კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№38 როგორ მოხვდა იერუსალიმში, მერე კი პარიზში, ქრისტეს წმიდა ჯვრის ნაწილებისგან დამზადებული, დავით აღმაშენებლის კუთვნილი ჯვარი

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ, ჯვაროსნებმა დააარსეს იერუსალიმის სამეფო. წმიდა ქალაქში არსებული ტაძრები დაიკავეს და მათში კათოლიკური ეკლესიები აამოქმედეს. ჯვრის მონასტრისთვის, რომელიც ისტორიულად ქართულად მიიჩნეოდა და აშენებული იყო იმ ადგილას, სადაც წმიდა ჯვრის ხე გაიზარდა,  ხელი არ უხლიათ, რადგან, საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელთან ჰქონდათ მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო კავშირი – ქართული ჯარის ნაწილები ეხმარებოდნენ ჯვაროსნებს იერუსალიმის აღებისას. წმიდა მიწაზე არსებობდა სხვა ქართული სავანეებიც. ჯვაროსნები დიდ სიმდიდრეს სწირავდნენ ქართულ მონასტრებს, რის გამოც ისინი მოიხსენიებოდნენ იქაურ ქართულ აღაპებში.  
1125 წელს გარდაიცვალა დიდი ხელმწიფე, დავით მეოთხე. მეთორმეტე საუკუნის უცხოურ ცნობებს შორის მოიპოვება ერთ წერილი „ანსელის წმიდა საფლავის კანტონისგან, პარიზის ღვთისმშობლის კრებულს“, რომელსაც ათარიღებენ 1108 წლით და გვამცნობს იერუსალიმიდან პარიზში გაგზავნილი ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილის შესახებ. წერილში მოხსენიებულია დავით აღმაშენებელი და მისი ქვრივი. აღნიშნული წერილის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ისტორიკოსებს შორის. ზოგი მიიჩნევს, რომ ავტორს შეცდომა მოუვიდა, რადგან 1108 წელს დავით აღმაშენებელი ცოცხალი იყო, ზოგს მიაჩნია, რომ წერილი უფრო გვიანაა დაწერილი, მას მერე, რაც საქართველოს ტახტზე ავიდა დიმიტრი პირველი, დავით მეოთხის ძე, და დათარიღებაა მცდარი. მეორე თვალსაზრისი უნდა იყოს უფრო სწორი. წერილი იერუსალიმიდან ფრანგმა სასულიერო პირმა, ანსელუსმა გააგზავნა პარიზში. ქართული თარგმანი  გამოქვეყნებული აქვს ისტორიკოსს და საზოგადო მოღვაწეს, ზურაბ ავალიშვილს, 1925 წელს, წიგნში „ჯვაროსანთა დროიდან“ (შემოკლებით):
„ანსელუსი, იესო ქრისტეს სახელოვანი საფლავის კანტორნი და ხუცესი, გალონ ეპისკოპოზს, სტეფანე მთავარდიაკონს და პარიზის ღვთისმშობლის სრულიად კრებულს პატივისცემას და სიყვარულს უცხადებს, მერე დასძენს:
...იმ ნიჭთაგან  ღმერთმა რომ მომცა, ნიჭი ერთი ფრიადი და შეუდარებელი, ესე იგი ჯვარი, წმიდა ძელისგან ქმნილი, მე თქვენმა მოყვარემ, თქვენი ეკლესიის, თქვენდა და თქვენი ქალაქის საპატივოდ, სასახელოდ და ასამაღლებლად, ანსელმს, ერთგულსა თქვენსა გავატანე, რომლისაგან თქვენი წიგნი ჩემდამი გამოგზავნილი მივიღე.
