კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ძნელია იყო... კაცი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ქალი უკვე იცვამდა, როცა კაცმა თვალები გაახილა. ძალიან ზანტად შეარხია ქუთუთოები და ასევე, ზანტად გაიზმორა.
– შენ რა, აღარ დაწვები?
– მეჩქარება, უნდა წავიდე. ხომ იცი, დღეს ვახო ჩამოდის. აეროპორტში ვარ წასასვლელი. მანამდე კი – სალონი. მოკლედ, რას გიხსნი, შენთვის აღარ მცალია.
– აუჰ, ასეთი უხეში რატომ ხარ? – კაცი საბოლოოდ გამოფხიზლდა. საწოლში წამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა, – წუხელ საკმარისად ნაზი არ ვიყავი? აღარ მოგწონვარ, საყვარელო?
– ნუ სულელობ! – გაიცინა ქალმა და კაცს ბალიში ესროლა, – ისე, შენ შეგიძლია, დარჩე. აუზში ჩახვიდე, რესტორანში ისაუზმო. მოკლედ, ორ საათამდე ეს ნომერი შენს განკარგულებაშია. ყველაფერი გადახდილია.
– ჰო, ვიცი, შენი ქმრის ფულით. იცი, რომ ზოგჯერ ეს ამბავი უხერხულობას მიქმნის?
ქალმა ფეხსაცმელებზე თასმები შეიკრა. შემდეგ სარკეში ჩაიხედა და თმა შეისწორა, თითქოს კაცის სიტყვები არც გაუგონია.
– თათია, შენ გელაპარაკები. არ გაგიგონია, რა ვთქვი?
– ნუ სულელობ. ძალიან ირონიულია შენი ეგ აღიარება, გაცილებით უარესია. ამიტომ ნუღარ მეტყვი, რომ სინდისი გაწუხებს ან ვახოსი გერიდება.
– ანუ, ისეთი უსინდისო ვარ, რომ არ შეიძლება, უხერხულობას ვგრძნობდე?
– მე ეგ არ მიგულისხმია და საერთოდაც, რატომ წამოიწყე ეს ლაპარაკი? გუშინ თავს მშვენივრად გრძნობდი?!
– სწორედ მაგაშია საქმე, – კაცმა სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე ჩააქრო და შუბლი მოისრისა, – როდის გნახავ?
ქალმა ტუჩებზე საცხი წაისვა, თითის წვერით შეისწორა და ვნებიანად გამობუსხა.
– ძალიან ლამაზი ხარ, – თქვა კაცმა და ამოიოხრა, – იცი, რა საზიზღარი განცდაა, როცა ვაცნობიერებ, რომ ჩემი ვერასოდეს იქნები..
– გეყოფა, წავედი. დაივიწყე შენი „მესაკუთრული ვნებები“ და გაერთე. შეირგე ცხოვრება. როცა მოვახერხებ, დაგირეკავ.
– მე რომ დაგირეკო?
 ქალმა გამაფრთხილებლად ასწია წარბი და ლამაზ სახეზე უკმაყოფილება გამოესახა.
– შენ არ დამირეკავ, – წარმოთქვა გადაჭრით, – კარგად დაიხსომე, რაც გითხარი.
– მოიცა, ვახო არ ვნახო?
ქალმა მხრები აიჩეჩა. პასუხი არ გაუცია. ოთახი ძვირფასი ფეხსაცმელების მაღალი ქუსლების კაკუნით გაიარა და კარი გაიჯახუნა. თითქოს მის გასვლას ელოდაო, კაცმა გაიცინა. კმაყოფილებით გაიზმორა, ტელეფონის ყურმილს დასწვდა და თამამად, მედიდურად ჩასძახა.
– შეკვეთა მიიღეთ... დიახ, ნომერში და თუ შეიძლება, დაუჩქარეთ, ძალიან მშია.
