კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რატომ არ ნახულობს ნინო დარასელი დედას ციხეში და რატომ მოუხდიდა ის ბოდიშს ვახტანგ რჩეულიშვილს, ცოცხალი რომ იყოს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 „ცენტრ პოინტის“ საქმეში სიახლეებია. როგორც ნინო დარასელმა გვითხრა, მოლაპარაკება მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმებაზე, რის შემდეგაც, ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. „ეს ის მომენტი იქნება, როდესაც სიხარულისგან შეიძლება, გული გამისკდეს“, –  ამბობს ნინო. როგორ გრძელდება ამ ოჯახის ცხოვრება ბატონი ვახტანგის გარდაცვალებისა და ქალბატონების, მაიასა და რუსუდანის დაპატიმრების შემდეგ, ნინო ჩვეული გულახდილობით,  ღიმილით გადაფარული ცრემლიანი თვალებით გვიამბობს.
ნინო დარასელი:
2009  წლამდე, სანამ ეს პრობლემები დაიწყებოდა, ძალიან ბედნიერები ვიყავით. მატერიალური მდგომარეობა არაფერ შუაშია. „ცენტრ პოინტი“ რომ კარგად იყო, ეს სულ ხუთი წელი გრძელდებოდა. ყოველთვის საშუალო შეძლების, მაგრამ ძალიან ბედნიერი ოჯახი ვიყავით. უცებ, ერთ დღესაც, ძალიან წარმატებულმა, ბედნიერმა ადამიანებმა გაიღვიძეს წარუმატებლებმა და შეურაცხყოფილებმა. ბევრი ცუდი ენერგია წამოვიდა.  ძნელია ამის მორევა, იმიტომ რომ, არ იცი, ასე ცხოვრება. მგონია, რომ ასე, უსასრულოდ ეს შავი სიზმარი ვერ გაგრძელდება და ერთხელაც გავიღვიძებთ. თუმცა, არ ვიცი, რამდენად ბედნიერები, რადგან ამ გზაზე ბევრი საყვარელი ადამიანი დავკარგეთ, ვახო – უპირველესად, რომელსაც ბევრი ტკენა და წყენა შეხვდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, გავაგრძელებთ მშვიდად ცხოვრებას.
– მიმდინარეობს „ცენტრ პოინტის“ საქმეზე საპროცესო გარიგება?
– ახლა მიმდინარეობს საუბარი საპროცესო გარიგებაზე და იმედი მაქვს, სანამ ეს ჟურნალი გამოვა, მანამდეც შეიძლება, სიახლეები იყოს. ერთ-ერთი, ძალიან დიდი კომპანია დაინტერესდა „ცენტრ პოინტით.” იმ შემთხვევაში, თუ ეს კომპანია თავის თავზე აიღებს ყველა ვალდებულებას, რაც ჩვენ გვაქვს, დაზარალებულების ყველა დავალიანებას გაისტუმრებენ.  სიმართლე გითხრა, წინასწარ არ მიხარია, იმიტომ რომ, მეშინია, ტყუილად არ გამიხარდეს. იყო ამ პერიოდის განმავლობაში ისეთი მომენტები, როცა ტყუილი მოლოდინები გვქონდა. თუმცა,  ნაწყენი არ ვარ. ყველას უნდოდა, დაგვხმარებოდა და ვიღაცას გამოუვიდა და ვიღაცას – ვერა. თუკი ოდესმე გადაწყდება, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს, არც კი ვიცი, როგორ გადავიტან.  ეს ის მომენტი იქნება, როცა  შეიძლება, გული გამისკდეს სიხარულით. ერთადერთი, სევდიანი ამ ამბავში, როგორც არ უნდა გადაწყდეს – დადებითად თუ უარყოფითად, იქნება ის, რომ ვახტანგი ვერ მოესწრება ამ სიხარულს.
– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ბატონი ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ?