როგორც ბერძენთა და ასურთა ნაწერები გვასწავლიან, ქრისტეს ჯვარი ოთხ ძელთაგან ყოფილა შემდგარი. მათში ერთი ის იყო, რომელზეც პილატემ ზედწერილი დაწერა, მეორე - სად იესო ქრისტეს გაშლილი მკლავნი და ხელები მიმაგრებული იყო; მესამე, რომელს მისი ტანი ეკიდა, და მეოთხე - რომელში თვით ჯვარი გამაგრებული იყო და რომელიც გვერდის და ფერხთა სისხლის დაღვრით გავლილია და კურთხეული.
ხოლო ის ჯვარი, თქვენ რომ გამოგიგზავნეთ, ორი ძელისგან არის გაკეთებული. იქ რომ ჯვარია ჯვარში ჩადებული, ჩადებული იმ ძელისა არის, რომელზეც ეკიდა, სადაც ჩართულია – იმ ძელისაა,  ფეხთა ქვეშ რომ იყო და ჯვარს რომ ამაგრებდა. ორივე პატიოსანი, ორივე წმიდა.
ამ ჯვარსა დავით, მეფე ქართველთა, სანამ ცოცხალი იყო, უაღრეს თაყვანისცემას და სიყვარულს უძღვნიდა, ის დავით, რომელს, მისი წინაპრებივით, კასპიის კარი - გოგსა და მაგოგს რომ ზღუდავს - ეჭირა და დარაჯობდა, რასაც შვილი მისი აქამომდე ასრულებს, ვისი ქვეყანა და სამეფო მედელთ (მიდიელთ) და სპარსთა წინააღმდეგ ჩვენი, ასე ვთქვათ, წინა ბურჯია.
შემდგომად დავითის სიკვდილისა და მისი შვილის გამეფებისა, მეუღლემ მისმა, უფრო სიწმიდის, ვიდრე გვარიშვილობისათვის სათაყვანომ, წესი მონაზონობისა მიიღო, სარწმუნოების სამოსელი ინება და მცირეოდენ მხლებელით იერუსალიმს მივიდა, იმ ჯვარის და ბევრი ოქროს თანწამოღებით, და იყო მისი წადილი არა შინ დაბრუნება, არამედ აქ, მშვიდობასა და მყუდროებაში სიცოცხლის დასრულება.
აქ წამოღებულ ოქროთგან წმიდა ქალაქის მონასტრებს წილები დაურიგა, ასევე გლახაკთა და მგზავრთათვის მისაცემი გაიღო. შემდგომად ამისა, უფალ პატრიარქ გიბელენის ხელქვეით ქართველ დედათა მონასტერში, იერუსალიმს რომ არის, შესულა. მალეც, დათა და პატრიარქის თხოვნით წესი მონაზნობისა მიიღო.
ბოლოს წამოღებული სულ დაარიგა, გასცა და მონასტრის საჭიროებისათვის დახარჯა და ოდეს ჩვენი ქვეყანა შიმშილობამ შეაწუხა, თვითონ მისი ხელქვეითებით გაჭირვებაში ჩავარდა, და თუმცა, ბევრი რამ საჩუქრად ან სესხად მიეღო, მაინც მისი ქველის გრძნობით, იძულებული გახდა, იმ მონასტრის მოთხოვნილებისათვის, მას რომ ებარა, ისე მოქცეულიყო, როგორც საკუთარ ხორციელ საჭიროებისათვის არ იმოქმედებდა.
ამრიგად ის ძელი, არა ვითარი ფასის შესადარი, ამ მიზეზით ფასად იქცა და აჰა, გამოგიგავნეთ.“...
