კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

№39 რატომ უხდის ფულს საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა სახელწოდებაც კი არ იცის და რატომ არ აქვს ქვეყანას რესურსი ჰყავდეს სამ პარტიაზე მეტი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია გაიფურჩქნოს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გადაწყვეტილება კარგა ხანია, მივიღეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციით. მექანიზმი მარტივია, მინიმალური საბიუჯეტო დაფინანსება ხვდება იმ პარტიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ხმების სამ პროცენტს მაინც დააგროვებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი, სამპროცენტიან ბარიერს გადალახავს (საბაზისო თანხა 300 000 ლარია). დაემატება თანხა, თუკი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს გადალახავს და ხმების 6 ან მეტ პროცენტს დააგროვებს (ეს დამატებით, კიდევ 300 000 ლარია); მათ თანხა, ასევე, დაგროვებული ხმების პირდაპირპროპორციულადაც ემატებათ (რაც მეტი ადგილი, მით მეტი –  ფული) და თუკი პარტიულ სიაში ქალებიც მრავლად ეყოლებათ (სულ ცოტა, მესამედი). ხოლო, თუ ფრაქციასაც შექმნიან, კიდევ ერთი 300 000 ლარიც აქვთ გარანტირებული.
მეტიც, საარჩევნო კოდექსით, პარტიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ან მეტს დააგროვებს, საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯის დასაფარავად 1 000 000-მდე ლარი გამოეყოფა (ასეთი პარტია სამია: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“).
ისე მოხდა, რომ დღეს უკვე ოცი პოლიტიკური პარტია იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, თუმცა მათგან, საერთო ჯამში, მხოლოდ ოთხია წარმოდგენილი უმაღლეს საკანონმდებლო და ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში. ეს უხერხულობაც მარტივად იხსნება: რაკი დაფინანსებას იღებს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ასეთი სუბიექტი კი შესაძლოა, იყოს პოლიტიკური ბლოკიც, სავსებით რეალურია, რომ ამ ბლოკის მიერ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, რადგან ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მასში გაერთიანებული პარტიები საკანონმდებლო ორგანოში ვერ ხვდებიან, ოღონდ საბიუჯეტო დაფინანსება მათზეც ნაწილდება. შესაბამისად, ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომელთა დასახელებაც კი არ იცის ამომრჩეველმა, მაგრამ ისინი სწორედ ამომრჩევლის ფულით ფინანსდებიან. ასეთი მიდგომის არსიც მარტივია: დაფინანსების მიზანია, რომ პარტიებმა პოლიტიკური ცხოვრება აწარმოონ და ხელი შეუწყონ პლურალიზმსა და დემოკრატიას. თუმცა ამის ნაცვლად, როგორც რეალობა მოწმობს, პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმეტესობა, ძირითადად, სწორედ საბიუჯეტო დაფინანსებას დაეძებს, საკუთარ ოპოზიციონერობას კი, თუ გაუმართლა, ტელევიზიით ოპონენტების ლანძღვით ამართლებს.
მეორე მხრივ, პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, ცენტრალური საარჩევნო კომისიაც არსებობს ფრიად მსუყე დაფინანსებით და დამატებითაც ფინანსდება თითოეული არჩევნებისთვის (არჩევნები კი ჩვენთან ლამის ყოველ წელს იმართება).
ეტყობა თუ არა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას, რომ მასში ამდენი თანხა იხარჯება და ღირან თუ არა პოლიტიკოსები მათში გადახდილ ფულად, –  ამ ფრიად საჭირბოროტო თემას პოლიტიკურ ანალიტიკოს, ვალერიან გორგილაძესთან ერთად განვიხილავთ.

–  არის თუ არა ადეკვატური ის ფული, რასაც ჩვენ ვიხდით პოლიტიკური ელიტის არსებობაში, ანუ ჩვენი პოლიტიკური გარემო ტოვებს კარგად გამოკვებილის შთაბეჭდილებას?