– მთლიანად ეს ამბავი და ეს ისტორია ძალიან სევდიანია და მე მგონი, ერთი ადამიანიც არ დაუტოვებია ემოციის გარეშე. მე პირადად არანორმალური დარდი მაქვს მარტო ვახოსი კი არა... მგონია, რომ ძალიან დიდი დარდით და ტკივილით წავიდა.  ტკივილმა მოკლა და ძალიან მეცოდება ამისთვის, თორემ ყველა წავალთ. სულ ბოდიშის მოხდა მინდა, ერთადერთი იყო, რომელსაც რაღაცნაირად ვერეოდი. თუმცა, თვითონ რომ სდომოდა, ვერაფერსაც ვერ მოვერეოდი, აბსოლუტურად მოურეველი იყო. ყველაფერს უპრობლემოდ იღებდა. ძალიან თავისუფალი აზროვნების, ლიბერალი ადამიანი გახლდათ. მე ვეჩხუბებოდი, ის გამიტარებდა და მოფერებას იწყებდა. ხშირად როგორც ცელქი ბავშვი, ისე იქცეოდა – აურევდა და გადავირეოდით. ვაიმე, ვახომ ტელევიზორში ეს თქვა, იმის თქმა არ შეიძლებოდა და გვქონდა ამიტომ სულ კამათი, ჩხუბი. „ფეისბუქში“ დაბლოკილიც კი მყავდა, რომ არ მენერვიულა, ისე ვერ ვერეოდი. სინამდვილეში, ჩვენს ოჯახში ყველაზე კეთილი იყო. როგორი დიდიც იყო, ისეთივე დიდი გული ჰქონდა. ამ ჩემს ჩხუბს ყურადღებას არ აქცევდა, სულ მეფერებოდა და მერე მაინც იმას აკეთებდა, რაც თვითონ უნდოდა, რა ენაღვლებოდა. ახლა რომ მქონდეს ვახტანგთან თავიდან შეხვედრის საშუალება, ალბათ, ძალიან ბევრ ბოდიშს მოვუხდი ყველაფრისთვის. რაღაცებზე რომ ვკამათობდით, მერე ვფიქრობდი ხოლმე, ყველა ადამიანი ერთნაირი ხომ არ იქნება-მეთქი. დედაჩემი უფრო ისეთია – ოღონდ ვინმეს რამე არ ეწყინოს, ოღონდ არ იყოს ბუნტი.... ვახო უფრო შეუპოვარი, უშიშარი იყო თავისი ბუნებით. მე მისი ეს უშიშრობა, პირიქით, მაშინებდა. სულ მეგონა, რომ საქმე გაფუჭდებოდა.
– გარეგნულად ვერაფერს შეამჩნევდი, დიდხანს ავადმყოფობდა?
– მე არ ვიცოდი, მისი მეგობრისგან გავიგე, რომ ვახომ დიდი ხანია, გაიგო თავის დიაგნოზი, მაგრამ არცერთი წუთით არ უმკურნალია. რაღაცნაირად ხელი ჩაიქნია. თავიდან როგორ იყო, იცი? იბრძოლა, მერე ირგვილივ ყველამ შეაჩერა ამ ბრძოლისთვის. უთხრეს, რაც მეტს იბრძოლებ, მეტ პრობლემას შექმნიო. მერე ამ ბრძოლას რომ თავი დაანება, შიგნიდან იხარშებოდა მასში ეს მთელი ბრაზი და ყველაფერი – ამ ტკივილში ჩაიხარშა და ამ ტკივილმა მოკლა.  მაია საავადმყოფოში რომ იწვა, რუსო მაშინ ჯერ კიდევ გარეთ იყო და დამირეკა: ვაიმე, ისე ცუდად მოიქცა ვახოო. რა ქნა-მეთქი და ქვევიდან უყვიროდა მაიას:  მაია, მიყვარხარ! მაია, მაინც გამოგიყვანო და ვღელავდი, პერსონალი ხომ არ შეწუხდაო. ეს მომენტები ჰქონდა, რომ ვერ გამოიყვანა თავისი მაია, ვერაფერს მოერია, ბრძოლა არა მარტო სხვებმა, ჩვენც ავუკრძალეთ. ვთხოვდით, სასამართლო პროცესებზე არ მოსულიყო, რადგან დაზარალებულები მასზე განსაკუთრებულად რეაგირებდნენ. ისინი რომ ეჩხუბებოდნენ, ესეც ხომ ეჩხუბებოდა. ძალიან პირდაპირი იყო და ეს პირდაპირობა ხდება ხოლმე კონფლიქტის მიზეზი. ჩვენ თავზე მიწადაყრილებს, სირაქლემას პოზაში, ჩუმად ყოფნა გვინდოდა და ვახოს ბუნებაში კი ეს არ იჯდა – არ შეეძლო. ბოლომდე იბრძოლა და ამ ბრძოლაში დაეცა კიდეც.  მისი დიაგნოზი ისეთი იყო, უკვე როდესაც დაეცა, არანაირი აზრი მის მკურნალობას არ ჰქონდა. როდესაც ვახო ასეთ ცუდ მდგომარეობაში, აპარატზე შეერთებული იყო, დაიჭირეს რუსუდანი და დავრჩით ასე, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვები, აბსოლუტურად უმწეოები. მერე გავიზარდეთ. მიწა რომ გამოგეცლება ფეხებიდან, დღემდე ასე ვარ.
