კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-38(873)



კიტაძეს სახე გაუფითრდა და გალინას მისამართით შეიგინა. შემდეგ თავი გააქნია და თქვა:
– მაინც ვერაფერს მიზამთ. როცა გალინა შეიტყობს, რომ მოატყუეთ, თავის ჩვენებას გადათქვამს და წყლიდან მშრალი ამოვალ.
– წყლიდან მშრალი ვერ ამოხვალთ. საერთოდ, მოდი, შევწყვიტოთ ეს კომედია.
– რა კომედია?
ზურაბ გიგაურმა მწველი მზერა ესროლა მის პირისპირ მჯდომს და რუსულად უთხრა:
– კომედია, რომელსაც თქვენ თამაშობთ.
– ხომ გთხოვეთ, მშობლიურ ენაზე ვილაპარაკოთ-მეთქი, – ქართულად თქვა კიტაძემ, ზურაბმა კი რუსულად უპასუხა:
– სწორედ მშობლიურ ენაზე გელაპარაკებით, ვლადიმირ მოროზოვ! არაფერი მეშლება. თქვენ ხართ ვლადიმირ მოროზოვი. ევგენი და ალა მოროზოვას ერთადერთი ვაჟი. ამას წყალი არ გაუვა და თუკი ყველაფერში არ გამოტყდებით, ამას ჩვენ გაიძულებთ.
– რაღაც გეშლებათ, მაიორო, – თქვა დაკავებულმა.
– კეთილი. ახლა საკანში მოისვენეთ და ყველაფერი კარგად გაიაზრეთ. ჩვენ კი თქვენს შავ ბლოკნოტს შევამოწმებთ და ვფიქრობ, ჩემი სიტყვების დასტურს იქ აღმოვაჩენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შენს მშობლებსაც სულ მალე შევიპყრობთ და იმ ოქროსაც ვიპოვით, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
– ნება თქვენია. თუმცა, ვერაფერს ვხვდები. მე ობოლი ვარ და მშობლები არ მყავს. ოქრო კი თვალითაც არ მინახავს ცხოვრებაში. ღარიბი ვარ.
– წაიყვანეთ საკანში! – უბრძანა გიგაურმა ბადრაგს და კიტაძე ერთადგილიან საკანში  წაიყვანეს.
ზურაბ გიგაურმა კი კიტაძის შავი ბლოკნოტი გადაშალა და მის შესწავლას შეუდგა.
ზურაბი ყურადღებით ათვალიერებდა პავლე კიტაძის შავი ფერის ბლოკნოტს, რომელიც ჩანაწერებით იყო აჭრელებული და მასში ტელეფონის ნომრები და მისამართები ეწერა. იყო დაშიფრული ჩანაწერებიც და როდესაც ზურაბმა ყველაფერი ბოლომდე დაათვალიერა, კრიპტოგრაფი და ოპერატიული განყოფილების მორიგე გამოიძახა.  მათ უთხრა:
– ამ ბლოკნოტის ორი ქსეროასლი გადაიღეთ სასწრაფოდ და ბლოკნოტი უკანვე დამიბრუნეთ, – გიგაური ოპერატიული განყოფილების მორიგეს მიუბრუნდა:
– სასწრაფოდ, ოპერატიულად დამიდგინეთ ამ ბლოკნოტში აღნიშნული ყველა ადამიანი, – შემდეგ კი კრიპტოგრაფს უთხრა:
– გაშიფრული ჩანაწერები სასწრაფოდ მომიტანეთ, ხოლო თუ იქ ადამიანებია ნახსენები, მაშინ მათი სია ოპერატიულს მიუტანეთ ვინაობის დასადგენად. გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო მაიორო, – ერთხმად მიუგეს ზურაბს კოლეგებმა და დავალების შესასრულებლად წავიდნენ.
ზურაბი კვლავ ფიქრებს დაუბრუნდა, მაგრამ ამ დროს კოტელოვის მდივანმა დაურეკა და უთხრა, – ამხანაგი გენერალი გიბარებთო.