***
პრინციპები... ეჰ, რას გაუგებ ადამიანებს. ისინი ხომ თავად იწესებენ ჩარჩოებს, აკრძალვებს, ქმნიან კანონებს და მერე აღარ ემორჩილებიან. ამტკიცებენ ერთს და სრულიად საპირისპიროს აკეთებენ. მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ, ცხოვრება რომ გაირთულონ. თუმცა, ეს მათი არჩევანია და მნიშვნელობა არა აქვს, ვის როგორი ჭკუა მისცა ღმერთმა. ან იცი, როგორ მოიხმარო ღვთით ბოძებული, ეგრეთ წოდებული, ჭკუა, ან არა...
კოკა ყოველთვის ფიქრობდა, რომ ცხოვრება უსამართლოდ ექცეოდა. სწავლობდა კარგად, მაგრამ მშობლები მაინც უკმაყოფილონი იყვნენ, შვილის განათლების დონე არ აკმაყოფილებდათ. პრინციპში, ვერც უსაყვედურებდი. ერთიც პროფესორი იყო და მეორეც. ბუნებრივია, უნდოდათ, შვილს სკოლა ოქროს მედალზე დაემთავრებინა, უნივერსიტეტი კი – ტრიუმფით. კოკას მეტ-ნაკლები წარმატებულობა მხოლოდ მათ გაღიზიანებას იწვევდა. ხმამაღლა იშვიათად ეუბნებოდნენ რამეს, მაგრამ ისე გადახედავდნენ ხოლმე... მერე კი ერთმანეთში ჩურჩულს იწყებდნენ, რასაც კოკა ჭკუაზე გადაჰყავდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ პროტესტის შინაგანი გრძნობა გაუჩნდა. სწავლას შეგნებულად მოუკლო, ბოლოს კი საერთოდ აიღო ხელი. არა, იმდენი ცოდნა კი დაუგროვდა, ქარაფშუტა გოგონებზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ღამით სახლში მისვლა გააიშვიათა და გარე-გარე ხეტიალს მოუხშირა. ოხვრასა და საყვედურებს მოუხშირა დედამაც. თან, გულზე იდებდა ხოლმე ხელს. გულის შეტევა მამას მოუვიდა. აგარაკი გაყიდეს. კოკას დიდად არ ესიამოვნა ეს ამბავი. იმ აგარაკზე „ნაშები“ აჰყავდა ხოლმე. მისთვის მამის სიკვდილიც დისკომფორტთან გაიგივდა. მართალია, ოჯახის საზრუნავი მამისგან დედაზე გადავიდა, მაგრამ მაინც დიდხანს გაჰყვა განცდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დასრულდა. ჰოდა, თავისებურად შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას. ტოტალიზატორში თამაში დაიწყო. თავისი სხარტი ჭკუისა და ცოტაც, იღბლის იმედი ჰქონდა. რამდენჯერმე მართლაც მოიგო სოლიდური თანხა. გათამამდა, გალაღდა. ძველი მანქანა გაყიდა, ახალი, მოდური, მსუბუქი ავტომობილი შეიძინა – სპორტული მარკის, აი ისეთი, ჩერჩეტი გოგონები რომ გიჟდებიან ხოლმე და აღფრთოვანებით ნაბავენ თვალებს. მერე, როცა შიგნით სხდებიან და მძღოლი სიჩქარეს უმატებს, წივილ-კივილსაც იწყებენ. კოკას ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა. თავდაჯერებულობას მატებდა ფულიანი და ხელგაშლილი ბიჭის როლის თამაში. ისეთი ამაყი იყო ხოლმე, გოგოები ერთმანეთს რომ ასწრებდნენ მანქანაში ჩაჯდომას. პირველივე ჯერზე, როცა მოზრდილი თანხა წააგო, თითქოს შეცბა და იფიქრა