– როგორ შეეგუე დედის გარეშე ცხოვრებას?
– დედის გარეშე ცხოვრება ძალიან დიდი პრობლემა იყო, მიუხედავად იმისა, რომ გარს იმაზე მეტი ადამიანი მახვევია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ჩვენ ირგვლივ. აბსოლუტურად უცნობი ადამიანები, მეტ-ნაკლებად ნაცნობი, დიდად რომ არ მიმეგობრია მანამდე, თუკი ვინმე მიცნობდა,  ყველამ გადაწყვიტა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მოექცია ჩემთვის და თანადგომა გამოეხატა. მიუხედავად ამისა, დედა ყოფილა ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი, რომელიც ძალიან დამაკლდა. მე სულ მეხუმრებიან მეგობრები, რომ ასაკს ვერ ვეგუები, სულ ვმეგობრობ ჩემზე პატარებთან, იმიტომ რომ, მათგან ძალიან კარგ ენერგიას ვიღებ.  ისინი უფრო მასწავლიან მე, ვიდრე – პირიქით. როდესაც დედაჩემი ჩემთან არ არის და რუსთავის დაწესებულებაშია, სადაც მე არასდროს ვყოფილვარ, მას შემდეგ გავხდი დიდი, ოღონდ ამას უცებ კი ვერ მივხვდი. უცებ გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობები დამეკისრა.  დედაჩემს დიდი კომფორტი ჰქონდა ჩემთვის ამ მხრივ შექმნილი. აღმოჩნდა, ამ ყველაფრისგან გათავისუფლებული ვიყავი და ეს, თურმე, იმხელა რაღაცა ყოფილა, როცა შენზეა პასუხისმგებლობა, ოჯახის უფროსობა... უცებ გავხდი დიდი, რაც ძალიან არ მომწონს. ძალიან ძნელია, მშობლების გარეშე რომ რჩები. ერთი სული მაქვს, გამოვიდეს. ჩემი შვილი მარიტაც კი შენიშვნებს მაძლევს – რუსო ასე არ აკეთებდა, რუსო ასე არ მოიქცეოდა. არ არის კმაყოფილი ჩემი საქციელით. ყველაფრით ბებოს ჰგავს თვითონ. რუსუდანთან შედარებით ძალიან დაუხვეწავი ვეჩვენები და მე მხვეწს. მარიტას კიდევ ჰგონია, რომ რუსო გერმანიაშია. არ გასულა დღე, რომ არ ეხსენებინოს, ძალიან ელოდება მის ჩამოსვლას. ყოველდღე მახსენებს და რაც დრო გადის, კი არ უნელდება ეს მონატრება, პირიქით, უმძაფრდება.  განსაკუთრებით ახლა, როცა სკოლა დაეწყო, ძალიან უკმაყოფილოა, რომ მე ისე ვერ მოვაწესრიგე, როგორც საჭიროა. მოკლედ, უკმაყოფილო ვართ ყველა. ყველანი დავდივართ მოუწესრიგებლები, მოუვლელები და მიმართულებადაკარგულები.
– რატომ არ ნახულობ დედას?
