კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რა დანაშაულისთვის დასაჯეს სიკვდილით 37 წლის ქართველი მხატვარი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სერიული ქურდობა
1969 წლის მაის-ივლისში საბჭოთა კავშირის ოთხ ქალაქში ცნობილი ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის ხუთი ნამუშევარი მოიპარეს. ოთხი ტილო მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის ცნობილი მუზეუმებიდან წაიღეს. ერთი ნამუშევარი კი თბილისელი კოლექციონერის, ბადრი კვესელავას ბინიდან იყო. აშკარად ჩანდა, რომ ვიღაცა გენიალური მუნკის ტილოებზე ნადირობდა და დანაშაულს სერიულის კვალიფიკაცია მიანიჭეს. მუნკი საბჭოთა კავშირში, დამარცხებული გერმანიიდან მოხვდა, ხოლო გერმანიაში – მუნკის კოლექცია რაიხსმარშალმა გერინგმა ჩაიტანა. ნორვეგიის ოკუპაციის შემდეგ, ხელოვნების დიდი ტრფიალი გერინგი პირადად ჩავიდა ოსლოში და ჯერ კიდევ ცოცხალ მუნკს (მხატვარი 1944 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა) მთელი მისი კოლექცია, ფაქტობრივად, წაართვა. სულ რაღაც 50 ათასი მარკა მიუგდო და შეუფასებელი შედევრები საკუთარ მაუგლში გადაიტანა. მოგვიანებით, საბჭოთა სამხედრო გენერლებმა გერინგის მამულიდან დიდი სიმდიდრე გამოზიდეს საბჭოეთში, რომელთა შორის მუნკიც იყო. მართალია, 1946 წელს საბჭოთა მთავრობამ მუნკი ნორვეგიას დაუბრუნა, მაგრამ ხუთი სურათი კოლექციონერ ბადრი კვესელავასთან აღმოჩნდა. მან ეს ტილოები ერთი საბჭოთა გენერლისგან შეიძინა ფარულად, 1945 წლის ნოემბერში. 1959 წელს კვესელავამ ოთხი სურათი მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის მუზეუმებს მიჰყიდა. ერთი კი თავისთვის დაიტოვა.
მუნკის ტილოების ქურდობის საქმეებს, თავდაპირველად, მილიცია იძიებდა – შესაბამისად, მოსკოვში, ლენინგრადში, კიევსა და თბილისში. მოგვიანებით კი, ეს საქმე ლუბიანკაზე („კაგებეს“ შტაბ-ბინა) გადავიდა და მისი გამოძიება ვანო გოცირიძეს დაავალეს, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ სფეროში.

მუნკის კვალდაკვალ
პოლკოვნიკ ვანო გოცირიძის მიერ სწორად წარმართულმა გამოძიებამ მალევე გამოიღო შედეგი. 87 წლის ბადრი კვესელავას დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ 1959 წელს, მუზეუმებისთვის მუნკის ტილოების მიყიდვაში მას შუამდგომლობა გაუწია მოსკოველმა ხელოვნებათმცოდნემ ავრაამ ნორკინმა. 59 წლის ნორკინი ცოცხალი იყო და საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროში მუშაობდა, უცხოეთთან ურთიერთობების განყოფილებაში. ის საუკეთესო სპეციალისტი გახლდათ და ხშირად მოგზაურობდა უცხოეთში. გოცირიძე ვარაუდობდა, რომ ნორკინი ქურდობებში იყო გარეული და სწორედ მან გასცა ინფორმაცია მუნკის სურათებზე. ამიტომ, ის ლუბიანკაზე დაიბარა და დაკითხა. ნორკინი, თავდაპირველად, ყველაფერს უარყოფდა და გოცირიძეს ირონიით უთხრა:
– პოლკოვნიკო, მუნკის სურათებს მილიონობით მნახველი ჰყავს და მათგან  ნებისმიერს შეეძლო, ეთქვა ქურდისთვის, თუ სად, რომელ მუზეუმებშია დაცული ეს შეუდარებელი ტილოები.
– სამაგიეროდ, ერთი მუნკი რომ კოლექციონერ ბადრი კვესელავას ბინაში იყო თბილისში, მხოლოდ თქვენ იცოდით და თავად კვესელავამ, რომელიც არავის უმხელდა ამას, – მიახალა გოცირიძემ ნორკინს.
