კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორი დედამთილი იყო მაკა ასათიანი შვილის ჯვრისწერაზე და როგორ ქორწილსა და ცოლზე ოცნებობს ბახვა ბრეგვაძე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 „რუსთავი 2-ის“ ბევრი პროექტი და წამყვანი სახე ტელეკომპანია „იმედში“ გადავიდა. მათ შორისაა „ნიჭიერისა“ და „X ფაქტორის“ შემოქმედებითი ჯგუფი, რომლის ნაწილი ბახვა ბრეგვაძეცაა. ბახვა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონზე არ გამოჩენილა. საინტერესოა, რომელ არხზე ვიხილავთ მსახიობს ამჯერად.
– ბახვა, უპირველესად, მითხარი, ზაფხული როგორ გაატარე?
– ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ზაფხული გამომივიდა. არის ასეთი კომპანია „სწავლა უცხოეთში“, რომელიც დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემი, როგორც ცნობილი ადამიანის, ამსტერდამში სასწავლებლად გაშვება უნდოდათ უსასყიდლოდ. მეგონა, წასვლა არ გამომივიდოდა, მაგრამ იმ დროს ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბავშვისთვის გლანდების ოპერაციის გასაკეთებლად, ამსტერდამში მიდიოდნენ, სადაც სახლი აქვთ და შემეძლო, მათთან მეცხოვრა. ამას დაემატა ის, რომ დაბადების დღეზე ჩემმა მეგობარმა, თამუნა თანდაშვილმა, ბილეთები მაჩუქა და მოკლედ, ყველა პირობა მქონდა წასასვლელად (იცინის). ძალიან მაგარ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ რადგან მოკლევადიანი კურსი იყო, დღეში რვა საათი გვქონდა ლექციები და გართობას შაბათ-კვირასაც ძლივს ვახერხებდი (იცინის). ძალიან საინტერესო გარემოში ვსწავლობდი. შევხვდით ჰოლანდიელ ბიზნესმენებს. ახალი ბიზნესის დაწყების მიმართულებით ვსწავლობდი და ახალი ბიზნესის დაწყების იდეაც გამიჩნდა, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი (იცინის). იქიდან პარიზში წავედი და ორი კვირა ვიყავი მეგობრებთან ერთად.
– პარიზული არდადეგები როგორი იყო?
– ფანტასტიკური დრო ვატარე. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ჩემს სახლთან ახლოს, კაფეში, ყოველ საღამოს ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს ვხვდებოდი და ვეცნობოდი. ძალიან მაგარი ფრანგი მსახიობი – ლუი გარელი გავიცანი. ნამდვილი მეგავარსკვლავია. მეორე დღესაც შევხვდი და ვისაუბრეთ. ვარსკვლავები ერთმანეთს ვიზიდავთ (იცინის). ოთხჯერ თუ ხუთჯერ შემხვდა ამერიკელი ვინსენტ გალო, რომელიც ბავშვობიდან ჩემი საყვარელი მსახიობია. რომ ვნახე, გადავირიე, ისე გამიხარდა. ბოლოს უკვე ვესალმებოდით ერთმანეთს და კოცნით ვემშვიდობებოდით კარგი ნაცნობებივით (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ მეგავარსკვლავებზე ვლაპარაკობ, მათთან შეხვედრისას მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, რომ ემოციები მომეთოკა და როგორც კოლეგას, ისე მესაუბრა მათთან (იცინის). კი ვიფიქრე, ხომ არ დავრჩე აქ, ეგებ გავერიო ამ ხალხში-მეთქი, მაგრამ საქართველოს გარეშე არ შემიძლია (იცინის).
– ბოლო დღეებში რამდენიმე ქორწილშიც იყავი, მათ შორის, მაკა ასათიანის შვილის ულამაზეს ქორწილში.
– ნანიკო კლდიაშვილისა და კახი ჟორდანიას ქორწილი ულამაზესი იყო. თავი ზღაპარში გეგონებოდათ. კახი ძალიან სიმპათიური და კარგი ბიჭია, მაკა ასათიანის რძალი რომ ხდები, ხომ გარეგნულ კრიტერიუმსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდე (იცინის). ჩემი აზრით, ნანიკო საოცრებაა, მაკაზე არანაკლები. საოცარი სილამაზე ტრიალებდა იქ.