კიდეც, მოდი, შევეშვები ამ ამბავსო, მაგრამ ფულის უდარდელად ხარჯვას შეჩვეულმა, მალევე გაიცინა თავის ფიქრზე – მოგება და წაგება ხომ ძმები არიან, განა ღირს ამ უმნიშვნელო წვრილმანზე ნერვიულობა, წინ ბევრი უმაგრესი დღე მელოდებაო. მოკლედ, თამაშში თავით გადაეშვა და იმხელა ვალი დაედო, სახლის გაყიდვა თუ უშველიდა მის უბედურებას. შეცბა. მიიხედ-მოიხედა და მიხვდა, რომ მარტოდმარტო ასეთ პრობლემას შეჭიდებული, მარცხისთვის იყო განწირული. შეფიქრიანდა. ცოტა იდარდა. დედას მიადგა. ისო... აქაურობა ცუდ მოგონებებს მიღვიძებს, საქმეს გულს ვერ ვუდებ, ასე როდემდე უნდა ვიყოთ? გავყიდოთ და რამე ახალაშენებულ კორპუსში ვიყიდოთ. ცოტა ფულიც დაგვრჩება და ბიჭებთან ერთად, საქმეს დავიწყებო. ჰო, ვინ იყვნენ ეს ბიჭები... ახლა მივადექით ყველაზე საინტერესოს. მეგობრებში გაუმართლა ან, შეიძლება, იმაში გაუმართლა, რომ მშობლებმა თავიდანვე პრესტიჟული სკოლა შეურჩიეს. ანუ, ეს იმის წინაპირობა იყო, რომ შემდგომში ღირსეული გარემოცვა გარანტირებული ექნებოდა და ასეც მოხდა...
***
კოკამ შიშველ ტანზე სასტუმროს ღუნღულა ხალათი მოიცვა და კარი გააღო. სასტუმროს ნომრების მომსახურების თანამშრომელი კეთილგანწყობით უღიმოდა. ხელში ათასგვარი ნუგბარით სავსე ლანგარი ეჭირა.
– ყავა ხომ ცხელია? – პრეტენზიული ტონით იკითხა კოკამ და სავარძელში, პატარა მაგიდასთან მოკალათდა.
– დიახ. რა თქმა უნდა.
– აუზში წყლის ტემპერატურაც მაინტერესებს. გამირკვევთ?
– დიახ. აუცილებლად. საუნა, აუზი, ჯაკუზი... ჩვენი სპა მოგეწონებათ, ბატონო.
კოკამ კმაყოფილებით გაიცინა და ტოსტის პურს ხიზილალა წაუსვა. აუზზეც ხალათში გამოწყობილი ჩავიდა. სახეზე საკუთარი ღირსების განცდა ჰქონდა აღბეჭდილი, როგორც სიტუაციით კმაყოფილ ადამიანის. ხალათი ცარიელ შეზლონგზე მიაგდო და წყალში თავით გადაეშვა. ცურვა ბავშვობიდან ძალიან უყვარდა. მამამ საკმაოდ პატარას ასწავლა წყალზე წოლა. მერე ცურვაზეც შეიყვანა. უზრუნველი ბავშვობის განუყოფელ ნაწილად მიაჩნდა აუზში ნებივრობა. წყალში თავს ლაღად და თავისუფლად გრძნობდა. ღრმად ჩაისუნთქა და მკლავები ღონივრად მოუსვა. კისკისი ჩაესმა. წყლიდან ზედაპირზე ამოყვინთა და სველ სახეზე ხელისგული მოისვა. იმ შეზლონგის სიახლოვეს, სადაც მისი ხალათი იდო, გრძელფეხება, დიდმკერდიანი მდედრი იჯდა. ყურთან მობილური მიედო და მთელი ხმით კისკისებდა. უზადო მაკიაჟი ალამაზებდა თუ აუზიდან ჩანდა ასეთი მომხიბვლელი, კოკას ამის გარკვევაზე თავი არ შეუწუხებია. ყურებამდე გაღიმებული ამოხტა წყლიდან. ტანი ისეთი არ ჰქონდა, როგორსაც ისურვებდა – ფიტნესის „ტრენერებს“ რომ აქვთ ხოლმე, მაგრამ, როცა თავდაჯერებულობას გრძნობდა, ეს ნაკლებად აწუხებდა – თუკი საერთოდ აწუხებდა.