– თვითონ რუსოს არ ჰქონია ჩემი ნახვის სურვილი.  ალბათ, არ უნდა, იმ გარემოში მნახოს. მიუხედავად ამისა, ჩემი შვილი, ზაზუკა, ხშირად დადის მასთან. ზაზუკა მისი პირველი შვილიშვილია, ყველაზე ძალიან უყვარს (ეს მარიტამ არ გამიგოს) და ზაზუკას ნახვა მოინდომა. რომ გამოვა, მერე უნდა ვკითხო, რატომ გადაწყვიტა ასე. მართალი გითხრათ, მეც არ მაქვს სურვილი, მისი იმ გარემოში ნახვის. არც მაიას ნახვის სურვილი მქონდა მანამდე. ეგ კი არა, მაია ტელეფონითაც იშვიათად რეკავს. ეტყობა, მისთვისაც ძალიან მძიმეა, მერე, მარტო რომ რჩება იმ ყურმილს მიღმა საკანში.  მაგრამ, მთელ ამ ამბავში ერთი კარგი, რაც მოხდა ისაა, რომ არასდროს რუსუდანსა და მაიას არ ჰქონიათ საშუალება ბოლო პერიოდში ერთად ხშირად ყოფილიყვნენ. ახლა ისევ ბავშვობაში დაბრუნდნენ. ისევ დარჩა ეს ორი და მარტო. ალბათ, ბევრ რაღაცას იხსნებენ, მომავლის გეგმებს აწყობენ. სხვისთვის შეიძლება, უცნაურია, 60 და 60 წელს გადაცილებული ქალები რომ განსაკუთრებულ მომავალს აწყობენ. რუსოს არ ეშინია სიახლეების, მაია ძალიან ძლიერია.
– როგორია ახლა ქალბატონი მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?
–  ვახოს გარდაცვალების შემდეგ, ძალიან გაუჭირდებოდა და ხანდახან ვფიქრობ, რუსუდანის დაკავება ერთი რაღაცით მაინც  კარგი იყო, მაია მარტო არ დარჩა. წარმოიდგინეთ, ვახო გარდაცვლილი, თვითონ – ციხეში, აბსოლუტურად მარტო იმ საკანში, საშინელება იქნებოდა. ახლა, რაც რუსუდანია მასთან, თურმე მის მერე ცოტა მოსუქდა, გაცილებით კარგად გამოიყურება. ჩემი მეგობარი ჟურნალისტი და უფლებადამცველი იყო შესული და რომ ნახეს რუსუდანი და მაია, მითხრეს, ჩვენზე ბევრად კარგად გამოიყურებოდნენ. რომ შევედით, თმაზე ხელი გადავისვით, უცებ მოვწესრიგდით, ისინი იმდენად მოწესრიგებულები იყვნენო. ამ პერიოდში კარგი ის არის, რომ  გუკაც გამოვიდა და როგორც რუსუდანმა და მაიამ გაატარეს ერთად პირველი პერიოდი, ასევე – მე და გუკამაც. ჩვენ ბავშვობის შემდეგ იშვიათად გვქონდა ერთად ყოფნის საშუალება და ამ ბოლო პერიოდს მე და გუკა ერთად ვატარებთ. ოჯახი  ისევ ძალიან შეიკრა, ერთად დადგა. ცხოვრებამ მოიტანა ასე, სამწუხაროა, რომ დარდისა და ტკივილის გამო მოხდა ეს ყველაფერი.
– პირადად შენ თუ შეგცვალა ამ ამბებმა?
– მივხვდი, რომ სიმშვიდის ფასი არაფერია. მე სულ დავფრინავდი და ამ ბოლო დროს ისე დამიწებული გავხდი, ღმერთს არაფერს ვთხოვ ისეთს, რაც შეიძლება არ ასრულდეს. სულ ვნატრობ სიმშვიდეს. ჯადოსნური ქვა რომ მომცე ან ოქროს თევზი, იმასაც სიმშვიდეს მოვთხოვ. ისეთი  მშვიდი გავხდი, რომ არაფერზე აღარ ვრეაგირებ. მე მგონი, დედას ვემსგავსები, მალე გამოვიდეს, თორემ ეს ემოციური გოგო ჩამაქრეს.


скачать dle 11.3