმა ქართულმა ელიტამ გამოიჩინა სახელმწიფოებრივი აზროვნება, თუმცა საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არსებობდა.
მაშინ ასწლიანი პერიოდი გვაკავშირებდა რუსულ გარემოს. მორგებული ვიყავით მას და იმ სათავადაზნაურო ბანკების შექმნა რუსეთის იმპერიაში ქართველის იდენტიფიკაციას გამოხატადა. ანუ მათთვის ნაცნობი იყო ის დამრთგუნველი გარემო. ერთი საუკუნის განმავლობაში ქართველი მოერგო იმ გარემოს და იცოდა, რას წარმოადგენდა იმ გარემოში. იცნობდა ლუარსაბ თათქარიძეებსაც და იცნობდა თავის თავს, როგორც თავად აკაკი წერეთელს, თავად ილია ჭავჭავაძესა და სხვას. განვმარტოთ, რას ნიშნავს, როდესაც სხვას ეხმარები? არის რამდენიმე მომენტი: ჯერ ერთი, შენ იცი, ვინ ხარ, რას აკეთებ და რა მიზნით აკეთებ. დღევანდელ გარემოში კი ეს მომენტი ნათელი არ არის. ქართველმა არ იცის, ვინ არის.
– დავაზუსტებ, იმისთვის, რომ ქველმოქმედი გახდე, ჯერ საკუთარი თავი უნდა გაიცნო?
– დიახ და მეორეა ის, თუ ვის ეხმარები, შენიანია თუ არ არის შენიანი, რატომ უნდა დაეხმარო, რით და რა მიმართება გაქვს მასთან. მნიშვნელოვანია, რომ ვისაც ეხმარები, იყოს შენი სივრცის ნაწილი. ზოგჯერ მტერსაც ეხმარებიან, მაგრამ, ჩვეულებრივ, ერთიან თემზე ვრცელდება ქველმოქმედება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს იდენტიფიკაცია ქართულ თემთან. იმ ქართველი თავადებისთვის ნათელი იყო, ვის ეხმარებოდნენ. დღეს კი ჩვენი ინტელიგენციისა თუ ბიზენსმენებისთვის ნათელი არ არის, ერთი მხრივ, თვითონ ვინ არიან და მეორე მხრივ, რას დაეხმარონ და რა არის დასახმარებელი. ისიც კი არ ვიცით, რა არის ჩვენი. პოლარულია საზოგადოება: ზოგი ევროპული ორიენტაციისაა, ზოგი –  ისევ საბჭოურის, ზოგი რუსეთისკენ იყურება, ზოგი –  ქართულ წარსულში, ზოგი –  ამერიკისკენ, ანუ განსხვავებულია მათი იდენტიფიკაციები. ამიტომ ზოგი აფინანსებს მხოლოდ ქართულ საქმეს, ზოგი –  ევროპულსაც, ზოგი –  რუსულ-საბჭოთას და არ არის კონსენსუსი, რაც დამახასიათებელია ჩამოყალიბებული საზოგადოებებისთვის, სადაც ბევრი რამ ნათელია. ასეთი სინათლე ჩვენთან არ არის.
– მარტივად ვიტყვი, ჩვენთან, მაგალითად, პროდასავლელი ქველმოქმედი პრორუსს არ დაეხმარება, იმიტომ რომ, ის მისთვის უცხოდ აღიქმება?
– დიახ, ჩათვლის მტრული ბანაკის წარმომაგენლად და ამტკიცებს, რომ ის სხვაა, თვითონ კი –  სხვა. ეს კამათი  მძაფრად იგრძნობა ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენთან საბჭოთა წარსული გადაფასებელია, ევროპული გამოცდილება კი უცხოა. მაგალითად, ქართველი საზოგადოება მტკივნეულად აღიქვამს უმცირესობებისადმი არსებულ ევროპულ ტენდენციებს და ამიტომ ამას არ აიგივებს ევროპასთან. იდენტიფიკაცია, ანუ გაიგივება ხდება იმ ძველ, ნაცნობ, ქრისტიანულ ევროპასთან, რომელიც განსხვავებულია დღევანდელისგან, ამ მხრივ და ხშირად ასეთი კამათიცაა: ჩვენ გვიყვარს ძველი, ქრისტიანული ევროპა და არა დღევანდელი, სადაც „ცისფერები“ და მუსლიმანი მიგრანტები არიან შეჭრილები და თავიანთ წესებს ახვევენ თავს. ამ პროცესს მტკივნეულად აღიქვამს ქართული კულტურა. იმის თქმა მინდა, რომ ქველმოქმედი ნათლად უნდა იყოს გარკვეული, ვინ არის თვითონ, რა ფასეულობები აქვს, ვის ეხმარება და რატომ. მაგალითად, ჯორჯ სოროსს საკუთარი თავი დიდ ფილანტროპად და ქველმოქმედად მიაჩნია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ხარჯავს ფულს თავისი იდეების დასამკვიდრებლად და მართლაც ხარჯავს. მაგრამ იმ ქვეყნებში განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები მას მტრულად უყურებენ და საქართველოშიც ფიქრობს ზოგიერთი, რომ სოროსი ანგრევს საქართველოს.