ქალიშვილმა მუქმინიანი სათვალის ზემოდან გადმოხედა. ლაპარაკი არ შეუწყვეტია, მაგრამ კოკასკენ ოდნავ შებრუნდა და კაციც მიხვდა, რომ მისით დაინტერესდნენ. ახლა, ალბათ, კოქტეილი უნდა შეეკვეთა და გოგონა დაეპატიჟებინა. გაიცნობდა კიდეც. შეეცადა, გაეხსენებინა, რა თანხა ჰქონდა საფულეში. ზუსტად არ ახსოვდა. თათიამ რამდენიმე კუპიურა ჩადო თუ ნახევრად მძინარეს მხოლოდ მოეჩენა. სანამ ამ  ჭმუნვა-ძიებაში იყო, გოგონამ ერთი შეხედვით ასე შეაფასა კოკა. ტელეფონი დადო და კეკლუცი ღიმილით, როგორც დიდი ხნის ნაცნობმა, ჰკითხა.
– ყავას ხომ დალევთ? წვენი ხომ არ გირჩევნიათ?
კოკა მამაკაცთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, საკუთარ თავზე მოკრძალებული წარმოდგენა რომ არა აქვთ. შეიძლება, იმისი განცდაც, რომ ყველაფერი საუკეთესო მას ეკუთვნოდა, ბავშვობიდან მოდიოდა. საერთოდაც, მისი ყველა უბედურების სათავე აღზრდაში დაშვებული შეცდომები იყო, მაგრამ კოკა ამ ყველაფრის ანალიზით თავს არ იკლავდა.
– თქვენ მეპატიჟებით? – იმით გახარებულმა, რომ ქალის გაცნობის შანსი მიეცა, შეზლონგი მასთან ახლოს მიაჩოჩა, – ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთი ლამაზი ქალი შენით ინტერესდება.
– ვინ გითხრათ, რომ თქვენით დავინტერესდი? – საიდან მოიტანეთ? ყავაზე იმიტომ დაგპატიჟეთ, რომ ყავის მარტო დალევა არ მიყვარს. თავს ხომ არ მომაბეზრებთ?
კოკამ შეურაცხყოფილი კაცის იერით გადააქნია თავი.
– ვგავარ კაცს, რომელიც თქვენნაირ ქალს თავს მოაბეზრებს? თუ გნებავთ, საერთოდაც ზურგშექცევით დავჯდები.
– არ არის საჭირო. არც ისე მომხიბვლელი  ზურგი გაქვთ, – გადაიკისკისა გოგომ, – თუმცა, კარგად ცურავთ. უცებ ფეხი რომ დამიცურდეს და აუზში გადავვარდე, დახრჩობის საშუალებას ხომ არ მომცემთ?
– სცადეთ, – წააქეზა კოკამ და გაიფიქრა, რომ პირველმა შთაბეჭდილებამ გაუარა და ახლა ქალი ისეთი ლამაზი აღარ ეჩვენებოდა, როგორც პირველი დანახვისას.
– მხოლოდ ერთი შეკითხვა და ყავას სრულ მდუმარებაში დავლევ.
– გისმენ, – გოგომ მოურიდებლად შეისწორა მკერდზე მჭიდროდ შემოსალტული, საცურაო კოსტიუმის ბიუსჰტალტერი.
– ასეთი ლამაზი მარტო როგორ ჩამოგიშვა შენმა კავალერმა?
ქალიშვილმა ირონიულად ჩაიცინა.
– მეგონა, სახელს მკითხავდი, სესი მქვია.
– სესი... უცნაური, მაგრამ ლამაზი სახელია.
– მე კოკა ვარ და სიამოვნებით დავლევ შენთან ერთად ყავას.
