კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 სტალინის პირადი განკარგულებით შეიქმნა სამთავრობო დაცვის სამმართველო, რომელსაც დღემდე „კრემლი 9“ ეწოდება

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინს, მავან მკვლევართა მტკიცების მიუხედავად, საკმაოდ მცირერიცხოვანი პირადი დაცვა ჰყავდა. თუმცა, კოლეგების უსაფრთხოების დაცვაზე პერსონალურად ზრუნავდა და პირად მცველებსაც მათ ბელადის განკარგულებით უნიშნავდნენ. პროფესორი კონდრატ გენერალოვი წერს: „რევოლუციონერი კობა (სტალინი), რომელიც „ოხრანკის“ (მეფის რუსეთის უშიშროების სამსახური) ნომერ პირველი სამიზნე იყო, თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში იატაკქვეშა, არალეგალური საქმიანობისას, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, ყოველთვის დაცვის გარეშე მოქმედებდა. ტროცკი, როგორც ლენინი ამბობდა, დაცვის ბატალიონის გარეშე ტუალეტშიც კი არ გადიოდა და ყველგან ტერორისტები ელანდებოდა. სტალინი კი, რომლის სიცოცხლეც ყოველთვის ბეწვზე ეკიდა – მას მართლა ყოველ ბნელ ჩიხში შეიძლება, „ოხრანკის“ მიერ მიგზავნილი მკვლელი დახვედროდა და სიცოცხლეს გამოესალმებინა, მომავალი საბჭოთა ბელადი, მხოლოდ საკუთარი თავისა და იმ ორი „მაუზერის“ იმედზე იყო, სულ თან რომ ატარებდა. სერგო ორჯონიკიძე იხსენებდა: „1905 წლის რევოლუციის შემდეგ ცარისტული რეპრესიები უკიდურესად გამძაფრდა და „ოხრანკა“ პირდაპირ ტერორზე გადავიდა. მათ მიერ მოგზავნილმა მკვლელებმა არაერთი ჩვენი ამხანაგი გაისტუმრეს საიქიოში. რა თქმა უნდა, გაძლიერდა ძებნილ კობაზე ნადირობაც და მისი თავი „ოხრანკამ“ ასი ათას ოქროს მანეთად შეაფასა. ილიჩმა (ლენინმა) რამდენჯერმე შესთავაზა კობას – პირად დაცვას გამოგიყოფო, მაგრამ სტალინი კატეგორიულ უარზე იყო. პასუხობდა: მარტო უფრო საიმედოა. თვითონ გავუმკლავდები მტერს, ხოლო როცა გვერდით ხალხი გყავს, თუნდაც პირადი მცველები, მათ სიცოცხლეზეც აგებ პასუხს. ამიტომ, გასაქცევი რომ იყოს, ვერ გაიქცევი და მათ ვერ მიატოვებ. მარტო კი რამეს მოვიფიქრებო. ერთი სიტყვით, კობა ჯიუტობდა და ლენინმა მასთან ვერაფერი გააწყო. იმავე 1905 წლის 19 დეკემბერს, ანუ კობას დაბადების დღემდე ორი დღით ადრე, ბათუმიდან თბილისში არალეგალური ლიტერატურა ჩამოვიდა, რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა. მე და კობამ ერთი დიდი ურემი აკრძალული ლიტერატურა დიმიტრი ქელეხსაშვილის ბინაში მივიტანეთ, მთაწმინდაზე. დავაბინავეთ და ფეხით დავეშვით გოლოვინის გამზირისკენ (რუსთაველის გამზირი), რომ ვორონცოვზე გავსულიყავით კობას კონსპირაციულ ბინაში. „ნამესტნიკის“ (მეფისნაცვალი) სასახლეს მარჯვენა, ზემო მხრიდან ავუქციეთ გვერდი. სოლოლაკში გადავედით და ვიწრო ჩიხებით ვაპირებდით სამშვიდობოზე გასვლას, რადგან ქალაქში კაზაკთა გაძლიერებული პატრული დადიოდა. მაჩაბლის ქუჩის კუთხეს რომ მივაღწიეთ, ჩაბნელებული სადარბაზოდან მოულოდნელად გამოხტა უცხო კაცი, რომელსაც (კარგად ვიცანი მისი გრძელი, ვერცხლისფერი ლულა) საიმპერატორო „ნაგანი“ ეკავა ხელში. მე ოდნავ წინ მივდიოდი და კობა უკან მომდევდა. დიდი თოვლი იდო, თან, მაგრად ყინავდა და ორივეს სქელი, მოკლე შინელი გვეცვა. უცნობმა მე არც კი მომაქცია ყურადღება და იარაღი კობაზე გადაიტანა (აშკარა იყო რომ მას უმიზნებდა), ამით კი დრო დაკარგა. კობამ დაასწრო და „მაუზერიდან“ პირველმა ესროლა, მარჯვენა მკლავში გაარტყა. გაისმა უცნობის გასროლაც და ტყვიამ კობას მარცხენა მკლავში გაჰკრა. ჩვენ გავიქეცით და მეორე დღეს გავიგეთ, რომ თავდამსხმელი გადარჩენილა. სულ მალე მე და კობა სტოკჰოლმში, ილიჩთან ჩავედით. ლენინმა თავისებურად შეახურა ჩვენი კობა და ბოლოს უთხრა:
– ხედავ, „ბაწინკა“ (ლენინი ხშირად ხმარობდა ამ სიტყვას, როდესაც ახლობლებს უბრაზდებოდა), რა მოხდა, პირადი დაცვის გარეშე რომ დადიხარ, კინაღამ სიცოცხლეს გამოგასალმესო.