– მაკა ასათიანი დედამთილი – ცოტა რთული წარმოსადგენია.
– ეს არ იყო დიდების ქორწილი. მარტო ახალგაზრდები ვიყავით. ისინიც კი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ქორწილს არ ესწრებოდნენ. უფროსები და მათ შორის, მაკა მხოლოდ ჯვრისწერას დაესწრნენ. მაკა, რა თქმა უნდა, ბრწყინავდა, როგორც ყოველთვის. თავის შინაგან და გარეგნულ სილამაზეს ყველგან აფრქვევდა. ერთ ადამიანში ამდენი სიყვარული იყოს თავმოყრილი, ძალიან დიდი იშვიათობაა. რძალიც ზუსტად ისეთივე შეხვდა, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. მართლა ბრწყინავდა მეფე-პატარძალი. გარშემოც ყველაფერი ისე ლამაზი იყო, თავის არაჩვეულებრივი პროგრამით. ნანიკოს ჯაბა დიასამიძის არაჩვეულებრივი კაბა ეცვა. ქორწილის შემდეგ შემხვდნენ მაკა და ნანიკოს დედა ერთად, იმასაც მაკა ჰქვია. შენ გაიხარე, შენს „ინსტაგრამის” გვერდზე „ვიჯექით“ და ქორწილის ფოტოებს ვნახულობდითო (იცინის). თვითონ ხომ მხოლოდ ნიშნობას დაესწრნენ. როგორც ჩანს, ამ ქორწილისადმი საოცარი ყურადღება იყო. სოციალურ ქსელში მნახველების რაოდენობას არ ვუჩივი, მაგრამ ამ ქორწილის ფოტოების დადება ვერ მოვასწარი, რომ ათასობით ნახვა ჰქონდა. აი, მაკას გვერდზე რომ შეხვიდეთ „ინსტაგრამზე“, ნახავთ, რა საოცრებებს წერს რძალზე. რა თქმა უნდა, თავის შვილის რჩეული ეყვარება და პრინციპში, ნანიკოც ისეთია, არ შეიძლება, არ გიყვარდეს. ძალიან კარგი ოჯახია, საოცარი სიყვარული იციან.
– იმდენი ცნობილი სახე იყო, ალბათ, კონცერტივით ქორწილი გამოვიდა.
– სხვათა შორის, არა. დათო გომართელი მღეროდა და დიჯეი უკრავდა უფრო პოპურ-სიმღერებს. „სუხიშვილებმა“ იცეკვეს და „შვიდკაცამ“ იმღერა. შიგნით დარბაზში, უკვე კლუბური სიტუაცია იყო, ბოლომდე ახალგაზრდული. ძალიან ბევრი ხალხი არ იყო, მაქსიმუმ 250 კაცი ვიყავით. ძალიან კულტურული და ულამაზესი გარემოთი. სადაც კი ვყოფილვარ, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქორწილი იყო. არ დავმჯდარვარ, ისე გავერთე და რეპორტაჟების კეთებაც მოვასწარი (იცინის). მანამდე კიდევ ჩემი მეგობრების ქორწილში ვიყავი. სხვათა შორის, იმ დღეს მეორე ქორწილშიც უნდა წავსულიყავი, მაგრამ იქ ჩემ გვერდით აჩიკო სოლოღაშვილი იყო და იმდენი მაცინა, მეორეში აღარ წავედი (იცინის). ისიც ახალგაზრდული ქორწილი იყო.
– ეს ბოლო პერიოდის ტენდენციაა.
– ძალიან რთულია, ყველა დაპატიჟო და ვინმეს რომ არ აწყენინო, ალბათ, უმჯობესია, მხოლოდ ახალგაზრდებით შემოიფარგლო. თუმცა, მე გამიხარდება ჩემს ქორწილში დიდების ყოფნაც.
– „ჩემი ცოლის დაქალებზეც“ მითხარი... პროდიუსერების სურვილის მიუხედავად, გიორგი ბახუტაშვილი „იმედთან“ დადებული კონტრაქტის გამო სერიალში ვერ დაბრუნდება. შენ?