– რომელი კოკა, წყალზე რომ გატყდა? როგორ გამამხიარულე. ესე იგი, ყავას სიამოვნებით დალევ ჩემთან ერთად. კიდევ რას გააკეთებ ასეთივე სიამოვნებით?
კოკა მიხვდა, რომ ქალი გახსნილად ეთამაშებოდა.
– ო, მე კარგი ფანტაზია მაქვს.
– ჰო? იცოდე, ჩემს დაყოლიებას ბევრი არაფერი უნდა. ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. განსაკუთრებით მდიდარი ფანტაზიის მამაკაცები მაინტერესებს და ახლა, დრო საკმარისზე მეტი მაქვს.
კოკამ სიამოვნებით მოჭუტა თვალები. გონებაში უკვე წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა ამ დიდმკერდიან, თავისუფალ „ნაშასთან“ აღვირახსნილი სექსი.
– შენთან ავიდეთ?
– ყავა არ დავლიოთ? – შეახსენა კოკამ და ფიქრში საკუთარ თავს გაუწყრა, რა დროს ყავაა, იდიოტოო...
***
სიყვარული?! იყო კოკას ცხოვრებაში ნათელი გრძნობა. ბევრი წელი ცდილობდა მერე მის დავიწყებას, მეხსიერებიდან წაშლას და იმ ტკივილთან გამკლავებას, რომელმაც სიყვარულზე მისი შეხედულება შეარყია და ჩამოანგრია...
მოზრდილი ჩემოდანი მძიმედ გაგორდა სპეციალურად დამაგრებულ ბორბლებზე. კაცმა რამდენიმე საფირმო ჩანთა ზემოდან დაადო თავის ბარგს და გასასვლელისკენ გაემართა. ცოლი შორიდანვე შენიშნა. თათიამ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ქმარს და დაელოდა, სანამ მიუახლოვდებოდა.
– საყვარელო, – ორივე ლოყაზე აკოცა და სახალხოდ მიაწება ტუჩები ტუჩებზე. წელზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა.
– მოგენატრე? – კაცმა ალერსით გადაუსვა ხელი ქერა, საგულდაგულოდ „დალაგებულ“ კულულებზე, – კიდევ რომ წავალ, წაგიყვან, თორემ ძალიან მოწყენილი ვიყავი უშენოდ. მოლაპარაკებებს მალე მოვრჩი და რა მეკეთებინა, არ ვიცოდი.
– საჩუქრები ჩამომიტანე?
– ხელცარიელი როდის ჩამოვსულვარ, – გაიცინა კაცმა და თავი გადააქნია. ნამდვილი ბავშვი ხარ. იმდენი ფული დაგიტოვე, თავისუფლად შეგეძლო, აქაურ მოლში წასულიყავი და მაღაზიები დაგეცარიელებინა.
ქალმა წყენით გაბუშტა ტუჩები.
– შენ იცი, რას ნიშნავს საჩუქარი ჩემთვის – ვრწმუნდები, როგორ ფიქრობ და ზრუნავ ჩემზე მაშინაც კი, როცა ჩემ გვერდით არ ხარ.
 – მაშინ შეგიძლია, შემაქო, იმიტომ რომ უამრავი საჩუქარი ჩამოგიტანე. არ დამიწუნო, თორემ მეწყინება.
ქალი ფეხის წვერებზე აიწია და ქმარს ტუჩებში აკოცა.
– იმიტომაც მიყვარხარ. წავიდეთ. მართლა ძალიან მომენატრე. ერთი სული მაქვს, როდის ჩაგეხუტები.
– ჩემი ცელქი, გადარეული გოგო... მეც ერთი სული მაქვს. მართლა, ეჭვით რატომ მიყურებ? ჰა, ჰა, თათია, რა ხდება?