გენერალ-ლეიტენანტ იური კოტელოვის კაბინეტში მაიორ ზურაბ გიგაურს გენერალ-მაიორი იური პავლოვიც დახვდა.
– დაჯექი, მაიორო და მოგვახსენე, როგორაა საქმე.
– კიტაძე დუმს, ამხანაგო გენერალო და ამჟამად ერთადგილიან საკანშია. მისგან ამოღებულ შავ ბლოკნოტს კი ოპერატიული განყოფილება და კრიპტოგრაფები სწავლობენ.
– კრიპტოგრაფები? – გაიმეორა პავლოვმა.
– დიახ, ამხანაგო გენერალო, – მიუგო ზურაბმა თავის უშუალო უფროსს, – ბლოკნოტში რამდენიმე დაშიფრული ჩანაწერია და ამიტომ.
– ესე იგი, დუმს ეგ ვითომ კიტაძე, სინამდვილეში კი, მოროზოვი და მშობლების ადგილმდებარეობის გამხელა არ სურს. ძალიან ცუდი, – თქვა კოტელოვმა და პავლოვს მიუბრუნდა.
– ვშიშობ, დაპატიმრებულმა თუ ასე გააგრძელა, განსაკუთრებული ზომების მიღება მოგვიწევს. დრო არ ითმენს და ზევიდანაც გვაჩქარებენ.
კოტელოვის სიტყვებზე პავლოვმა მრავალმნიშვნელოვნად გააქნია თავი. ზურაბს კი არ ესიამოვნა, რადგან „განსაკუთრებული ზომები“, დაკითხვისას ძალისმიერი, ზოგჯერ სასტიკი ხერხების გამოყენებას ნიშნავდა, რასაც გიგაური ვერ იტანდა და კოტელოვს უთხრა:
– იური პეტროვიჩ, კიდევ ერთხელ დავკითხავ და იქნებ ავალაპარაკო?
– მიდი, სცადე, მაგრამ იცოდე, დრო არ ითმენს, – უთხრა კოტელოვმა და კაბინეტიდან გამოისტუმრა.
ზურაბი რომ თავის კაბინეტში დაბრუნდა, ბადრაგს კიტაძე ამოაყვანინა საკნიდან და უთხრა:
– მოროზოვ, თქვენთან ლოლიავის დრო არ მაქვს.
– მე მოროზოვი კი არა, კიტაძე ვარ, – ქართულად გააწყვეტინა სიტყვა კიტაძემ ზურაბს. მან კი კოპები შეკრა და მკაცრად უთხრა რუსულად:
– გიმეორებთ, რომ თქვენთან ლოლიავის დრო არ მაქვს. აღარ გამაწყვეტინოთ  და ყურადღებით მომისმინეთ.
– გისმენთ, – უკვე რუსულად უპასუხა გიგაურს კიტაძე-მოროზოვმა.
– თქვენ იქცევით, როგორც მტერი. მტრებს კი ჩვენ არ ველოლიავებით. მტრულად ვექცევით და ნუ გვაიძულებთ, ძალისმიერი ხერხები გამოვიყენოთ თქვენ წინააღმდეგ. ამიტომ, გირჩევთ, ყველაფერში გამოტყდეთ და სახელმწიფოს იმის დაბრუნებაში დაეხმაროთ, რაც მას ეკუთვნის. გასაგებია?
– გასაგებია, მაგრამ ჩემგან რას მოითხოვთ?
– უპირველესად, „ტვირთი 39-ის“ ადგილსამყოფლის გამხელას.
– ანუ, თქვენ ოქროს ზოდების ადგილსამყოფლის გაგება გსურთ, თუ სწორად გავიგე.
– დიახ.