– რამდენიმე დღის წინ სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე შემხვდა და მითხრა: რა ვქნა, უნდა „დავითრიო“ ბახუტა, რომ შენც იყო სერიალშიო (იცინის).
– „რუსთავი 2-იდან“ ძალიან ბევრი პროექტი და თანამშრომელი გადავიდა „იმედზე“, შესაძლებელია, შენც „იმედზე“ გნახოთ?
– ჯერ ვერაფერს ვიტყვი. გუნდი, რომელთანაც მე ვთანამშრომლობდი, მთლიანად „იმედზე“ გადავიდა. შენ იცი, რომ არაერთი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ეს ადამიანები იმიტომ ავირჩიე თანამშრომლობისთვის, რომ ჩემი აზრით, საუკეთესო პროდუქტს აკეთებენ. ბუნებრივია, მათი გუნდის წევრად მოვიაზრებ ჩემს თავსაც და კვლავ მათთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ, სადაც არ უნდა იყვნენ. შემოთავაზებაც არის, მაგრამ კონკრეტულად, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ასე რომ, ოქტომბრიდან ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებას ველოდები, მაგრამ რომელ არხზე, ამას ვერ დავაკონკრეტებ (იცინის).
– ასეთი აქტიური ცხოვრების ფონზე, პირად ურთიერთობებში რა ხდება, ესეც მითხარი.
– მშვიდობაა, ყველაფერი კარგადაა (იცინის). ამ მომენტისთვის აღსანიშნავი არაფერია. რომ მინდოდეს, ამას ვერც დავმალავ. ვისაც გამარჯობას ვეუბნები, ყველა ჩემი საცოლეა (იცინის). ახლა ბათუმში მე და ნინი ბადურაშვილი ვიყავით და ისევ გააცოცხლეს ჩემი და ნინის „სიყვარული“. ჩემსა და ვიკა კალანდიას სიყვარულზე აღარაფერს ვამბობ (იცინის). ვისთან ერთადაც ფოტოს გადამიღებენ, ყველა ჩემი საცოლე ან შეყვარებულია.
– თქვი, მინდა, ჩემს ქორწილში უფროსებიც იყვნენო. კიდევ როგორია შენი ოცნების ქორწილი?
– ჩემი ოცნების ქორწილში მინდა, ახალგაზრდებიც იყვნენ და უფროსებიც. რაც მთავარია, მინდა, ყველა ძალიან მაგრად გაერთოს. ყველაფერი იყოს ძალიან ლამაზი და ქორწილმა მშვიდობიანად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიაროს. საოცარ კუნძულზე ნამდვილად არ მინდა ქორწილის გადახდა. ძალიან რეალისტური სურვილები მაქვს.
– ცოლი?
– ცოლი აუცილებლად ლამაზი და ჭკვიანი მინდა, ორი ერთში (იცინის). სხვა მხრივ არანაირი პრობლემა არ გვექნება. ოჯახში როლებს გადავინაწილებთ. ცოტა ეჭვიანი თუ იქნება, კარგია. ესე იგი, გაინტერესებს ის ადამიანი. მაგრამ ზომიერების ფარგლებში უნდა ჯდებოდეს ეს ყველაფერი და იმედია, ორივე ზომიერად ეჭვიანები ვიქნებით (იცინის).
– ანუ, შენც ხარ ეჭვიანი?
– კი, ზომიერად ეჭვიანი ვარ, ზედმეტად არა (იცინის).
– ლიკა ქორქიაზეა ბახვა ბრეგვაძე შეყვარებულიო. მართალია?
– ლიკა ქორქიაზე ვარ შეყვარებული, იმიტომ რომ, არაჩვეულებრივი ადამიანია. ფანტასტიკური პარტნიორია და გული მწყდება, რომ მხოლოდ ერთ გადაცემაში ვიყავით ერთად. ძალიან გამიჭირდა იმის შეგუება, რომ ლიკა ჩემ გვერდით აღარ იყო. თუ ვინმე მკითხავს, ვისთან ერთად გინდა გადაცემის წაყვანაო, მაშინვე ლიკაზე ვეტყვი.
скачать dle 11.3