– იცი, შენ. ფრთხილად იყავი, თორემ ხომ იცი, როგორი საშინელი რეაქცია მექნება. არავითარ შემთხვევაში არ გაპატიებ და მაშინვე მიგატოვებ. შენს ყოფილ ცოლთან რომ გაგივიდა, ჩემთან ასე არ გამოვა.
ვახო შეიჭმუხნა.
– თათი, რა საჭირო იყო თამუნას ამ კონტექსტში მოხსენიება. აბა, რად გინდოდა? მშვენიერი შეხვედრა გააფუჭე. ხომ იცი, რაც ჩვენ შორის მოხდა, სიყვარული იყო. თამუნას დღესაც დიდ პატივს ვცემ და ბავშვისთვისაც არ მომიკლია ყურადღება.
თათიამ ტუჩები გაბუსხა.
– ბავშვი... კარგი რა, ვინ არის ბავშვი, ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი, განებივრებული, თავხედი გოგო? დასანახავად ვერ მიტანს და შენ ეს იცი.
– არ არის ასე, – შვილს გამოესარჩლა ვახო და ფეხს აუჩქარა, – შენ არ ცდილობ, დაუახლოვდე. მარინკა კარგი გოგოა.
– შეიძლება, კარგია, მაგრამ შენზე რომ ბევრად ჭკვიანია, ფაქტია.
– რას გულისხმობ?
– იმას, რომ შენი შვილი ხვდება ჩვენი „დედაშვილობის“ აბსურდულობას. მხოლოდ შენ თუ მოგივიდოდა აზრად ასეთი სისულელე.
– დედობა გაუწიეო, არავის უთხოვია. არც არის საჭირო. ძალიან კარგი დედა ჰყავს. თამუნა მისაბაძია, ამ მხრივ.
თათია ბრაზისგან გაწითლდა.
– ვერ ვიტან, როცა შენს ცოლზე ასე ლაპარაკობ.
– ყოფილ ცოლზე, – შეუსწორა ვახომ და მხარზე შემრიგებლურად მოხვია ხელი, მაგრამ ქალი გაუსხლტა და შეუბღვირა.
– საკუთარ თავს უთხარი და შეახსენე ხოლმე, რომ ეგ ქალი ნამდვილად ყოფილია, თორემ ძალიან ხშირად გაგონდება.
– საიდან მოიტანე? ბავშვივით ნუ იბუტები. გინდა, სახლში არ მივიდეთ?
– რა? – უნდობლად შეხედა ცოლმა.
– ჰო, ნუ მივალთ. აარჩიე, თბილისის ახლოს რომელი სასტუმროც გინდა და წავიდეთ. მობილურსაც გამოვრთავ და მარტონი ვიქნებით ამ უკიდეგანო სამყაროში, არავინ შეგვაწუხებს.
– თათია შეყოყმანდა.
– ნუ ფიქრობ ამდენს. ხელს რა გვიშლის?
– საგანგებო ვახშამი მოგიმზადე. სახლი სპეციალურად დავალაგე. ახალი თეთრეულიც ვიყიდე.
– ჩემი გოგო... კარგი, როგორც გინდა. დავრჩეთ დღეს სახლში და ხვალ წავიდეთ.
– ოღონდ, მობილური უნდა გამორთო. არ მინდა, შენმა ძმაკაცებმა ზარებით აგიკლონ.
ვახომ ცოლს გაუღიმა.
– კოკას გულისხმობ? ყველაზე ხშირად ეგ რეკავს. ჰო, მართლა, ხომ არ გინახავს?
თათიამ მხრები აიჩეჩა.
– სად უნდა მენახა? ხომ იცი, დიდად არ ვგიჟდები მაგაზე.
– ჰო, კარგი, კარგი... ისე გკითხე, ხომ არ გამოუვლია-მეთქი. ვიცი, რომ გულზე დიდად არ გეხატება.
თათიამ ქმარს ხელი მაგრად ჩასჭიდა და მტკიცე ნაბიჯით გაემართა ახალთახალი, ძვირფასი ავტომობილისკენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3