კიტაძეს ჩაეცინა და ზურაბს უთხრა:
– ვიცი, არ დაიჯერებთ, რასაც ახლა გეტყვით. მაგრამ, მაინც ვიტყვი, რადგან სიმართლეა. მე მართლა მოროზოვი ვარ და არა კიტაძე და ჩემი მშობლები ევგენი და ალა მოროზოვები არიან. ჩემს მშობლებს მართლაც გადამალული აქვთ ეს განძი, უფრო სწორად, ეს განძი მამაჩემმა გადამალა, მაგრამ სად, არ ახსოვს.
– მართლაც დაუჯერებელია, – თქვა ზურაბმა და დააყოლა, – და არც მჯერა.
– ვიცი, რომ არ გჯერათ, მაგრამ მართლა ასეა.
– მაშინ, ახსენით, რატომ არ ახსოვს მამათქვენს ამ ზოდების სამალავი?
– ამ ათიოდე წლის წინ, მამაჩემმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო და ნაწილობრივი ამნეზია დაემართა. ანუ, ეს ნიშნავს, რომ მას აბსოლუტურად ყველაფერი ახსოვს, სრულიად ადეკვატურია და მიზიანმიმართული მოქმედებისთვის ვარგისიანია, როგორც ამას ექიმები იტყვიან. შეუძლია, ანალიტიკურადაც იაზროვნოს. ერთი სიტყვით, სრულიად ნორმალურია, მაგრამ განძის ადგილსამყოფელს ვერ იხსენებს და როგორც თვითონ ამბობს, გონების გასაღები სჭირდება. ეს გასაღები კი პლასტიკური ქირურგი ვარლამ კოვზირიძეა. მამა ამბობს, რომ თუკი ათი-თხუთმეტი წუთი პირისპირ გაესაუბრება მას, განძის ადგილმდებარეობას აუცილებლად გაიხსენებს. როგორც ფსიქიატრთან საუბარში შევიტყვეთ მე და დედამ, ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია, მაგრამ ხდება. მეხსიერებადაბინდულს და არა – დაკარგულს, არამედ დაბინდულს, ძლიერი გამღიზიანებელი სჭირდება, რაც მას ბინდს გაუფანტავს თავში და ეს გამღიზიანებელი თავად უნდა დაასახელოს. მამა კი სწორედ ვარლამ კოვზირიძეს ასახელებს და უკვე მრავალი წელია, რაც მასზე ვნადირობთ. უფრო სწორად, ვეძებთ და ამას წინათ, თბილისში მივაგენით, თუმცა ვერანაირად ვერ ვიხელთებთ.
მრავლისმნახველ, ახალგაზრდა ზურაბ გიგაურს პირველად ესმოდა ასეთი რამ და ყურადღებით აკვირდებოდა კიტაძეს, რომელსაც ეტყობოდა, რომ არ ცრუობდა. მაიორმა თვალი თვალში გაუყარა მოროზოვს და უთხრა:
– თუკი მასეა და მამათქვენს მეხსიერების აღსადგენად ვარლამ კოვზირიძესთან საუბარი სჭირდება, მაშინ ჩვენ მოვაწყობთ ამ შეხვედრას. მთავარია, მისი ადგილსამყოფელი გაგვიმხილოთ. თანაც, გპირდებით, რომ თუკი დაგვეხმარებით, არ დაგხვრეტენ ხერხაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის და მხოლოდ თხუთმეტ წელს მოგისჯიან.
– სამწუხაროდ, ჩემი მშობლების ადგილსამყოფელი არ ვიცი.
– ისევ ცრუობთ, მოროზოვ.
– ნამდვილად არ ვცრუობ.
– მაშინ, რატომ არ იცით მათი ადგილსამყოფელი, რაშია საქმე?