კობამ კი ულვაშებში ჩაიცინა და ილიჩს მიუგო:
– სწორედ პირადმა დაცვამ მიხსნა, ვლადიმირ ილიჩ. თუ არ გჯერათ, სერგოს ჰკითხეთ.
ლენინმა გაოცებული მზერა მესროლა, რადგან სწორედ მე „დავაბეზღე“ მასთან კობა, რომ ზემოქმედება მოეხდინა მასზე. ჩამოვარდა უხერხული პაუზა, რომელიც თავად კობამ განმუხტა და ილიჩს უთხრა:
– ჩემი პირადი მცველი ჩემი „მაუზერია“. მხოლოდ საჭიროა, მას კარგად ფლობდეო.
კობა მართლაც უზადოდ ისროდა მიზანში და ორმოცი ნაბიჯიდან შაურიანს (ხუთკაპიკიანს) არტყამდა“.
სტალინზე, გენმდივნობამდე და გენმდივნობის დროსაც არაერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა, უფრო მეტი დაიგეგმა, მაგრამ დანარჩენი „ჩეკამ“ გახსნა და აღკვეთა. თუმცა, იოსებ ბესარიონოვიჩი მაინც ჯიუტად აცხადებდა უარს პირადი დაცვის გაძლიერებაზე და ყველა „აბეზარს“ ამ ფრაზით იშორებდა თავიდან – ბედისწერას ვერ გაექცევიო... სულ სხვა რეალობა ჩამოყალიბდა 1934 წლის 1 დეკემბრის შემდეგ. იმ დღეს ლენინგრადის  „სმოლნში“ ლეონიდ ნიკოლაევმა ყოველგვარი დაცვის გარეშე მყოფ კიროვს კეფაში ესროლა და მოკლა. სტალინი კიროვს „ძმას“ უწოდებდა, მისი უახლოესი ადამიანი იყო და უკიდურესად გაამწარა ამ ტრაგედიამ. საბჭოთა ბელადმა პირადად გამოიძია კიროვის მკვლელობის საქმე და ლენინგრადში რამდენიმე საათში ჩავიდა. სადგურზე მას და მოლოტოვს ჩეკისტთა მთელი კბილებამდე შეიარაღებული ბატალიონი დახვდა. მოლოტოვი იხსენებდა: „სწრაფი მატარებლით გავემგზავრეთ ლენინგრადში. სტალინს მთელი გზა ცრემლი არ შეშრობია თვალზე. ძალიან განიცდიდა „ძმის“ დაღუპვას. სადგურზე რომ გავედით, იქაურობა ჩეკისტთა კბილებამდე შეიარაღებული რაზმით იყო გარშემორტყმული და ყველაფერს საიმედოდ იცავდნენ. კობამ ლენინგრადის ოლქის „ჩეკას“ უფროსი კომისარი, გვარად მედვედი, ხელით მიიხმო. შემდეგ შეიარაღებულ ჩეკისტებს მოავლო მზერა, მედვედს ძლიერი სილა შემოჰკრა სახეში და ზიზღნარევი მრისხანებით დააყოლა: „ასე მირონიჩი (კიროვი) დაგეცვათ. მაშინ ხომ არ დაიღუპებოდა და ჩემი ძმა გვერდით ცოცხალი მეყოლებოდა“.
იაგოდა ოდნავ უკან იდგა და მიტკალივით გაფითრდა შიშისგან...“
კიროვის დაკრძალვის შემდეგ, სტალინის სპეციალური განკარგულებით, შეიქმნა სამთავრობო წევრების დაცვის სამმართველო, რომელიც მოგვიანებით მეცხრე განყოფილებად გადაკეთდა და დღემდე „კრემლი 9-ის“ სახელწოდებით ფუნქციონირებს. მისი პირველი ხელმძღვანელი კარლ პაუკერი გახდა, გამოეყო სოლიდური ბიუჯეტი პირადი მცველების მოსამზადებლად, ასე დაინერგა კარგად ორგანიზებული პირად მცველთა სისტემა. სავალდებულო გახდა, რომ პოლიტბიუროს ყველა წევრს პირადი, ძლიერი დაცვა ჰყოლოდა და თითოეულს სტალინი თავად ურჩევდა მათ. ოდნავ გაფართოვდა (რაოდენობრივად) სტალინის დაცვაც. თუმცა, საბჭოთა ბელადი მაინც მეტ სივრცეს ანიჭებდა უპირატესობას და მიაჩნდა, რომ პირადი მცველები მის თავისუფლებას ზღუდავდნენ.“
скачать dle 11.3