მაგრამ სად არის ჭეშმარიტება? სად ვართ ჩვენ?! ჰერაკლიტე ამბობდა, დრო არ არის უცვლელი, ის მიედინება და ჩვენც ვიცვლებით ამ დროში და იცვლება სამყაროც. ამიტომ, უპირველესად, უნდა ვიპოვოთ საკუთარი თავი ახალ დროში, რომელიც შეიცვალა. ხშირად ის არის ჩვენი ძირეული პრობლემა, არადა ნაცვლად იმისა, რომ ვიპოვოთ ჩვენი თავი, ვებრძვით განსხვავებულს.
– იმიტომ რომ, ჩვენი თავი არ გვიპოვია და განსხვავებული გვაშინებს, რომ არ დაგვიმსგავსოს და არ მოგვერიოს. თუ არ იცი, ვინ ხარ, იოლად გახდები ის, ვინც არ ხარ.
– დიახ, ქართველს ეშინია და ამიტომ ზედმეტად ფობიურად იქცევა. მას, ვისაც არ აქვს საყრდენი, მიაჩნია, რომ სხვა წაიღებს და ჩარეცხავს რაღაც დინება, იმიტომ რომ, ფეხქვეშ საყრდენს ვერ ხედავს. როგორც ფილოსოფოსი ამბობდა, მომეცით საყრდენი და დედამიწას გადავაბრუნებო. მართლაც, ასეა, ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი პიროვნული საყრდენი ამ სამყაროში, აღარ ეშინია გარემოსი; მას იღებს, როგორც რეალობას და საკუთარი გამოცდილებიდან და საყრდენიდან პასუხობს: მტრულად ან მოყვრულად, მაგრამ, რაც მთავარია, გამოხატავს საკუთარ ქცევას. აი, ამის დეფიციტია ჩვენს რეალობაში. ჩვენ არ ვიცით, როგორები ვართ დღეს, როგორ ვხედავთ საკუთარ თავს. ეს პრობლემა გვიდგას და, ამდენად, ქართველისთვის რთულია დღევანდელ ფონზე მოქმედება. უმრავლესობა, ფაქტობრივად, სრულ ქაოსში ხედავს თავის თავს: მიაჩნია, რომ სამყარო შეიშალა, გადაირია, იმიტომ რომ, ნათლად ვერ ხედავს რეალობას. ქაოსში მყოფი ადამიანი კი ძალიან უმწეოა, ამიტომ ის ვერ იქნება ქველმოქმედი, ვერც ვერავის დაეხმარება. როდესაც ეხმარები, უნდა იცოდე, ვინ ხარ, რა მოგწონს, რას აფასებ რეალობაში და რა გიღირს იმისთვის, რომ რამე გაიღო. ეს გულივერის არ იყოს, გაქრა საქართველოში.
– დაბნეულები არიან და ამიტომ ვერ ეწევიან ქველმოქმედებასო. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ახალ დროსა და გარემოში საკმაოდ ბევრი ფული იშოვეს, განზრახ ვამბობ ამ სიტყვას. ისინი რამ დააბნია?
– ფულის შოვნა, მართლაც, ნიშნავს გარკვეულ საყრდენს ამ სამყაროში. თუმცა ისიცაა, რომ ფულის შოვნა არ ნიშნავს ბედნიერების შოვნას და ამის მაგალითი უამრავია, როდესაც მდიდარი ადამიანები თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს. მაგალითად, დიოგენე კი ძალიან ბედნიერია თავის კასრში. ანუ კეთილდღეობა არ არის ამ სამყაროში შენი ადგილის პოვნის პირდაპირპროპორციული.
– მაგრამ, როგორც ამბობენ, თუ, მაინცდამაინც, „ბენტლიში“ ტირილი სჯობია, ავტობუსში ტირილსო.
– დიახ, როდესაც ადამიანი რაღაცას ქმნის და მატერიალურს აგროვებს, რაღაც სიმყარე გააჩნია და ასეთები გაცილებით უკეთესად გამოიყურებიან, ვიდრე დაბნეული ადამიანები და ისინი, ალბათ, გარკვეულწილად, ქველმოქმედებასაც ეწევიან, მაგრამ მცირეს. ისევე, როგორც ჩვენი ქუჩებია სავსე მათხოვრებით და მათ ხან მანქანიდან აწვდიან ხურდას, ხან –  წინ უყრიან. ასეთი რეალობაც არსებობს, ადამიანებს ახასიათებთ სხვების დახმარება, მაგრამ ძალიან პრიმიტიული ფორმით და არა –  გააზრებულად და შეგნებით.