– როდესაც მივხვდი, რომ გავიშიფრებოდი და გაგექეცით, კერესთან მივედი და ვთხოვე, სასწრაფოდ ეცნობებინა ყველაფერი ჩემი მშობლებისთვის. მან ეს გააკეთა და თბილისში, ჩვენს ბოლო კონსპირაციულ ბინაში დარეკა. ხოლო, სახლში რომ დაბრუნდა, კერესი, კვალის წაშლის მიზნით, სახლის სარდაფში დანით მოვკალი და იქვე დავტოვე. შემდეგ თქვენ მეც ამიყვანეთ. ჩემი მშობლები კი ახლა სხვაგან იქნებიან, მაგრამ სად, ნამდვილად არ ვიცი.
გიგაურმა გააბოლა და მოროზოვს ჰკითხა:
– შავ ბლოკნოტში რომ დაშიფრული ჩანაწერებია, ვინ გააკეთა?
– მამაჩემმა.
– რა წერია იქ?
– იმ ადამიანის მონაცემები, ვინც განძი უცხოეთში უნდა გაგვატანინოს.
– ვისი ტელეფონები და მისამართებია კიდევ ბლოკნოტში?
– მათი, ვისაც ჩემი მშობლები სხვადასხვა დროს იყენებდნენ.
ზურაბმა კრიპტოგრაფს დაურეკა და ჰკითხა:
– როგორაა საქმე, გაშიფრეთ?
– ამწუთას დავასრულეთ, ამხანაგო მაიორო და ოპერატიულში ვაპირებდი წაღებას, შემდეგ კი – თქვენთან.
– ოპერატიულს მიუტანე და რაც უკვე დადგენილი აქვთ, ის მონაცემები მომიტანონ, – უთხრა ზურაბმა კრიპტოგრაფს. ტელეფონის ყურმილი დაკიდა და მოროზოვს მიუბრუნდა:
– თანახმა ხართ, რომ დაგვეხმაროთ?
– როგორ?
– თქვენი მშობლების ადგილმდებარეობა უნდა დაგვადგენინოთ.
– დედ-მამა დაგაჭერინოთ?
– ჩვენ მათ მაინც ვიპოვით, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება, დროში გაიწყელოს და მათ კიდევ ბევრი, მძიმე დანაშაული ჩაიდინონ. ასეთ შემთხვევაში, უკვე ვეღარაფრით დაგეხმარებით და მთელ ოჯახს დაგხვრეტენ – სამივეს. გასაგებია?
– გასაგებია.
– თანახმა ხართ, დაგვეხმაროთ?
– თანახმა ვარ, მაგრამ, რა უნდა გავაკეთო?
– ჩვენთან ერთად თბილისში წამოხვიდეთ და რასაც გეტყვით, ის გააკეთოთ. მაგრამ, გაფრთხილებთ, თუკი ჩვენს მოტყუებას შეეცდებით ან გაქცევას დააპირებთ, სიცოცხლეს გამოემშვიდობებით.
– ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მეტყვით.
– კარგი. ახლა საკანში დაბრუნდით და როცა საჭირო იქნება, გამოგიძახებთ.
ბადრაგმა მოროზოვი საკანში დააბრუნა. ზურაბთან კი, კრიპტოგრაფი და ოპერატიული განყოფილების მორიგე მივიდნენ და მაიორს გაშიფრული ტექსტი და შავ ბლოკნოტში აღნიშნული ყველა პიროვნების სრული სია მიუტანეს.
– აი, ინებეთ, ამხანაგო მაიორო, – კრიპტოგრაფმა გაშიფრული ტექსტი დაუდო ზურაბს, – მევლუდ ასანიძე, ხულოს მკვიდრი, მეტყევე. აქ მეტი არაფერი წერია.
ზურაბმა ოპერატიულის მორიგეს უთხრა:
– თბილისში დარეკეთ და გადაეცით, რომ ხულოელი მეტყევე დაკვირვების ქვეშ აიყვანონ.
– უკვე გადავეცით, ამხანაგო ზურაბ, – მიუგო გიგაურს მორიგემ.
– კარგი. შეგიძლიათ, წახვიდეთ, – უთხრა ზურაბმა კრიპტოგრაფს და მორიგეს, თან სიას კითხულობდა, მაგრამ უცებ შეცბა და მორიგეს დაუძახა:
– ჯერ არ წახვიდეთ.