– თუ ჩვენ, მოქალაქეები, არ ვართ კმაყოფილები პოლიტიკოსების ხარისხით, მიგვაჩნია, რომ ეს არაადეკვატური დანახარჯია. თუმცა პოლიტიკოსებით უკმაყოფილება უნივერსალური მოვლენაა, რადგან არ მეგულება ქვეყანა, რომელშიც მოსახლეობა ეჭვის თვალით არ უყურებდეს პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატიის შენახვას. მე ასე დავსვამდი საკითხს: პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური სისტემა, ჩემი აზრით, საჭიროებს დაფინანსებას, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს მდგრადი პოლიტიკური პარტიული სისტემის არსებობას.
– გეთანხმებით, მაგრამ საქმეც ისაა, პოლიტიკოსები რისთვის იყენებენ ამ ფულს? მათ იპოვეს გამოსავალი, ერთიანდებიან ბლოკებში და, თუმცა სახეზეც კი ვერავინ ცნობს, პარლამენტშიც ხვდებიან ან ვერ ხვდებიან და იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას.
– სწორედ ამას ვლაპარაკობ. ეს არის მანკიერი სისტემა და პოლიტიკური პარტიისა და სისტემის მდგრადობას კი  არ უწყობს ხელს, არამედ პირდაპირი კორუფციაა. არსებობენ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ჰყავთ, ფაქტობრივად, ერთი სპიკერი, რომლებსაც ჩვენ, ყველა, ვიცნობთ, ისინი ხშირად ჩნდებიან ტელევიზიით, სამართლიანად თუ უსამართლოდ აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ხელისუფლებაც იმისთვის, რომ ოპოზიცია გახადოს ლოიალური, რა თქმა უნდა, ურჩევნია, გადაუყაროს მათ რამდენიმე ასეულათასობით ლარი წელიწადში. ეს გაურკვეველი პარტიებიც, რომლებიც, რატომღაც, სარგებლობენ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით და რომელთა რეიტინგი ხშირად არც აღემატება 0,3 პროცენტს, იღებენ ამ დაფინანსებას, მთელ რიგ პრეფერენციებს, მაგრამ ვერასდროს ხვდებიან პარლამენტში. მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებობს 20 პოლიტიკური პარტია, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ ფულს და იქაცაა დიფერენციაცია: ზოგს ჰყავს თავისი წევრები საარჩევნო კომისიაში, ზოგს –  დამკვირვებლები საარჩევნო უბნებში, ზოგს კი უფასო საეთერო დრო აქვს. რეალურად, გამოდის, რომ ოპოზიციურ პარტიებს არანაირი გავლენა არ აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამის დასტურია კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობა, როდესაც ვნახეთ, რომ ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი ძალა  აღმოჩნდა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, იმავე მმართველი პარტიის მაჟორიტარები, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ხელისუფლებასთან პოლემიკაში სახელისუფლო პარტიის მაჟორიტარები უფრო წონიანები და გავლენიანები აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: მაშინ რად გვინდა ეს პოლიტიკური პარტიები?!
გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა: კვალიფიციური, კომპეტენტური რესურსის უკმარისობა. მხოლოდ გამონაკლისი სფეროებია, სადაც არ გვაქვს ეს დეფიციტი, მაგალითად, საოპერო ხელოვნება, ქალთა ჭადრაკი… დანარჩენ დარგებში ჩვენ გვაქვს პრობლემები და მათ შორის, პრობლემაა დილეტანტი პოლიტიკური ელიტა. ჩვენ ვერ ვხედავთ ახალ ლიდერებს, ვერ ვხედავთ ნიჭიერ პოლიტიკოსებს, ვერ ვხედავთ გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფებს.
– და, საერთოდ, ჩვენ ვიცით, რა არის პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოღვაწის სტანდარტი?
– რეტროსპექტულად შეიძლება, გავიხსენოთ ედუარდ შევარდნაძე.
– რომელიც იყო საბჭოთა პოლიტიკოსი, თავისი არსით.
– კი ბატონო, ზურაბ ჟვანია, მიუხედავად მისდამი დამოკიდებულებისა… ასევე, როგორი დამოკიდებულებაც უნდა გვქონდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მას შეუძლია პოლიტიკური პროცესის შექმნა. რამდენ პოლიტიკოსს დამისახელებთ საქართველოში, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური პროცესის შექმნა და მართვა?! ანუ ჩვენ გვაქვს მულტიპარტიული სისტემის შექმნის პრობლემა: საქართველოში ვერ იქნება ვერც რვა და ვერც ხუთი პარტია იმ რესურსით, რაც გააჩნია ქვეყანას. მაქსიმუმ, ეს არის სამი პოლიტიკური სუბიექტი.