შემდეგ ანსელუსი აღწერს წმიდა ჯვრის ისტორიას. მისი თქმით, კონსტანტინე დიდის დედამ, დედოფალმა ელენემ, როცა აღმოაჩინეს წმიდა ჯვარი იერუსალიმში, ორად გააჭრევინა, ერთი ნაწილი კონსტანტინოპოლს წაიღო, მეორე კი იერუსალიმში დატოვა. შემდეგ ქრისტიანებმა, რათა უამრავი შესაძლო ხიფათის გამო არ დაკარგვოდათ, იერუსალიმის ძელი ჭეშმარიტის ჯვარი, დაჭრეს ნაწილებად და პატარა ჯვრები გააკეთეს. მათგან ქართველთა პატრიარქს აქვს ერთი, ქართველთა მეფესაც ერთი ჰქონდა, ახლა კი თქვენი საკუთრება არისო. ჯვრის წაღება პარიზში ანსელუს ხუცეს დაუვალებია ბერ ანსელისათვის, რომელიც გარდაცვლილა, და მისია  დაუსრულებია მის შვილს, ფულკს. ანსელუსი ითხოვდა, მოეხსენიებინათ წარწერაში და გარდაცვალების მერე ლოცვებში (ღმერთმა მიხედოს მათ და ყველა მორწმუნეს).
ზურაბ ავალიშვილს უკვირდა, როგორ შეიძლება, ასეთ უწმიდეს საუნჯეს, რელიკვიას შელეოდნენ საქართველოს სამეფო კარზე, გაეგზავნათ იერუსალიმში და მერე კი ქვრივ დედოფალს გაეყიდაო. და იქვე პასუხობს, ალბათ, ლაპარაკი არის მხოლოდ ჯვრის პატარა ნაწილზე, რადგან ქრისტეს ჯვრის ნაწილები, საქართველოში კიდევ არსებობს: „ერთი პატარა ჯვარი  (წმიდა კონსტანტინესა და წმიდა ელენეს სახეებით) ხახულის ხატს რომ ამკობს, მაგრამ, ყველაზე სახელოვანი ამ დარგისა, რასაკვირველია, თამარ მეფის საკუთარი, გულსაკიდი ჯვარია, ხოფის მონასტრის (სამეგრელოში) ბერებმა ჩვენს დრომდი ერთგულად რომ შეინახეს და რომლის ასომთავრული წარწერა შემდეგია: „ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინაწარძღომითა ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს“.
მაშასადამე, წმიდა ჯვრის სხვა ნაწილებიც არსებობდა საქართველოში, ამიტომ, დიმიტრი მეფე, დავითის ძე, არ შეეწინააღმდეგებოდა დედინაცვალს, გურანდუხტ დედოფალს, იერუსალიმში წაეღო ერთ-ერთი მათგანი. პარიზში სიწმიდე დაუსვენებიათ ბაზილიკაში, რომლის ადგილას აუშენებიათ პარიზის ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი. საფრანგეთის რევოლუციის დროს ტაძარი გაიძარცვა, მაგრამ, რელიკვია გადარჩა.
საინტერესოა, რომ საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, თურმე, არსებულა, ასევე, წმიდა ჯვრის სხვა ნაწილიც, მანუელ კომნენოსის (ალბათ, ბიზანტიის იმპერატორის, 1143-1180) ბერძნულწარწერიან ჯვარში ჩასმული. ალბათ, ეს ორი სხვადასხვა რელიკვიაა. ჩვენი ინფორმაციით, ეს რელიკვიაც შემონახულია. საკითხი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და საჭიროა კვლევის გაგრძელება.
საინტერესოა ზემოაღნიშნული ფრანგული ცნობა, რომლის მიხედვითაც, წმიდა ჯვრის ორი ნაწილი ინახებოდა საქართველოში. წერილში საინტერესოა გადმოცემა საქართველოს სამეფო ოჯახის შესახებაც, რომლის მიხედვით, დავით აღმაშენებელი დიდად მორწმუნე მეფეა, მისი ქვრივი კი, პატივსაცემია უფრო მეტად თავისი მორწმუნეობით, ვიდრე მთავრული წარმოშობით. იქვე, საქართველოს სამეფო გამოცხადებულია იერუსალიმის ქრისტიანული სამეფოს ბურჯად, დავით აღმაშენებელსა და ქართველ მეფეებს უკავიათ კასპიის კარი და გოგისა და მაგოგის ველური ხალხების გადმოსვლისგან იცავენ იერუსალიმსა და ევროპას.
скачать dle 11.3