კრიპტოგრაფი გავიდა. მორიგე დარჩა და ზურაბმა მას უთხრა:
– ინიციალები რ.ს., ანუ რიტა სმირნოვა საფუძვლიანად დაადგინეთ?
– რა თქმა უნდა, ამხანაგო ზურაბ, – იწყინა მორიგემ.
– ერთი წუთით, არ წახვიდეთ, – გაუმეორა გიგაურმა მორიგეს, თან ტელეფონს დასწვდა და სპორტულ ექიმს, რიტა სმირნოვას დაურეკა ლენინგრადში.
 ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. შემდეგ ზურაბმა სმირნოვას მეგობარს, ნადეჟდა მალიშევას დაურეკა და ჰკითხა:
– გიგაური ვარ, რიტა სმირნოვას ვეძებ.
– გამარჯობა, ამხანაგო ზურაბ. რიტამ გუშინწინ სამდღიანი შვებულება აიღო და სვერდლოვსკში გაემგზავრა. ხვალ უნდა დაბრუნდეს.
– გმადლობთ, ნახვამდის. – ზურაბმა ყურმილი დაკიდა და ჩაფიქრდა.
მაიორის გონება დაძაბულად ამუშავდა. ორიოდე წუთის შემდეგ, თბილისში დარეკა და ვარლამ კოვზირიძის დასაცავად მიჩენილი ჯგუფის უფროსს ჰკითხა:
– კოვზირიძე სადაა?
– ალბათ, სამსახურში, ამხანაგო მაიორო, – მიუგო მორიგემ.
–  სასწრაფოდ გადაამოწმეთ და დამირეკეთ.
ზურაბმა ყურმილი დაკიდა და დაძაბული ჩაფიქრდა. მოეჩვენა, რომ დრო ძალიან ნელა გადიოდა და გულისცემა ისე აუჩქარდა, ეგონა, ესაა და ამომივარდებაო.
ხუთიოდე წუთის შემდეგ, თბილისიდან სათვალთვალო ჯგუფის უფროსმა დარეკა და გიგაურს შეშფოთებულმა აუწყა:
– კოვზირიძე გაუჩინარდა. მასთან მორიგე ჩვენს თანამშრომელს ღრმად სძინავს. როგორც ეტყობა, ის დააძინეს.
– სასწრაფოდ გამოაცხადეთ განგაში ¹1! – ყვიროდა გიგაური, – კოვზირიძის ცოლ-შვილი გაძლიერებული დაცვის ქვეშ აიყვანეთ და კოვზირიძის ადგილსამყოფელი დაადგინეთ. ის ქალის მეშვეობითაა გატაცებული და მის სიცოცხლეს დიდი საფრთხე ემუქრება, მაგრამ ჯერჯერობით ცოცხალი უნდა იყოს. სამ საათში შემოგიერთდებით. თბილისში მოვფრინავ.