– მაინც დავაკონკრეტებ, ვლაპარაკობთ ადამიანურ რესურსზე.
– რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახეთ, რომ, როგორც კი „ოცნებამ“ ჩაანაცვლა „ნაცმოძრაობა“, პირველი პრობლემა იყო ის, თუ რით უნდა ჩაენაცვლებინა ის ბიუროკრატია, რომელიც შექმნა „ნაცმოძრაობამ“ და ჩვენ ვნახეთ, რომ „ოცნებას“ მოუწია მინისტრების მოადგილეების, დეპარტამენტის ხელმძღვანელების დატოვება. ამან გამოიწვია ბევრი მითქმა-მოთქმა, ეს არის კოლაბორაციონიზმი, შეთანხმება, რომ ეს გამოიწვევდა საბოტაჟს, მაგრამ რეალურად „ოცნებას“ გამოსავალი არ ჰქონდა. უნდა ვიცოდეთ, რომ ბიუროკრატიას უნდა ჰქონდეს ინსტიტუციური მეხსიერება, იმისდა მიუხედავად, ვინ მოვა ხელისუფლებაში მეოთხე-მეხუთე კლასის მოხელე უნდა აკეთებდეს თავის საქმეს. სააკაშვილის დროს პრობლემა ის იყო, რომ ბიუროკრატია გადაწყვეტილებებს არ იღებდა და ემორჩილებოდა ბრძანებებს, დღეს კი უფრო ჰიპერტროფირებულია ვითარება, იმიტომ რომ, ბრძანების უშუალო გამცემი არ არის. ამდენად, ბიუროკრატიული რესურსი აუცილებელია პოლიტიკური პარტისთვის, რადგან, თუ ხელისუფლებაში მოდის, მინისტრთა კაბინეტი ხომ უნდა შექმნას? მოადგილეები ხომ უნდა დანიშნოს და დეპარტამენტების ხელმძღვანელები?! საქართველოში, ფაქტობრივად, არ შეგვიძლია, დავასახელოთ პარტია, რომელსაც ეს რესურსი გააჩნია, გარდა სახელისუფლო პარტიისა და კიდევ ერთი პარტიისა. იმასაც ვხედავთ, თუ რა ტანჯვა-წამებასთანაა დაკავშირებული ეფექტიანი ბიუროკრატიის მშენებლობა. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოში ვერ იქნება მულტიპარტიული დემოკრატია, თუ სამპარტიულ სისტემას არ ჩავთვლით მულტიპარტიულ სისტემად. ვინაიდან წარმოუდგენელია, ოთხ და ხუთ პარტიას ჰქონდეს თავისი კომპეტენტური ბიუროკრატიის რესურსი, რომელიც ჩართული იქნება მართვაში, თუ პარტია მოვა ხელისუფლებაში.
– აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ მცირერიცხოვანი პარტიების დაპირებები, მით უფრო, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატებისა, ჰაერია?
– გეთანხმებით, დამოუკიდებელი კანდიდატი საერთოდ ვერაფერს გააკეთებს –  დაპაუზება და ქალაქის გაჩერება მაშინ ნახეთ, თუ ასეთი კანდიდატი გახდება მერი (თუმცა მას ამის შანსი არ აქვს). როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ არ სჭირდება პარტიების მხარდაჭერა, მივა მერიაში და მართავს, მე მაკვირვებს მისი ამბიციის ხარისხი, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს.
– ფაქტია, რომ პარტიები იღებენ თანხას, რაც სავსებით საკმარისია, რომ პოლიტიკურად დაიხვეწონ და გაიზარდონ. რატომ არ მუშაობენ თავიანთ თავზე. რაც მეტად კვალიფიციურები იქნებიან, ხომ მით მეტად გაიზრდება მათი ფასი და უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებენ, თუნდაც, ბიუჯეტიდან?