– ქველმოქმედება იყო, როდესაც სათავადაუზნაურო ბანკი სასწავლებლად აგზავნიდა ხელმოკლე და ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს, აარსებდა წერა-კითხვის გამარვცელებელ საზოგადოებებს. ანუ სახელმწიფოებრივ ინტერესზე ორიენტირებული ქველმოქმედება.
– დიახ, ეს გააზრებული ქველმოქმედება იყო და რაც აღნიშნეთ, ეს არის აუთენტური ადამიანების ქველმოქმედება, რომლებმაც იციან, რას აკეთებენ და რატომ, და ეს მათი მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობს. მანქანიდან მიწოდებული ფული კი სიტუაციური დახმარებაა.
– ან ის, როდესაც ნივთი ან ტანსაცმელი აღარ გჭირდება და აჩუქებ.
–  ძალიან დასაფასებელია ის, როდესაც ადამიანს აძლევ იმას, რაც გჭირდება. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა შინაგანი ბრძოლის შედეგია?! აი, ასეთი ქველმოქმედებაა ჩვენთან დეფიციტი. იმის გამო, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის კარგად გარკვეული, თუ ვინ ვართ და რა ფასეულობებს ვამკვიდრებთ. ჩვენ ვილაპარკეთ, რომ აქ და ამჟამად ყოფნაში არის დიდი სირთულე, ანუ ნაცარქექია, რომელიც დევებს ერევა თუ მუჭანახევარა, რომელიც სულ წარსულით ცხოვრობს და მუდმივად გალახულია?!
– „მუჭანახევარა“ შედევრი ზღაპარია.
– მუჭანახევარა გენიოსია იმის, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო წარსულში, მაგრამ წარსულში, რომელიც აღარ არის. აწმყოს შესახებ კი მან არაფერი იცის და ამ ახალ ტალღაზე ვერ გადმოდის. ნაცარქექიამ კი აწმყოში გაიღო, რაც სჭირდებოდა.  ასე რომ, ჩვენი დღევანდელი ტენდენციები ასეთია: საკუთარ თავში გაურკვეველი ქართველი არის მდგომარეობაში, როდესაც ვიღაც რჩევას აძლევს წარსულიდან, რომ უნდა მოიქცეს მუჭანახევარასავით ან რეალობიდან, რომელიც მის გარშემოა –  ვიღაც თავზე ახვევს თავის ფასეულობებს, სოროსის ფონდის არ იყოს, რომ ახლა ეს არის მნიშვნელოვანი და არ მაინტერესებს, როგორი ხარ შენი კულტურით, შენი მეთი, ეს უნდა მიიღო და მაშინ ჩაგთვლი ადამიანადო. აი, ამ ველში იჭყლიტება ქართველი, ერთი მხრივ, წარსულის, მეორე მხრივ, გარე რეალობის თავს მოხვეული ფასეულობებს შორის, რომლებიც ბუნებრივად მოაქვს სამყაროს.
– რას აქვს მნიშვნელობა ქველმოქმედებაში, თანხის ოდენობას თუ რატომ ეწევიან ადამიანები ქველმოქმედებას?
– ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რამდენ თანხას გაიღებს ქველმოქმედებისთვის, არამედ ის, რომ თავად უხარია ამის გაკეთება. ქველმოქმედების არის მოტივაციაში და არა თანხის სიდიდეში, რომელსაც გაიღებს. ასეთი მოტივაცია არ აქვს დღევანდელ ქართველს. მან არ იცის, რას აკეთებს ამ თავისი ქველმოქმედებით.
– თანხა იმიტომ აღვნიშნე, რომ, მაგალითად, დიდი ორგანიზაციისთვის არაფერია, თუ ტკბილეულით სავსე პარკებს მიუტანენ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, იქნებ მათ სულ სხვა რამ სჭირდებათ?
– მიგნება უნდა იმას, თუ რით გაგახარებს შენ ამის გაღება და რით გაახარებს მას, ვისთვისაც გაიღებ. ეს მოტივაცია გაქრა საქართველოში. ამ მოტივაციის გარეშე კი ასეთი რიტუალი აზრსმოკლებულია. ხშირია სტერეოტიპული ქცევები, რაც ქველმოქმედებად ფასდება. თუ ეს იმიტომ კეთდება, რომ ვიღაცამ დაინახოს, ქველმოქმედება გათვლილია სხვა მიზანზე. ქველმოქმედების ღრმა აზრი ის არის, რომ არავინ იცოდეს, რას აკეთებ და შენ იყო კმაყოფილი იმით, ვიღაცას რაღაცას რომ უძღვნი. ეს თავისი არსით ძალიან ადამიანური ფენომენია, მხოლოდ ადამიანს ახასიათებს: სხვაზე ზრუნვა ყოველგვარი უკუგების გარეშე.
скачать dle 11.3