ხელოვნებათმცოდნე მიხვდა, რომ გაება. გოცირიძესთან დანაშაული აღიარა და თავის ჩვენებაში დაწერა: „ედვარდ მუნკის ტილოების მოძიება ჩემმა ძველმა ნაცნობმა, გერმანელმა როლფ შმუტცმა მთხოვა, რომელიც დრეზდენის გალერეის თანამშრომელია. ჩვენ ერთმანეთს გასული წლის დეკემბერში შევხვდით დრეზდენში. შმუტცი, ათი ათას მანეთს შემპირდა ზუსტი ინფორმაციისთვის და მითხრა, რომ ფულს მოსკოველი ანტონ კოროლენკო გადამიხდიდა და ეს ინფორმაციაც კოროლენკოსთვის უნდა გადამეცა. მართლაც, მე ეს ფული (10 ათასი მანეთი) ორ კვირაში მივიღე მისგან, თან გამაფრთხილა, რომ არავისთან არაფერი მეთქვა“.
ნორკინმა კვესელავას ბინის სავარაუდო ქურდის აღწერილობაც მისცა გოცირიძეს და უთხრა: „ორმოციოდე წლის საშუალო, „ჩადგმული“ მამკაცია. ნიკაპზე იარა აქვს და მეტყველებისას ასო „ღ“-ს ამბობს „რ“-ს მაგივრად. ალბათ, ქართველია. ბადრი კვესელავას ბინის ოთახების განლაგება ზუსტად ავუხსენი და მოსაპარი ტილოც ავუწერე“. ქურდი „კაგებემ“ მეორე დღესვე აიყვანა თბილისში, რომელიც რეციდივისტი კაკო კოტუა, მეტსახელად „მუხა“ (ბუზი) აღმოჩნდა. მან აღიარა კვესელავას ბინის ქურდობა და თქვა, რომ მოპარული სურათის სანაცვლოდ, კოროლენკოსგან თხუთმეტი ათასი მანეთი მიიღო. დააპატიმრეს მუზეუმების ქურდების  ტანდემიც: და-ძმა, ანტონ და ვერა ნაუმოვები. მათ აღიარეს, რომ ოთხივე სურათი კოროლენკოს ჩააბარეს და მისგან ორმოცდაათი ათასი მანეთი მიიღეს. ჯერი ანტონ კოროლენკოზე იყო და ჩეკისტები მის კვალს დაადგნენ. გოცირიძე დარწმუნებული იყო, რომ ის მუნკის ტილოებამდე მიიყვანდა.

ოპერაცია „მუნკი“
მოსკოველი, 42 წლის ანტონ კოროლენკო „ვნეშტორგის“ (საბჭოთა საგარეო ვაჭრობის ორგანიზაცია) წარმომადგენელი გახლდათ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ის ცოლთან გაცილებული იყო და მარტო ცხოვრობდა კალინინის გამზირზე, მოსკოვის ცენტრში. სამსახურსა და სამეზობლოში დადებითად ხასიათდებოდა და ვერც „კაგებეს“ დოსიეში მიაგნო ვანო გოცირიძემ მასზე კომპრომატს. თუმცა, აშკარა იყო, რომ კოროლენკო შავ-ბნელ საქმეებს ჩარხავდა. როდესაც კოროლენკო მოიკითხეს, აღმოჩნდა, რომ ის ექვსი დღის განმავლობაში არც სახლში გამოჩენილა და არც სამსახურში. გოცირიძე და მისი ხელქვეითები კოროლენკოს ცარიელ ბინაში შევიდნენ და ყველაფერი საგულდაგულოდ გადაჩხრიკეს, თუმცა ვერაფერს მიაგნეს. რა თქმა უნდა, არც მუნკის სურათების კვალი ჩანდა. გამორიცხული იყო, რომ კოროლენკოს რამე ეყნოსა და მიმალულიყო. „კაგებემ“ ისე ელვისებურად და საიდუმლოდ ჩაატარა ყველაფერი რომ ინფორმაციის გაჟონვა გამორიცხული იყო. „აქ რაღაც სხვა ამბავია, მაგრამ, რა?...