– ეს მაშინ, როდესაც საკუთარი პოლიტიკური პარტიის განვითარება გინდა და ხელისუფლებაში მოსვლა. ამ პარტიების 99 პროცენტი პოლიტიკას უყურებს, როგორც ბიზნესს. დაფინანსებას ისინი ხარჯავენ თავიანთი მერკანტილური მიზნებისთვის და პირადი პრობლემების გადასაჭრელად. პარტიაში აფორმებენ ნათესავებს, მეგობრებს და ხშირად ფორმალურადაც კი.  მათ არ აინტერესებთ, დააბანდონ ეს თანხა, შექმნან პოზიტიური პლატფორმა, კონკურენცია გასწიონ. მათი ინტერესია, ფული შეჭამონ და შემდეგ იყვირონ, რომ გაუყალბეს არჩევნები. არადა, რეალურად, არჩევნების შედეგები ხშირად ემთხვევა ყველანაირ გამოკითხვას. ქვეყნის მასშტაბით ვერ დააგროვებ 6 000 ხმასაც კი, მაგრამ მერე ამბობ, რომ გაგიყალბეს არჩევნები. ამდენად, ჩემი აზრით, დაფინასება უნდა  იყოს და პარტიების ნაწილი ამას მართლაც საჭიროებს, მაგრამ დაფინანსება უნდა გაიცემოდეს პარტიის რეიტინგის მიხედვით და ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნები. წარმოუდგენელია, დაფინანსება მიიღოს პარტიამ, რომელიც შედის ბლოკში და არ აქვს არანაირი რეიტინგი. მეორე მხრივ, რატომაა საჭირო ეს დაფინანსება? არჩევნებში, და ყოველ წელსაა არჩევნები, ჩართულია უამრავი ადამიანი, ასობით ათასი, ძირითადი პარტიები იყენებენ კარდაკარს, კოორდნატორებს, აქტივისტებს, მოხალისეებს, კანდიდატები ქმნიან შტაბებს, ფული იხარჯება მედიაში, მარკეტინგში, რეკლამაში, ანუ ბევრი ადამიანი შოულობს ფულს. ასე რომ, ესეც უნდა აქციო ინდუსტრიად. ვგულისხმობ პოლიტიკურ  ინდუსტრიას. მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს სამ-ოთხ სუბიექტს, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილები პარლამენტში. დანარჩენ პარტიებს უბრალოდ არაფერი ესაქმებათ დაფინანსებასთან და არც უნდა სარგებლობდნენ პოლიტიკური პარტიის სტატუსით, რადგან ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ კლუბებს ან ეკონომიკური ინტერესის მქონე სუბიექტებს.
– თუკი ადრე იყო ტენდენცია, პოლიტიკაში ცალ-ცალი კალოშით მოსვლის და იქიდან რეზინის ჩექმებით წასვლის, ახლა უკვე თვალში საცემია, რომ მდიდრები განსაკუთრებით მიეძალნენ პოლიტიკას. რა არის მათი მოტივაცია –  დაიცვან თავიანთი ფული და ქონება; იშოვონ უფრო მეტი ფული, დაიკმაყოფილონ ამბიცია და დაირქვან პოლიტიკოსი? ისინი რომ კანონების წამკითხველ-შემქმნელები არ არიან, გილიოტინაზე დავდებ თავს.
– ვებერის კლასიფიკაციით, ორი ტიპის პოლიტიკოსია. ერთია პოლიტიკა პოლიტიკისთვის და მეორე –  პოლიტიკა საკუთარი ინტერესისთვის. ამდენად, ასეთი დაყოფა ყველგანაა და სულაც არ არის ნეგატიური მოვლენა, თუ პოლიტიკა ადამიანს უნდა საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ძირითადად, ის მიზეზებია, რაც ჩამოთვალეთ: საკუთარი კაპიტალის დაცვა-გაძლიერება; სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის ლობისტების პარლამენტში შეშვების პრაქტიკა და, მაგალითად, „მრეწველები“ თავად იცავდნენ და იცავენ თავიანთ ინტერესებს პარლამენტში. ამას გარდა, ლტოლვა ძალაუფლებისკენ; სოციალური სტატუსი –  ესაა ძირითადი მოტივები, რაც ამოძრავებთ პიროვნებებს, როდესაც მიდიან პოლიტიკაში.
скачать dle 11.3