***
ზურაბი და სპეციალურად გაწვრთნილი ოპერჯგუფი სპეცთვითმფრინავით სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდნენ. მთელი გზა გიგაური იმაზე ფიქრობდა, ცოცხალი იყო თუ არა ვარლამი. აშკარაა, რომ ცოლ-ქმარმა მოროზოვებმა ვარლამის საყვარელს, რიტა სმირნოვას მიაგნეს. სათანადოდ დაამუშავეს ქალი და კოვზირიძე მოატაცებინეს.  ზურაბი არ ცდებოდა. სმირნოვა გაოგნებულ ვარლამს პაციენტის რანგში გამოეცხადა და უთხრა, რომ მისი მოტყუებისთვის საშინელ სცენას მოუწყობდა. ვარლამმა კი რიტას პირისპირ საუბარი შესთავაზა კლინიკის გარეთ. წყვილმა სათადარიგო გასასვლელით ისარგებლა, რომელიც მარტო კოვზირიძემ იცოდა და უკიდურეს შემთხვევაში უნდა ესარგებლა. კლინიკიდან გაპარვამდე სმირნოვამ ვარლამის ექთანს, სინამდვილეში კი „კაგებეს“ ოპერგოგონას, წყალში დასაძინებელი ჩაუყარა და გაანეიტრალა. რიტა და ვარლამი შეუმჩნევლად გავიდნენ კლინიკიდან. ორასიოდე მეტრი ფეხით გაიარეს და სწორედ ამ დროს წამოეწია მათ თეთრი ფერის „მოსკვიჩი“, რომელშიც ცოლ-ქმარი მოროზოვები ისხდნენ. ევგენი მოროზოვმა მანქანა შეაჩერა. იქიდან ალა მოროზოვა გადმოხტა, ვარლამს თავში კომბალი ჩაარტყა და გონება დააკარგვინა. ევგენიმ კი რიტა სმირნოვას მაყუჩიანი პისტოლეტიდან ორი ტყვია ესროლა მკერდში და იქვე დააგდო. გათიშული კოვზირიძე კი მანქანაში ჩააგდეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. საჭესთან მჯდომმა ევგენი მოროზოვმა ცოლს უთხრა:
– ორიოდე საათიც და ოქროს ზოდების სამარხის ადგილმდებარეობას აღვიდგენ. შემდეგ კი, ეს მძორი მოვიშოროთ და სულ მალე მევლუდ ასანიძე თურქეთში გაგვიყვანს.
***
გათიშული კოვზირიძე ცოლ-ქმარმა საბურთალოზე, ერთ-ერთ კერძო სახლში მიიყვანა, რომელიც უკიდურესი შემთხვევისთვის ჰქონდათ ნაქირავები და იქ იმალებოდნენ. ვარლამის თავის ტრავმა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ის აზრზე ვერ მოჰყავდათ და მასთან საუბერი ვერ ხერხდებოდა, რომ ევგენი მოროზოვს მეხსიერება აღდგენოდა...
სანამ ცოლ-ქმარი ვარლამის გამოფხიზლებას ცდილობდა, მაიორი ზურაბ გიგაური და სპეციალური ოპერჯგუფი თბილისში ჩამოფრინდა. მათ მოთვალთვალეთა ჯგუფის უფროსი შეწუხებული დახვდა და გიგაურს მოახსენა:
– კოვზირიძეს ინტენსიურად ვეძებთ უკვე ოთხი საათია. რიტა სმირნოვა კი, რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციაშია და ოპერაციას უკეთებენ. მას ორი ტყვია ესროლეს, მაგრამ გადარჩა.
– ძებნა გააძლიერეთ, – კბილებში გამოსცრა განრისხებულმა გიგაურმა, რომელსაც იმედი აღარ ჰქონდა, რომ ვარლამ კოვზირიძე ცოცხალი იყო და ოპერჯგუფთან ერთად, საავადმყოფოსკენ გაემართა რიტა სმირნოვას მოსანახულებლად.
საავადმყოფოში რომ მივიდნენ, ოპერაცია ორიოდე საათის დასრულებული იყო და ექიმმა ზურაბს უთხრა:
– ბედი ჰქონია ამ ქალს. ორი ტყია ესროლეს მკერდში და სერიოზულად არაფერი დაზიანებია. უბრალოდ, ბევრი სისხლი დაკარგა, თუმცა საშიში არაფერია და მალე გამოჯანმრთელდება. ახლა სძინავს.
– რომ გაიღვიძებს, შეიძლება, დაველაპარაკო?
– მაქსიმუმ ათი წუთი, – მიუგო ექიმმა ზურაბს.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ზურაბი უკვე სმირნოვას პალატაში იმყოფებოდა. ქალს ეღვიძა. ზურაბი რომ დაინახა, იცნო და მისუსტებული ხმით უთხრა:
– გამარჯობა, მაიორო.