“ – ამბობდა გოცირიძე და იმ ჩიხიდან გამოსავალს ეძებდა, რომელშიც კოროლენკოს გაუჩინარებამ შეიყვანა... კოროლენკოს გაუჩინარების მეთოთხმეტე დღეს თბილისში, ორთაჭალჰესთან, სწორედ ანტონ კოროლენკოს ცხედარი გამოიტანა მდინარემ. ორგანიზმში აღმოჩნდა სპირტიანი სასმელის დიდი დოზა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ სიკვდილის წინ, მან ალკოჰოლი მიიღო. გოცირიძე დანაშაულის სურათიდან გამომდინარე, ფიქრობდა, რომ კოროლენკო თბილისში იმ ადამიანთან იყო, ვინც მას უცხოეთში სურათების გატანაში დაეხმარებოდა, მაგრამ, სად და როგორ, წარმოდგენა არ ჰქონდა. თავად კოროლენკო სურათებს ვერ გაიტანდა. ერთადერთი ვარიანტი იყო – დიპლომატიური ბარგი, მაგრამ საგულდაგულო შემოწმებამ ესეც გამორიცხა. აშკარა კი ის გახლდათ, რომ ვინც კოროლენკო მოკლა, სურათებსაც ის დაეუფლა, მაგრამ რა მიზნით, უცნობი იყო.
„ერთადერთი ხელჩასაჭიდი ამ საქმეში დრეზდენის მუზეუმის თანამშრომელი, როლფ შმუტცია. კოროლენკო მას იცნობდა და არაა გამორიცხული, რომ მოპარული მუნკის ტილოები მისთვის უნდა ჩაეტანა“, – ამბობდა ვანო გოცირიძე. ქართველი პოლკოვნიკის დაჟინებული თხოვნით, საბჭოთა კონტრდაზვერვა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კონტრდაზვერვას დაუკავშირდა და როლფ შმუტცის დამუშავება სთხოვეს. „შტაზიმ“ (გერმანიის უშიშროების სამსახური) შმუტცი „შეაჯანჯღარა“ და მან აღიარა, რომ 1969 წლის 11 ნოემბერს, დრეზდენის ცენტრალურ პარკში უნდა შეხვდეს კოროლენკოს და მისგან მუნკის ხუთი სურათი მიიღოს, სანაცვლოდ კი – ერთი მილიონი დოლარი გადაუხადოს, რომელსაც ამერიკელი კოლექციონერი აძლევს მას. შმუტცს კი ამერიკელისგან 5 მილიონი უნდა მიეღო, მუნკის ტილოების სანაცვლოდ.
საბჭოთა და დემოკრატიული გერმანიის კონტრდაზვერვამ 1969 წლის 11 ნოემბერს, ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს სახელწოდებით „მუნკი“ და დრეზდენში, 37 წლის ქართველი მხატვარი, ამირან ტრანკაძე დააკავეს, რომელსაც მუნკის ხუთივე მოპარული სურათი აღმოაჩნდა, ისინი 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შმუტცისთვის უნდა გადაეცა.
ტრანკაძემ აღიარა კოროლენკოს მკვლელობა ანგარების მიზნით და ისიც, რომ, აღებული მილიონებით ამერიკაში გაქცევას აპირებდა. თავის ჩვენებაში ტრანკაძე წერდა: „კოროლენკომ თბილისში მოპარული მუნკის ტილოები ჩამომიტანა. მათზე მე აკვარელით ლენინის პორტრეტები და რევოლუციური ბატალიები დავხატე და ამგვარად ჩამოვიტანე გერმანიაში...“
აკვარელი ადვილად ირეცხება და ეგრეთ წოდებული, „ლენინიადას“ საერთაშორისო გამოფენაზე ჩამოსულმა ქართველმა მხატვარმა, ამგვარად გაიტანა საზღვარზე მუნკის შედევრები. ტრანკაძე სიკვდილით დასაჯეს. მუნკის შედევრები კი საბჭოეთში დააბრუნეს და კვესელავაც აიძულეს, მეხუთე მუნკი ჩალის ფასად მიეყიდა ერმიტაჟისთვის.
скачать dle 11.3