– გაგიმარჯოს, რიტა. სულ ათი წუთი მაქვს სალაპარაკოდ და ერთი კითხვა მაქვს თქვენთან:
– გისმენთ, ზურაბ.
– შემთხვევით, ხომ არ იცით, იმ ხალხის ადგილსამყოფელი, ვინც ვარლამი გაიტაცა და თქვენი მოკვლა უნდოდათ?
– ვიცი. მე ორი დღე მათთან ვცხოვრობდი, – მიუგო რიტამ და დაწვრილებით აუწერა საბურთალოზე მდებარე კონსპირაციული სახლის ადგილმდებარეობა.
– გმადლობთ, რიტა. შეხვედრამდე. ყველაფერი კარგად იქნება, – უთხრა გიგაურმა სმირნოვას და ოპერჯგუფთან ერთად აღნიშნულ მისამართზე წავიდა.
***
ვარლამის გატაცებიდან ექვსი საათი იყო გასული და მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოროზოვები გულმოდგინედ ცდილობდნენ კოვზირიძის გონზე მოყვანას, მაგრამ უშედეგოდ. უცებ, ევგენი მოროზოვმა თავში ხელი შემოიკრა და ცოლს უთხრა:
– გამახსენდა.
– რა გაგახსენდა? –ჰკითხა ალამ.
– სამარხის ადგილმდებარეობა.
–  სადაა?
– მთაწმინდაზე. ნიაღვრის ქუჩაზე რომ დიდი საკანალიზაციო გვირაბია, იქ. ასიოდე მეტრს რომ გაივლი, ხელმარჯვნივ, კედელშია. კედელი კი საიმედოდ არა ამოქოლილი. ვისაც იქ შევატანინე ტვირთი, ხუთივე იქვე ჩავხოცე და მტკვარს გავატანე, – თქვა მოროზოვმა, გათიშულ ვარლამს დახედა და დააყოლა, – ეს, მგონი, აღარ გვჭირდება და შეგვიძლია, თავიდან მოვიშოროთ. მოდი, სარდაფში ჩავათრიოთ და დავმარხოთ.
ცოლ-ქმარმა ვარლამს ხელი ჩაავლო და გაათრია. ამ დროს, სახლში ზურაბი და მისი ოპერჯგუფი შემოვარდა. ცოლ-ქმარი გაკოჭეს. ზურაბმა კი მათ ჰკითხა:
– კოვზირიძე უკვე მოკალით?
– ვერ მოვასწარით, – ცინიკურად მიუგო მოროზოვმა, ცოლმა კი დაამატა:
– გათიშულია და მალევე ჩაძაღლდება.
– „ტვირთი ¹39“ სად გადამალე? – ჰკითხა ზურაბმა ევგენი მოროზოვს. მან ისევ ცინიკურად მიუგო:
– არ მახსოვს. დამავიწყდა. აი, ამ მძორის იმედი მქონდა, მაგრამ გონზე ვერ მოვიყვანეთ. ასე რომ, გამოემშვიდობეთ განძს.
– ტვირთი ¹39 მთაწმინდაზეა, ნიაღვრის ქუჩაზე რომ საკანალიზაციო გვირაბია, ასი მეტრის სიღრმეში, მარჯვენა კედელში – მოესმა ზურაბს, შეატრიალდა და იატაკზე დაწოლილი, გამოფხიზლებული ვარლამი დაინახა, რომელიც მას უღიმოდა.
გიგაურმა სასიმამრო წამოაყენა და გადაეხვია. შემდეგ თავის ხელქვეითებს, ცოლ-ქმარ მოროზოვებზე მიუთითა და უბრძანა:
– შევჩენკოს ქუჩაზე, კომიტეტის შენობაში წაიყვანეთ და უთხარით, მთაწმინდაზე ხალხი გამოუშვან, რომ „ტვირთი ¹39“ წამოვიღოთ.
(დასასრული)
скачать dle 11.3